კობა კობალაძემ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მიმდინარე წლის 11 მაისს, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კარლო ხმელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, კობა კობალაძემ და ქართული დელეგაციის წევრებმა, გვირგვინებით შეამკეს მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი, საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაგანაც 225-ის სახელი და გვარია ცნობილი; საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა ეფრემმა (ლომიძემ) კი მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
კობა კობალაძემ და ღონისძიების მონაწილე ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად, საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი უკრაინელი მეომრების ხსოვნას მიაგეს პატივი და მათი მემორიალიც გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა.
აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს.
მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.