მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას – მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ხაზარაზე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე.
„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.
3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.
არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების” ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე – ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.
ჩვენი მიზანი უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.
ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო”, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.
მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!- წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.