Home Blog Page 2

ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – პრემიერი

რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

„10-ჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე, 25 მლნ იყო წლიური ბიუჯეტი რაც ამ მიმართულებით იხარჯებოდა და ეს 25 მლნ არის 240 მლნ ლარამდე გაზრდილი. ესეც, თავისთავად, მეტყველებს დამოკიდებულების ცვლილებაზე ძველი ხელისუფლების შემდეგ – ახალი ხელისუფლების პირობებში. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში დევნილებს მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი და მინდა, გისურვოთ ბედნიერად ცხოვრება ახალ, ღირსეულ საცხოვრებელში. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ყველას მინდა, გისურვოთ, საბოლოოდ, აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.

 ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.

 რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.  ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.

 როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.

 ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

 პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა – 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი კლებაა. ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, რომელმაც მეორე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 80.4% შეადგინა, ხოლო ექვს თვეში – 81.1%. უცხოური ინვესტიციების შემცირება სწორედ რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების კლებას უკავშირდება, ხოლო სააქციო კაპიტალის კომპონენტში გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007102-macro-update-georgia

(R)

უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ “ოცნებას”, პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა, ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია-გიორგი შარაშიძე

ახლა უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ „ოცნებას“. პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა. ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“.

„ჩვენ რომ ამას რეალისტურად და სწორად მივიჩნევდეთ, ჩვენც ავირჩევდით ბოიკოტის ამ გზას. ჩვენთვის მთავარია „ოცნების“ მშვიდობიანი გზებით დამარცხება, დასუსტება და ამას ვაკეთებთ არჩევნების გზით. ვინ რას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. სულ მცირე, არასერიოზულია კონკრეტული თარიღების დასახელება, ახლა ვხედავთ, რომ უკვე საათებსაც ასახელებენ, რომელ საათზე დაამხობენ „ოცნებას“. ჩემი პატივისცემა ამ ადამიანს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება. ნეპალთან შედარება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის ჩვენი კეთილის მსურველი, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მტერია. ჩვენი ქვეყნის მტერი ვინ არის, მგონი, ამას შეხსენება არ სჭირდება. ვინმეს თუ სჭირდება შეხსენება, შევახსენებ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, როდესაც რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ, ყველანი მოწოდებული ვართ, დავამარცხოთ „ოცნება“ და ჩამოვაშოროთ მიტაცებულ ხელისუფლებას. განსხვავება ჩვენსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც რევოლუციურ სცენარს აანონსებენ, არის ის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, მათ სხვა გზა აირჩიეს. ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. მაგალითად, რვა საათზე იქნება თუ 5 ოქტომბერს, მათ მიერ დაანონსებული სცენარი რეალურ შედეგს თუ ვერ გამოიღებს, მაშინ სხვას ნუ გადააბრალებენ იმ რეზულტატის არარსებობას, რასაც წინასწარ აანონსებენ. ნურც ხალხს გადააბრალებენ, ნურც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ თავად აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ტყუილ მოლოდინს უჩენდნენ საზოგადოებას. მშვიდობიანი პროტესტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენი გუნდიც ამ პროტესტის ნაწილია პირველივე დღიდან, როდესაც ევროპული მომავლის დასაცავად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ითხოვდა ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ ასეთი ტიპის მოწოდებების ნაწილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, ეს არასერიოზულია და არასწორია, საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს აჩენს. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული -კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ბაჩიაშვილს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად, ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და  ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზეც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების რეგისტრაცია.

თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის  შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:

წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა AI მოდული.

მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისი ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, ტექსკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კი ტექნოლოგიების სამყაროში დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.

(R)

 მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში, ძალადობა ჩვენს სისტემაში მიუღებელია -ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მემარცხენე ექსტრემიზმია.

„რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ვისაუბროთ მემარცხენე ექსტრემიზმის, ამ წარმოუდგენლად დესტრუქციულ მოძრაობაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერდა და, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩარლი მკვლელის ტყვიით მოკლეს“, – განაცხადა ვენსმა.

