Home Blog Page 2

წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს – წერილის ავთენტურობაზე ექსპერტიზა ტარდება – დავით მათიკაშვილი

დღემდე არსებული ინფორმაციით და არანაირი უფლება არა გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს – დღემდე ამ წერილის და თორნიკე რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კორუფციასა და ბარიგების მფარველობას, რაზეც აღნიშნულ წერილშია საუბარი, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ “როგორ ინსინუაციებსაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ტელევიზიები და აქ კითხვების სახით გააჟღერონ, ეს საბოლოო ჯამში, გამოძიების საგანია და კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს“.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ამ ადამიანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რა წერილიც მან დატოვა და რაც იქ წერია, ამაზე მეტი გამორჩეული ინფორმაცია არც მე მაქვს და დამერწმუნეთ, არც არის ეს საზოგადოებაში რაღაც განხილვის თემა.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ყველამ განვიცადეთ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადასტურებს.

წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ტარდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შემთხვევა 6 ივლისს საგარეჯოში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის იარაღი მალულად აიღო, სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში გადაიტანა და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა.

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.

ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ჯაბა მალაღურაძემ.

„რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ – ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია.

ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება  – იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია.

ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ.

კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.

ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი – ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ – ამბობს ჯაბა მალაღურაძე.

უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს – მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს.

#ერთადგავიმარჯვებთ

R

არჩევნებს არაფერი ემუქრება. საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს – გიორგი ვოლსკი

არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი საქართველოს შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.

„არცერთი სახელმწიფო და მით უმეტეს საქართველო არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რომელიც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირის დასკვნამ. არა თუ კითხვები გამოიწვია, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა არასდროს ევროპულ სივრცეში. შეუტიეს იმიტომ რომ დადებითი დასკვნა დაწერა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

თიბისი კონცეპტმა და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს მასშტაბური შეთავაზებები მოუმზადეს – 7 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, Glovo-ში ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 10-ჯერ გადახდისას, ერთგულ ყულაბაში 50 ლარი დაუბრუნდებათ.

შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.

შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანაგრიშზე შეუძლიათ.

აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

ასევე 7 ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული საკრედიტო ბარათების მომხმარებლებს Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიტანის სერვისს, სრულიად უფასოდ შეიძენენ.

Glovo Prime-ის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით  ბმულზე.

აიღეთ ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი და ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

(R)

ვადასტურებ, „ლელოსგან“ იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით, ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ -გია ბარამიძე

„ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით, რბილად გავაკრიტიკებდით „ლელოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოთი არ ვაჭრობს.

„ვაჭრობაში არ შევსულვართ, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ვაჭრობის თემა, ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ. ადრე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი, ჩვენ ვერავის მოვუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი ყველასათვის, ღიად ვსაუბრობთ და არაფერი გვაქვს დაფარული, არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებით. თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ამ სპეცოპერაციაში, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ამასთან, გია ბარამიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელოს“ გადაწყვეტილება ღალატია.

„პირდაპირ ვიტყვი, „ლელო“ არის სრულ ბოდვაში. ჯერ ერთი, თავის თავს ეწინააღმდეგებიან, რადგან თქვეს, რომ ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც თვითონ არჩევნებს უწოდებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ, თუ არ ვიქნებით ყველანი ერთადო. ბუნებრივიც არის, გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ ერთად ყოფნის დროს. ეს რომ არჩევნები იყოს, ქართველი ხალხის, ამომრჩევლის უმრავლესობა, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია, მივა და არჩევნებზე ხმას მისცემს. არჩევნები რომ იყოს, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ისევე როგორც გავიმარჯვებდით 2024 წელს. 2024 წლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. თან ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის უმრავლესობა – კი არის უმრავლესობა, თუ არჩევნებში ექნებათ მათ მონაწილეობის მიღების საშუალება, მაგრამ ეს ხომ არჩევნები არ არის. მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში არჩევნებში გავიმარჯვებდით, მაგრამ ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები, ჯიბეში მყოფი ცესკო-ს წარმომადგენლები, სუს-ი როდესაც დაწერს შედეგებს, რა აზრი აქვს, რამდენი ადამიანიც გინდა, იმდენი მივიდეს და იყოს ჩვენი მომხრე. ამიტომ, ჯერ თავის თავს ეწინააღმდეგებიან. ნათელია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის უმეტესობას, მით უმეტეს ჩვენ, გვექნება არა ფაქტიური ბოიკოტი, არამედ აქტიური ქმედებები, ჩვენი ბრძოლა იქნება აქტიური ამ რეჟიმის, სპეცოპერაციის წინააღმდეგ. არ მივლენ არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ ხელს აწერენ, რომ მათ უნდათ მეორე, მესამე ადგილზე გასვლა. ეს წინასწარ მშვენივრად იციან. თვითონვე თქვეს, რომ ასეთი რეჟიმის პირობებში, თუნდაც მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებული ორი მთავარი პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში. მგონი, მათ ტვინებში რაღაცნაირად ოდესმე შევა ეს. შესაბამისად, თავის თავსაც ღალატობენ, პრინციპებსაც და ქართველ ხალხსაც, თვითონვე აწერენ ხელს, რომ მათი მთავარი ამოცანა ყოფილა საკრებულოებში რამდენიმე ადამიანის გაყვანა და მათთვის ხელფასის მიცემა. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი სამარცხვინო პოზიციაა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „ფულს იხდიდა „ლელო“, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და…“

