ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) ეხმაურება აშშ-უკრაინის ურთიერთობებში მომხდარ არასასიამოვნო ფაქტს (რომელიც კიევისათვის ძალზე ნეგატიური შედეგების მომტანია) და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტა უკრაინისათვის: კიევი ეჭვობს, რომ აშშ მასზე ზეწოლას ახდენს და პოლიტიკური დათმობებისაკენ უბიძგებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბოლო კვირებში უკრაინამ, ომის დაწყების დროიდან, ყველაზე ინტენსიური დაბომბვები გადაიტანა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით. ძნელია წარმოიდგინო ისეთი სხვა შეუსაბამო დრო იარაღის მიწოდების შესაწყვეტად, როგორიც ახლაა, როცა უკრაინას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. არადა, როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, პირველ ივლისს, გამთენიისას, პენტაგონმა უკან დააბრუნა ის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-დან ევროპის ავიაბაზებზე მიჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები და სხვა შეიარაღება, რომლებიც შემდეგ სახმელეთო გზებით უკრაინაში უნდა გადაზიდულიყო.
კონკრეტულად რომელი იარაღის მიწოდება შეწყდა, რა ვადით და რატომ, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. პენტაგონს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია, რომელშიც მიზეზები იქნებოდა განმარტებული. ამასთან, რამდენიმე წყაროს შეტყობინებით, საკითხი ეხება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „პეტრიოტის“ რაკეტებს. გარდა ამისა, გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ ცნობით კი, აკრძალვა შეეხო აგრეთვე „მიწა-ჰაერის“ (Stinger), „ჰაერი-ჰაერის“ და „ჰაერი-მიწის“ (Hellfire) კლასის რაკეტებს და საარტილერიო ჭურვებს.
პენტაგონში განაცხადეს, რომ მიწოდების შეჩერება აუცილებელი იყო უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის ხელშესაწყობად და „იმავდროულად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“. როგორც თავდაცვის სამინისტროს – პენტაგონის – წარმომადგენელმა შონ პარნელმა აღნიშნა, „ჩვენ არ შეგვიძლია იარაღით უზრუნველვყოთ ყველა მსურველი მსოფლიოში. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უპირველესად ამერიკის უსაფრთხოებაზე, ჩვენი სამშობლოს ინტერესებისა და ჩვენი ჯარების დაცვაზე ყველგან, სადაც კი ისინი არიან განლაგებულნი, პლანეტის ყველა კუთხეში“.
პენტაგონი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას დროებით და შეზღუდულ ზომად თვლის, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარგანზრახულ და შეთანხმებულ ძალისხმევას მიმართავს უკრაინაზე ზეწოლის მიზნით, რომ კიევისაგან პოლიტიკურ დათმობებს მიაღწიოს. ანუ ისე, როგორც ეს თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის წაკამათების შემდეგ პენტაგონმა მცირე ხნით შეაჩერა უკრაინის არმიისათვის იარაღის მიწოდება და თანამგზავრული სადაზვერვო მონაცემების გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აშშ-უკრაინის ურთიერთობა გაუმჯობესდა და ნატოს ჰააგის სამიტზე ორივე ლიდერი ერთმანეთს შეხვდა, აშკარაა, რომ ამერიკის მხარდაჭერა ზოგადად მაინც სუსტდება. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპს არცერთი ახალი ვალდებულება არ აუღია იარაღის მიწოდების თაობაზე (კონგრესის მიერ გასულ წელს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გამოყოფილი ათეული მილიარდობით დოლარი დაუხარჯავი რჩება). ახალ კონგრესს, სადაც უკვე რესპუბლიკელები დომინირებენ, ასევე არ გამოუყვია არცერთი დოლარი უკრაინისათვის. თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ ის დაპირებები, რომელიც ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების დასრულების ჟამს უკრაინისათვის გამოაცხადა, ასევე არ იქნება შესრულებული.
სხვათა შორის, ისიც აუცილებელია ითქვას, რომ პენტაგონი დიდი ხანია შეშფოთებულია იმით, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინის კონფლიქტი აშშ-ის იარაღის მარაგებზე. როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სამსახურებრივი მიწერ-მოწერით ირკვევა, აშშ-ის იარაღის არსენალებში იარაღის რეზერვები სულ უფრო მცირდება – იმდენად სწრაფად იხარჯება, რომ სამხედრო მრეწველობა მარაგის შევსება-აღდგენას ვერ ასწრებს.
გადაწყვეტილება შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიიღო ელბრიჯ კოლბიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც დიდი ხანია გამოდის ამერიკის სამხედრო რესურსების ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან აზიაში გადასროლისთვის, ჩინეთთან დაპირისპირების საქმეში ძალისხმევის გასაძლიერებლად. ზოგიერთი ცნობის თანახმად, იგი პენტაგონის იარაღის რეზერვების შემოწმებას კურირებდა და დარწმუნდა, რომ საარტილერიო ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებისა და მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალების მარაგები სახიფათო დონემდე შემცირდა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ამერიკელებს და მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას დაპირდა. მისი ინაუგურაციიდან უკვე ექვსი თვე გავიდა, მაგრამ რეალურად ომი სულ უფრო მეტი სისხლისღვრით მიმდინარეობს და დასრულებას ბოლო არ უჩანს – როგორც ნათქვამია, „ურემი ისევ იქ დგას და ადგილიდან არ დაძრულა“. დონალდ ტრამპმა ვერ მიაღწია ზავს – მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ხშირად ტელეფონით მეგობრულად ესაუბრება. წესით და რიგით, რადგან რუსეთი ამ ომში აგრესორს წარმოადგენს, აშშ-ის ლიდერმა გავლენა მოსკოვზე უფრო უნდა მოახდინოს, მაგრამ რეალურად თეთრი სახლი ზეწოლას მხოლოდ კიევზე ახდენს – იცის, რომ უკრაინა ძალიან არის დამოკიდებული დასავლურ შეიარაღებაზე. რა თქმა უნდა, თავის მხრივ, კიევის მთავრობა დროს უქმად არ კარგავს და საკუთარ სამხედრო მრეწველობას ავითარებს, განსაკუთრებით დრონების წარმოებას. უკრაინას ევროპის ქვეყნებიც სულ უფრო ბევრ იარაღს აწოდებენ – უფრო მეტს, ვიდრე აშშ აწვდიდა და თავიანთ სამხედრო ბიუჯეტს ზრდიან: იმ შემთხვევისათვის, თუ აშშ საერთოდ უარს განაცხადებს კიევისადმი სამხედრო დახმარებაზე, ისინი შეავსებენ იარაღის დეფიციტს. მაგრამ… ეს სამომავლოდ, დღეს კი ევროპა, უკრაინისათვის იარაღის აქტიური მომარაგების ფონზე, თვითონ ჩავარდა არასახარბიელო სიტუაციაში, აშშ-ის მსგავსად: ევროპაც განიცდის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მწვავე ნაკლებობას. უკრაინა ითხოვს „პეტრიოტებს“ რაკეტების დიდი მარაგით, ევროპას კი ისინი თავისთვის სჭირდება.
უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის მიერ ფრონტის ხაზის გლობალური გარღვევა უახლოეს თვეებში ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ობიექტურობის პრინციპის დაცვით თუ ვიტყვით, მოსკოვი თანდათან აღწევს სულ უფრო მეტ წარმატებებს. მოკლედ, უკრაინას წინ მკაცრი გამოცდა ელოდება: რაც უფრო ნაკლებ იარაღს მიიღებს, მით უფრო მეტ ცოცხალ ძალას და ტერიტორიას დაკარგავს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: