Home Blog Page 2

“პუტინის არასაიმედო მოკავშირეების ბედი: ჰკითხეთ ბაშარ ასადს”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის არასაიმედო მოკავშირეების ბედი: ჰკითხეთ ბაშარ ასადს“ (ავტორი – კონ კოფლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინისათვის, ალბათ, სასარგებლო იქნებოდა შორიდან მაინც ედევნებინა პირადად თვალი იმისთვის, თუ როგორ გარბოდა თავისი სასახლიდან კრემლის ყოფილი სირიელი მოკავშირე, რომ როგორმე საკუთარი თავი და ოჯახი გადაერჩინა.

საერთოდ, დესპოტი მმართველების ძირითადი პრობლემა ყველგან და ყოველთვის ის არის, რომ ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ: ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვლენები მათ წინააღმდეგ შებრუნდეს და მათ ტირანულ მმართველობას მოულოდნელად ბოლო მოეღოს.

ასადების კლანის წარმომადგენლები, მართალია, სირიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ, მაგრამ მათი რეჟიმი საოცრად რეპრესიული და ანტიადამიანური იყო – ამას დამასკოში და სხვა ქალაქებში არსებულ საპყრობილეებში მომხდარი საშინელი ამბებიც ადასტურებს.

ასე რომ, ფაქტი, რომლის თანახმად, ბაშარ ასადის დრამატული ტრანსფორმაცია მოხდა სირიის აბსოლუტური დიქტატორიდან სამხედრო დამნაშავემდე (იგი მართლმსაჯულებას მოსკოვში დაემალა), ერთგვარი სასწავლი გაკვეთილია იმისა, თუ როგორ შეიძლება თვალის დახამხამებაში დაინგრეს საძირკველი, რომლებსაც დიქტატურების უმრავლესობა ეყრდნობა.

ბაშარ ასადის ტირანული რეჟიმის სწრაფი დამხობა გვაგონებს მსგავსი ბედის მქონე მმართველებს, მაგალითად რუმინეთის პრეზიდენტს ნიკოლაე ჩაუშესკუს, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორი ამავე გაზეთში აშუქებდა 35 წლის წინათ სწორედ ზამთრის დასაწყისში.

ისევე როგორც ბაშარ ასადის ტირანული მმართველობა, ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურაც მოსახლეობაში ჩანერგილ შიშს ეყრდნობოდა, რომელსაც უშიშროების სამსახური ახორციელებდა პოლიტიკური სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად. როცა 1989 წლის დეკემბერში რეჟიმმა მეტად ვეღარ შეძლო ანტისამთავრობო პროტესტების ტალღის გაკონტროლება და წინააღმდეგობის გაწევა, „რკინის ფარდა ჩამოვარდა“: ვერტმფრენით გაქცეული ნიკოლაე და მისი ცოლი ელენე ქალაქ ტირგოვიშტეში შეიპყრეს, ტრიბუნალზე გაასამართლეს და შობის დღეს დახვრიტეს.

ბაშარ ასადმა და ესმამ, შვილებთან ერთად, მოახერხეს თავი აერიდებინათ მსგავსი ბედისათვის იმის წყალობით, რომ მათ ისარგებლეს დამასკოს სასახლის ქვეშ არსებული მიწისქვეშა საევაკუაციო გვირაბებით, სპეციალურად აგებული ამგვარი შემთხვევისათვის. მათ დამასკოს აეროპორტამდე როგორღაც მიაღწიეს, პრეზიდენტის თვითმფრინავით ჯერ ლატაკიაში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი მოსკოვში.

