Home Blog Page 2

ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ, ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეში არ არის -ვლადიმერ ბოჟაძე

ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო ქვეყანა ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ და დემოკრატია საფრთხეში არ არის. ჩვენთვის ნებისმიერი უსამართლო დამოკიდებულება მიუღებელია. კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ახლა თავად მიიღო. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ერთადერთ რამეს – სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ეს პროცედურა ახლა თავად ევროკავშირში არის დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „იუესეიდი“ და „ნედი“ საერთოდ დახურა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრობლემა არა ევროკავშირთან აქვს, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა.

„ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ევროკავშირი არის ჩვენი მომავალი, იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა -სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირი არის ჩვენი მომავალი, იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან, ეს გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა.

„გილოცავთ და ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაძლიერებული, განვითარებული საქართველო. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის სწორედ იმ ჩვენ მეგობრებთან ერთად და იმ მოცემულობაში, რაც არის ევროკავშირი. იქ არის ჩვენი მომავალი. იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც იბრძოდა საქართველო საუკუნეების მანძილზე. საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან. ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს, გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა ამ ქვეყანაში. მე აქ მოვედი ჩემით, როგორც მოვიდა ყველა. ეს არის ყველას ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

  ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება ვერ მოხერხდა, რადგან ამისთვის ერთსულოვნება გვჭირდება -პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება.

„ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ძალადობას ნებისმიერი ფორმით. თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქებში რაც ვნახეთ, მიუღებელია. ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, რამდენიმე წევრი არ არის იმ პოზიციაზე, რომ შემოუერთდეს ამ ერთსულოვნებას. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება“, – განცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა – ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი და ზიზღი -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა.

დედაქალაქის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი, ზიზღი. 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, რაშიც დიდია საქართველოს წვლილი. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, დემოკრატია ისევ საფრთხეშია, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი -პაველ ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია, თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ევროპის დღისადმი მიძვღნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ევროპის დღეს და შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის სიძლიერე არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რისი მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის ქვეყნების მშვიდობიან თანამშრომლობას.

ევროკავშირი მშვიდობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ერთგულია – ჩვენს საზღვრებში და ასევე მთელ მსოფლიოში. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ერთიანობას მრავალფეროვნებაში – ვმუშაობთ დიალოგის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე უნივერსალური ღირებულებების ხელშესაწყობად.

მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა. თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას. გადაწყვეტილებებზე მუშაობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და ინვესტირებას ვაკეთებთ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ვიცავთ და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებს და არა ძალას ემყარება. ამიტომაც ევროკავშირი გვერდში უდგას უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას სიძლიერის პოზიციიდან მიაღწიოს. ევროკავშირი მტკიცედაა დაფუძნებული ღირებულებებზე. უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთად ვიცავთ და რომლის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.

რაც უფრო მატულობს გლობალური გამოწვევები, იზრდება ევროპის სიმტკიცე, დარჩეს საიმედო, თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და პრინციპულ პარტნიორად, რომელიც არის: პარტნიორი კეთილდღეობისთვის, ერთგული მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღია ეკონომიკისა და წესებზე დაფუძნებული ვაჭრობისა; პარტნიორი უსაფრთხოებისთვის, რომელიც იყენებს ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას – ჩვენი მისიების და ოპერაციების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მეშვეობით. პრინციპული, თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი, გაჭირვებაში მყოფი ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლო დახმარების მიმწოდებელი. ეს არის ევროპა.

საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია, მაქვს პატივი, თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.

2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.

დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია. ეს ვითარება თუ არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ხალხის ევროპული არჩევანი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. საქართველო თუკი დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“დიფ სთეითის”ბრალია უსამართლობა, რასაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ ვხედავთ, სანქციები არ დავაწესეთ, მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა -პრემიერი

„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა სანქციები, მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა უკრაინაში, რასაც მოჰყვა ეს უსამართლობა.

„„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ, 2022 წლიდან მოყოლებული, მინდა, გაგახსენოთ, რა გავაკეთეთ: შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, 5 000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ, მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხვევა, თუმცა, ეს ბუნებრივია, არ იყო არავითარი დამთხვევა. დაიწყო უსამართლობა და ეს უსამართლობა გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს დაგეგმილია სათანადო ღონისძიებები ისე, როგორც წინა წლებში იყო.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

„რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება -ირაკლი კობახიძე

ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„რაც შეეხება ესტონეთს, მათ მანამდეც აქვთ სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“მთავარია გჯეროდეს”-  თიბისის ახალი გზავნილი 

„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

თიბისის გუნდის ფილოსოფიაც ამ ღირებულებაზე იყო დაშენებული – ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა თვითრწმენის საფუძველი და მოტივაცია იმისათვის, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო, ახალი სათქმელი ეთქვა ადამიანებისთვის და საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება და სტიმული გამხდარიყო.

„თიბისი, როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ განვითარების არაერთი ეტაპი. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამ გზაზე შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საქართველოს საზღვრებსაც გავცდით. ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თვითრწმენით, თავდაჯერებულობითა და შემართებით, ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ – მთავარია, გვჯეროდეს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

®

პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს მოსკოვში ვიქნებოდი და შევასრულე-ალექსანდრ ვუჩიჩი 

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.