მან ასევე აღნიშნა, თუ როგორ აპირებს ადმინისტრაცია პოლიტიკური ძალადობის შთაგონებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ჯგუფების დევნას.

„ჩვენ მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში. ძალადობა ჩვენს სისტემაში მისაღები არ არის და გვსურს, რომ ამის ნაკლები ალბათობა იყოს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული და საშიში დღეა, განსაკუთრებით ვერძი მამაკაცებისთვის. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების, დაზიანების ან უბედური შემთხვევის რისკი. გირჩევთ მთლიანად აღმოფხვრათ აგრესიულობა, ავტომობილის სწრაფად მართვა, ბნელ ქუჩაში მარტო სეირნობა და ყველაფერი, რაც რისკთან არის დაკავშირებული. ეცადეთ იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტი არ მოინდომოთ. ვერძ ქალებს პირად ცხოვრებაში სირთულეები ელით. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების კრიტიკული შენიშვნები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოთ, თავშეკავება და თვითკონტროლი გამოიჩინოთ. გირჩევთ, სიმაღლეს და ხმაურიან წვეულებებს ერიდოთ. არსებობს სერიოზული დაზიანების ან ავადმყოფობის რისკი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან წინ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. სიზმარში ხმაური, ხმამაღალი მუსიკა ან ყვირილი მოახლოებული იმედგაცრუების ნიშანია.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ, რათა ამ დღემ დანაკარგების გარეშე ჩაიაროს. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. არსებობს სერიოზული დაზიანების ან ავადმყოფობის რისკი.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ უახლოესი მეგობრები ღირსეულად დააფასოთ. მათი რჩევები სასიყვარულო ურთიერთობებში და კარიერულ საკითხებში ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, ვალში არ დარჩეთ.

ლომი

რთული და პრობლემებით სავსე დღეა. ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი არაფერი დაგეგმოთ. სასურველია, რომ ახლობლების კრიტიკულ შენიშვნებზე ასე მტკივნეულად არ რეაგირებდეთ. ფრთხილად იყავით – არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების, დაზიანების და უბედური შემთხვევის რისკი. თავი შეიკავეთ აგრესიულობისა და გაუმართლებელი რისკისგან.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ, რომ არ დაზარალდეთ. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად მართვას და ღამით მარტო სეირნობას. ეს დღე თვალთვალს, დევნას და აგრესიულ ადამიანებთან დაპირისპირებას უკავშირდება. ეცადეთ, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოთ. ერიდეთ მკითხაობას – ამ დღეს მაგიამ შეიძლება, ბოროტი ძალები მოიზიდოს.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. პირად საქმეებში წარმატება გელით, თუმცა მატერიალური პრობლემები მარტო არ გტოვებთ. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია არასწორად შეაფასოთ. ნუ ეცდებით, საკუთარი ქმედებების გასამართლებელი გზები მონახოთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დააზიანოს. განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ერიდოთ.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთგაგებას საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებს შორისაც კი ვერ იპოვით. თქვენი ეჭვიანი ბუნება და სამყაროს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ მტრებს შეგძენთ. თუ საკუთარი თავი და ემოციები არ აკონტროლეთ, შეიძლება, მალე სრულ მარტოობაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ, პატიება ისწავლოთ, რადგან იდეალური არც თქვენ ხართ.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ზედაპირულმა განსჯამ და გარკვეულმა არასერიოზულობამ შეიძლება, სხვების თვალში თქვენი ავტორიტეტი შელახოს. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და უცხო ადამიანების გავლენებს. სიზმარში ობობა განქორწინებას ან ავადმყოფობას მოასწავებს.

თხის რქა

რთული დღეა. სასურველია, მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ, რომლებიც აქტიურ მოქმედებას და გაუმართლებელ რისკს არ მოითხოვს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

მერწყული

ეს დღე დადებითი და დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. ხელსაყრელი დროა აქტიური დასვენების, ბავშვებთან ურთიერთობისა და დაკარგული ნივთების მოძებნისთვის. ამ დღეს დაბადებული ბავშვი ღრმა სიბერემდე იცოცხლებს. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების შესახებ არავის უამბოთ.

