Home Blog Page 2

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ჯელატო ბედნიერებასა და ცხოვრებით ტკბობასთან ასოცირდება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, საკმარისია, იტალიური ნაყინი დავაგემოვნოთ და ყველაფერი იდეალურ ელფერს იძენს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჯეჯელატოს კონცეფციაც — „ჯეჯელატო, თქვენი ტკბილი თავგადასავალი“.

თავად ბრენდის თავგადასავალი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შპს დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ფილიალი კი 2020-ში, პანდემიის პირობებში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. მიუხედავად გამოწვევებისა, GeGelato-მ მაინც შეძლო გაფართოება და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს საქართველოში.

ჯეჯელატოს ყველა ნაყინი იტალიური ტექნოლოგიით და იტალიიდან ჩამოტანილი აპარატურითა თუ პროდუქციით იწარმოება. ასევე, თანამშრომლობენ იტალიელ შეფებთან და მენიუში მუდმივად 25-30 განსხვავებული გემო აქვთ, თუმცა საერთო გემოების რაოდენობა 60-მდეც აღწევს. ჯეჯელატოში თითქმის ყველა ნაყინი უგლუტენოა, როგორც რძიანი ისე ვეგანური. „როცა მომხმარებელი ჩვენს ნაყინს აგემოვნებს და მის თვალებში სიამოვნების ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ჩანაფიქრი სრულდება“, – ამბობს მარიამ უჩანეიშვილი, ჯეჯელატოს დამფუძნებელი.

„უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებთან კავშირმაც გადაგვაწყვეტინა, ჩვენც გვეცადა ბედი გასტრონომიის მიმართულებით.

გარდა ნაყინისა, ბრენდი მომხმარებლებს განსხვავებულ დესერტებს, ბელგიურ ვაფლებს, იტალიურ ბურთულებიან ჩაის (Bubble tea), ასევე ცხელ და ცივ სასმელებს სთავაზობს.

ამ მოცემულობამდე მოსვლა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში შეეხო, ჯეჯელატო პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასეთ პერიოდში კი რთული იყო სანდო პარტნიორის პოვნა და სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მარიამმა, თავის გუნდთან ერთად, მაინც შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.

„თიბისის წვლილი ძალიან დიდია ჯეჯელატოს განვითარებაში, რადგან ნებისმიერიდეის განხორციელებაში გივჭერენ მხარს. თან, საკმაოდ კომფორტული სერვისები და მომსახურება აქვთ, რაც აუცილებელია სწრაფი, უწყვეტი პროგრესისთვის“, — ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

ჯეჯელატოს სამომავლო გეგმები არა მარტო ობიექტების გაფართოებას, არამედ წარმოების გაზრდას უკავშირდება. ამ ახალ გზაზე კი მთავარ დასაყრდენად კომპანია კვლავ თიბისის განიხილავს.

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.

კუნძულ ჰოკაიდოზე გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, რადგან ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე მიაღწია, თუმცა ტალღების სიმაღლე მცირეა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე 30-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები ფიქსირდება.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და ჰაივაიზე, სადაც გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუს მერმა, რიკ ბლანგიარდიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 4 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

hot temperature,Thermometer on yellow sky with sun shining in summer show higher Weather, concept global warming

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„30-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სასურველია, რომ შესვენება გამოაცხადოთ და თქვენებურად, ბრძოლის ველზე არ გაიჭრათ. თუ გრძნობთ, რომ სიტუაცია თქვენზე ემოციურად მოქმედებს, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, თუ გარკვეულ ამოცანებს სხვებს გადააბარებთ. დაფიქრდით, პირად ცხოვრებაში რას ეძებთ – აღიარებას თუ სითბოს?

