Home Blog Page 2

 სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა  -ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის გამოხმაურებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა მაშინ, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბიუროკრატია.
„გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ  Deep State-ის გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს -კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

„დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს – ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან -შალვა პაპუაშვილი

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს – 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.

,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. 2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს. 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.

ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ ნიკა მელია დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 

მნიშვნელოვანია, რომ არ მოერიდოთ რთულ საუბრებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მოერიდეთ კონფლიქტებს და იმოქმედეთ პრიორიტეტების მიხედვით. დღეს შესაძლოა ფინანსური სტაბილურობა იგრძნოთ.

კურო 

დღეს შესაძლებელია ლიდერობის შესაძლებლობები გაჩნდეს. შეინარჩუნეთ თქვენი ღირებულებები და არ დათმოთ პრინციპები.

ტყუპი

დღეს შესაძლოა პროდუქტიულობა იგრძნოთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში.

კირჩხიბი 

შეიძლება ფინანსური საკითხების გადახედვა გახდეს საჭირო. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს და ეცადეთ ხარჯების შემცირებას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და შეინარჩუნეთ ფინანსური დისციპლინა.

ლომი 

დღეს შესაძლოა გეგმების გადახედვა დაგჭირდეთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და შეინარჩუნეთ სტრატეგიული მიდგომა. შესაძლებელია ლიდერობის უნარების გააქტიურება დაგჭირდეთ.

ქალწული

დღეს განახლების ენერგია იგრძნობა. შეიძლება ძველი გეგმების გადახედვა და ახალი მიზნების დასახვა გახდეს საჭირო. ეცადეთ არ გააკრიტიკოთ სხვები ზედმეტად და შეინარჩუნეთ პოზიტიური მიდგომა.

სასწორი

შესაძლოა ბრძნული რჩევა მიიღოთ. ურთიერთობების გადახედვა და ახალი კავშირების დამყარება დღის ერთ-ერთი თემა იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს და გამოიყენეთ დიპლომატიური მიდგომა.

მორიელი

დღეს შესაძლოა ფინანსური სტაბილურობისკენ გადადგათ ნაბიჯი. შესაძლებელია ინვესტიციების გადახედვა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი

ოჯახის მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა. მნიშვნელოვანია ოჯახური საკითხების გადახედვა და ურთიერთობების გაღრმავება. შეინარჩუნეთ ჰარმონია და მოერიდეთ დაძაბულობას.

თხის რქა 

დღეს ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის სწორი თანაფარდობა შეინარჩუნოთ. მოერიდეთ გადატვირთვას.

მერწყული 

დღეს შეგიძლიათ იგრძნოთ მეტი თავდაჯერებულობა. კარგია ახალი პროექტების დაწყებისთვის და იდეების რეალიზაციისთვის. მოერიდეთ ზედმეტ რისკს და იყავით რეალისტი.

თევზები 

შემოქმედებითი წარმატება მოსალოდნელია. შესაძლებელია ახალი იდეების განხორციელება და შემოქმედებითი პროექტების დაწყება. ეცადეთ ემოციურად ფოკუსირებული იყოთ და არ გაწბილდეთ წვრილმანებზე.

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო – მიხეილ ყაველაშვილი

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

„განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი უკვე დალაგდა და აღიარეს ხელისუფლება? აქ არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მათ დამკვეთებს ხომ პასუხი ექნებათ გასაცემი რადიკალური ჯგუფებისთვის.

ახალგაზრდები გამოდიან, თავისუფლებას ვკარგავთო. კარგად თუ გაანალიზებენ, თავისუფლებას კი არ კარგავენ, მონობაზე მოაწერინეს ხელი და კითხვასაც ვერ სვამენ. ერთმანეთსაც ვერ უსვამენ კითხვას. ხომ იციან, რომ ეს წერილი ავთენტურია, ტრამპის ხელმოწერითაა და ტრამპის მოლოცვა არის? ამის უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა.

პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. კითხვა ხომ პირიქით უნდა დავსვათ. ავთენტურობაზე კი არა, პირიქით, ვის ეპარება ეჭვი, საელჩოს ეპარება ეჭვი? მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი ჩაწყდება, რადგან ის ახალგაზრდა დასვამს კითხვას. ციხეში წავიდა ის ადამიანი, ოჯახს ფულს უხდიან, ეუბნებიან, გამაგრდი, ნუ გეშინია, ხვალ დადგება ჩვენი დღე, გაგათავისუფლებთ და შევცვლით ხელისუფლებასო. ასეთი სიყალბით ატყუებენ ახალგაზრდებს, ამ ჯგუფებს, თითქოს დაფინანსება მოდის. ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთო. რუსული ხელისუფლება თუ არის, როგორ უგზავნიან მოლოცვის წერილებს? როგორ ხდება ეს ყველაფერი? აქ არიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაპირისპირებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია – შალვა პაპუაშვილი

მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგვაჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციაზე, რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი სარწმუნოების აღორძინების საქმეში, რადგანაც საღვთისმეტყველო დიალოგი, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და თანამედროვე ენაზე დოგმატური საკითხების აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი ეკლესიის მისიონერული დანიშნულებისა და ცოცხალი სულიერი პროცესის დასტურია.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ შენობაში იმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700-წლოვან იუბილეს. კრების, რომელიც 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება, დაეცვა სარწმუნოება და განემტკიცებინა ეკლესიის ერთობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მაშინვე შეისისხლხორცა საქართველომ და მისთვის არასოდეს გადაუხვევია. სწორედ ეს ერთგულება, ეს სიმტკიცე და ეს რწმენა გამოარჩევს ქართველ ადამიანს.
ეკლესიის მიმართ ერის და ბერის დამოკიდებულება საუკეთესოდაა ჩამოყალიბებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ანდერძში. გადის ასწლეულები, ათასწლეულები და მიუხედავად ჟამთა სიავისა თუ სხვადასხვა ეპოქალური განსაცდელისა, ჩვენი წინაპრების რჯულსა და ანდერძს ჩვენ არ ვუხვევთ.

როგორც გადმოცემით ვიცით, მეოთხე საუკუნის საქართველოდან ორი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის წმინდა კრებას. ეს კრება უმნიშვნელოვანესი იყო არამარტო ქრისტეს ეკლესიის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარებისთვის, იმპერიისა და ეკლესიის ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ეპისკოპოსთა პრიმატისა და იერარქიულობის დადგენისათვის, ცრუ სწავლებათა დაგმობისა და რწმენის სიმბოლოს აღიარებისათვის, სამყაროს უმთავრესი მოვლენის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის დღის განსაზღვრისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად იხსენიებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318-ვე წმინდა მამას, მათ მიერ გამოცემულ ოცივე კანონს კი სათანადოდ აღასრულებს.

„ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს უძველესი ინსტიტუციაა, რომელიც განუყოფლადაა გადახლართული ჩვენი ერის სვე-ბედში. ქართველი ერი, მისი სამშობლო, საქართველო, და მისი სამოციქულო და ავტოკეფალიური ეკლესია, ერთმანეთთან თანაშეზრდილი და ერთმანეთისგან განუყოფელია. ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მათი განცალკევება და ერთმანეთისგან გაგლეჯა. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი ჭეშმარიტი ძალა.

ჩემი სიტყვა მინდა დავასრულო წმინდა ირინეოს ლიონელის ციტატით ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვიდან: „სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმიდა, ხოლო სადაც არის სულიწმიდა, იქ არის მთელი ჭეშმარიტება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მეცნიერები.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება – „გახარია-საქართველოსთვის“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.

“გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ “უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება” და “უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება”.

„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა – მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.

ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ცნობილი ხდება, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მისი ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალი გამოტოვა.

ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა თამაშის დაწყებამდე 2 წუთით ადრე მის ნაცვლად ლუის ენრიკემ დუე დააყენა. ამის მიზეზი კვარაცხელიას თავის ტკივილი იყო, რის გამოც საერთოდ მოედანი დატოვა და სახლში წავიდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერი იყო და კვარა მალე განაახლებდა ვარჯიშს. 

