Home Blog Page 2

მიუღებელია ბრიუსელის ჩარევა საქართველოს საქმეებში იმის გამო, რომ მთავრობა მშვიდობის მომხრეა – პიტერ სიიარტო

ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა – ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, საქართველო „საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს“.

„საქართველო საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს, რადგან ქვეყანაში პატრიოტული გრძნობები გააჩნია. ის ეროვნული ინტერესებისთვის გრძნობს წნეხს. ასევე, პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისთვის, რომ კონსერვატიული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისთვის, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება – თუ ლიბერალური პარტიები იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს ბრიუსელისთვის იდეალურია, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს ბრიუსელის მოსაზრებით, კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.

ამიტომ, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად, მოვუწოდებთ, რომ გამოიძიონ, ვინ იყვნენ ის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ იმის უკან, რითაც უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით უცხოური ძალების განხორციელება ხდებოდა ქვეყნებში.

ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ, უნგრელები, ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელებაა სხვა ქვეყნებში. ეს მიღებულია.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა. მას ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია. ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად.

უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატებისთვის მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. ამას გავაგრძელებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს.

არის 50 ადამიანი, რომელიც საქართველოში მუშაობს და უნგრეთში შესაბამის სწავლებას მიიღებენ. ჩვენი ასი მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან. ეს 20%-ით გაიზრდება წელს. ივნისში მთავრობათა შორისი კიდევ ერთი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტში და თბილისში. ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა მინისტრს გადავუხადო, რადგან თქვენ ინარჩუნებთ ამ სტრატეგიას სირთულეების მიუხედავად“,- განაცხადა სიიატრომ, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში – მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მან კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ახალი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში, უკეთესი შედეგები გვექნება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს არის მკაფიო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა როცა საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ თქვით, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. აქ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნული განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კარგად გვახსოვს, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა და ბიზნესის გადაფორმება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში – კახა კალაძე

ყველას კარგად გვახსოვს, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი,- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას.

კალაძის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელსაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ვიცით, თუ რა ხდებოდა, თუნდაც 2008 წლის ომი რომ ავიღოთ. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, რომ საზოგადოებას ყველაფერზე სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და აღნიშნა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, პემ ბონდი „დემოკრატებს“ „ტესლაზე“ თავდასხმების წაქეზებაში ადანაშაულებს.

პემ ბონდის განცხადებით, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ წევრმა, ჟასმინ კროკეტმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ მის დაბადების დღეზე „ტესლას“ ავტომობილებზე თავდასხმები მოხდებოდა.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ძალადობის წაქეზებაა. მისი განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტევები იზოლირებული შემთხვევები არ არის.

საქმეზე სამ ადამიანს ბრალი უკვე წაუყენეს. მათ 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბონდიმ მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმაც დაგმო და აღნიშნა რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება.

რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ – გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ – არა – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ვითარდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მათ ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ – გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ – არა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს – მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც გვაქვს დღეს რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში, გაეცეს ღირსეული პასუხი. თქვენც ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება თუნდაც დედაქალაქი, რამდენი კარგი პროექტი ხორციელდება და ამას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი რადიკალი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გადასცემს თუ არა აშშ ან ევროპა უკრაინას დამატებით Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს?”-The Times

„დონალდ ტრამპს არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის შესრულება იარაღის მიწოდების თაობაზე, ევროპის საწყობები კი უკვე ცარიელია. უკრაინას განსაკუთრებით უნდა საზენიტო რაკეტები“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „გადასცემს თუ არა აშშ ან ევროპა უკრაინას დამატებით Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს?“ (ავტორი – ჯორჯ გრილზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპთან 60-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ხაზს უსვამდა აშშ-სადმი კეთილგანწყობას და ემადლიერებოდა დახმარების გაწევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ლიდერი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში არასასიამოვნო სკანდალის სუბიექტი გახდა, იგი რისკზე წავიდა და აშშ-ის პრეზიდენტს დამატებით სთხოვა – Patriot-ები მჭირდება და თუ რეზერვში გაქვთ, იქნებ მომცეთო.

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 800 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს და აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1980-იანი წლებიდან შედის. დღეისათვის „პეტრიოტი“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ და საიმედო საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „პეტრიოტი“ ალაბამას შტატში დააპროექტეს ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინათ, ამ კომპლექსმა დაამტკიცა თავისი შეუცვლელობა შეიარაღების  ყველაზე თანამედროვე სისტემებთან შედარებით.