„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და მე შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ ხსოვნა დიდი სამამულო ომის შესახებ, გამარჯვების შესახებ. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თქვენ თბილი მიღებისთვის, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს სერბეთის პრეზიდეტი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თავად ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ვიზიტის გამო მისი ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხე არ ემუქრება.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ – შალვა პაპუაშვილი

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუშვილის თქმით, რომ არა ეს ბრძოლა, ქართველი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა.

„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე..“ – 1945 წლის 18 თებერვალს ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი ბოლო აღმოჩნდა.

9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.

საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.

ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ.

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.

გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.

დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.

წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.

9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.

ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალ ჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით ვინმეს ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს გაიგოთ, რომ კომპანია, სადაც მუშაობთ, რეორგანიზაციას აცხადებს და მიმართულებას იცვლის. სავარაუდოდ, ეს თქვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ახალი პერსპექტივების კარს გახსნის. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. შეიძინეთ საჭირო წიგნები და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებები უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ვიდრე ახლა გაქვთ. თქვენი ენერგიულობა გარშემო მყოფებს გააოცებს.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ. ეცადეთ, სადავო საკითხების გადაწყვეტისას ობიექტური იყოთ. გარემოებები თქვენგან სიმშვიდესა და თავდაჭერას მოითხოვს. ამ დღის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, საკუთარი ემოციების მართვას რამდენად შეძლებთ. თუ ბოლო წუთს უკან არ დაიხევთ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ამბობენ, რომ გარშემომყოფთა აზრზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ და მუდმივად სხვისი კარნახით ცხოვრება უნდა შეწყვიტოთ. გამბედაობა გჭირდებათ, რომ უმრავლესობის აზრს შეუპოვრად დაუპირისპირდეთ და ბოლოს სწორედ ეს ადამიანები გეტყვიან, რომ სწორად მოიქეცით. ეცადეთ ქალაქის ხმაურისგან შორს, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, გზაზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ეს რჩევა როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს ეხება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით არტერიულ წნევას. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს და მძიმე საკვებს. იმუშავეთ მიმდინარე საქმეებზე და ახალი იდეები სამომავლოდ გადადეთ.

ლომი

ლომებისთვის ნათელი ემოციებით სავსე, წარმატებული დღე იქნება. თუ ვინმემ შემოქმედებით ღონისძიებაზე მიგიწვიათ, უარს ნუ ეტყვით — იქ ბევრ მშვენიერ და სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით. შესაძლოა, ვიღაცისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების და პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ.

ქალწული

ქალწულებო, დროა ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეცვალოთ. უარყოფით მოვლენებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, მაშინ როცა დადებითს მყისიერად ივიწყებთ. ეცადეთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ისწავლოთ — მაშინვე იგრძნობთ, როგორ იცვლება თქვენი ყოფა. ეს ცვლილებები გარშემომყოფებთან ურთიერთობაზეც დადებითად აისახება. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ.

სასწორი

მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის დროს სხვისი აზრის გათვალისწინება და გუნდური მუშაობა ისწავლოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლე, რომელიც განსხვავებულ ემოციებს გამოიწვევს. პრობლემებს ნუ შეუშინდებით და დასახული მიზნებისკენ მოძრაობა განაგრძეთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, ამიტომ შესანიშნავი დღეა ვარჯიშის, ახალი საქმის დაწყების, მშენებლობისა და რემონტისთვის.

მორიელი

თქვენს ცხოვრებაში მალე ისეთი მოვლენები განვითარდება, რომლებიც კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რაც ამ ეტაპზე კარგია — ახლა უმჯობესია ყურადღება სამსახურსა და სწავლებას დაუთმოთ. ახალი საქმე თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ობიექტურობას მოითხოვს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოთ.

მშვილდოსანი

სხვის დაპირისპირებაში ნუ ჩაერევით, თუ არ გსურთ, რომ ახალი მტრები გაიჩინოთ. ემოციები აკონტროლეთ, რომ ისეთი არაფერი თქვათ, რასაც მომავალში ინანებთ. საუბრის თემები სიფრთხილით შეარჩიეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ეცადეთ სახლში მეტი დრო გაატაროთ.

თხის რქა

უცნობი ადამიანების შეფასებაში ნუ აჩქარდებით, თორემ შეიძლება თავი უხერხულ სიტუაციაში ამოყოთ. სჯობს, ყურადღება კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე გაამახვილოთ. შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენზე ნაწყენია. მიზეზის გარკვევა და ურთიერთობის აღდგენა სცადეთ — მათი მხარდაჭერა მალე დაგჭირდებათ. ჩაიტარეთ ზოგადი სამედიცინო შემოწმება და ეს ანალიზებიდან დაიწყეთ.

მერწყული

რთული და დაძაბული დღისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი ურთიერთობა დაიძაბოს — ვარსკვლავები კონფლიქტების გამწვავებაზე მიუთითებენ. ამ დღეს თქვენგან ლიდერული თვისებების გამოვლენა იქნება საჭირო. ნუ წახვალთ კომპრომისზე სინდისთან, თორემ აუცილებლად ინანებთ. წინდახედულობა და ინტუიცია შექმნილი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ფიქრის ძალა ისე, როგორც არასდროს იგრძნოთ. ძველი სურვილები და ოცნებები ნელ-ნელა ხდება. ნუ მოითხოვთ ბედისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ — იღბალი თქვენს მხარესაა. ახლა საჭიროა გონიერება და მცირე გამოგონების უნარი, რომ ოცნება რეალობად აქციოთ. ეცადეთ საღამოს მოინახულოთ ადგილი, სადაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი თავს იყრის.