Home Blog Page 2

შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა – Axios

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ისრაელის არმიისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო მასალის მიწოდება პირველად შეაჩერა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Axios-ს ისრაელის ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა.

წყაროების თქმით, შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდების შეჩერებამ ისრაელის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ იციან. თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთება უარყო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შესახებ მზარდი უთანხმოების ფონზე გახდა ცნობილი. კერძოდ, აშშ არ ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რაფაში, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები რაფაში შევლენ იმის მიუხედავად, მიაღწევენ თუ არა „ჰამასთან“  მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას.

ბაიდენს დემოკრატები და მოქალაქეები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისრაელი ამერიკული იარაღის მეშვეობით ღაზაში ჰუმანიტარულ კანონს არღვევს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ თებერვალში ისრაელს მოსთხოვა გარანტია იმის შესახებ, რომ ამერიკული წარმოების იარაღს ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებდნენ.  ისრაელმა გარანტიის წერილს ხელი მარტში მოაწერა.

„ ბაიდენიგესტაპოს ადმინისტრაციას“ მართავს – ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „გესტაპოს ადმინისტრაციას მართავს“. ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული კერძო სადილის დროს ისაუბრა, წერს Reuters-ი.

ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია ნაცისტურ გერმანიასთან გააიგივა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს ადამიანები გესტაპოს ადმინისტრაციას მართავენ. მათი აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ. სინამდვილეში ეს მათ კლავს. მაგრამ მე ეს არ მაწუხებს“, – განაცხადა ტრამპმა, NEW YORK TIMES-ისა და WASHINGTON POST-ის მიერ მოსმენილი აუდიოჩანაწერის მიხედვით.

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის დასაწყისში მცირე სირთულეები გელით, რომლებსაც სწრაფად დაძლევთ. კარგი დღეა მავნე ჩვევების დავიწყებისთვის. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პოზიცია დაგეხმარებათ, რომ ეს დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, თუნდაც კარგად ნაცნობ საქმეს აკეთებდეთ, რომ უსიამოვნებებში არ გაეხვიოთ.

კურო

რაღაც მოვლენა ერთდროულად გაწუხებთ და გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე არ დაკარგოთ და საუბარში თავშეკავება გამოიჩინოთ. თქვენი წინდაუხედაობით შეიძლება საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გახსოვდეთ, რომ დროებითი პრობლემები მოწყენის მიზეზი არ უნდა გახდეს, ამიტომ პირქუში აზრები მოიშორეთ და გახალისდით.

ტყუპები

მშვენიერი დღეა ურთიერთობებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად. შეგიძლიათ საკუთარ იდეებზე თავისუფლად ისაუბროთ და თქვენი გეგმები გავლენიან ადამიანებს გაუზიაროთ. გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რამდენიმე დღით გადადოთ სამუშაო, რომელიც ყურადღებას ან სიზუსტეს მოითხოვს.

კირჩხიბი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. დროა, ძველ გეგმებს ან პროექტებს დაუბრუნდეთ, რომლებიც რაღაც მიზეზით გადადეთ ან გაწყვეტილი საქმიანი კავშირები აღადგინოთ. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

ლომი

შანსი გაქვთ, რომ რთული და მნიშვნელოვანი დავალება დაასრულოთ, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ. ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ და ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ და სასიამოვნო ემოციებით აივსოთ.

ქალწული

შფოთვა და ნერვიულობა ყურადღების გამახვილებასა და მუშაობაში ხელს გიშლით. მოერიდეთ რთული, საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას, რათა ბევრი შეცდომა არ დაუშვათ. სავარაუდოდ, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისას გაურკვევლობას და დაძაბულობას იგრძნობთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო მარტოობაში გაატაროთ და ყველა საზრუნავისგან დაისვენოთ.

სასწორი

დატვირთული დღეა. საკუთარი პრინციპებისა და პოზიციის დაცვას ეცდებით, რასაც შეიძლება უთანხმოება მოჰყვეს. სიმშვიდე და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ, დიდი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. შედეგი იმდენად სასიამოვნო იქნება, თავადაც გაოცდებით. მოინახულეთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მოგენატრათ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინოთ, არ გარისკოთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. ამ დღეს შესაძლოა გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს, ამიტომ დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ძველი გამოცდილება გაიხსენეთ და ინტუიციას მოუსმინეთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება. შესაძლოა სასიხარულო სიახლე შეიტყოთ ან რთული ამოცანის დასრულება შეძლოთ. სამსახურში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – სანამ კითხვაზე პასუხის გასცემთ, ეცადეთ, მოსალოდნელი რისკები გათვალოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ტაქტი და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ურთიერთობა გაიფუჭოთ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, ეცადეთ ნებისმიერ საქმეში ინიციატივა გამოიჩინოთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული

ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდება. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, ძველი უთანხმოება დაძლიოთ და ოჯახში ნდობა განამტკიცოთ. გირჩევთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ ან მოინახულოთ ნათესავი, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.

