Home Blog Page 2

“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე”-ჯეიმს ო’ბრაიენი

საქართველოს დეპუტატებთან საუბარში ჩვენი ძლიერი შეშფოთება გამოვხატე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.

ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

  მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც მიმართავს, რათა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.

მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.

ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.

სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“, – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი-სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23:36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 30 აპრილს მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ – სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ბელარუსში -ვიოლა ფონ კრამონი

რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე ბელარუსში , – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერში” საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

“რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში: სპეციალური (საპოლიციო) ძალები საიდენტიფიკაციო ნიშნები გარეშე, მაგრამ ძალიან ბევრი ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, – წერს ფონ კრამონი

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ,” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე გამოყენებულ იქნა სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.

საია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას.

სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა – მომიტინგეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე

ამ დროისთვის, სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ გაფრთხილებას.

შსს – აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

„მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ცნობით, პარლამენტთან ორი პოლიციელი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალების ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი სამართალდამცველი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია – პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, აკავებენ აქციის მონაწილეებს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი.

ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები.

,,სპეცრაზმით, ხელკეტებით,  გაზით, ტყვიებით შეიარაღებული იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სუბარს – ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია”- ლევან ხაბეიშვილი

ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის პარლამენტთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, სადაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავდა მათ შორის, ხაბეიშვილი თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს „არ ღირს მოსაყოლად, რადგან ახალგაზრდებს უფრო მეტი მოხვდათ“.

„პრობლემა შემდეგში მდგომარეობს, ეს კანონი არ უნდა ქართველ ხალხს, არ უნდა არავის, არ უნდათ ჩვენს პარტნიორებს, ამიტომ უნდა გაიტანონ ეს კანონი, წარმოუდგენელია, რაც ხდება, ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია.

პუტინის ამოცანა რა არის? – საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველო მე ვარ, მე უნდა დამელაპარაკოთო. როგორ? აი, უარს ვათქმევინებ ახლა ევროკავშირზე, ეს პროცესი მიდის. ახლა მდინარაძეს და ოხანაშვილს პირი რომ დაუღიათ და ვერ გაუგიათ, ეს კანონი რატომ გამოაქვთ. აი, ამიტომ გამოაქვთ, რუსეთის გზავნილია ცივილიზებულ სამყაროსთან, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს არ ექნება პორტები, არ ექნება ეკონომიკა, საქართველო ვერ განვითარდება და ვერც შუა დერეფანი ვერ იქნება, რომელიც კასპიის ზღვასთან დააკავშირებს ცივილიზებულ სამყაროს. ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები და თუ ვინმე მხარში გვიდგას, ეს არის დასავლეთი. მე,როგორც რიგითი ქართველი, ორი შვილი მყავს, აქ ვარ, რადგან საქართველოს მომავალს ვიცავ.

სპეცრაზმით, ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით შეიარაღებულები იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სოზარ სუბარს, რომ დისკომფორტი არ შეექმნან, ანუ საქართველო ისე უნდა გაყიდონ, რუსული კანონი ისე უნდა მიიღონ, ევროპაზე უარი ისე უნდა თქვან, რომ ხმაც არ უნდა გაიგონ, ეს დავალება აქვთ და მოძალადე პოლიციელები უდგანან სათავეში. ჩემგან ხელმარჯვნივ, პოლიციის ფორმაში გადაცმული -რუხაძე, ეს არის მოძალადე, კორუმპირებული ჩინოვნიკია, დაათვალიერებენ ბავშვებს, წაიყვანენ, 3000 ლარს ჯარიმას დაუწერენ, ცოტას სცემენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან – რუხაძისნაირები. როდინოვსა და მას შორის რა განსხვავებაა? ისინი სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. ეს ბრძოლა ყველასია, ეს არ არის პარტიული საქმე, ეროვნული საქმეა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.