დაინტერესებული ვართ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით სამოქალაქო ავიაციის სექტორში, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყო ხელი -ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია, სადაც ზრდადია როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მგზავრთნაკადი.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთთან ურთიერთობის მეტი გაღრმავებით სამოქალაქო ავიაციის სექტორში, როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან გამოხატულია მზარდი ინტერესი საქართველოსა და ჩინეთის საავიაციო ბაზრების ათვისების და ოპერირების გაფართოების კუთხით. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთთან სიხშირეებისა და ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57,184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29,212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია.

ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10 სიხშირით ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებებს შორის გაგრძელდა, სადაც განხილულ იქნა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა საავიაციო ბაზრების ეტაპობრივი ურთიერთგახსნა, მგზავრთნაკადისა და საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდა, ახალი ავიამიმართულებების დამატება და ა.შ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და როლი საარჩევნო პროცესში, დეზინფორმაცია, როგორც საარჩევნო  პროცესის მთავარი და ამავდროულად გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.  ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„როგორც ყოველთვის, ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და ინფორმირებულობით გამოირჩევა, როგორც ცესკოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების, ისე მათი მხრიდან უკუკავშირის მიღების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ერთი მხრივ,  საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით  ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლებაა, მეორე მხრივ კი, მათი გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესებში მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების ჩართულობა, ასევე ახალგაზრდების უფრო მეტი წარმომადგენლობა და მონაწილეობა სხვადასხვა პროექტსა თუ საარჩევნო კომისიებში“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

პროექტი – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან უკვე გაიმართა სამი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აჭარაში.

“არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა მიტოვებულ შენობაში”- არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხრა პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ლ.ა., 2006 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული დ.ბ., 2008 წელს დაბადებული დ. მ., 2008 წელს დაბადებული გ. ჯ., 2008 წელს დაბადებული ს.შ., 2010 წელს დაბადებული მ. ხ., 2010 წელს დაბადებული ზ.ო. და 2011 წელს დაბადებული ა.რ.

„დანაშაული  ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ.

ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“რა ზარალი განიცადა რუსეთმა უკრაინული დრონების შეტევის შედეგად და რამდენი დაუჯდა უკრაინას რუსეთზე შეტევა”- BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა ზარალი განიცადა რუსეთმა უკრაინული დრონების შეტევის შედეგად და რამდენი დაუჯდა უკრაინას რუსეთზე შეტევა“, რომელშიც განხილულია ორივე მეომარი მხარის დანაკარგების მოცულობა ფინანსური გამოხატულებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინული დრონების მასირებულმა შეტევამ, რომელიც 5-6 ივლისს განხორციელდა, რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია: ჰაერში დრონების გამოჩენისთანავე დაიხურა აეროპორტები თითქმის 10 მსხვილ ქალაქში, რაც ადრე საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენდა. როგორც რუსეთის პრესა წერს, ეს კოლაფსი რუსულ ავიაკომპანიებს,  მინიმუმ, 40 მილიარდი რუბლი დაუჯდათ: გაჩერდა ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვის, კიროვის, ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლის, იჟევსკის, სარატოვის, ულიანოვსკის აეროპორტების მუშაობა. დაიხურა სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიც და მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროვაგზლები.

ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ მოსკოვის „შერემეტიევოს“, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოსა“ და ნიჟნი ნოვგოროდის „ჩკალოვის“ აეროპორტები. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის – იმდენად მძიმე, რომ რუსეთის რკინიგზებმა დამატებითი მატარებლები გაუშვეს მგზავრთა ნაკადის დასარეგულირებლად.

„როსავიაციის“ ცნობით, 5-7 ივლისს რუსეთის ავიაკომპანიებმა გააუქმეს 485 ავიარეისი, მიმართულება შეიცვალა და სარეზერვო აეროპორტებში დაეშვა 88 თვითმფრინავი (რაც დამატებით ხარჯებს იწვევს), შეფერხდა 1,9 ათასი რეისის შესრულება, უკან დაბრუნდა 43 ათასი ავიაბილეთი.