აღსანიშნავია, რომ ბაშარ ასადი გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტებში, მაგალითად, ნოემბრის ბოლოს იგი სიტყვით გამოვიდა ისლამურ კონფერენციაზე საუდის არაბეთში, რაც ერთი შეხედვით, თითქოსდა მისი რეჟიმის სტაბილურ მდგომარეობას ნიშნავდა, მაგრამ თურმე მოჩვენებითი აღმოჩნდა: ერთი კვირის შემდეგ დამასკოელი „ხალიფა“ შიშმა შეიპყრო და ქვეყნიდან გაიქცა. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინისათვის ეს ფაქტი ძალიან დიდ პირად შეურაცხყოფას და კატასტროფულ დამცირებას უდრიდა…

როცა 2015 წელს რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო არამარტო ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენა (რომელიც კრემლის ახლო მოკავშირე იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ახლო აღმოსავლეთში და რომელსაც მეამბოხე ისლამისტებისაგან დამხობა ელოდებოდა), არამედ რუსმა პრეზიდენტმა კარგად დაინახა მოსკოვის სამხედრო გავლენის გაფართოების შესაძლებლობაც: კრემლის ინტერესებში იყო ის არაბული რეჟიმები, რომლებიც ვაშინგტონთან ურთიერთობით იმედგაცრუებულნი აღმოჩნდნენ.

იმ მომენტიდან, როცა რუსი სამხედროები სირიაში შევიდნენ, ვლადიმერ პუტინმა სრულიად ნათლად მიანიშნა, რომ მოსკოვი გულუხვ ჯილდოს ელოდა ბაშარ ასადის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენისათვის. მართლაც, სირია დათანხმდა რუსეთთან ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომლის ძალითაც კრემლს შესაძლებლობა მიეცა სრული ტერიტორიული სუვერენიტეტი განეხორციელებინა ორ სამხედრო ბაზაზე სირიაში – ტარტუსში (სამხედრო-საზღვაო) და ლატაკიის ახლოს, ხმეიმში (სამხედრო-საჰაერო). ხელშეკრულება თავისი ხასიათით იძულებითია და თავსმოხვეული – სირიელებს ბაზების ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად ჰქონდათ აკრძალული: ტარტუსისა და ხმეიმის ბაზები კრემლისათვის „დედა-რუსეთის“ მცირე ნაწილი იყო ხმელთაშუა ზღვის სირიულ ნაპირზე.

რაც შეეხება ბასელ ალ-ასადის სამხედრო-საჰაერო ბაზას, რომელსაც სახელი ბაშარის უფროსი ძმის – ბასელის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა (იგი 1994 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა), რუსებმა სირიის მმართველს სახელწოდების შეცვლა მოსთხოვეს.

მოგვიანებით აღნიშნული ბაზები სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ვლადიმერ პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად – მათი მეშვეობით ფართოვდებოდა მოსკოვის გავლენა რეგიონში, გადაიზიდებოდა დიდი რაოდენობით იარაღი, სამხედრო მოსამსახურეები აფრიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც იყვნენ სუდანი და მალი.

ამრიგად, ვლადიმერ პუტინისათვის ბაშარ ასადის დამხობა არამარტო პირადი შეურაცხყოფაა (იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ძალისხმევა დაჭირდა მას 2015 წლიდან ასადის რეჟიმის გადასარჩენად), არამედ მომხდარი ფაქტი კრემლის ბინადრისათვის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ კრახსაც ნიშნავს – იგი კარგავს ორ დიდ ბაზას, რომლის განვითარება-განმტკიცებაში თითქმის 20 მილიარდი დოლარი ჩაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სწრაფად დაამყარა დიპლომატიური კონტქტები სირიის ახალ ხელისუფლებასთან (რომლის წარმომადგენლებსაც რამდენიმე დღის წინ „ტერორისტებს“ უწოდებდა), მაინც არ არის ისეთი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მომავალში რუსები ბაზების იგივე სტატუსით ისარგებლებენ, როგორიც მათ ბაშარ ასადმა მისცა. ვინ-ვინ და „ჰაიათ თაჰრის აშ-შამის“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ ხმეიმის ბაზიდან აფრენილი რუსეთის ავიაგამანადგურებლები და მოიერიშეები ბომბავდნენ მათ პოზიციებს…

უფრო მეტიც – რუსეთის სამხედრო აქტივების დაკარგვა სირიაში გააძლიერებს იმ უკმაყოფილებას, რომელიც რუსულ საზოგადოებაში ღვივის და იმ ზეწოლას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა განიცდის უკრაინასთან ომში საშინელი დანაკარგების გამო (აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის შეფასებით, 700 ათასი დაჭრილ-დაღუპული და 200 მილიარდი დოლარის აუნაზღაურებელი ზარალი).