თევზები

მშვიდი, ჰარმონიული დღეა, რომელიც ქველმოქმედებისკენ განაწყობს. ბევრი თევზი ახლობელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება და თავადაც დახმარებას ითხოვს. ამ დღის მოვლენები გავლენას მოახდენს სამსახურებრივ და პირად ურთიერთობებზე. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. ბევრი თევზის ოჯახს ახალი წევრი შეემატება.

“სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია – იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია – იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება“ (ავტორი – შონ თომასი).

პუბლიკაციაში გარკვეული ირონიით არის განხილული სახელმწიფოებს შორის ტერიტორიების ანექსიის (მითვისების) გამომწვევი მიზეზები და ანექსირების რამდენიმე მაგალითი მსოფლიო ისტორიიდან: ხშირად ხდებოდა, რომ ანექსიის მსურველი და განმხორციელებელი ლიდერები სინანულს განიცდიდნენ და მონანიებით ცდილობდნენ „ცოდვები მიტევებოდათ“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ერთი შეხედვით, ანექსია დიდებულად შეიძლება გეჩვენოთ – თქვენ იღებთ ახალ საკუთრებას, თავს ამაყად გრძნობთ, რომ გაბედულად მოქმედებდით და სურვილი შეისრულეთ, მიზანს მიაღწიეთ. როცა ვინმე თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს გმობს, ან უბრალოდ გეკითხებათ – „რატომ?“, იწყებთ თავის მართლებას და მიზეზების დახვავებას… საბოლოოდ, სხვისი მიწების მითვისება ხშირად თვითგანადგურებას იწვევს. ისტორიაში ცნობილია ბევრი ლიდერი, რომლებმაც ჯერ ანექსირება განახორციელეს, შემდეგ მოინანიეს.

ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთის დანაწილება XVIII საუკუნის ბოლოს: რუსეთი, პრუსია და ავსტრია პოლონეთს ისე ჭრიდნენ, როგორც გემრიელ ტერამისუს [იტალიურ დესერტს] წვეულებაზე. 1795 წლისათვის პოლონეთი მთლიანად გაქრა იმდროინდელი მსოფლიოს რუკიდან… როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა, პირველი მსოფლიოს ომის დასასრულს, თავისი ცნობილი 14-პუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შეიმუშავა, მასში პირდაპირ იყო ჩაწერილი „პოლონეთის როგორც სახელმწიფოს აღდგენა“. პოლონეთი საერთაშორისო არენაზე ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა წინა საუკუნეებში მიყენებული ჭრილობების გამო, მაგრამ სულ რაღაც 20 წელიწადში, 1939 წელს, ის ხელახლა დაანაწილეს და დაჭრეს, შემდეგ კი ანექსირება მოადინეს (გერმანიამ და ისევ რუსეთმა)… ხუთი წლის შემდეგ პოლონეთი კვლავ დაბრუნდა, მაგრამ ფერშეცვლილი. გაკვეთილი ყველასათვის: ანექსიები არასოდეს არ ქრებიან, ანექსიები ყოველთვის ხდება, მაგრამ დღეს პოლონეთის ანექსია უკვე შეუძლებელია, რაც განსაკუთრებით ვლადიმერმა [პუტინმა] უნდა გააცნობიეროს.

ან გავიხსენოთ ელზას-ლოთარინგია, ევროპის მშვიდი და წყნარი კუთხე, რომლის დასაკუთრებისათვის საფრანგეთი და გერმანია მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ. 1871 წელს მომხდარ ომში პრუსიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა ფრანგებს სძლია და ელზას-ლოთარინგია მიიერთა, მაგრამ 1919 წლის ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებით, ეს სადაო რეგიონი დამარცხებულმა გერმანიამ ისევ საფრანგეთს დაუბრუნა. 1940 წელს რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა ისევ მიითვისა, 1945 წელს კი ფრანგებმა ხელახლა დაიბრუნეს.