საბედნიეროდ ასეც მოხდა. შეგახსენებთ, რომ 31 მაისს პარი სენ ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააუქმოს ჰუმანიტარული სტატუსი 530 ათასზე მეტი იმიგრანტისთვის კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან და გააძევოს ისინი ქვეყნიდან.

ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბოსტონის საოლქო სასამართლოს მოსამართლის განაკრგულება იმიგრანტებისთვის სამართლებივი დაცვის სტატუსის ჩამორთმევის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე გამოვიდა.
ჰუმანიტარული სტატუსი იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული პროგრამა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გამოყენებული მექსიკის საზღვარზე უკანონო იმიგრაციის შეკავების მიზნით.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული ჰუმანიტარული პროგრამების შეწყვეტის განკარგულება ინაუგურაციის დღეს გასცა. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტატუსის ჩამორთმევა დააჩქარებს დეპორტაციის პროცესს.

რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან მოწოდებების იგნორირებას, რომ ცეცხლის შეწყვიტოს, მეტიც კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას – ვოლოდიმირ ზელენსკი

J

რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შევხვდი. მადლობა გადავუხადე თურქეთსა და პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ძალისხმევების მხარდაჭერისთვის, მივაღწიოთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. კონკრეტულად კი, მათი დახმარებისთვის შეხვედრის ორგანიზებაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა რუსული ტყვეობიდან ათასი ჩვენი მოქალაქის გათავისუფლება. რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის გათავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები – როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოდან ყველა მოწოდების იგნორირებას, რომ ცეცხლის შეწყვიტოს და აგრძელებს თავის მკვლელობებს. მეტიც, კვირაზე მეტია რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. “მემორანდუმის” წარმოდგენას, რომლის მომზადებაზეც დაუყოვნებლივ 1000 – 1000-ზე გაცვლის შემდეგ დადეს პირობა. უკრაინას მათგან არავითარი დოკუმენტი არ მიუღია – არც თურქეთს. შეხვედრა რომ შინაარსიანი იყოს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს, და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, რუსეთი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა შემდეგმა პოტენციურმა შეხვედრამ შედეგები არ მოიტანოს.

თურქეთთან ჩვენს თანამშრომლობას ვაფასებთ, რომლის მიზანია დიპლომატია ეფექტიანი გახადოს. მადლობელი ვართ თურქეთის ცხადი პოზიციისთვის – თანმიმდევრული და სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,” – წერს ზელენსკი.

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს – ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს – ნიკა გვარამია

მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, არ ვიცი, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია. ამასთან, გვარამიამ ისაუბრა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის სასამართლო პროცესზე წყლის შესხმის ფაქტზე.

„ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომლებსაც მართლა მართლმსაჯულება სჭირდებათ, პოლიტიკოსები მიჩვეულები მაინც ვართ და ვიცით, რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა – არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ!

ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი განმარტებით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ნიკა მელიას შეფარდებული 50 000 ლარის გირაოს გადახდისთვის 29 დღე ჰქონდა განსაზღვრული.

„აბსურდია, 29 დღე ამ მიზნებისთვის უდრის 3 საათს! არანაირი სხვაობა არ არის. თუ 29 დღე შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა, მელიასთვის. მოსამართლისთვის არის გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, მანამდე პირი არ შეიძლება პატიმრობაში გაუშვას, წერტილი! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, რას ფიქრობს, რას აცხადებს და ა.შ. გირაოს გადახდას რომ არ აპირებდა პროკურატურამ იცის, ეს ყველამ იცოდა, შეეცვალათ მაშინ, 29 რატომ ფიგურირებდა?! არაფერი, ეს ტექნიკურად გაეპარა პროკურატურას, მერე მოიგონა, რომ ვითომ არ იყო, მერე სანამ ვადა გავიდოდა უკანონოდ გაიტაცეს. ამას მართლმსაჯულება არ ჰქვია არცერთ ენაზე.

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა, კითხულობდა და მე მკითხავი არ ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განმარტებით, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მელიას მიმართ არ გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ დააკავეს ის 29 მაისს.

„ამით არც დაინტერესებულა. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო, თუ არა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „ოლიგარქია უნდა დაემხოს, სხვანაირად არაფერი გამოვა“.