ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კითხვა, რომლის დასმას ვლადიმერ პუტინს ვერავინ უბედავს“ (ავტორი – ფრენსის დირნლი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ქრისტეშობის წინ, ბოლო სამუშაო კვირაში ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთის შესახვედრად შეიკრიბნენ. შეხვედრა შეიძლებოდა ისტორიული გამხდარიყო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომლის იმედიც მონაწილეებს ჰქონდათ.
ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის, საომრად შემართული კაია კალასის მეთაურობით ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა კიევისადმი. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, პორტუგალიელმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ „უკრაინას თვითონ შეუძლია განსაზღვროს სამშვიდობო ზავის პირობებიო“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობას და მიანიშნა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში მიღების თაობაზე დადებითად არის აღქმული და პროგრესი შესამჩნევიაო.
მაგრამ სამიტი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გახდა არა იმიტომ, რომ ერთიანობა გამოიხატა, არამედ უფრო იმიტომ, რომ სამიტამდე ევროკავშირში არსებული ბზარები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა.
„ევროკავშირის შიგნით კონსენსუსს ვერ ვხედავ და როცა კონსენსუსი არ არსებობს, არავის არ აქვს უფლება ევროსაბჭოს სახელით იმოქმედოს“, – დასჭექა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხიწვივით აქვს შერჭობილი ბრიუსელს და რომელიც რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ხელს უშლის ხოლმე.
შეშფოთება გააძლიერა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც აღიარა: „ჩვენ მეტი უნდა ვიცოდეთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებითო“.
მართლაცდა, ამაშია საკითხის არსი: მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა რეალობას წარმოადგენდა, ევროპამ ვერ მოახერხა შემუშავება ისეთი სტრატეგიისა, რომელიც აშშ-ზე არ იქნებოდა დამოკიდებული. ახლა ევროპისა და, რა თქმა უნდა, მათ შორის უკრაინის ბედიც ძველებურად ისევ ოკეანისიქითა მოკავშირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება სულ მალე არასაიმედო აღმოჩნდეს.
ამრიგად, ისტორიკოსებს სრულიად თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირის ეს სამიტი ისეთად ჩათვალონ, რომელზეც ევროპამ აღიარა – მას მეტი არჩევანი არ აქვს, თუ არა ის, რომ დაელოდოს საშობაო სასწაულს ატლანტიკის გაღმა ნაპირიდან, იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპი მალე გააფორმებს მომგებიან სამშვიდობო შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთან. ეს ყველაფერი ეფუძნება ერთ მნიშვნელოვან ვარაუდს, რომ რუსეთი აშშ-სთან ერთად ნამდვილად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან 2025 წლის დასაწყისში.
მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ საკუთარ თავს კითხვას არ უსვამს: და რა მოხდება, თუ ისინი – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი – ამას არ გააკეთებენ?
ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენათა დინამიკისა და მოსკოვის მიზნების გათვალისწინებით, აშკარად ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს ომს მანამდე, სანამ მას ამის შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკა მისცემს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი შეიძლება იანვარში უფრო შემრიგებლურად მოიქცეს და განაცხადოს, რომ მზადაა დაჯდეს კონსტრუქციულად მოსალაპარაკებლად, მაგრამ რა იქნება იმის შემდეგ, თუ ამ დროს ვლადიმერ პუტინი ადგება და ისეთ რამეს იტყვის, რომელიც მიუღებელი იქნება უკრაინისთვის და მისი მოკავშირეებისათვის?
ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც, როგორც ჩანს, ევროპა მთლიანად იგნორირებას უწევს. ამერიკისათვის არჩევანი მარტივი იქნება – ადგება მაგიდიდან და წავა. და რას გააკეთებს ამ სიტუაციაში ევროპა, რომელმაც ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება ასეთი სცენარისათვის და რომელსაც არ შეუძლია კიევის მიტოვება და მისი გაწირვა?
ამგვარ ჩიხურ სიტუაციაზე ფიქრისას უნებლიედ მახსენდება ვუდრო ვილსონის (აშშ-ის ის 28-ე პრეზიდენტის) განცხადება, რომელიც მან 1917 წელს გააკეთა: „მხოლოდ მშვიდი ევროპა შეიძლება იყოს სტაბილური. უნდა იყოს არა ძალთა ბალანსი, არამედ ძალთა თანაზიარობა. უნდა იყოს არა ორგანიზებული მეტოქეობა, არამედ ორგანიზებული საყოველთაო მშვიდობა“. იმ დროს ვუდრო ვილსონის ძალისხმევით შექმნილმა ერთა ლიგამ ოცი წლის შემდეგ კრახი განიცადა, თუმცა მისი მთავარი ფასეულებებისადმი – მშვიდობისა და თავისუფლების – რწმენამ გაეროში გადაინაცვლა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. არადა, დასავლეთში, როგორც ჩანს, ბევრმა უარი თქვა ამ პრინციპებზე და მის ნაცვლად, უხეშ ძალაზე გადავიდნენ. დააკვირდით ბოლო დროს როგორი სიხშირით გაისმის ტერმინები – „ძალთა ბალანსი“, „გავლენის სფეროები“ და ა.შ.