კურო

ეს დღე შესაფერისია საოჯახო საქმეების, ფინანსური ანგარიშებისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ეცადეთ, ყურადღება სამუშაოდან გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ და მათში ახალ ღირსებებს აღმოაჩენთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან — ემოციური შენაძენი იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ, ხოლო განათლებაში ან ყოფით საჭიროებებში ჩადებული ინვესტიცია წარმატებული იქნება.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და საქმიანი საუბარი გელით, თუმცა ყველა ნაყოფიერი არ იქნება. სცადეთ განსაზღვროთ, სად არის ცარიელი სიტყვები და სად — ღირებული აზრები. 30 ივლისს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებულია და ეს პირადი საკითხების გადაწყვეტისას დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცნობები მეგობრების ან ნათესავებისგან. მამაკაცებს მოულოდნელი ნაცნობობა ან პირად ცხოვრებაში ძველი კავშირების განახლება დიდ პრობლემებს მოუტანს.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევით, მაგრამ ეს სისუსტე კი არა, რესურსია. გირჩევთ, ეს თვისება რთული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გამოიყენოთ. საღამო შესაფერისია გულწრფელი საუბრისთვის — სათქმელს ნუ გადადებთ და ახლა თქვით. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ლომი

მთვარე თქვენს ნიშანში ენერგიით აგავსებთ. ცდილობთ, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოთ, თუმცა ზომიერება არ დაგავიწყდეთ — შეიძლება თქვენი აქტიურობა ყველას არ მოეწონოს. შესანიშნავი დროა საჯარო გამოსვლებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. მთავარია, ახლობლებზე ზეწოლა არ განახორციელოთ. ოჯახის უფროსი წევრების რჩევა შეცდომებისგან დაგიცავთ – დროა, მათი სიბრძნე აღიაროთ.

ქალწული

ამ დღეს უზომოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას მიიღებთ, თუმცა ყველა სასარგებლო არ იქნება. მოსალოდნელია სიტუაცია, სადაც ორი მხარის მოსმენა და შუამავლის როლის შესრულება მოგიწევთ. ყურადღება არ მოადუნოთ – სამსახურში მოსალოდნელია შემოწმება. საღამო შესაფერისია მშვიდი საქმიანობისთვის – სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

სასწორი

არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევთ, თუ მუდმივად კომპრომისის ძიებაში არ იქნებით — ზოგჯერ უბრალოდ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. შესაძლებელია ძველი ნაცნობი შეგხვდეთ — ეს შეხვედრა ბევრ საკითხზე თვალებს აგიხელთ. ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს შორის ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მორიელი

თუ რაიმე გაღიზიანებთ, შეიძლება უხეში და აგრესიული ქცევის სურვილი გაგიჩნდეთ. ეცადეთ, ენერგია კონსტრუქციული საქმიანობისკენ მიმართოთ — მაგალითად, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოულოდნელი შეტყობინება ან ზარი. ნუ ეძებთ ქვეტექსტებს იქ, სადაც ისინი არ არის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, ცოდნის მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზებები სამუშაოსთან ან დამატებით დასაქმებასთან დაკავშირებით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ — თქვენი ხუმრობა შეიძლება არასწორად გაიგონ. ამ დღეს ბევრი რამის შეცვლას შეძლებთ, თუმცა შედეგებს მოგვიანებით მიიღებთ. საღამო სასარგებლო იქნება მარტო ყოფნისთვის.

თხის რქა

დღის მთავარი თემა ფული და რესურსებია. მოსალოდნელია შემოთავაზება, რომელიც მიმზიდველად მოგეჩვენებათ, თუმცა დეტალურ შესწავლას საჭიროებს. საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ, სანამ გულდასმით არ წაიკითხავთ და გაიაზრებთ. ოჯახში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა, რომელიც თქვენი ჩარევის გარეშე ვერ გადაწყდება. ახალი ნაცნობობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს, მაგრამ ეს ურთიერთობა, ტკივილის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. უმჯობესია, რომ კოლეგებთან დაპირისპირებას მოერიდოთ და კომპრომისის გზა აირჩიოთ. მოულოდნელი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.

თევზები

ინტუიციამ შეიძლება სწორი პასუხი გიკარნახოთ, მაგრამ ემოციები მის დანახვაში ხელს გიშლით. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და განმარტოებისთვის. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – დაუგეგმავი ხარჯების ან ძველი ვალების გამო შეიძლება ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ.

დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გამიზნული გვაქვს ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლისუნარიანობის დაცვა და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის წინაშე ვაღიარებთ, თუ ისრაელის მთავრობა არსებით ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზაში საშინელი ვითარების დასასრულებლად და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობის ერთგული არ გახდება, მათ შორის შიმშილის დასასრულებლად, გაერო-სთვის ღაზის ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენით, ცეცხლის შეთანხმებაზე დათანხმებით და იმის ცხადად გახდომით, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსირება არ იქნება“, – განაცხადა სტარმერმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპამდე მისვლას ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა და „ჰამასის” ხელმძღვანელობის მოშორება სჭირდება.

„ჰამასმა” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მძევლები, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოაწეროს ხელი, მიიღოს ის ფაქტი, რომ ღაზის მთავრობაში არანაირ როლს არ ითამაშებენ და განიარაღდეს“, – განაცხადა სტარმერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე დიდი ბრიტანეთი შეაფასებს მხარეებმა რამდენად შეასრულეს ეს ნაბიჯები.

“აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ევროპული წარმოების პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჟით დაიბეგრება”-BBC

აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი სავაჭრო ხელშეკრულების პარამეტრებზე შეთანხმდნენ: დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირის პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჯით დაიბეგრება. გერმანელი მრეწველები მოლაპარაკების შედგებით უკმაყოფილებას გამოხატავენ, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ევროპული წარმოების პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჟით დაიბეგრება“ (ავტორი – ჯონათან ჯოზეპსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს თავის გოლფ-კლუბში შეხვდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში მდებარეობს. დონალდ ტრამპის ვიზიტს კერძო ხასიათი ჰქონდა – ასე აცხადებს თეთრი სახლი.

ვინ ვის? კარგი გარიგებაა თუ ცუდი?

 შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციაზე 15%-იანი ბაჟი დაწესდება (უფრო ადრე იგი 30%-იანს ამბობდა). გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოესი 4 წლის განმავლობაში აშშ-საგან 750 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკას და ენერგომატარებლებს შეისყიდიან, ხოლო აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ. იმავდროულად, ფოლადზე და ალუმინზე დაწესებული 50%-იანი ბაჟი, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებზე შემოიღო, ევროკავშირზეც გავრცელდება. „ეს კარგი გარიგებაა ყველასათვის“, – ხაზი გაუსვა დობალდ ტრამპმა, – „ეს შეთანხმება ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოვებს. გარკვეული თვალსაზრირისით, ეს პარტნიორობასაც ნიშნავს“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმებას „დიდი გარიგება“ უწოდა, რომელიც „მძიმე, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებით“ იქნა მიღწეული.

აშშ-სა და ევროკავშირზე მსოფლიო სასაქონლო და სასერვისო ვაჭრობის თითქმის ერთი მესამედი მოდის.  ევროკავშირიდან აშშ-ში საქონლის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკული პროდუქციის ექსპორტის მოცულობას ევროკავშირში (2024 წლის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირის სასარგებლოდ არის – ამერიკის იმპორტი 606 მილიარდი დოლარია, ექსპორტი – 370 მილიარდი). დონალდ ტრამპი სავაჭრო დეფიციტს მნიშვნელოვან პრობლემად თვლის. როგორც უკვე ითქვა, იგი პირველი აგვისტოდან ევროკავშირს 30%-იანი ბაჟის დაწესებით ემუქრებოდა, თუ შეთანხმების დადება ვერ მოხერხდებოდა.

ბევრი კომენტატორი ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება ევროკავშირისათვის ოპტიმალური ვარიანტი არ არის, თუმცა გაურკვევლობაზე უკეთესია. იმავდროულად ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანი და უპასუხო რჩება. მაგალითად, მოლაპარაკების მონაწილეებმა პრესას განუცხადეს, რომ ზოგიერთ ამერიკულ პროდუქტზე საბაჟო მოსაკრებლებს ევროკავშირიც დააწესებს, მაგრამ რომლებზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპისათვის არა მხოლოდ ბაჟების საკითხი იყო მთავარი: მას ადრეც ბევრჯერ განუცხადებია, რომ ევროკავშირს ამერიკულ პროდუქციაზე ხისტი წესები აქვს დაწესებული, რაც ხელს უშლის ორმხრივ ვაჭრობას და ამერიკელი მრეწველების დისკრიმინაციას ნიშნავს. რას მიაღწიეს ამ საკითხზე, ესეც უცნობია.

დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ევროპა აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებსო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ დარგში და როგორ ვადებში. თანაც გაურკვეველია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან ევროკომისიას, რომლის ხელმძღვანელთან – ურსულა ფონ დერ ლაიენთან დონალდ ტრამპმა მოლაპარაკება გამართა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამერიკულ იარაღს იყიდიანო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იარაღს ცალკეული ქვეყნები და კომპანიები ყიდულობენ, ევროკომისიას ამ საკითხზე მოსალაპარაკებელი არაფერი არ უნდა ჰქონოდა.

ამერიკული ნავთობი რუსულის სანაცვლოდ

 მოგვიანებით ევროკომისიის ხელმძღვანელმა მასმედიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და ყურადღება უმეტესად ამერიკული ენერგომატარებლების შესყიდვაზე გაამახვილა.

„ჩვენ რუსულ ნავთობსა და გაზს ამერიკული ნავთობისა და თხევადი გაზის, აგრეთვე ბირთვული საწვავის მნიშვნელოვანი შესყიდვით ჩავანაცვლებთ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„დღევანდელ გარიგებას გაურკვეველობების პერიოდში გარკვეულობა შეაქვს. შეთანხმება ჩვენი მოქალაქეებისათვის სტაბილურობასა და ხვალინდელი დღის იმედს ნიშნავს, ატალანტიკის ორივე ნაპირზე“, – თქვა  ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის დამცირება? გერმანული ბიზნესი უკმაყოფილოა

 გერმანელი მრეწველების ფედერაციამ (BDI), ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების კვალობაზე, პირიქით აღნიშნა, რომ ახალ ბაჟებს მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები ექნება ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირისათვის.

გერმანიის ქიმიური მრეწველების ასოციაციაში (VC) ასევე ჩათვალეს, რომ ამერიკული ბაჟები ევროპული პროდუქციის ექსპორტზე ძალიან მაღალი დარჩა. „თუმცა, როცა გრიგალს ელოდები და არ ამოვარდება, ამ დროს ჩვეულებრივი ქარიც სიხარულის გამომწვევია. ესკალაცია თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ბაჟები ორივე მხარისათვის მაინც მაღალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო საცალო და საბითუმო ვაჭრობის ფედერაციამ შეთანხმებას „მტკივნეული კომპრომისი“ უწოდა, რომელიც მრავალ კომპანიას პრობლემებით ემუქრება.

გერმანიის ეკონომიკის კვლევითი ცენტრის (IFO Institute) ხელმძღვანელი კლემენს ფაუსტი ვარაუდობს, რომ „ამგვარი შეთანხმება ევროკავშირისათვის ძალზე დამამცირებელია და ის ძალთა დისბალანსს ასახავს“.

ამის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიესალმა გარიგების დადებას იმდენად, რამდენადაც, მისი თქმით, „დოკუმენტი თავიდან აგვაცილებს არასაჭირო ესკალაციას ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენთვის ამ გარიგებაში თუ ყველაფერი არა, ფუნდამენტური ინტერესები მაინც არის დაცული“.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა შეთანხმებას „კარგი პირველი ნაბიჯი“ უწოდა. „ახლა ჩვენ შევუდგებით მისი გავლენის შესწავლას, თუ რას მოგვიტანს. იმედი მაქვს, რომ აღმავლობას და დასაქმების მატებას“, – თქვა მან.

„შეთანხმება როგორც ორივეს გამარჯვება“

 დონალდ ტრამპიც და ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეეცადნენ, რომ შეთანხმება საკუთარ გამარჯვებად წარმოეჩინათ.