საწყალი ელზასელები იმდენად ხშირად განიცდიდნენ ანექსია-მიერთებებთან დაკავშირებულ უბედურებას, რომ დროულად ვერ შეამჩნიეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სტრასბურგში არსებულმა „ელზასის მუზეუმმა“ „შუქრუთის (ელზასური საჭმლის) მუზეუმის“ ნაწილის ანექსია მოახდინა, რომ მასში „ანექსიის ისტორიის ამსახველი გამოფენა“ მოეწყოთ.

ანექსია მოცემულ შემთხვევაში ნიშნავდა კულტურული და ენობრივი ჩაგვრის პერმანენტულ მდგომარეობას. ერთხელ და ორჯერ ანექსია შეიძლება უბედურება იყოს, მაგრამ შეიძლება ერი გადარჩეს, ოთხჯერ ანექსია კი იდენტობის დაკარგვის საფრთხეს მოასწავებს.

გადმოვიდეთ 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავისი ტანკები კუვეიტში შეიყვანა და გამოაცხადა, რომ მისი პატარა, მაგრამ მდიდარი მეზობელი უკვე ერაყის მე-19 პროვინცია გახდაო. სადამი თავის მოქმნედებას ოსტატურ ნაბიჯად მიიჩნევდა – ხუმრობა ხომ არ არის, მან ყველაფერი ერთად ელვისებურად მიიღო: მსოფლიოში უდიდესი ნავთობის საბადოები, სპარსეთის ყურის თბილი ნაპირები და ადგილობრივი მონარქების დამცირების შანსი.

მაგრამ ხუთიოდე თვის შემდეგ, როცა დასავლურმა კოალიციამ აშშ-ის ლიდერობით ერაყის არმია გაანადგურა და კუვეიტიდან გააძევა, სადამი მიხვდა, რომ ანექსიის მოყვარულებმა თავიანთი სიყვარული უნდა დამალონ, თორემ საბოლოო ჯამში ასეთი სიყვარული მათ ჩამოხრჩობამდე მიიყვანთ. ზუსტად ასე დაემართა ერაყის პრეზიდენტს, რომლის ჩამოხრჩობის ცერემონია პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემოდა.

ჩამოთვლილი ფაქტები ყველაზე საინტეტრესო მაგალითებს წარმოადგენენ. შეიძლება კიდევ გავიხსენოთ ეთიოპიის ანექსია იტალიელი დუჩეს [„უმაღლესი მმართველის“] ბენიტო მუსოლინის მიერ, 1936 წელს, რომელიც საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ, აჯანყებულ ეთიოპიელთა გამარჯვებით და იტალიელთა გაქცევით დასრულდა. ანდა ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი ქვეყნების ანექსია სსრ კავშირის მიერ 1940 წელს, რომელიც მოსკოვმა საკმაოდ ეფექტურად დაკარგა 1991 წელს. საქმის არსი იგივეა: ანექსიები ყოველთვის „გემრიელია“ დასაწყისში და ბოლოს კატასტროფით მთავრდებიან. ანექსიები არასდროს გამოიყურებიან სუფთად: ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და გაწუხებენ, როგორც წარუმატებელი ერთი ღამის რომანი.

ნაწილობრივ პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ანექსიები მოტივირებულია არა სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიებით, არამედ მიწის მიტაცების მადით. აი ისე, ბავშვობაში რაღაცის დაუფლება რომ გინატრიათ, ნეტავ ჩემი იყოსო. პოლიტიკოსები, როგორც უკვე ითქვა, ანექსიას ყოველთვის მოუძებნიან გამართლებას და ლამაზი არგუმენტებით შეფუთავენ. მიწების ანექსიის გამართლება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგალითად, ასეთი: „რუს და უკრაინელ ხალხებს ერთნაირი კულტურული ტრადიციები აქვთ“, „რუსები და უკრაინელები თითქმის წერთ ენაზე ლაპარაკობენ“, „ყირიმელებს რუსეთი უყვართ“ და ა.შ. მაგრამ არგუმენტები ძირითადად ყოველთვის ინფანტილურია, ყველაფერი მიდის საკუთრების დაფიქსირებამდე…