თევზები

ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. გამორიცხული არ არის, რომ მათ თქვენი მდებარეობით ისარგებლონ ან თქვენით მანიპულირება მოახდინონ. სამსახურში მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულეები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. ნაჩქარევ დასკვნებს მოერიდეთ – აზრი შეიძლება სწრაფად შეგეცვალოთ.

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 6 მაისამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ოჩერეტინოს დაკავების შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება ოჩერეტინოს დაკავების შესახებ იუწყება.

აღნიშნული დასახლება ქალაქ ავდეევკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, დასახლება ოჩერეტინო სამხედრო შენაერთ „ცენტრის“ ქვედანაყოფმა დაიკავა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ ოდესაში დასავლური წარმოების სარაკეტო შეიარაღების საწყობი, ხოლო ხარკოვის ოლქში რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა“.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის არმიის შეტევა ოჩერეტინოს რაიონში ჯერ არ გარდაქმნილა მნიშვნელოვან წინსვლად, თუმცა ეს აჩვენებს, ერთი მხრივ, უკრაინის არმიის გადაღლას და, მეორე მხრივ, რუსეთის არმიის გაზრდილ შესაძლებლობას, რეაგირება მოახდინოს კრიზისებზე და ისარგებლოს ამით.

მედიის ცნობით, რუსეთი ოჩერეტინოს შემდეგ აგრძელებს შეტევას დასავლეთით, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, თუმცა მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, შეტევა ჩრდილოეთით განავითარონ, ჩასოვი იარის მიმართულებით, რათა ალყაში მოაქციონ ახლომდებარე მონაკვეთზე დისლოცირებული უკრაინული ძალები.

,,ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით, სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები, ნაციონალისტები გახდნენ ”- ლევან ჭოტორლიშვილი

ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭოტორლიშვილი განმარტავს, ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ამიტომ ისინი, ვინც ულტრა ლიბერალები არიან, ახალი ტაქტიკის თანახმად, ნაციონალისტები გახდნენ და ხელში სანთლებიც დაიჭირეს. მისი განცხადებით, მიზანი უცვლელია – საქართველოს ომში ჩართვა, ვინაიდან 200 ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის ცოცხალი ძალის დამატების შესაძლებლობას იძლევა. “ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ ახლა სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები ნაციონალისტები გახდნენ. მიზანი იგივეა, ქვეყნის ომში ჩათრევა. ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ახალი მაგიტომ სჭირდებათ.

მართალია ეზიზღებათ მაგრამ ითმენენ. დასავლეთს აქვს საკმარისი ფინანსები, ტექნოლოგიები ომის დიდხანს გასაგრძელებლად, მაგრამ არ ჰყავს ჯარისკაცები. დასავლეთი ასე მსჯელობს. თუ ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენ მდიდრები წილში შევალთ ფულით და ტექნოლოგიებით. თქვენ ღარიბები წილში უნდა შეხვიდეთ ცოცხალი ძალით. ბოლო ტრანში დათქმით მისცეს რომ კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს გააგზავნიან ფრონტზე. დილით ჯარისკაცები, საღამოს ფული, როგორც ერთ იუმორისტულ ნაწარმოებშია. მაგრამ სულ უფრო რთულია ცოცხალი ძალის რესურსის მობილიზება.

დიდი ნაწილი განადგურებულია, ნაწილმა ქვეყანა დატოვა. საქართველო თავისი ორასი ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის შესაძლებლობაა. დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა. გადატრიალება, საზღვრების ჩაკეტვა, ხალხის ქუჩებში დაჭერა და ფრონტზე გაგზავნა. ანუ ის რაც უკვე ხდება ჩვენ თვალწინ მეზობელ ქვეყანაში. არაფერი ახალი ამაში არ არის. ასე გაჰყავდათ ქართველი ჯარისკაცები, მონღოლებს, თურქებს, ირანელებს და რუსებს. მაქსიმალური ყურადღება არის საჭირო იმისთვის რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს. თორემ დაიფარება ქვეყანა სასაფლაოებით და დროშებით. ეს ეხება ყველას თვრამეტიდან სამოც წლამდე ასაკის მოსახლეობას.” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის – გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.

2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.

სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს თავს ესხმის – ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც სამართალდამცველებს ეხება. საუბარია ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „პოლიციელებმა ვერ უნდა დაისვენონ, ღამეები უნდა ათენონ, რომ სიქა გაძვრეთ“

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს ესხმის თავს და აგულიანებს მოქალაქეებს იმისკენ, რომ ზიანი მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, – აცხადებს ბითაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძემ გუშინ, 4 მაისს განაცხადა:

„ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

„5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები – მათიკაშვილი

კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„კეზერაშვილმა ჯერ საქართველოში თავდაცვის სამინისტრო გაძარცვა, შემდეგ ევროპაში პენსიონერებს ძარცვავს და დღეს საქართველოში რევოლუციების მოწყობა უნდა. რა თქმა უნდა სურვილები მას დიდი აქვს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს, თუმცა კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები“, – აცხადებს მათიკაშვილი.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, დამცირებით და სჯერათ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ – ილია მეორე

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით.

„2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.

დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.

მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“- ნათქვამია ეპისტოლეში.

ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება – ილია მეორე

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა, – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

„წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.