ცნობილია, რომ მოლაპარაკება აშშ-სა და ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლებს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა, შოტლანდიაში გამართულ შეხვვედრის დროს კი ლიდერებმა ხელი ხელს დაჰკრეს და შეთანხმდნენ. ამის მისაღწევად მათ პირისპირ შეხვედრა მოუწიათ. რასაკვირველია, მსგავსი რამ დონალდ ტრამპის მიერ გამართულ სხვა შეხვედრების დროსაც ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარიგების ბოლომდე მიყვანა შეუძლია – იმ შემთხვევაშიც კი, როცა თითქოსდა არაფერი გამოდის.

ევროკავშირისათვის ტარიფები შეიძლებოდა უფრო მაღალი – 30%-იანი ყოფილიყო, ვიდრე 15%-იანი. ისე, ეს კომპრომისული ბაჟიც უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ამას წინათ ხელმოწერილ შეთანხმებაშია დაფიქსირებული – 10%.

ამერიკის ხაზინისათვის ამ შეთანხმებას 90 მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია, პლუს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

  

წყარო:

დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს რუსეთთან მიმართებაში შემდგომ ნაბიჯებს – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

J

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს რუსეთთან მიმართებაში შემდგომ ნაბიჯებს.

ბრიუსმა დაადასტურა, რომ ტრამპი რუსეთს 50 დღის ნაცვლად 10-12 დღემდე შეუმოკლებს საბოლოო ვადას, რომლის განმავლობაშიც, მოსკოვმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა გააფორმოს.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს უკვე ესმის, რა მოხდება, თუ პუტინს მეტ დროს მისცემს.

„მთელი მსოფლიო ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებზე. ევროპაში უკმაყოფილო არიან რუსეთის მოქმედებებით უკრაინის მიმართ. არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბრო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებზე ან იმ ვარიანტებზე, რაც მას აქვს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

„მაგრამ სანქციები რუსეთის მიმართ არასოდეს მოხსნილა. პრეზიდენტს კვლავ რჩება ეკონომიკური და სხვადასხვა სახის ბერკეტები“, – დასძინა მან.

მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილის დაპატიმრებას.

„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიპის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან – უბრალოდ პროვოკატორი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა – თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ? – ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეზე

ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი ვარ და ბათუმში ჩამოვედი ღონისძიებაზე დასასწრებად, რომ მცოდნოდა ის ადგილზე იყო, ამ ყველაფერს ავირიდებდი – თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ? – ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

ლუკა კურტანიძის განცხადებით, ქობულეთში სახლის კარები და ყველაფერი დამტვრეული დახვდა, „ეს იყო ვანდალურო დაზიანება, რომ პროვოცირება მომხდარიყო“.

„ქალბატონი ხათუნა 2012 წელს გავიცანი, მცირეწლოვანებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. იმ მცირეწლოვანებს რომ არ ეგრძნოთ, ჩემ შვილებზე ნაკლები იყვნენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბინა და ავტოფარეხი გადავეცი საჩუქრად. ყველასგან მიტოვებულ ადამიანს, რომელიც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, მივეცი არამარტო სახლ -კარი, ბატონ ჯემალ ჯაშისგან პეტრას ციხესთან სამოსახლო ვუყიდე და გადავეცი, რათა ჩემს შვილებთან ერთად სრულყოფილება ეგრძნო. ჩავკიდე ხელი და მსოფლიო შემოვატარე. როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, პირველად მითხრა, რომ რაც შენ გაბადია, ყველაფერი რაც გაგაჩნია გადმომიფორმეო.

პირველი ოჯახი მე დამენგრა და ამ ოჯახს ძალიან ვუფრთხილდებოდი. აქ ფაქტებზე ვსაუბრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ბატონო მოსამართლევ საქმის წარმოებისას.