ამიტომაც, თუ მიწების ქურდობა-მოპარვის ისტორია რაიმეს გვასწავლის, ეს არის ის, რომ ასეთი ცუდი ქმედება არ უნდა ჩავიდინოთ. საბოლოო ჯამში არავის არ შერჩება მიერთებულ-ანექსირებული ტერიტორია – უკრაინის სტეპები იქნება ეს თუ თქვენი მეზობლის ბაღის 20 სანტიმეტრი. სანქციებით ოკუპანტი აუცილებლად მკაცრად დაისჯება ან ვადამდე მოკვდება.

წყარო:

“დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს”-L’Espresso

„დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს, – ნათქვამია იტალიურ ყოველკვირეულ ჟურნალ „ლ’ესპრესოში“ (L’Espresso) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტიანძინის სულისკვეთება და დასავლეთის ძილი“ (ავტორი – ემილიო კარელი). „აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევის მიუხედავად, კრემლი ალყაში არ მოქცეულა და ძველებურად ითვლება მსოფლიოში აღიარებულ ძლიერ მოთამაშედ“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ცდილობს აშშ-ის მსოფლიო ბატონობა გააგრძელოს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველობას მაინც პეკინს უთმობს.

ჩვენ ჩუმად მაინც უნდა ვაღიაროთ: „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე, რომელიც ამას წინათ ტიანძინში გაიმართა, სი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და ნარენდრა მოდიმ ახალი საერთაშორისო წესრიგის კონტურების დემონსტრაცია მოახდინეს. ისინი თავიანთ ნაბიჯს მსოფლიო პოლიტიკისადმი „მრავალმხრივ მიდგომას“ უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში „სამეულის“ მოქმედება უფრო დიდი რამ არის – პლანეტის ნახევრის რევანში და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების შურისძიება დასავლეთზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მათ საკუთარ კანონებს კარნახობდა და თავს ახვევდა. სცენაზე არიან „სამეულის“ წევრები, დარბაზში კი 26 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ადრე ბაზრების გარეშე რჩებოდნენ, გლობალიზაციის პროცესში კი მსოფლიოს ეკონომიკაში მთავარ მოთამაშეებად გადაიქცნენ. ყველა მზად არის აპლოდისმენტები არ დაიშუროს ახალი წესრიგის მხარდასაჭერად.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ჩვეული ყინულოვანი სიმშვიდით მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ აშშ-ის უპირატესობა და ცივი ომის მენტალიტეტი უნდა დასრულდეს. მართალია, მას არ უხსენებია დონალდ ტრამპი, მაგრამ ამის აუცილებლობა არც ყოფილა. აშკარად ჩანდა, რომ მისი ყოველი სიტყვა იგულისხმებოდა სწორედ ამერიკისა და მისი ლიდერის მისამართით. დონალდ ტრამპი ცდილობს დომინირება გააგრძელოს, მაგრამ ფაქტიურად პეკინს ბევრად ჩამოუვარდება. დონალდ ტრამპს სურს ჩინეთისა და რუსეთის იზოლირება, მაგრამ აღმოჩნა ისეთი ბლოკის წინაშე, რომელიც დედამიწის მოსახლეობის 40%-ს და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 50%-მდე მოიცავს.