გარდა ამისა, ფრენების გრაფიკის დარღვევა-გაუქმების გამო სასტუმროებში განთავსებული იქნა 94 ათასი მგზავრი. ავიაკომპანიების (და სახელმწიფოს) ხარჯზე მგზავრებმა მიიღეს 200 ათასი რუბლის ვაუჩერი წყლისა და უალკოჰოლო სასმელების შესაძენად და 155 ათასის – კვების პროდუქტებისათვის.

რუსეთი: ორ დღეში – 40 მილიარდი რუბლის ზარალი

რუსეთის აეროპორტებში მომხდარი კოლაფსი ავიაკომპანიებს მთლიანობაში დაახლოებით 40 მილიარდი რუბლი დაუჯდათ, წმინდა ზარალის სახით. ეს ციფრი დაადგინა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ ექსპერტების დახმარებით.

ერთ დღე-ღამეში მსგავსი კოლაფსის დროს, რომელიც მთელი ქვეყნის ავიაგრაფიკზე აისახება, კომპანიების დამატებითმა ხარჯებმა (რეისის გაუქმება, გადავადება, თვითმფრინავის სათადარიგო აეროპორტში დაშვება და ა.შ.) შეიძლება საშუალოდ 20 მილიარდ რუბლს მიაღწიოს. შესაბამისად, ორ დღე-ღამეში ზარალი 40 მილიარდი რუბლით გამოიხატება, ანუ დაახლოებით 507 მილიონი დოლარით..

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ მიახლოებითი ციფრებია. გარდა ამისა, მათში არ არის ნაგულისხმევი სხვა ხარჯები – თვითონ მგზავრებისადმი დამატებითი მომსახურების გაწევა, სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურების ზარალი.

უკრაინა: რა დაუჯდა კიევს რუსეთზე შეტევა

უკრაინამ შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 5-7 ივლისს, რუსეთის ტერიტორიისაკენ მინიმუმ 485 დრონი გაუშვა. როგორც წესი, უკრაინაც და რუსეთიც აცხადებს ხოლმე, ამდენი და ამდენი დრონი ჩამოვაგდეო, მაგრამ შევხედოთ სიტუაციას: სამოქალაქო ავიაციისათვის ერთი დრონიც კი საკმარისია „ცა დაიხუროს“ მთელ იმ რეგიონში, სადაც მას აღმოაჩენენ: ჰაერში სამგზავრო ავიალაინერის შეჯახება ასაფეთქებელი ნივთიერების მქონე დრონთან თვითმფრინავის გარანტირებულ კატასტროფას ნიშნავს. გარდა ამისა, თვითმფრინავისა და დრონის ერთად ჰაერში ყოფნა ხელს უშლის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მუშაობას, რომელმაც რადარის ეკრანზე შეიძლება ვერ ამოიცნოს სამგზავრო თვითმფრინავის მარკა და შეცდომით, დრონის ნაცვლად, მგზავრებიანი ავიალაინერი ჩამოაგდოს.

ერთი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონის „ლიუტის“ („დაუნდობელი“) ღირებულება 200 ათას დოლარს აღწევს (ასეთი იყო მისი ფასი ერთი წლის წინათ). ეს არის ყველაზე ძვირი შორს მანძილზე მოქმედი დრონი, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შეტევის დროს სხვა ტიპის დრონებიც მონაწილეობენ.

და მაინც, თუ დავუშვებთ იმას, რომ იერიშში მონაწილე ყველა დრონი „ლიუტის“ მარკისა იყო, მაშინ შეტევა უკრაინას 97 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ანუ, თუ ერთმანეთს შევადარებთ რუსეთის ფინანსურ დანაკარგებს (მინიმალურს) და უკრაინის ხარჯებს (მაქსიმალურს), განსხვავება დაახლოებით 4,5-ჯერ ნაკლები იქნება უკრაინის სასარგებლოდ.

ამიტომაც შორი მოქმედების დრონის გაშვების დროს ხშირად მნიშვნელობა არ აქვს, მოხვდნენ თუ არა ისინი სამიზნეს და გაანადგურეს თუ არა ესა თუ ის ობიექტი. თუ ერთი დრონიც კი რუსეთის რომელიმე რეგიონის ცაზე გამოჩნდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ მან უკვე მიაყენა ზიანი იმაზე ბევრად უფრო დიდი, რაც თვითონ ღირს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებულები: ვ.დ. და ი.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ლოკაციიდან, ასევე ამოღებულია, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივლისს ქუთაისში დღისით +35 და ღამით +25 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +30 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო ამინდია. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.