როგორც კი 2023 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრაბახი დაიწყო თავისი „ჩამოუგდებელი“ რაკეტებით – „კინჟალებით“ („ხანჯლებით“), „პეტრიოტის“ ბატარეებმა მათი ჩამოგდება დაიწყეს.

კრემლის მტკიცებით, რუსეთის ჯარებმა ამერიკული „პეტრიოტების“ რამდენიმე დანადგარი გაანადგურეს, მაგრამ რადგანაც უკრაინა სატყუარებს იყენებს – რეზინის გაბერილ მაკეტებს, რუსების მტკიცება, დიდი ალბათობით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

არსებული შეფასებებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად „პეტრიოტის“ 6 გასაშვები მოძრავი დანადგარი კიდევ აქვს, რომლებიც მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, რათა რუსების სამიზნეში არ მოხვდნენ. „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა სამი მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს, ამიტომ მათი გამოყენება ძალიან ეკონომიურად ხდება და მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად სარგებლობენ. უკრაინის სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები კი ფრთოსან რაკეტებს და დრონებს ებრძვიან.

როგორც ცნობილი გახდა, ვოლოდიმირ ზელენსკი დამატებით „პეტრიოტის“ კიდევ 10-12  გამშვებ დანადგარს ითხოვს. მართალია, ოვალურ კაბინეტში მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ზელენსკიმ პატიება ითხოვა და თითქოსდა პრეზიდენტები შერიგდნენ, დონალდ ტრამპმა მაინც უარი უთხრა თხოვნის შესრულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დაეხმარება „პეტრიოტის“ მოძიებაში, თუ ის ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას აქვს და არ იყენებს.

მაგრამ ევროპის ქვეყნებსაც შეუძლიათ უარი თქვან – მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას რამდენიმე „პეტრიოტი“ საკუთარი არმიების შეიარაღებიდან, ანუ თვითონ მოიკლეს და კიევს მისცეს. თუ კიდევ ასე მოიქცევიან, მაშინ თავიანთ სამხედრო ძლიერებას შეასუსტებენ.

აშშ-მა უკვე მიაწოდა უკრაინას „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი. ასევე გააკეთა გერმანიამ, რუმინეთმა და ნიდერლანდებმა. „პეტრიოტები“ აქვთ საბერძნეთს, ესპანეთს, პოლონეთს და შვეიცარიას. დიდ ბრიტანეთს სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები საკუთარი ტერიტორიისთვისაც კი არ აქვს და უკრაინას ვერაფერს მისცემს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან სუსტად არის დაცული, გერმანიამ წამოაყენა ინიციატივა „ევროპული ციური ფარის“ შესახებ, რომელიც სახმელეთო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების შექმნას ითვალისწინებს, მაგრამ ამას წლები დაჭირდება – კომპლექსების აწყობა ძალიან რთულია.

მასაჩუსესტის შტატში არის კომპანია Raytheon-ის ქარხანა, რომელიც „პეტრიოტების“ გამშვები კომპლექსების დამზადებით არის დაკავებული და რომელიც, სამწუხაროდ, შეკვეთების შესრულებას ვერ ასწრებს. აშშ-ზე რომ არ იყოს მუდმივად დამოკიდებული, გერმანიამ გააფორმა სამმილიარდიანი კონტრაქტი ისრაელთან „პეტრიოტის“ მსგავსი კომპლექსის – Arrow 3-ის („ისარი“) შეძენის თაობაზე.

თუ აშშ საბოლოოდ უარს იტყვის უკრაინისათვის „პეტრიოტის“ გამშვები დანადგარების დამატებით მიწოდებაზე, ევროპა კი ამერიკას მიბაძავს და კიევს უარით გაისტუმრებს, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკის პრიორტეტეული ამოცანა იქნება მის ჯარში უკვე არსებული „პეტრიოტებისათვის“ საჭირო რაკეტების შეძენა. ასევე იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ გამშვები დანადგარები რუსებმა არ გაუნადგურონ (ან დააზიანონ).

გერმანიას ასევე სურს „პეტრიოტის“ რაკეტები თვითონვე დაამზადოს ბავარიის ქარხნებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. დღეისათვის „პეტრიოტის“ რაკეტებს მხოლოდ აშშ-ის არკანზასში არსებული კომპანია Lockheed Martin-ის ქარხანა უშვებს, წელიწადში დაახლოებით 550 ცალს.