წლების განმავლობაში მეგონა ბედნიერი ვიყავი, 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე, ბედნიერი ვიყავი, ვემსახურებოდი ჩემს ოჯახს. 2019 წლის 19 ოქტომბერს ის წავიდა. 2019 წლის 23 ოქტომბერს შევხვდი მანქანით, საკონტაქტო ვთხოვე, ამ თხოვნა-მუდარაში პატრული გამოიძახა და ძალადობს ფსიქოლოგიურადო, განუცხადა. ერთთვიანი შემაკავებელი ოქმი შეადგინეს. დროთა განმავლობაში თხოვნა-მუდარა მქონდა მაგრამ უშედეგოდ. წლების შემდეგ, 2021 წელს, მისი ინიციატივა იყო, რომ თუ გინდა ოჯახი აღვადგინოთ სხვადასხვა ლოკაციაზე უძრავი ქონების თანამესაკუთრე გამხადეო, ის დაჟინებით ითხოვდა თანამესაკუთრეობას. ახალი ჩამოსული ვიყავი საბერძნეთიდან. მინდოდა ბედნიერება აღმედგინა და ხელი მოვაწერე, სამ ლოკაციაზე თანამესაკუთრე გავხადე, იმ დღესვე მითხრა რომ [ჩემთან] აღარ გაჩერდებოდა, იმ დღის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. მე ვეუბნებოდი ტელეფონით ოჯახი აღგვედგინა, მან მიპასუხა გადავიფიქრეო.

ბაია პატარაიას ბიუროშია, იმ არასამთავრობოებში, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ჩხირივით აქვს ყელში. ამ ჯგუფმა ხან რა შოუ მოამზადა ტელევიზიებში, ხან რა.

ამ ლოკაციებზე, სადაც ხათუნა ცხოვრობდა, არც ერთხელ მიფიქრია, რომ მივსულიყავი. ბორჯომის ხეობაში ვცხოვრობ. 22 ივლისს ჩამოვედი ქობულეთში. ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი ვარ და მე და სოფია ბათუმში ღონისძიებას უნდა დავსწრებოდით. სახლის კარი და ყველაფერი დამტვრეული დამხვდა. მთელმა ქობულეთმა იცის, როგორ ვაშენებდი ამ ყველაფერს.

23 ივლისს ღონისძიებას რომ უნდა დავსწრებოდი, ასეთი სურათი დამხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია რომ ფაქტი დაფიქსირებულიყო. პოლიცია მოვიდა, ყველაფერი დააფიქსირა, დამტვრეული კარები, ექსპერტიზა ჩატარდა, ოქმიც შედგა, დავიკითხეთ მე და სოფიო, ვთხოვე პოლიციას დაცული ვყოფილიყავი. ეს იყო ვანდალურო დაზიანება, რომ პროვოცირება მომხდარიყო ჩემი.

წლების განმავლობაში ხმამაღლა ვამბობდი, რომ ჩემი სახლიდან წასულიყო, გათრეულიყო. არ ვამაყობ ამით, მაგრამ მადლობის ნაცვლად ამდენი მტრობა მივიღე. თუ შევცდი, ჩემი სიბრიყვეა, მაგრამ მე ამისთვის უნდა დამსაჯონ? ღმერთს მივენდე, ამისთვის უნდა გავიარო ის პროცედურები“? – განაცხადა ლუკა კურტანიძემ, რის შემდეგაც იტირა.

მისი თქმით, ტელეფონის წართმევას რომ ცდილობდა, არ უარყოფს.

„ჩემი ემოცია არც მე მომწონს, ამას სინანულში ვატარებ. ყველა სტრუქტურა, რომელიც ჩათვლის, სადაც დამიბარებენ მზად ვარ. მინდა ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს, არსად მივიმალები. სად უნდა წავიდე ბატონო პროკურორო, ბოლოს და ბოლოს სტალინი იჯდა ციხეში. მე მზად ვარ ყველა კომუნიკაციისთვის, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ის დახარბებული იყო ჩემს ქონებაზე, წლები წამართვა, სიცოცხლე.

