Home Blog Page 2

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა-სააკაშვილი

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა.

„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, – წერს სააკაშვილი.

სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება – კახა კალაძე

ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, ხომ არ გადაიხედება საქართველოს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი.

„არავისთან ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არა ერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, გვინდა, მეორე მხარისგანაც იგივე დავინახოთ და ვიგრძნოთ. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის დისკრედიტაციას და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებებსაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, რადგან ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია, რაღაცა დამალო. როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ გიკრძალავენ ამას, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ხალხი სულელი არაა, ყველაფერს ხვდება, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს.

ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, როდესაც აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით, რა გვაქვს პრობლემური და არ არის არგუმენტი, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს. მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, შეამცირე პოლარიზაციაო და, მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას ეს ფონდები, რაც არ არის სწორი და ლამაზი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის გაძლიერება და გარე გავლენის შემცირება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია : „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

15-16 მაისს ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავა -Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა.

გამოცემის ცნობით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ მნიშვნელობას.

როგორც სააგენტოს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ვიზიტის თარიღი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც კრემლის ლიდერი მორიგი ვადით არჩევის შემდეგ ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ინაუგურაცია კრემლში 7 მაისს გაიმართება.

გმირთა მოედნის გადაკეტვით ასიათასობით ადამიანს პრობლემას რომ შეუქმნი, როგორ შეიძლება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს, ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ ხალხს არ უნდა დაუპირისპირდნენ – გურამ მაჭარაშვილი

გუშინ გადაკეტეს გმირთა მოედანი. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ამით ხელისუფლება დაზარალდება, მაგრამ ვერ მიხვდნენ იმას, რომ ქართული საზოგადოება ხვდება, სად არის ხელისუფლების ბრალეულობა და სად – არა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, თავიანთ პატრონებს დაუჯერონ და საქართველოს სუვერენიტეტი შესუსტდეს.

„პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ ხალხი მანქანებიდან გადმოვიდა, ზოგს ავადმყოფი მიჰყავდა, ზოგს საქმე ჰქონდა, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ზოგი ამბობდა, რომ პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს და რატომ უნდა ჰქონდეს დისკომფორტი. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მილიონ-ნახევრიან ქალაქს რატომ უნდა შეუქმნას პრობლემა, თან არ ეთანხმება ეს მილიონ-ნახევარი რამდენიმე ასეულ ადამიანს. ასეთი კოლაფსები, საზოგადოების შეურაცხყოფა და ზიანის მიყენება – ეს არის მათი მიზანი. მათ გათვლა ჰქონდათ, რომ ამით ხელისუფლება დაზარალდება. ხალხი ხელისუფლებას მოსთხოვს, რატომ გვიქმნი ჩვენ ამ პრობლემას, მაგრამ ვერ მიხვდნენ იმას, რომ ქართული საზოგადოება ხვდება, სად არის ხელისუფლების ბრალეულობა და სად – არა.

ასეულობით ახალგაზრდა როდესაც გადაკეტავს გმირთა მოედანს, რომელიც არის ერთ-ერთი საკვანძო გასასვლელი და ამით ასიათასობით ადამიანს პრობლემას შეუქმნის, ეს როგორ შეიძლება, ხელისუფლებას დაბრალდეს? ამდენი რესურსიც არ აქვთ, მიხვდნენ, რომ საკუთარ ხალხს არ უნდა დაუპირისპირდნენ. ეს დაპირისპირება კი პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, თავიანთ პატრონებს დაუჯერონ და საქართველოს სუვერენიტეტი შესუსტდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არცერთი იტალიელი ჯარისკაცი არ მოკვდება ემანუელ მაკრონის სახელით-იტალიის ვიცე-პრემიერი

არცერთი იტალიელი ჯარისკაცი არ მოკვდება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით, – ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.

იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნული მოსაზრება მას შემდეგ გამოთქვა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიმეორა, რომ დასავლეთის სახმელეთო ჯარების განთავსება უკრაინაში არ არის გამორიცხული, თუ რუსული ჯარები ფრონტის ხაზს გაარღვევენ და კიევი ოფიციალურად მიმართავს ნატოს ჯარების განთავსებისთვის.

მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს – მამუკა ხაზარაძე

მინდა, მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.

ხაზარაძის თქმით, „ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და „ოცნების“ მიერ მეორე მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას“.

„ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.

დღეს ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს, არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის. ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!

პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება. საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!“ – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

„თბილისური არეულობები: აშორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისაგან?“

შვეიცარიის გერმანულენოვან ყოველდღიურ გაზეთ “ტაგეს ანცაიგერში” (Tages Anzeiger) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისური არეულობები: აშორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისაგან?“ (ავტორი – ფრენკ ნინჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„იგი მაღალ გორაკზე ცხოვრობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. მისი სახლი აგებულია მინისა და ფოლადისაგან. მას შეუძლია პირდაპირ უყუროს თბილისის ძველ უბნებს და სამების ტაძარს, რომელიც თვითონვე ააშენა. აქ, მის სახლში არის [ბრიტანელი მხატვრისა და მოქანდაკის] ჰენრი მურის მიერ შექმნილი სკულპტურების ასლები, ვერტმფრენის დასაშვები მოედანი და ბოტანიკური ბაღი. რეზიდენციაში ასევე აქვს ზოოპარკი ეგზოტიკური ცხოველებით.

ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, იმერეთის ერთ სოფელში დაიბადა და ბავშვობაში ფეხშიშველი დარბოდა. იგი ოდესღაც ღარიბი ადამიანი იყო, დღეს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეა. მასზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარების მონაწილედ თვლიან და უფრო მეტიც – მთავარ პასუხისმგებელ პირად.

საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყანა?

ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ იგი, 68 წლის ადამიანი, არის წინააღმდეგობრივი კანონის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ – მთავარი მამოძრავებელი ძალა. ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელიც მოვლენებს და პროცესებს ფარულად, კულისებიდან მართავს.

ოთხშაბათს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, საბოლოო, მესამე მოსმენა კი მომავალი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ათეულ ათასობით ადამიანი აპროტესტებს ამ საკანონმდებლო აქტს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც მას „რუსულ კანონს“ უწოდებს. ისინი შიშობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კანონს სამოქალაქო საზოგადოებისადმი კონტროლისათვის გამოიყენებს, მისი მეშვეობით საქართველოს ევროპისაგან დააშორებს.

ბიძინა ივანიშვილი ხალხის წინაშე იშვიათად გამოდის, თუმცა მან ორშაბათს ტრადიცია დაარღვია და მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. სავარაუდოდ, მას არ სურდა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ პროტესტებმა აიძულა.
ყოფილი პრემიერი და პარტიის დამაარსებელი შეკრებილ ხალხს დაჰპირდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი 2030 წლისათვის გახდება. მაგრამ იგი „ლგბტ-პროპაგანდისა“ და რაღაც გაურკვეველი გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგაც გამოვიდა, რომელსაც თურმე ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ნატოში ძლიერი გავლენა აქვს.

ევროპაში ბიძინა ივანიშვილის მოქმედების ნამდვილი მიზანი გაუგებარია. ერთი მხრივ, ბრიუსელში დადებითად უყურებენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ მეორე მხრივ, როცა მმართველი პარტია ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით მაინც ცდილობს იმ კანონის საბოლოო მიღებას, რომლის თაობაზეც გერმანიის კანცლერმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, ევროპელებში საშინელ განწყობას იწვევს – ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონი, ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვს.

იყო დრო, როცა ბიზნესმენი ქველმოქმედებას ეწეოდა ცამეტი წლის წინათ, როცა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა, მან თქვა, რომ პოლიტიკით არასოდეს დაინტერესებული არ ყოფილა და რომ იგი პოლიტიკური მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომას არ ცდილობდა. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი უფრო სიკეთის მკეთებლად, ქველმოქმედად მიაჩნდა – აშენებდა ეკლესიებს და სკოლებს, თეატრებს, ფორმებისა და აღჭურვილობის შეძენაში ეხმარებოდა პოლიციას… შემდეგ კი მან პოლიტიკური ხელისუფლებაც მოისურვა: 2012 წელს მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ გადადგა, მაგრამ პარტიის ლიდერობა შეინარჩუნა, საბოლოოდ კი ლიდერობაზეც უარი თქვა… თუმცა თანამდებობით თუ თანამდებობის გარეშე, მილიარდერი რეალურად დღემდე მაინც ხელისუფლებაში რჩება.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აცხადებდა, რომ იგი ქვეყანას რუსეთს დაუახლოებს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და მხარს უჭერს მოსკოვთან ურთიერთობასო. მართლაც ასე მოხდა. რუსეთმა გააუქმა ბოიკოტი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე, განაახლა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან… და ახლა კიდევ ეს კანონპროექტიც, რომელიც, როგორც ამბობენ, გადმოტანილია რუსული კანონიდან „აგენტების შესახებ“. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო გაერთიანდება და ევროკავშირის წევრი გახდებაო, მაგრამ მისი უკვე ბევრს აღარ სჯერა – მეორე დღეს ქუჩები მისი მოწინააღმდეგეებით გაივსო.

წყარო:

დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს – შალვა პაპუაშვილი

იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება, როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ყველაფრის ფონზე, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თქმა იმის, რომ თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივად შეწყვეტა მოხდა, გაუგებარია და ყალბი ნარატივის დამკვიდრებას ემსახურება.

