Home Blog Page 2

„კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, მისი შვილის დაკავების საქმესთან დაკავშირებით აბსურდული ბრალდებები და დაუსაბუთებელი სპეკულაციები ვრცელდება.

„არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რასაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ვისმენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში – აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით – ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა – საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს – „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?“ – ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები,
ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას.

საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსი ემიგრანტების სახელით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დაუშვებლად მიიჩნევს სრულიად ემიგრაციის და ზოგადად გარკვეული ჯგუფების მიერ ყველა ემიგრანტის სახელით განცხადებების კეთებას.

საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს და ემიჯნება დიასპორის სახელით გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ემიგრანტები ითხოვენ ევროკავშირისგან დასანქცირდეს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები.

“ჩვენ, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ემიგრანტები ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ქართული დიასპორა და ემიგრაცია ემიჯნება ქართული სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები მას.

ჩვენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას. – ნათქვამია საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მსგავსი განცხადება გაავრცელა არერთმა დიაპორულმა ორგანიზაციამ, მათ შორის: 

“ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა”; “საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციამ”, “ევროპის ქველმოქმედ ქალთა კავშირმა”, ესპანეთში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ -” Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes”; პოლონეთის ქართული დიასპორა”; მილანის სამშობლო გულით სატარებელი, ასევე განცხადებები გაავრცელეს ინდივიდუალურმა პირებმა. 

“მეგობრებო, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები, ემიჯნებიან განცხადებას რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს  და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები.  ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას და ვგმობთ, ემიგრაციის სახელით გაკეთებულ მსგავს პეტიციას”,-წერს სოციალურ ქსელში მერიკო კარტოზია.

“ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა გარკვეული ჯგუფის მიერ –  თითქოსდა ემიგრაცია “ემიჯნება საქართველოს სახელმწიფოს” და “ევროკავშირს სთხოვს სანქციების დაწესებას ჩვენს ქვეყანაზე”.მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის არც შინაარსს და არც ტონს. ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას ემიგრაციის სახელით გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც დიასპორის საერთო აზრს არ გამოხატავს”,- ნათქვამია ვალენსიაში მოქმედი ორგანიზაციის განცხადებაში. 

“ლელოს” გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ “ლელოურად” -იაგო ხვიჩია

„ლელო“ და მისი დაფინანსებული „ტვ პირველი“ თავიდანვე იყვნენ იმ ხალხის მაწყევართა რიგში, ვინც არჩევნებში ვაპირებდით მონაწილეობას. მე ახლა მაინტერესებს, როგორ შეცვლიან ჭიკჭიკს „ტვ პირველის“ და „ლელოს“ მხრიდან მოსყიდული სხვა ჟურნალისტები იმის სასარგებლოდ, რომ თავიდანვე იყვნენ არჩევნებში შესვლის მომხრე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ „ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად არც უარყოფითად ვაფასებ.

„დანარჩენი, ყველაფერი თავისთავად, ცხადია. ბატონი ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, ეს ასე უნდა მომხდარიყო და არა სხვაგვარად. მგონი, „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნების მერე ნამდვილად იქნება გადაშენების პირას მყოფი პარტია, მათ არ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენლები არც საკრებულოებში, არც პარლამენტში და არც სადმე სხვაგან. არ ექნებათ დიდი წითელი ხუთიანი და შესაბამისად, ალბათ ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯს ერთმანეთის ლანძღვაში და ჩხუბში ხარჯავენ, რაც, ცხადია, ბუნებრივი იყო, რადგან ასე თუ გაგრძელდებოდა უიდეოდ 4,5,9,25-ის ყვირილი, ისინი ერთმანეთში საბოლოო ჯამში იჩხუბებდნენ. ამ ჩხუბს ვუყურებთ ახლა ჩვენ. „ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, „ლელოურად“ ვაფასებ. „ლელოს“ ეს აზრი ვიდრე თავში მოუვიდოდა, ჩვენ დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატით, „ქოცების“ დასამარცხებლად და არა ისე „ლელოურად“, როგორც ახლა ხდება – ჯერ აგინო ხალხს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მერე თვითონ მიიღო მონაწილეობა და ხალხს მოუწოდო, რომ სხვანაირად ქცევა არასწორია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორ დღეს გახდა ცნობილი, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

კობა კობალაძე – საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში – დიდება გმირებს

32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, გმირთა მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ვეტერანები.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშიამ) ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

‘„საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში… მედგარი და გულიანი ადამიანები ცხოვრობდნენ იქ; როდესაც მათზე ბევრად ძლიერი მტერი იერიშს ახორციელებდა და მიხვდნენ, რომ ძალის სიჭარბე სჯობნიდა თავდადებას, თავის თავზე გამოიძახეს საარტილერიო ცეცხლი. ჩვენს გვერდით მაცხოვრებელ მოქალაქეებს ჰქონდათ ეს უპრეცედენტო გმირობის მაგალითები… დიდება გმირებს! ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვის, იბრძოდა და შესწირა თავი,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.

