Home Blog Page 2

პრეზიდენტმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი კალათბურთელების თავდადებას, პატრიოტიზმს და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. სპორტში განსაკუთრებით ვლინდება ეს ნიჭი, თუმცა, ნიჭთან ერთად, რომ არა თავდადება, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი ვერავითარი წარმატება ვერ შედგებოდა. თქვენ ხართ იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი კაცის შემართება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კაპიტანს. დღეს ჩვენთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელმაც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით, ხუთი დღის განმავლობაში ჯერ იტალიაში ითამაშა, შემდეგ ისლანდიაში გაფრინდა, შუალედში ისევ ბოლონიაში ითამაშა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გადამწყვეტ თამაშზე. მან ლომის წილი დაიდო იმ გამარჯვებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ასეთია თითოეული თქვენგანის შემართება. კაპიტნის მაგალითი არის განსაკუთრებული, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უნდა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელების წარმატება მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითია.

„მას შემდეგ, რაც ქართულმა კალათბურთმა იზეიმა განსაკუთრებული გამარჯვებები, ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში მოტივაცია, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი, მთავრობის, პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ამისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, ძალიან ძლიერი გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე და მინდა, გისურვოთ მაქსიმალური წარმატება. თქვენ გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს.

საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს – გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას. პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და დავით საყვარელიძე, ასევე – ფედერაციის გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე. ღირსების მედლები გადაეცათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ნაკრებების მენეჯერებს, ექიმებსა და ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.

სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.

სიტყვით გამოსვლისას, მათ საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი. სწავლების გახსნის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.

Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია ორი მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია -ევროპარლამენტი

„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.

„ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო რეპრესიული კანონები, ჩაახშო ოპოზიცია, უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რუსეთის მხარეს დადგა. ევროპარლამენტარების განცხადებით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მანამდე პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროპარლამენტი ასევე აზიარებს საქართველოს შესახებ 9 ივლისს მიღებულ ანგარიშს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1287487589408799&set=a.460085995482300&type=3&ref=embed_post

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

 წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. ბალანსის გაუმჯობესება ასევე მიანიშნებს, რომ მეორე კვარტალში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც პირველ კვარტალში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მშპ-ის 6.7%-მდე გაიზარდა. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა.

 საკუთრივ ბალანსის გაუმჯობესება კი განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე – შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა – ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. კერძოდ, აშშ დოლარში გამოხატული საქონლის ექსპორტი ივნისში წლიურად 10.4%-ით გაიზარდა (წლის პირველ 6 თვეში ზრდა – 13.7%), ხოლო იმპორტი – მხოლოდ 0.9%-ით (5.8%-ით 6 თვეში, იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით).

 ავტომობილების რე-ექსპორტისა და იმპორტის ურთიერთსაპირისპირო დინამიკას სავარაუდოდ ხელს უწყობს ქვეყანაში საექსპორტოდ შემოტანილი ავტომობილების მოცულობითი მარაგის დაგროვებაც, რომელიც ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. ამ ფონზე, წლიურად შემცირება ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ისეთ ტრადიციულად მნიშვნელოვან კატეგორიებში, როგორებიცაა ღვინო და ფერო-შენადნობები, თუმცა, ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ 6 თვეში მაინც გაიზარდა 6.4%-ით, რაშიც ძირითადი წვლილი ძვირფასი ლითონების, ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების გაზრდილმა ექსპორტმა შეიტანა.

 გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილების დინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. გზავნილებში ევროკავშირის წილი ბოლო 12 თვის განმავლობაში თითქმის უცვლელად ნარჩუნდება ისტორიულ მაქსიმუმზე და 46%-ს უტოლდება. ასევე პიკზეა შემოდინებების წილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, საიდანაც საქართველო გზავნილების თითქმის 19%-ს იღებს. 2022 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება ისრაელიც, თუმცა მეორე კვარტალში ამ ქვეყნიდან მიღებული შემოდინებების წილი მარტში დაფიქსირებული 8.8%-დან 7.6%-მდე შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე – 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო, ივნისის მდგომარეობით, მცირედით გაიზარდა და 13.0%-ს მიაღწია.

 ამავდროულად, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება (2.3%), ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გარკვეული დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად. მათ შორის, ევროკავშირიდან შემოსავლებმა მთლიან ზრდაში 3.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, მეორე კვარტალში ევროკავშირის წილმა ტურიზმიდან ჯამურ შემოსავლებში 15.2%-ს მიაღწია, რაც 2021 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიდიდით მეორე იყო წლიურ ზრდაში კონტრიბუცია ისრაელიდან, მიუხედავად იმისა, რომ, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, ისრაელიდან შემოსავლები პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით შენელდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის რეალურ დროში შეფასება, რომელიც შეზღუდული ხანგრძლივობისა და მასშტაბის ეფექტზე მიუთითებდა, კვლავ ძალაში რჩება: არარეზიდენტების უნაღდო ხარჯები ტურისტულ კატეგორიებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდგომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, თვალსაჩინოდ გაიზარდა და ივლისში ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ზრდაში კონტრიბუციების კუთხით, აგრეთვე გამოვყოფთ აზერბაიჯანს, ხოლო, საპირისპიროდ, კლების კუთხით ყველაზე დიდი წილი რუსეთსა და თურქეთზე მოდიოდა. მართალია, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ კვარტალური სიხშირითაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩვენი საპროგნოზო მოდელის თანახმად, ივნისში ტურიზმიდან ჯამური შემოსავლები, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, თვიურად თითქმის უცვლელი იყო, თუმცა ივლისში უფრო მზარდი ტენდენცია იკვეთება.

 გარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებისა, ლარის მხარდამჭერი სხვა ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სუსტი რჩება, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. პარალელურად, ჩვენი შეფასებით, სებ-მა ივნისში, წინა თვეების მსგავსად, საკმაოდ დიდი მოცულობით აშშ დოლარი შეიძინა და ამავე მიმართულებით ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს.

 რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, ჯამური უნაღდო დანახარჯები ივნისსა და ივლისში დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება, რამაც, ზედიზედ სამთვიანი მატების შემდეგ, წლიური ზრდის შენელება გამოიწვია. დინამიკა მსგავსია მიგრანტების დანახარჯების კუთხითაც, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეზიდენტების ხარჯვაში, რომელიც ტურისტული შემოსავლების რეალურ დროში შეფასებისთვის გამოიყენება, ივლისში გაუმჯობესება ფიქსირდება.

 გასული თვეების ტენდენციები მეტწილად ნარჩუნდება სამომხმარებლო ფასების დინამიკაშიც. ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი კატეგორიების უმეტესობაში ფიქსირდება და არაა განპირობებული რომელიმე ცალკეული საქონლისა თუ მომსახურების გაძვირებით. ამასთან, შერეული წარმოების საქონლის ინფლაცია ივნისში 7.2%-ია, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ინფლაცია – 5.2%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. შესაბამისად, რომ არა იმპორტული კატეგორიის დაახლოებით 2%-იანი დეფლაცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობის გლობალურად გაიაფებას შეაქვს, სამომხმარებლო ფასების ზრდა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით, ეს კი, მათ შორის, ივნისში გაზრდილ მომსახურების ინფლაციაში აისახა, რაც გასაკვირი არ არის, ეკონომიკურ აქტივობასთან ისტორიულად ყველაზე მაღალი კორელაციის გათვალისწინებით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007037-macro-update-georgia

(R)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო 24 საათში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26-28 ივლისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 26-28 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26-27 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

 „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

იტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  2. ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
  3. ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
  4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)
  5. დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

 

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
  2. სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო პიესა:

  1. ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
  2. ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
  2. ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ (არტანუჯი)
  3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
  4. ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
  2. რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
  3. გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
  4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)

 

წლის საუკეთესო რომანი:

  1. ⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)
  2. ⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)
  3. ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)
  5. ⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

(R)

გაერთიანებული სამეფო და საქართველო კიბერმედეგობის გასაძლიერებლად მუშაობდნენ, “ქართული ოცნება”თანამშრომლობას ჩამოშორდა, თუმცა რუსეთიდან საფრთხე კვლავ არის -ბრიტანეთის საელჩო

2019 წლის ოქტომბერში რუსეთის სამხედრო დაზვერვის დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი საქართველოც გახდა, 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფეხერბლად იყო მიმართული, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.

„ევროკავშირთან, ნატო-სთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ოთხი ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების შელახვას.

დასანქცირებულთა სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, „გრუ“-ს ის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების დასაგეგმად – მათ შორის იმ დარტყმისთვის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.

ასევე. სანქციები დაეკისრა რუსეთის „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს. „აფრიკის ინიციატივა“ არის რუსეთის მიერ დაფინანსებული „უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის“ (FIMI) პლატფორმის ნაწილი, რომელიც იყენებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების ჩასატარებლად. „აფრიკის ინიციატივა“ ცდილობდა რეგიონში სიცოცხლის გადამრჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების დისკრედიტაციას უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გავრცელებით, რათა გაევრცელებინა კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი.

გამოვლენილი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰიბრიდული შეტევები – მათ შორის კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება – წარმოადგენენ ევროპის დესტაბილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი და გაუმართლებელი აგრესიის ომის ფარგლებში რუსეთის კამპანიის ინსტრუმენტებს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფეხერბლად იყო მიმართული.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

https://www.facebook.com/ukingeorgia/posts/1174143141410308?ref=embed_post

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას 200 ათასი დოლარის გადახდაზე, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ -მიხეილ სააკაშვილი

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს. მაგალითად, აქციების მონაწილეების წამების მასალებს და ასევე მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“, – წერს სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება.
ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და სხვ.
სხვადასხვა წლებში ინგა ფხალაძე თანამშრომლობდა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, დონორულ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.
2022 წლიდან დღემდე ინგა ფხალაძე იყო „შემნახველი ბატარეების სისტემის და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის” პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა.
ინგა ფხალაძეს კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას -სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).

სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და საარჩევნო საკითხების შესახებ მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად ხორციელდება.

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და მათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და განხორციელებული აქტივობების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე ცესკო-ს თავმჯდომარისგან პასუხები მიიღეს.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ანაკლიაში გაიმართა, ორგანიზებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.