დადგება დრო, როცა რუსი ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს, თუ რა დაუჯდა მას ვლადიმერ პუტინის სხვადასხვა ავანტიურა. შესაბამისად, კრემლის დესპოტისთვის გონივრული იქნებოდა, რომ კარგად შეამოწმოს, წესრიგშია თუ არა ის წესები და მარშრუტი, რომლის მიხედვით მას მოსკოვიდან გაქცევა მოუწევს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

 წყარო: 

ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ-სააკაშვილი

ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად მჭიდრო ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მხოლოდ ორბელიანების სასახლეში სიარული საქმეს ვერ უშველის, ვინაიდან, მალე ოპოზიციონერებისთვის შეკრების ეს ადგილიც დაიხურება.

„საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს.

სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ მოასხდნენ პროცეს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა.

კარგია რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია.

ის რომ მერიოტთან “პოლიცია” თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის.

მეორე მხრივ ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“, – წერს სააკაშვილი.

 დღეს მანქანასთან დამხვდა ოთხი აგრესიული ადამიანი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის, ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა -პაატა მანჯგალაძე

დღეს მანქანასთან დამხვდა ოთხი ადამიანი, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის, ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგრესიული ადამიანები ე.წ ტიტუშკებს წააგავდნენ.

„ჩამოვედი თუ არა სახლთან, მანქანასთან დამხვდა ოთხი ადამიანი. ორი განსაკუთრებით აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ არის საქართველოში. შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, მაგრამ არა აგრესიულად, გაწევა-გამოწევა ერთმანეთისკენ. შემდეგ ერთ-ერთმა თქვა, რომ შეიძლება იარაღი აქვს, პარლამენტის ყოფილი წევრია, ამიტომ სჯობს სხვა დროს ვნახოთ და გამეცალნენ. ამ დროს სხვა ხალხიც მოვიდა. მე შემიძლია ამოცნობა, არის ასევე გზაზე კამერები და ეს ოთხი ადამიანი დაფიქსირებულიც ინება. ნიღბები არ ეკეთათ, ჩემი მეზობლები არ იყვნენ. იყვნენ აგრესიული ადამიანები, უფრო წააგავდნენ ე.წ. ტიტუშკებს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები მოგზავნილი, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ზუსტად არ იცის.

„მე არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით, მაგრამ მანქანასთან იდგნენ და ალბათ, წინასწარაც ჰქონდათ განზრახული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველაზე კარგი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან, რომ გამოხტომებს, ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე -ვიქტორ სანიკიძე

ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და მართლა ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ლიბერალური წრის ბულინგი.

სანიკიძის განცხადებით, კვარაცხელიასთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევს მსგავს გამოხტომებს და გააგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას. ლიბერალური ფაშიზმის ავტორებს კი, მისი თქმით, ბოლოს, პასუხი გაეცემათ.

„რანაირ ევროპულობაში ჯდება განსხვავებული აზრის მიუღებლობა ზოგადად. ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამხელა სპორტსმენია და იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს. ყველაზე კარგი იქნება მისი მხრიდან, ასეთ გამოხტომებს, ასეთ ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე – ის, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს. ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

 ზარი, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან განხორციელდა გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას -ნიკა მელია

ზარი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან არ გულისხმობდა რეჟიმის მხარდაჭერას – ეს გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი კარგად ესმით პარიზში,ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. წარმოიდგინეთ ხვალ ასობით ათას თბილისელს და არა მხოლოდ თბილისელს, პოლიციის გამოძახება რომ დასჭირდეს, უბრალოდ არ გამოიძახებს, რადგან ნდობა არის ნული,“ – განაცხადა მელიამ.