სი ძინპინისათვის ტიანძინის სამიტი ნამდვილ ტრიუმფად იქცა. ვლადიმერ პუტინიც არ ჰგავდა იმ ლიდერს, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული: ტიანძინში რუსეთის პრეზიდენტი დიდი პატივისცემით მიიღეს, ღირსეული სტუმრის სტატუსით. უკრაინასთან სამწლინახევრიანი ომის გამო დაწესებული სანქციებისა და დემონიზაციის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინს ყველა სიხარულით ართმევდა ხელს და გულმოდგინედ ისმენდა კრემლის პოზიციას ომის მიზეზებზე. ყველაფერი იმას მოწმონდა, რომ რუსეთი იზოლაციაში აღარ არის, ალყა გარღვეულია და კრემლი კვლავ ის ციხე-სიმაგრეა, რომელიც მსოფლიოში გლობალურ მოთამაშედ ითვლება.
დღემდე ევროპაში ერთობლივად რაიმე ხმა არ გაჟღერებულა რომელიმე ალტერნატივის შეთავაზება-წამოყენების თვალსაზრისით. იმ დროს, როცა ტიანძინში ახალი მსოფლიო წესრიგის საკითხებზე მსჯელობდნენ, ბრიუსელი პარალიზებული რჩებოდა რუსეთისადმი შიშებით და აშშ-ზე სამხედრო დამოკიდებულებით. „მესამე ევროპული გზის“ პერსპექტივა, როგორც ჩანს, „აორთქლდა“ და თავის ნაცვლად ისეთი ვაკუუმი დატოვა, რომელიც ვერაფრით ვერ ივსება.

ამასობაში დონალდ ტრამპი ცეცხლთან თამაშს აგრძელებს – აშენებს კედლებს, აწესებს გაზრდილ ტარიფებს, თესავს უნდობლობას თავისივე პარტნიორებს შორის და, ამგვარად, რისკავს იზოლაციაში თვითონ აღმოჩნდეს. იგი ემუქრება ვლადიმერ პუტინს, ახალ ულტიმატუმებს აყენებს, რომლებიც კრემლის მხრიდან უყურადღებოდ და შეუსრულებელი რჩება და ამით მოსკოვს საუკეთესო პირობებს უქმნის მსოფლიო თამაშებში დასაბრუნებლად. დონალდ ტრამპმა, ნებით თუ უნებლიედ, ეს ალასკაზე სამიტის დროს გამოავლინა – მან თავისი რუსი კოლეგის საერთაშორისო რეაბილიტაცია განახორციელა, მსოფლიოს წინაშე, მაგრამ უკრაინის ომის შეწყვეტის რაიმე კონკრეტული პერსპექტივის გარეშე.

სი ძინპინის ფრაზა – „ტიანძინის სულისკვეთება“ – მხოლოდ დიპლომატიური აბსტრაქცია არ არის. ტიანძინის სამიტზე გაჟღერებული იდეები შეიძლება ნამდვილ პოლიტიკურ მანიფესტად იქცეს: პლანეტის ნახევარმა გადაწყვიტა, რომ დასავლეთი ყველა თავისი ფასეულობით, ეკონომიკური და ტექნოლოგიური უპირატესობებით, მეტად აღარ (ვეღარ) სეასრულებს იმ წამყვან როლს, რომელისაც ის ასრულებდა ბოლო ასწლეულში და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთ უფრო სამართლიან და დემოკრატიულ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ჩვენ წინ გველოდება უფრო მკაცრი მსოფლიო, რომელშიც დომინირებადი იქნება ის ქვეყანა, რომელსაც მეტი ტანკები და ენერგეტიკული რესურსები აქვს, რომელიც მეტ ინფრასტრუქტურას ქმნის და ახალ ტექნოლოგიებს ფლობს ხელოვნური ინტელექტის სახით. მოკლედ, გვინდა თუ არ გვინდა, წინ ახალი მსოფლიო წესრიგი გველოდება.

და რას აპირებს დასავლეთი, რომელიც ყოველთვის განსაზღვრავდა თამაშის წესებს? მას სძინავს და როცა გაიღვიძებს, დიდი რისკია აღმოაჩენს, რომ რეჟისორიდან თურმე მეორე პლანის მსახიობად გადაიქცა.

წყარო:

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კერძო სექტორის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს და მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას სამშენებლო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 ,, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება  გამოწვევები არის ორივე მიმართულებით”- ირაკლი კობახიძე 

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.

„ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.