Home Blog Page 2

დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად-მამუკა მდინარაძე

დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით -პრემიერი

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით.

„მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8224 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8224 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8378 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0154 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9418 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9317 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.

“ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, “ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით – “ბაკურიანი ციდა” სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე, PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში არ აღინიშნა”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

 “უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს”-Berliner Zeitung

 გერმანულ პოპულარულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყებულია სტატია სათაურით „უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). პუბლიკაციის ავტორი ნიკოლას ბუტილინი უკრაინის პრობლემებზე ავსტრიელ სამხედრო ექსპერტს მარკუს რეისნერს ესაუბრება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რამდენიმე კვირაში სამი წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. 1075 დღე-ღამის შემდეგ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე კარგად გამოიყურება. დონბასის ფრონტზე რუსეთის ჯარები წინ სულ უფრო აქტიურად მიიწევენ და სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტებს იკავებენ. ამასობაში კი უკრაინის არმიაში ფართოვდება დეზერტირობა, სამხედროვალდებული მოქალაქეები არმიაში გაწვევას ემალებიან, ფრონტზე ჯარისკაცების მწვავე დეფიციტია შექმნილი. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უძლურია ამ მხრივ მდგომარეობა როგორმე გამოასწოროს. მოკლედ, თითქმის 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის უკიდურესად არასასურველი ვითარებაა ჩამოყალიბებული.

მარკუს რეისნერი – ავსტრიის ფედერალური არმიის გენერალური შტაბის გადამდგარი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც აღიარებულ სამხედრო ექსპერტს წარმოადგენს, „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს არასტაბილურ სიტუაციაზე და მუდმივად აანალიზებს ომის სხვადასხვა ასპექტებს – სტრატეგიულს, ოპერატიულს და ტაქტიკურს.

უკრაინის პრობლემები

ამჟამად უკრაინისათვის სტრატეგიულ დონეზე გაურკვევლობა სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბარი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მარკუს რეისნერი მაინც ეჭვობს, რომ „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციებს ერთმანეთთან უკვე პირი აქვთ შეკრული“.

„ევროპას დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება, ბრიუსელის აზრს მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, რომლიც ეხება რა ევროპის სავარაუდო სამშვიდობო ინიციატივებს, იხსენებს პოლონეთისა და საფრანგეთის განზრახვებს, – „მაგრამ მე ვერ ვხედავ, თუ რა რეაგირება აქვთ ამერიკას და რუსეთს ვარშავისა და პარიზის განცხადებებზე“.

უკრაინა როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, დაინტერესებულია იმით, რომ რუსეთ-აშშ-ის სავარაუდო მოლაპარაკებაში ევროკავშირმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ როგორც ჩანს, არც დონალდ ტრამპი და არც ვლადიმერ პუტინი ბრიუსელს არაფერს ეკითხებიან და შესაბამისად, ევროკავშირის პოზიციას ყურადღებას არ მიაქცევენ.

კიევისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ისრაელიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „პეტრიოტის“ 90 ცალი რაკეტის გადასროლა უკრაინაში, რომლებიც „ცაჰალმა“ (ისრაელის თავდაცვის ჯარებმა) თავისი შეიარაღებიდან გასულ წელს მოხსნა. „მაგრამ უკრაინა მუდმივად ითხოვს დამატებით რაკეტებს. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობა და არმიის პირადი შემადგენლობის შევსება უკრაინის სტრატეგიული დონის პრობლემებს წარმოადგენს“, – ამბობს პოლკოვნიკი მარკუს რეისნერი „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში.

კიევის კიდევ ერთი პრობლემა იმით გამოიხატება, რომ უკრაინის არმიის პოზიციები ფრონტის ხაზზე ძალიან გაფანტული და დაშორიშორებულია. უკრაინას ჯარისკაცები არ ჰყოფნის. „უკრაინული ბატალიონები საშუალოდ 500 მებრძოლს უნდა ითვლიდნენ, მაგრამ ისინი ძალიან ხშირად მხოლოდ 35-40%-ით არიან დაკომპლექტებულნი“, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი. იგი თვლის, რომ ამჟამად ყველაზე მძიმე სიტუაციაა ქალაქების პოკროვსკისა და ველიკი ნოვოსელკის მიმართულებით, რომლებიც რუსეთის არმიას თითქმის ალყაში ჰყავს მოქცეული.

„მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ნაკლებად აინტერესებს. რუსეთის არმიის ტაქტიკა და სტრატეგია უკრაინის არმიის დასუსტება-დაქანცვაში გამოიხატება. რუსეთს უკრაინასთან შედარებით ბევრად მეტი რესურსი აქვს – როგორც ცოცხალი ძალის მხრივ, ისე მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით. უკრაინა ძირითადად უცხოეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, რუსეთს კი თავისი სამრეწველო სიმძლავრეები აქვს. სამხედრო ქარხნები ურალში და ციმბირში სადღეღამისო მუშაობაზე არიან გადასულნი. ასე რომ, უკრაინისათვის რესურსების მობილიზება რთულ პრობლემას წარმოადგენს.

რატომ გარბიან უკრაინელები ფრონტიდან?

მარკუს რეისნერი ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში მიმდინარე დისკუსიაზე, რომელიც ჯარში გასაწვევი ასაკის შემცირებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში ეს თემა უარყოფილი იქნა და მას პროპაგანდისტული უწოდეს, დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც გასაწვევი ასაკი აქვთ, ჯარში სამსახურს თავს არიდებენ. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ვიდეოკადრები იმისა, თუ როგორ ხორციელდება რეიდები ახალგაზრდების დასაჭერად.

მარკუს რეისნერი დეზერტირთა დიდი რაოდენობის მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს: „ჯერ ერთი, რომ გაწვეული ახალგაზრდების სამხედრო სწავლება დაჩქარებულად მიმდინარეობს და ისინი ფრონტზე მეტწილად ნაკლებად მომზადებულები მიჰყავთ. მეორე – წინა ხაზზე, როცა მძაფრი საარტილერიო სროლები და შეტევებია, ისინი შოკში ვარდებიან, ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებენ, დეპრესირებულები ხდებიან და სურთ, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიონ თავის ჯოჯოხეთურ სიტუაციას. მაგრამ ეს ხდება არა იმდენად შიშის გამო, არამედ უეცარი შოკის გამო. ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება ეცემა.

„შეიძლება დავასკვნათ, რომ ამჟამად უკრაინის არმიის მდგომარეობა ადრინდელზე  ბევრად უარესია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სულ უფრო სერიოზული ხდება და კატასტროფულს უახლოვდება“, – ხაზს უსვამს მარკუს რეისნერი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

 

რომ გეკითხა, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა, რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს დევნა, რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს -თეა წულუკიანი

რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ, მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

წულუკიანი ეხმაურება ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე.

„რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს. ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები“, – წერს წულუკიანი.

 პარლამენტმა 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კომისიის შექმნას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ.

რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციონერი დეპუტატებით უნდა დაკომპლექტდეს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილებს უმრავლესობიდან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები დაიკავებენ.

კომისია პარლამენტში პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

როგორც დადგენილების პროექტის წარდგენისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათავლისწინებულ სამ თვეში ვერ მოასწრებს საქმიანობის დასრულებას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს ექვსი თვისა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ, ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.

როგორც აღნიშნული ინიციატივის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება, ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ“. ამავდროულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.
შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას

მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ილია ინჯიამ გააკეთა განცხადება.

როგორც აღინიშნა, პოლიტიკურ ჯგუფში ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი.

ამასთან, ილია ინჯიამ ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება.

„როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. რადიკალური ოპოზიციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებასა და ათვისებას-მაკა ბოჭორიშვილი

ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოსავლეთით.

„მნიშვნელოვანი პარტნიორია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული პრიორიტეტი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც არიან ძირითადი მონაწილეები სწორედ ამ მიმართულებით, დაკავშირებადობის პროექტებში. ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას. მნიშვნელოვანია ამისათვის მაღალ დონეზე ვიზიტების, შეხვედრების განხორციელება, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე საუბარი, თუ სად შეიძლება, გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ეს იქნება მთავარი განხილვის თემა ყაზახ პარტნიორებთან, ყაზახ მეგობრებთან, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ სფეროების, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმისათვის, რომ უკეთ იყოს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, თანამშრომლობა იყოს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი.

კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს:

მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს.

შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

 ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ-მამუკა მდინარაძე

x

არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაზემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება.

„დარბაზში მსხდომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვიცით. ამ საკითხზე გვეთანხმებიან „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. კი არადა, უფრო რადიკალურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ეს გახლდათ. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად ჯობია იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლიუსები ასევე მინუსები ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი – იჩენდეს უპატივცემოულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, მეორე – ეს ყველაფერი არ შეიძლება, იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც წინა შემთხევავში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ (და ალბათ ყველა დარწმუნებულია, რემ ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს), იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის, გარე დავალების შესაბამისად, საბოტაჟის იარაღად გამოიყენებენ ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა ბევრ ოპოზიციონერს უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ.

„ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თავთან, თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ. ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ მათ ავალებენ, რომ მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ და ამიტომ დღეს მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.