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

 მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს, აპოვნინეთ „მთავარ არხს“ გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის წინააღმდეგ -ნიკა გვარამია

მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს, აპოვნინეთ „მთავარ არხს“ გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი-ერთი ლიდერი და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, მოგიყვეთ „მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ ერთ დამფუძნებელზე – ზაზა ოქუაშვილზე.

ყველაფერი დაიწყო ჩემი პოლიტიკაში წასვლით. დირექტორობიდან უნდა გადავმდგარიყავი, რომ პარტია ოფიციალურად დამერეგისტრირებინა და ახალ დირექტორად კი ის დანიშნულიყო, ვისაც კოლექტივი უჭერდა მხარს: გიორგი გაბუნია – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, გამორჩეული ინტელექტუალი და კაცი, რომელმაც ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეუცდომლად იარა, როგორც მენეჯერმა (არადა ამის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია). უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში.

გოგის ხელფასის გარდა, არხი აიძულეს თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძესთვის, რომელიც იმ დროს დეპუტატი იყო. შეუთავსებლობის გამო რომ უარი მიიღეს, იჯარის გაზრდა მოითხოვეს ერთ პატარა შენობაზე (აბა დანარჩენი მათი აღარაა და ამაზე მოგვიანებით) და ამ გზით ფაქტიურად ხელფასი დაენიშნა ჩხეიძეს.

გაბუნია და ახალაია წელებზე ფეხებს იდგამდნენ და არხს აფუნქციონირებდნენ უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად. გოგი, ცხადია, არაფერს აკეთებდა – კაბინეტი და ხელფასი, – სულ ეს იყო მისი ინტერესი.

მოახლოვდა არჩევნები. ერთ დღესაც პარტიის ოფისში გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: „ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში – მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა ოთხი ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე – მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში“. კი არ გავბრაზდი, ან მეწყინა, ან რამე სხვა – ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან. არა, ის არ გამკვირვებია, რომ სიაში ყოფნა ენდომებოდა, მაგრამ მთლად სამი ადამიანი? და თან ამ ადგილებზე? ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია. ან ვინ ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, – იყო ჩემი პასუხი.

ამის მერე დაიწყო უარების სერია – გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა – განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).

ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა ერთ ადგილამდე სიაში – მხოლოდ ნატო. ეს იცით, რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა ქოცებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი, ეს, ხვდებით, რეალურობის მარცვალსაც არ შეიცავს. ცხადია – უარი.

ჰო, მართლა, ხმა რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4-ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ ნაცმოძრაობის სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან ერთი კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს ქოცი?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე! და ამათ ჩავწერდი სიაში? კი, და ახლა უკვე ისხდებოდნენ ივანიშვილის პარლამენტში და ლეგიტიმაციის ელფერს შესძენდნენ. უკვე ბევრად მეტს გამოივაჭრებდნენ, ალბათ და ამჯერად უკვე, ალბათ ოქუაშვილი, რომელიც ახლა უკვე სიგნალებს უგზავნის ივანიშვილს, რომ მზადაა, მთავარი არხით ივაჭროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით და მოვლენათა ლოგიკური განვითარებაც ცხადყოფს, რომ ივანიშვილმა ეს სიგნალი მიიღო და თანხმობითაც უპასუხა.

ამის მერე დაიწყო ის, რაც ივანიშვილმა რ2-ში აკეთა – გვარამიამ, გაბუნიამ და ნაყოფიამ (რომელიც დამფუძნებელი საერთოდ არაა) გააკოტრეს კომპანია. სახეზე ააფარეს ჩემი გადადგომის მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ადასტურებენ, რომ იდეალურად ვუძღვებოდი არხს, არათუ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ, დითირამბებით და მადლობებით მაცილებენ. ნაყოფიას ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ არც ნაცებმა ჩაუწერეს ვინმე სიაში, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას.