დონალდ ტრამპს შეუძლია თქვას, რომ ამერიკული რაკეტები მხოლოდ უკრაინას კი არ ჭირდება, არამედ სხვებსაც (მაგალითად, ისრაელს და  ტაივანს), რომლებსაც თავიანთ შეიარაღებაში ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აქვთ.

თუ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპიც იმასვე გაიმეორებდა, რაც ადრე ჯო ბაიდენმა თქვა – უფასოდ „დავეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნებაო“ – იგი, ალბათ, უკმაყოფილო დარჩება. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა: „თუ უკრაინას ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსები სურს, დაე, მან იყიდოს, ან მის ნაცვლად ფული სხვამ გადაიხადოს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

თიბისი ახალი თაობისთვის – ისარგებლე მუდმივი შეთავაზებებით

თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა.

მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომპანიამ ახალგაზრდებს პირველად 2024 წელს შესთავაზა და წელსაც აგრძელებს.

თუ ხარ 18-23 წლის და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლია ისარგებლო მუდმივი შეთავაზებებით შერჩეულ ობიექტებში და ყოველდღე დაიბრუნო გადახდილი თანხის 20% მომენტალურად. შეთავაზების ფარგლებში, ყველა ობიექტში ერთად, თვეში მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებ. გახსოვდეთ, რომ გადახდა თიბისის POS ტერმინალზე უნდა შესრულდეს.

  • McDonald’s
  • Biblusi
  • Miniso
  • Sulakauri Publishing
  • Orgservice
  • Kura-Kura

რაც შეეხებათ მოსწავლეებს, თიბისის მუდმივი შეთავაზებები, რა თქმა უნდა, მათზეც გავრცელდება და შერჩეულ ობიექტებში, თიბისის მოსწავლის ბარათით ყოველდღიურად 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ზემოთჩამოთვლილ ობიექტებთან ერთად, მოსწავლეებს Cavea-შიც ექნებათ საშუალება, ბილეთის შეძენისას თიბისის შეთავაზება გამოიყენონ. სტუდენტებს კი, დამატებით SKA-სა და La Gamba-ში შეუძლიათ ისარგებლონ მუდმივი შეთავაზებებით.

მუდმივი შეთავაზებების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: TBC ახალი თაობისთვის – დაიბრუნე 20%

(R)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირი გავლენა არ ექნება -შალვა პაპუაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირი გავლენა არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ „კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ქართველი ხალხი არანაირ მანდატს არ მისცემს და მათ სავალალო მდგომარეობას კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს“.

„უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამით საბოლოოდ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის გადატვირთვა მოხდება. ამიტომ, მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში იქნება და იმედია, იქიდანაც მისი მფარველები მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან საქართველოში ექსტრემიზმი საბოლოოდ უნდა დამარცხდეს და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები დასრულდნენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სალომე ზურაბიშვილის ტერმინოლოგია აჩვენებს, რომ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა, არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს- შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მან მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, უბრალოდ, ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს, ზოგადად, ახასიათებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რას ფიქრობთ, რომ ესტონეთში რეგისტრირებული ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?! -შალვა პაპუაშვილი

რას ფიქრობთ, რომ ესტონეთში რეგისტრირებული ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?! – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რეგისტრირებულია ესტონეთში. თქვენი აზრით, ვისი ინტერესების გამტარებელია?! რას ფიქრობთ, რომ ესტონეთში რეგისტრირებული ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?! საკითხი არის მარტივად – ჩვენს მოქმედ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ჰქონდა შემდეგი კრიტერიუმი – 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებ უცხოეთიდან, დარეგისტრირდი და გახადე საჯარო შენი ფინანსები. ეს იყო მარტივი კრიტერიუმი. თქვეს, რომ ეს მიუღებელი იყო. მეორე იყო ამერიკული მიდგომა – გაქვს უცხოური დაფინანსება ერთი ცენტი მაინც? ჩვენ შევისწავლით ატარებ თუ არა უცხოელი დამკვეთის ინტერესებს და თუ ატარებ, გექნება ვალდებულება, რომ დარეგისტრირდე.

უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ თუ რაიმე პრობლემა აქვთ, იციან სად მდებარეობს აშშ-ის საელჩო და მიმართონ, თუ რაიმე არ მოსწონთ კანონში. დღეის მონაცემებით, 400-მდე ორგანიზაციაა რეგისტრირებული რეესტრში და პატიოსნად გაასაჯაროვეს დაფინანსებები. რამე პრობლემა შეექმნა ამ ოთხასიდან რომელიმეს?! არ შეექმნა. რაც მოხდა ერთადერთი, საქართველოს მოქალაქეებმა იციან, ვინ აფინანსებს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, რაში იხარჯება ეს ფული. ამის მიღმა, აღმოჩნდა, რომ არსებობს ასი ორგანიზაცია, რომელიც მალავს თავის ფინანსებს. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 500 ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უცხოეთიდან მნიშვნელოვნად ფინანსდება, აქედან 80% კეთილსინდისიერად მოქმედია და გვყავს 100 ორგანიზაცია, რომელიც მალავს ფინანსებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის -სალომე ზურაბიშვილი

როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად. როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის. ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის  სავარაუდო გარიგებაში”-The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის  სავარაუდო გარიგებაში“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპისათვის კრემლთან მოლაპარაკება უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის საშუალებას წარმოადგენს. და თუ მას ამისათვის ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტს ოცნება აუხდება (პლუს მომგებიანი გარიგებები ექნება ამერიკული ბიზნესისათვის – როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთშიც). თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინისათვის მოლაპარაკება ომში გამარჯვების აღიარების საშუალებაა, ხოლო გამარჯვებულს სამხედრო ტროფეიც ელოდება. პუტინმა სწორად გათვალა, თუ როგორ დაითანხმოს აშშ-ის პრეზიდენტი მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე – დაატკბოს ნებისმიერ გარიგება რაიმე მიმზიდველი საქმიანი წინადადებით ამერიკელებისათვის.

თეთრი სახლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, სატელეფონო საუბრის დროს ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნისათვის უდიდეს ეკონომიკურ მოგებას უზრუნველყოფს.

რომელ დარგებში შეიძლება დაიდოს გრანდიოზული ეკონომიკური გარიგებები? 1990-იან წლების დასაწყისში ამერიკულმა და ევროპულმა ტრანს ეროვნულმა კომპანიებმა, რომლებიც საკუთარ თვალს და ყურს არ უჯერებდნენ რაც მოხდა – საბჭოთა იმპერიის დაშლა – მზერა რუსეთს მიაპყრეს, რომ კომუნისტურ ნანგრევებზე გამდიდრებულიყვნენ. ამერიკულმა გიგანტებმა – ისეთებმა, როგორებიცაა Procter & Gamble, Ford, McDonald’s и Philip Morris, და ევროპულმა ბრენდებმა, როგორებიცაა Pirelli, Ikea, Volkswagen, Danone და Siemens, უამრავი ფული იშოვეს და მთელ რუსეთში ქარხნები და ფაბრიკები ააშენეს. 2020 წლისათვის McDonald’s-ის ვაჭრობამ რუსეთში კომპანიის მთელი ვაჭრობის 10% შეადგინა.

მაგრამ უკრაინასთან ომის დაწყების გამო ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა და თუ ისინი ისევ მოისურვებენ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, ამისათვის საკმაოდ ბევრი დრო იქნება საჭირო, პლუს აუცილებელი გახდება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც ჩარლზ ჰეკერი, რუსულ ბაზარზე 40-წლიანი გამოცდილების მქონე გეოპოლიტიკური რისკების კონსულტანტი ამბობს, „იმ კომპანიებისათვის, რომლებიც რუსეთში დაბრუნდებიან,  პოლიტიკური რისკების დაზღვევა ასტრონომიულად მაღალი იქნება და საერთოდ საეჭვოა, რომ დაზღვევა განხორციელდეს. განა თეთრი სახლი მათი ბოლო ინსტანციის გარანტორი იქნება?“.