კამანელებისთვის, 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა, მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მოწინააღმდეგის დესანტმა, სოფელ ახალშენსა და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა შეტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი გადმოსხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დამატებითი ძალები არ დაახმარეს. ქართველებმა, ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი, კამანელებმა, ტყვედ აიყვანეს. მისგან მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება, ძალიან ადვილი გახდებოდა.

ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობა, რომელმაც ტყვედ ჩავარდნას, სიკვდილი არჩია_ტაძრის ეზოში გახსნა ხელყუმბარა, თავი აიფეთქა და თან 4 ბოევიკიც გამოასალმა სიცოცხლეს. მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე-_ვისია ეს მიწაო, ბერმა უპასუხა: ‘’ეს მიწა ღვთისააო’’, რის გამოც, იგი, ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდვეს და დახვრიტეს.
თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საკუთარი სოფლის შენარჩუნება, კამანელებმა, ვერ შესძლეს; მოწინააღმდეგემ, სოფელში გადარჩენილი ქართველები, ტყვედ აიყვანა და სასტიკად გაუსწორდა. აფხაზების თქმით, ერთ-ერთი სახლიდან, მთელი დღის განმავლობაში ისროდა ვიღაც, სანამ ის სახლიც არ ააფეთქეს.

კამანში დაღუპული გმირები: მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი), ური (გიორგი) ანუა, ზაზა პაკელიანი, მერი პაკელიანი, ავთო კახიანი, ვლადიმერ კახიანი, ელგუჯა გვიჩიანი, ადამ (ედიკა) გვიჩიანი, გოგი გურჩიანი, ზურაბ გურჩიანი, მალხაზ კახიანი, ალექსანდრე გამსახურდია, ვალო ჩხეტიანი, ეგნატე კვიციანი, ზური გიორბელიძე, მერაბ ჩხეტიანი, მურთაზ ჩხეტიანი, ინდიკო ჩხეტიანი, რევაზ კვანჭიანი, შოთა კვანჭიანი, გუნდიერ გულედანი, გენადი გადრანი, თამაზ ჩხეტიანი, ანზორ სუბელიანი.
#დიდებაგმირებს

4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში -მამუკა ხაზარაძე

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ! დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ. სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“, „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!

ბრძოლა ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით! ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით! ბრძოლა არჩევნებში – 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით! საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფების მიცემა – ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში.

აქვე, მინდა, მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.

როგორც გამოჩნდა, სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!

აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივად მოსაგებია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა -EURACTIV

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა, – ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აპირებს, გამოვიდეს წინადადებით, რომელიც ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება მოიცავს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას, ან ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას.

სხვა ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირში განიხილება, ასევე ითვალისწინებს ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას, სავაჭრო შეზღუდვებს და ევროკავშირსა და ისრაელს შორის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას.

აღნიშნული ზომების უმეტესობა ევროკავშირში უკვე განიხილებოდა, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ოფიციალურად წარადგენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადებას.

„ევროაქტივის“ ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხზე 15 ივლისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

საბა ბუაძემ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და პოლიტსაბჭო დატოვა, პარტიაში კი, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლებამდე რჩება

საბა ბუაძემ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და პოლიტსაბჭო დატოვა, პარტიაში კი, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლებამდე რჩება

დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე პოლიტსაბჭო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, რჩება პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.

„მეგობრებო, ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიის პოზიცია რადგან უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:

ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი; ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე“, – წერს ბუაძე.

დღეს  ცნობილი გახდა,რომ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

არ ვეთანხმებით “ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას  “არჩევნებში” მონაწილეობის შესახებ, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – “თავისუფლების მოედანი”

არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის, „თავისუფლების მოედანი“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული იქნება ბოიკოტზე.

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ, მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა“.

„თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე. ჩვენს რესურსებს სწორედ ამისკენ მივმართავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე „თავისუფლების მოედანი“ „ლელოსთან“ ერთად იყო კოალიციაში „ძლიერი საქართველო“.

“ლელოს”შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას, უპატიებელი შეცდომაა -ხატია დეკანოიძე

ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

„მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ი.ე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1982 წელს დაბადებულ რ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ი.ე. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომში, +22 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.