„ყველამ ნახა, სინამდვილეში რა ხდებოდა და, მათ შორის, ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინწინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე, თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედულნი, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, 2019 წლის ნოემბრის აქციების დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ და აღნიშნა, რომ მოგვიანებით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი განცხადებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

„ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი. ველოდებოდი ამ განცხადებებს და მაინტერესებდა, რა სახის გამოხმაურება იქნებოდა, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებთან საქართველოს პარლამენტს აქვს პარტნიორული ურთიერთობა, გვაქვს სხვადასხვა სახის საქმიანი ურთიერთობა. როდესაც პარლამენტის შენობაზე ხდება თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიებისას საქართველოს პოლიცია შესაბამის ზომებს იყენებს, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ, ამის ფონზე ვხედავთ საელჩოების განცხადებას, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და არანაირი მიზეზი არ არსებობდა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო გამოყენებული, რაც, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრება, მეორე მხრივ, სამწუხარო განცხადება პარლამენტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ასევე ზიანს აყენებს ცალკეული საელჩოების დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ.

გარკვეული საელჩოების მხრიდან ველოდებოდი მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ. ეს თუ მშვიდობიანი აქცია იყო, ალბათ, სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რა არის მშვიდობა ამ მხრივ. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის მეტად მკაცრი, ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ, სტანდარტების შესაბამის მოქმედებას, როცა აფასებს, თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სამწუხარო მცდელობაა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით საელჩოებს, რომლებიც არიან საქართველოში, გაერკვნენ ვითარებაში, მათ შორის, ჰქონდეთ კომუნიკაცია შსს-თან და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები, გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს – შალვა პაპუაშვილი

დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ამერიკაში პარტნიორებთან სასაუბროდ.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრები, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს; კერძოდ, ნდობით ურთიერთობას, და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ღია წერილს ავრცელებს

ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ღირსეული ევროპელი ხალხების და ქვეყნების თანამედროვე კავშირში, რადგან ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალზე ზრუნვით, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს“ აუცილებლად მიიღებენ, რადგან ის სჭირდება საქართველოს.

„გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და საქართველოში ამერიკის ელჩმა ქ-მა დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში „მშვიდობიანი მომიტინგეების“ მიმართ პოლიციის მხრიდან თითქოსდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანუ, ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ-იორკის მერი ადამსი, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლიციის მხრიდან ამერიკული დემოკრატიის დაცვის ამ სამაგალითო გამოვლინების ფაქტს. ერთხმად დაგმეს სტუდენტების საქციელი. ცხადია, ამ ფაქტზე მსგავსი განცდა ექნებოდათ თეთრი სახლის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ კირბის და ელჩ დენიგანს, რადგან იქ, ამერიკაში, დემოკრატიის მექაში, სტუდენტების მხრიდან გამოხატვის უფლების რობოკოპების მიერ აღკვეთა და ბარბაროსული დარბევა, წესრიგის აღდგენა ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია, აქ კი, მათთვის ვასალურ ჯორჯიაში, ქართული პოლიციის მიერ უმაღლესი ევროპული, პროფესიონალური სტანდარტით მოქმედება ფარისეველი ამერიკელი ჩინოვნიკების და მათ მიერ იღლიის ქვეშ ამოდებული, ევროკავშირის მექრთამე დეპუტატების მიერ ქართული პოლიციის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის საბაბია.

პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს. მათი პრინციპული განცხადებით, ფანჯრების ჩამტვრევის და გარკვეული საგნების დაზიანების გამო, აღარ უნდა დაფინანსდნენ პროტესტში ჩართული სტუდენტების უნივერსიტეტები, მეორე მხრივ კი, თავად ისინი მომავალში სამსახურში არავინ უნდა მიიღოს. აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან – ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით.

ჩვენთვის დემოკრატიის სწავლების ამბიციის მქონე ამერიკელებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, 2003 წელს ერთხელ უკვე შემოგვიტანეთ „დემოკრატია“ და ქვეყანაში სადისტური რეჟიმის დამყარებას შეუწყვეთ ხელი. დღეს ამერიკაშიც იმავე ტიპის „დემოკრატიული“ წესები მოქმედებს და კიდევ ერთხელ გსურთ, ჩვენს ქვეყანასაც მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს მეორედ ვეღარ მოხდება. ამას აღარავინ დაუშვებს. სწორედ ამის სურვილის გამოვლინებაა, რომ ყოველდღიურად შფოთავთ, დღეში 2-3 განცხადებას აკეთებთ, აკერმანის რეკრუტირებულ 300-400 ბავშვს აგულიანებთ, დარბიან ეს ჭინკებიც და ანგრევენ მთელ თბილისს. გირჩევნიათ, საკუთარ პროტესტებს მიხედოთ, ყველანაირი დემოკრატიული სტანდარტის გარეშე ბრუტალურად რომ არბევთ სტუდენტებს. ყარს დანიის სამეფო, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შექსპირი. მთელ მსოფლიოს მოედო შმორის სურნელი. გადატრიალებები, „მეიდანები“, ავღანური გაზაფხულები, ვენესუელაში თეთრი სახლიდან დანიშნული „პრეზიდენტები“, „დემოკრატიის შუქურები“ მორჩა. ჩაბარდა ისტორიას კოლონიალიზმი. XXI საუკუნეა, გამოფხიზლდით.

დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება პარტნიორობა და არა ბატონყმობა. ყურადიღეთ საფრანგეთის აფრიკული გამოცდილება. ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია. სხვათა შორის, მისტერ მილერ, მისტერ კირბი და მისს დენიგან, ხომ არ გინახავთ, გუშინ როგორ პირუტყვებივით ექცეოდა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტებს, რა სისასტიკით სცემდნენ, ძაღლებს უქსევდნენ ადამიანებს, ხელკეტებით ცხვირ-პირს უმტვრევდნენ? არ გაშფოთებთ და არ აღგაშფოთებთ საფრანგეთში ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებთან მსგავსი შეუსაბამო ქმედებები, იქნებ, მოგვახსენოთ თქვენი აზრი უახლოეს ბრიფინგზე თეთრ სახლში ან თუნდაც განცხადებების სახით. როგორც თქვენ გაღელვებთ საქართველოში, ასე ჩვენ გვაღელვებს დემოკრატიის ხარისხი ევროპაში და ამერიკაში, რადგან კონსტიტუციით გვაქვს გაცხადებული ევროპული კურსი და ნატო-ს წევრობა. ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ და პირველ რიგში, ამჟამად თბილისის ქუჩებიდან „შიგ ევროპაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით დაძრულმა, თქვენი ფინანსური მოწყალების შედეგად აკერმანულად დატრენინგებულმა Gen Z-ი სადო-საძმომ, რა ელოდება იქ, ლიბერალურ, ლგბტ, უსარწმუნოებო, ამჟამინდელი დასავლური ფსევდო ღირებულებებით გაცისკროვნებულ სამყაროში.

დაბოლოს, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს“ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან, როგორც თქვენმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რუსულ-ამერიკულმა FARA-ს კანონმა და ევროკომისიის დირექტივამ დაგვარწმუნა, ის აუცილებლად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ უცხოური აგენტურის სიჭარბე და თქვენ მიერ დაგეგმილი და მათ მიერ განხორციელებული შემოტევის მცდელობები ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე, სუვერენიტეტზე. ლგბტ პროპაგანდისგანაც ავარიდებთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და ყველა თაობა ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას. საქართველო დღეს შემდგარი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოა. თქვენგან განსხვავებით, არა ყალბ და დეგრადირებულ, არამედ ტრადიციულ ევროპულ, ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ევროპული ოჯახის, საუკუნოვანი, ერთგული და თავგანწირული გუშაგი, დამცველი. ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ღირსეული ევროპელი ხალხების და ქვეყნების თანამედროვე კავშირში, რადგან ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალზე ზრუნვით“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ-თბილისის მერია

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 20 00 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი) 33-მა წევრმა მიიღო.

თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? – იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ – კახა კალაძე აშშ-ზე

მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები რა განცხადებასაც აკეთებენ, ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებას.

კალაძის თქმით, მათთვის ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ არავისთან არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობა – ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია – ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. დღეს დასავლეთის და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე არავინ ეწევა, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებასაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაც დამალო, როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ ამას გიკრძალავენ, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ხალხი სულელი არაა – ყველაფერს ხვდება, ხედავს, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გადაიხედება თუ არა ამერიკასთან ურთიერთობები, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება.

„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა -ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ ვერ იქნება? იგივე გვინდა, რომ მეორე მხარისგან დავინახოთ და ვიგრძნოთ. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს განსაკუთრებულს. აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით თქვე დალოცვილები, რატომ არის პრობლემური და თქვით ერთი არგუმენტი მაინც, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულობასა და ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობა.

ეწინააღმდეგებიან [კანონპროექტს] იმიტომ, რომ არ გასაჯაროვდეს ის ფაქტები და კონკრეტიკები, რომელიც ვიცით ხომ? – ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციას, რევოლუციის მცდელობას, დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ერთი მხრივ, გეუბნებიან, შეამცირეთ პოლარიზაცია, მეორე ხელით ეს ფონდები ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ – არ არის ეს ლამაზი, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ეს გამჭვირვალე, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მისი აღმატებულება – ქართველი ხალხია.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია – ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საქართველოა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, გარე გავლენის შემცირება. ყველა გარე გავლენა უნდა შემცირდეს და ქართველი ხალხის გავლენა გაძლიერდეს. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მისი აღმატებულება – ქართველი ხალხია“, – განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ესაუბრა დერეკ შოლეს და გამოხატა მისი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული “ენჯეოების” მეშვეობით განხორციელდა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.