მერე გაჩნდა ძალიან ნაცნობი შეკითხვა, რ2 – ის საქმეზე რომ მისვამდა ივანიშვილის პროკურორი: თუ ფული იყო, ხელფასებს კი არა, გადასახადებს რატომ არ იხდიდით, არხი გაკოტრებამდე მიიყვანეთო. არ კი არა, ვერ ვიხდიდით, მაშინ არხი უნდა გაჩერებულიყო და აბა შეხედეთ რ2 და იმედი იხდიან გადასახადებს? რა თქმა უნდა, არა და რესტრუქტურიზებული აქვთ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვადეკლარირებთ გადასახადებს სრულად და გაკოტრება ქოცებს არ მოუთხოვიათ და გოგიმ გადაწყვიტა, რომ გაკოტრების კონდიციაში ვართ. სასაცილოა ისე, ოქუაშვილი რომ გადასახადებზე გელაპარაკება. კაცი, რომელმაც ქონება საგადასახადო უსამართლო პრეფერენციებით დააგროვა, რაც მთელმა საქართველომ იცის.

ბანკში შეიტანა განცხადება, რომ გადარიცხვები არ მოხდეს, რომ მე და ნაყოფია ფულს ვათეთრებთ. შეიტანა ეროვნულ ბანკში და თბს-ში. სხვათა შორის მანამდეც ცდილობდა საქართველოს ბანკთან პრობლემები შეექმნა არხისთვის. საქ-ბანკი ის ბანკია, ვის გაშავებასაც ოქუაშვილი წლებია მოითხოვდა ტვ-სგან დავა ჰქონდათ საკრედიტო. ჩვენ პასუხად ყოველთვის უარს ვეუბნებოდით – ტვ არ იქნება დამფუძნებლის ხელში შურისძიების და შანტაჟის იარაღი, მით უფრო, უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, რომელიც შავმა კამპანიამ შეიძლება მძიმედ დააზიანოს და ზედ მიაყოლოს ქვეყნის ეკონომიკა (მოგეხსენებათ, ბანკები ლამის საქართველოს ეკონომიკის ნახევარია).

თბს-ს რაც შეეხება, ასევე ოქუაშვილს პირადი ანგარიშსწორების ამბავი იყო ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ისინი არ უნდა გამოჩენილიყვნენ ეთერში. მეტიც, მათზეც და ბანკზეც შავი კამპანია უნდა გვეწარმოებინა, ან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მისი სასარგებლო ჩვენება უნდა მიეცათ ლონდონის არბიტრაჟში. ამასაც პირადად ჩემგან ითხოვდა და ცხადია, პასუხი იგივე, რაც ზემოთ, მკაფიო უარი.

სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ოქუაშვილის წვლილი ტვ-ს სწრაფად გახსნაში დიდია. მან ტექნიკა და შენობა იჯარით მოგვცა (არ გეგონოთ, რომ კომპანიაში შემოიტანა). მაგრამ, მოგვიანებით გაირკვა, რომ უძრავი ქონებები დატვირთული ქონია იპოთეკით და დღეს ყავლგასული ამორტიზებული ტექნიკის გარდა, აღარაფერია მისი ყოფილი ქონებიდან არხის სარგებლობაში. ჯერ პავილიონები წაიღო ბანკმა (გახსოვთ ალბათ ჩვენი გადაცემები საიდანაც გადიოდა) და ახლა სადაც არხია, ის შენობაც ბანკისაა და მარტო იმიტომ ვართ, რომ საქართველოს ბანკი უწევს ანგარიშს იმას რომ ტვ-ს გამოგდება მძიმე შეცდომა იქნებოდა.

რა ვითარებაა ახლა?

ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად.

მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს – აპოვნინეთ არხს გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ! ეს მხოლოდ მათ არა, ჩვენ ყველას გვჭირდება, ჩვენს საერთო ბრძოლას სჭირდება!

წინასწარ გიხდით მადლობას!

მთავარი არხის ყოფილი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი, ყოფილი ჟურნალისტი და მუდმივი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

ნიკა გვარამია, ივანიშვილის ციხიდან (და არა ლონდონიდან)“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას- გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა ლიბერალების გარკვეული ჯგუფის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ ბულინგს.

პეტრიაშვილის თქმით, ლიბერალური ბაბლის წევრები მიზანმიმართულად ახდენენ ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას და აცხადებს, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული და ისინი ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას.

„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, მათი ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია – ვლადიმერ ბოჟაძე

მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შეფასებისას.

მან აღნიშნა, რომ საუბარი არ შეხებია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თემას, რადგან ამგვარი რამ არ ყოფილა და ამ თემაზე ვერც მაკრონი ისაუბრებს და ვერც ვინმე სხვა ოფიციალური პირი.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, მაკრონი არის საფრანგეთის პრეზიდენტი, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს ამ პოსტზე და ეს იცის თავად მაკრონმა. ის ესაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენლობაც არის პარლამენტში უმრავლესობაში, რომელი პარტიის წარმომადგენლობაც არის მთავრობაში და პრემიერ-მინისტრი. რა თქმა უნდა, მან გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ველოდებით ოპოზიციას პარლამენტში. როგორც იცით, 150 კაციან პარლამენტში 89 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და 61 – ოპოზიციას. მობრძანდნენ, აქ არის კომიტეტები, პლენარული სხდომა და სხვა ფორმატი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს მაკრონის ინციატივით შედგა.

ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო საუბარზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ისევე როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდანაც არის გადატვირთვის მცდელობები -გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი მიუთითებს იმაზე, რომ ისევე როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდანაც არის გადატვირთვის მცდელობები, განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ, მათ შორის, ევროკავშირიდანაც, როგორც შეერთებული შტატებიდან არის გადატვირთვის მცდელობები. რაც შეეხება იმას, როგორი იყო პროპორციული ძალა პოლიციის აქ, რადიკალური პროცესების დროს, მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, საფრანგეთში რა მოხდა მომიტინგეების დარბევის დროს – ადამიანებიც გარდაიცვალნენ, თუ არ ვცდები 11 ადამიანი, ათასობით ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ათასობით დაშავდა. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დამფუძნებელი. ყველამ იცის ეს უცხოეთშიც და საქართველოშიც და ხელისუფლებას თუ არ აღიარებს, მაშინ როგორ დაურეკა მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს? ეს ხავსმოკიდებული წინადადებებია რადიკალური ოპოზიციის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.

რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ რაღაც პროცესი შეაჩერონ, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები -გიორგი ვოლსკი

რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ რაღაც პროცესი შეაჩერონ, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლის შესაძლო მცდელობის შესახებ საუბრისას.

„რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ რაღაც პროცესი შეაჩერონ, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ახალი სისტემით ტარდება, იმოქმედონ იმ განწყობით, წარმოდგენებით და აღქმებით, რომელიც შეიძლება, სულაც არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან კანდიდატი არის ღირსეული და მისი ღირსეული მოქმედებები იქნება ძალიან აშკარა, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი. ამ რეალობას ნამდვილად შევქმნით და მათ შორის, პრეზიდენტსაც, თუნდაც, სიმბოლური როლი ექნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ახალ პრეზიდენტს ამერიკული მოდელით დაკომპლექტებული, 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

მმართველ პარტიაში რადიკალური ოპოზიციისგან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ოპონენტებს ამ პროცესის ჩაშლის საშუალება არ ექნებათ და პრეზიდენტის არჩევის პროცესი მაინც შედგება.

საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლის სამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, მათგან მოხდა ერთის დააკავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880.57 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.