ყველაზე მთავარი იყო ჩემი ემოცია, სიბრიყვე, რომელიც გამოიყენა ქალბატონმა. მიისაკუთრა ჩემი ქონება. წლების განმავლობაში ეს ქონებები მოგროვებული მაქვს მაშინ, როდესაც სხვა ქმარი ჰყავდა. ყველა ქონება გადმოვიფორმე, გარდა ქობულეთისა, სადაც რაღაც ხარვეზია, ამასაც გავასწორებ და მზად ვარ ამ ადამიანის სიხარბე დავაკმაყოფილო, მზად ვარ ჩემი ქონების გაყოფით დავაკმაყოფილო. უფალს არაფერში სჭირდება ჩემი შენობა – ნაგებობა და ჩინ-მედლები. სადაო არავისთან არაფერი არ მაქვს, ეს ყველაფერი მე თვითონ შევქმენი. მიუხედავად ამისა ეს ადამიანი პროვოკაციებს არ ეშვება“, – განაცხადა კურტანიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება – შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე

დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის [ალეკო ელისაშვილი] წამოყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელო“ და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კვლევები, მათ შორის „გორბის“ მიერ ჩატარებული, ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ დონეზეც არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

„ეს არის იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელება, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ. ასე რომ, კანდიდატურის დასახელება ცირკის ლოგიკური გაგრძელება იქნება. რაც შეეხება შანსებს, შანსი, რა თქმა უნდა, ნულს ქვემოთ არის. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება ამ არჩევნებზე.

ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც დემოკრატიას ემიჯნება. ამ არჩევნებზე ნახავენ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება სახელისუფლებო მანდატით, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ქვეყნის ომში შეთრევა, ეკონომიკური ნგრევა, ასეთ ადამიანებს როგორ მისცემენ მანდატებს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენა კვლევამ [გორბის კვლევა]. დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის [ალეკო ელისაშვილი] წამოყენება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „გორბის” კვლევის მთავარი შედეგი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მეათეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს საქართველოს ეროვნული ინტერესები.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით.

„ამ კვლევამ ჩემთვის რაც აჩვენა, ეს არის 62%-იანი ნდობა ქართველი ხალხისა პარლამენტის მიმართ. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ხელისუფლებას და საქართველოს პარლამენტს ეპარალელება ან ცდილობს, რომ ელაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით. ამას უპასუხა ქართველმა ხალხმა ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. როდესაც ცდილობენ ვიღაცები, რომ მეურვის როლი ითამაშონ ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ გატარებული რეფორმები არის სრულად მხარდაჭერილი ქართველი ხალხის და მისი მოქალაქეების მხრიდან. აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ ამას რამენაირად.

სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ჯერ კიდევ ჰყავს გარკვეული რაოდენობა მხარდამჭერებისა. მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რა წამების სისტემა ჰქონდა სააკაშვილს შექმნილი მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ხმას აძლევენ მის პარტიას და მის ქოლგის ქვეშ არსებულ პარტიებს. ეს სამწუხარო მოცემულობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს: – „რადიკალურ ოპოზიციას ჭკუა რომ ჰქონდეს, ამ კვლევიდან გამოიტანდა დასკვნას, რომ აქვთ შანსი, რომ საკრებულოებში წარმომადგენლები ჰყავდეთ. ამ შანსს თუ ხელიდან გაუშვებენ, საერთოდ გაქრებიან და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებენ“.

ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის. რთულია ხსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ – შალვა პაპუაშვილი

ზოგადად, ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის, არ ვიცი, რთულია ხსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტი ეს არის, მათი მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც დგას.

„სამი ქვეყანა, რომელიც წესით კარგად უნდა ხვდებოდეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ეს სამი ქვეყანა რატომღაც გადაემტერა ქართველ ხალხს. ეს მხოლოდ კულმინაციაა ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინებისა.

წინა წლები გავიხსენოთ, ვინ იყო სააკაშვილის გულშემატკივარი. იყვნენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო, ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს, მართლა რომ იტყვიან ცხვირში გვტენიდნენ, იყო ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა. ასე, რომ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკასა, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ლუკა კურტანიძის ადვოკატი სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მან ჟურნალისტებს განუცხადა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.