ძალის გამომხატველი პრინციპები ხშირადაა დამახასიათებელი ისეთი ავტორიტარული მმართველობისათვის, რომელთა ლეგიტიმურობა საეჭვოა. მათ დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ. თუ რეჟიმი უარს აცხადებს პრინციპზე, რომლის თანახმად, ყველა ხალხს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი, მაშინ ეს თვითონ დემოკრატიის უარყოფას ნიშნავს. ზოგიერთები დღეს რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს ამართლებს: „ნატო რუსეთს მიუახლოვდა, შესაბამისად, რა უნდა ექნა ვლადიმერ პუტინს? მას აქვს უფლება უკმაყოფილო იყოს“. თუ ასეა, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება თავისი მზერა ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმართოს და მათი წევრი გახდეს, რუსული იმპერიალისტური სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს არ ჰქონდა უფლება ძალის გამოყენებით ჩარეულიყო უკრაინის პოლიტიკაში. ასე იქცევა ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნეშია ჩარჩენილი და იმდროინდელი ძალადობრივი წესებით მოქმედებს.
საერთოდ, მორალური თვალსაზრისით, დასავლეთმა არც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან. პირიქით, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის დამარცხებას უნდა ცდილობდეს. და თუ დასავლეთი ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა მცდარ იდეებს ემყარება.
მოლაპარაკება თუნდაც რომ დაიწყოს, მისი შედეგები შეიძლება ნამდვილად სატირელი გახდეს. რუსეთს შეუძლია შუა მოლაპარაკებიდან ადგეს და კარის გაჯახუნებით წავიდეს, ევროპა კი უკრაინის დახმარებას ამერიკის გარეშე თავს ვერ გაართმევს. ალტერნატიულ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია ჯერ კეთილსინდისიერ ადამიანად მოგვევლინოს, შემდეგ მოლაპარაკება გააჭიანუროს და ბოლოს საშინელი გარიგება შემოგვთავაზოს: დამითმეთ ტერიტორიები უკრაინისათვის რაიმე უსაფრთხოების გარანტიების გარეშეო.
ამას წინათ მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა – უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის მქონე ბაშარ ასადის კრახმა – გაბედულება შემატა მათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დიქტატურა ძლიერი ჩანს მანამ, სანამ ისინი ანაზდეულად დანგრევას არ დაიწყებენ. სირიის რეჟიმის კრახი რუსეთის მარცხსაც ნიშნავს. შედეგები ნამდვილად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მალე ისეთი ადამიანი დაჯდება, რომელიც გამარჯვებულებს მხარს უჭერს. კრემლის სირიული მარცხის გამო დონალდ ტრამპმა შეიძლება მოსკოვი ზედმეტ ტვირთად ჩათვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული ეკონომიკა დაცემას დაიწყებს, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ. რუბლი უკვე ირყევა, ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები მატულობს, თავდაცვის ხარჯები კი სწრაფად იზრდება. არაფერი მუდმივი არ არის: ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. მაგრამ მაინც რამდენ ხანს გასტანს რუსული „საკვირველება“?
უკეთეს შემთხვევაში, თუ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, მოვლენათა მიმდინარეობა შეიძლება შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის მთავარ დაბრკოლებად გადაიქცეს. შესაძლოა, სწორედ ამ დროს გადაწყვეტს ვაშინგტონი უკრაინისადმი დახმარების გაორმაგებას, რითაც მოსკოვს სწორ გზას დაანახვებს – დაეთანხმოს უკრაინის პირობებს.
კაცმა რომ თქვას, ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარი იქნებოდა, მაგრამ ევროპა არც ამისთვის არ არის მზად – არც მორალური და არც სამხედრო თვალსაზრისით. ევროპა ვერ ბედავს უკრაინას არამარტო წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმაროს, არამედ ომში გამარჯვებისთვისაც.
როცა თქვენ პრინციპებს თმობთ, საბოლოოდ დათმობთ ტერიტორიასაც. ასეთია უმოქმედობის ფასი. და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი გაგრძელდება.
წყარო