Home Blog Page 2

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი-სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23:36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 30 აპრილს მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ – სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ბელარუსში -ვიოლა ფონ კრამონი

რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე ბელარუსში , – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერში” საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

“რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში: სპეციალური (საპოლიციო) ძალები საიდენტიფიკაციო ნიშნები გარეშე, მაგრამ ძალიან ბევრი ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, – წერს ფონ კრამონი

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ,” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე გამოყენებულ იქნა სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.

საია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას.

სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა – მომიტინგეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე

ამ დროისთვის, სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ გაფრთხილებას.

შსს – აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

„მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ცნობით, პარლამენტთან ორი პოლიციელი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალების ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი სამართალდამცველი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია – პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, აკავებენ აქციის მონაწილეებს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი.

ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები.

,,სპეცრაზმით, ხელკეტებით,  გაზით, ტყვიებით შეიარაღებული იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სუბარს – ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია”- ლევან ხაბეიშვილი

ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის პარლამენტთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, სადაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავდა მათ შორის, ხაბეიშვილი თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს „არ ღირს მოსაყოლად, რადგან ახალგაზრდებს უფრო მეტი მოხვდათ“.

„პრობლემა შემდეგში მდგომარეობს, ეს კანონი არ უნდა ქართველ ხალხს, არ უნდა არავის, არ უნდათ ჩვენს პარტნიორებს, ამიტომ უნდა გაიტანონ ეს კანონი, წარმოუდგენელია, რაც ხდება, ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია.

პუტინის ამოცანა რა არის? – საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველო მე ვარ, მე უნდა დამელაპარაკოთო. როგორ? აი, უარს ვათქმევინებ ახლა ევროკავშირზე, ეს პროცესი მიდის. ახლა მდინარაძეს და ოხანაშვილს პირი რომ დაუღიათ და ვერ გაუგიათ, ეს კანონი რატომ გამოაქვთ. აი, ამიტომ გამოაქვთ, რუსეთის გზავნილია ცივილიზებულ სამყაროსთან, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს არ ექნება პორტები, არ ექნება ეკონომიკა, საქართველო ვერ განვითარდება და ვერც შუა დერეფანი ვერ იქნება, რომელიც კასპიის ზღვასთან დააკავშირებს ცივილიზებულ სამყაროს. ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები და თუ ვინმე მხარში გვიდგას, ეს არის დასავლეთი. მე,როგორც რიგითი ქართველი, ორი შვილი მყავს, აქ ვარ, რადგან საქართველოს მომავალს ვიცავ.

სპეცრაზმით, ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით შეიარაღებულები იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სოზარ სუბარს, რომ დისკომფორტი არ შეექმნან, ანუ საქართველო ისე უნდა გაყიდონ, რუსული კანონი ისე უნდა მიიღონ, ევროპაზე უარი ისე უნდა თქვან, რომ ხმაც არ უნდა გაიგონ, ეს დავალება აქვთ და მოძალადე პოლიციელები უდგანან სათავეში. ჩემგან ხელმარჯვნივ, პოლიციის ფორმაში გადაცმული -რუხაძე, ეს არის მოძალადე, კორუმპირებული ჩინოვნიკია, დაათვალიერებენ ბავშვებს, წაიყვანენ, 3000 ლარს ჯარიმას დაუწერენ, ცოტას სცემენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან – რუხაძისნაირები. როდინოვსა და მას შორის რა განსხვავებაა? ისინი სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. ეს ბრძოლა ყველასია, ეს არ არის პარტიული საქმე, ეროვნული საქმეა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში”- ხაზარაძე

საზოგადოების დაპირისპირებას არ შეგარჩენთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ წევრები ბოლომდე ახალგაზრდების გვერდში იდგებიან.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაამყაროს რუსული დიქტატურა. ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით ყოფს ქვეყანას და აპირისპირებს საზოგადოებას. მინდა, მას ვუთხრა, რომ ამ კანონის და საერთოდ რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს  ვერ დააჩოქებს. არცერთი ჩვენგანი არ შეეგუება, რასაც ის აკეთებს ქვეყნის და ეროვნული ინტერესების საწინააღდმდეგოდ. ეს არ გამოვა არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვიქნებით აქ, ვიდრე საქართველო არ გაგისტუმრებს ამ პოლიტიკური არენიდან, შენ ამ ქვეყანას მოუტანე დიდი ზიანი, გახლიჩე ქვეყანა, აპირისპირებ და ამ დაპირისპირებას არ შეგარჩენ. ამ ახალგაზრდებს მე და ჩემი თანაგუნდელები ვუდგავართ ბოლომდე გვერდში, არცერთ მათგანს არ დაგაჩაგრინებთ.

დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ, რადგან თქვენ ემსახურებით რუსეთს. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, ეს არ არის მუქარა, თქვენ გექნებათ სერიოზული ზეწოლა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

,,ეს ხალხი ცდილობს, ახალგაზრდებს ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში”- რატი ბრეგაძე

ეს აქციები როგორც ვხედავთ, რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის ასეთი გაუწონასწორებელი ქმედებების შედეგი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მინისტრი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ კონსტრუქციულობა.

„მინდა მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ გვარამიას და სხვებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი ცდილობენ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მიტინგზე. მათ შორის იქ მისული ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, ეს ხალხი ცდილობს, რომ მათ ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. პოლიტიკური ლიდერები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სახელმწიფო არ დაუშვებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამჭვირვალობის კანონის განხილვა, რომელიც მთელი თავისი არსით არის სწორედ ევროპული ღირებულებების შესაბამისი და ეს ყველაფერი დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას ეფუძნება. თუკი ვინმე ყველანაირი არგუმენტის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს მათი პრობლემაა. ასეთი უაპელაციო განცხადებები, თითქოს კანონი რუსულია, ვერ იქნება გაზიარებულის სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ქვეყანას მითუმეტეს აქვს სრული უფლება იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.