და მაინც თეთრი სახლის ლაპარაკმა იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში აშშ „დიდ მოგებას“ და „უდიდეს ეკონომიკურ გარიგებებს“ მიაღწევს, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მალე აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნის ან შეასუსტებს. გავიხსენოთ, რომ 2022 წელს აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას სწრაფად დაანგრევს და ვლადიმერ პუტინს სამხედრო ხარჯებისათვის ფული აღარ ექნებაო, მაგრამ მოხდა პირიქით – კრემლმა მოახერხა რუსეთის ეკონომიკის სწრაფი გადაყვანა საომარ ყაიდაზე (სამხედრო რელსებზე) და ირიბი გზები გამონახა ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვს პრობლემები არ აქვს… აქვს და თანაც საკმაოდ ბევრი, ამიტომ ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, ალბათ, მიესალმებოდა სანქციების გაუქმებას, თუმცა მას კიდევ აქვს შესაძლებლობა ორი-სამი წლის განმავლობაში ბრძოლა თავისუფლად გააგრძელოს.

რუსეთს ბევრი სიმდიდრე და მეტი რეზერვი აქვს. შტოკმანის გაზის საბადო, რომელიც არქტიკაში, კუნძულ ახალ მიწასთან ახლოს მდებარეობს, მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივი გაზის ისეთ საბადოს წარმოადგენს, რომლის დამუშავება ჯერ არ დაწყებულა, ანუ საბადო, შეიძლება ითქვას, [ამერიკელ] ინვესტორებს ელოდება. გარდა ამისა, ბევრი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 40-45 წლის წინ მიტოვებული ნავთობ-გაზის საბადოები შეიძლება ხელახლა ამოქმედდნენ, თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით [იმავე აშშ-ის ხელშეწყობით).

თეორიულად, დონალდ ტრამპის სამომავლო დაპირება, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები (ან მათი ნაწილი მაინც), სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მოეხსნებაო, ამერიკას ევროკავშირთან დაპირისპირებას უქადის. იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ანტირუსულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ და გააფართოებენ. და თუ ვაშინგტონ-ბრიუსელის დაპირისპირება მართლაც გაღრმავდება ისედაც უკვე დაძაბულ ფონზე, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. გარდა ამისა, ევროპას აშშ-სთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს, მას გაუჭირდება ერთდროულად ეკონომიკაც განავითაროს, სამხედრო ხარჯებიც გაზარდოს და უკრაინასაც დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპას აუცილებლად დაჭირდება რუსული იაფი გაზი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთი (აუფეთქებელი) მილსადენის მეშვეობით. მეორე (აფეთქებული) მილსადენის რემონტი დაახლოებით 200 მილიონი ევრო დანახარჯს მოითხოვს. გერმანული „ბილდის“ (Bild) მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ შეიძლება იჯარით ამერიკას გადაეცეს გაზის ექსპორტის განახლების მიზნით (ამისათვის შესაბამისი კონტრაქტის შემუშავება უკვე მიმდინარეობს).

რასაკვირველია, რუსული გაზის იმპორტის განახლება გერმანიასა და საერთოდ ევროკავშირში პოლიტიკურ დავებს გამოიწვევს. არიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ არიან მომხრეებიც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში ხმების 21% მიიღო.

რაც შეეხება „ყბადაღებული“ მინერალებით (იშვიათი მიწა ლითონების) სარგებლობის შეთანხმებას, რომელიც თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი სკანდალის შემდეგ ჯერაც არ დადებულა, საკმაოდ საეჭვოა ფართო ბიზნესის საწარმოებლად. მართლაცდა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში პრაქტიკულად არ არის იმ „იშვიათი მიწა ქიმიური ელემენტების“ დიდი საბადოები, რომლებიც განსაკუთრებულ ჯგუფში შედის, 17 დასახელებით და რომლებიც ელექტრონულ წარმოებაში და აკუმულატორების დასამზადებლად გამოიყენებიან.

და თუნდაც ასე არ იყოს და ჩავთვალოთ, რომ უკრაინას იშვიათი მიწა ლითონების დიდი მარაგები აქვს, სამწუხაროდ, მათ ექსპლუატაციას კიევი ვერ ახორციელებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ლითიუმის ყველაზე მომგებიანი საბადო რუსებს აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, მინერალების შესახებ აშშ-უკრაინის სავარაუდო ხელშეკრულებას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული.

მაგრამ დონალდ ტრამპი თავისი „გარიგების დადების ოსტატის“ იმიჯით ძალიან არის გატაცებული. ვლადიმერ პუტინმა ეს შენიშნა და მზადაა ამერიკელი კოლეგა ნებისმიერი შეთავაზებით მოხიბლოს და სანქციები გააუქმებინოს, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ რუსეთი ისევ იქნება აღიარებული ძლიერ სახელმწიფოდ.

მოამზადა სიმოინ კილაძემ

წყარო: