ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სამსახურის დირექტორმა, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას უმასპინძლა და ესაუბრა ყველა იმ პროგრამაზე, რომელსაც სამსახური, სახელმწიფოსა და, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორის მხარდაჭეით, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მომავალი თაობებისთვის კვალიფიციური განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის როლს, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.
ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მისთვის და ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა, საზოგადოების გამორჩეული და ღირსეული ნაწილის_ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა თანადგომა; მან,ასევე,აღნიშნა,რომ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად,მისასალმებელი იქნება,თუ სამსახურის დირექტორი და ქვეყნის წინაშე დამსახურებული ვეტერანები,უნივერსიტეტის სტუდენტებს პერმანენტულად ჩაუტარებენ ლექციებს საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებისა და იმ გმირების შესახებ,რომლთაც ძალისხმევა და სიცოცხლე არ დაიშურეს საქართველოსთვის ბრძოლაში;
ჯაბა სამუშიამ,ასევე,გამოთქვა სურვილი, უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ მოხალისეთა მომზადების პროგრამაში,რომელსაც მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”გომბორის ცენტრში ახორციელებს. უნივერსიტეტის რექტორმა,მომავალში,წარჩინებულ სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, ხელი, კობა კობალაძემ და ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
დღევანდელი შეხვედრისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.
მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს, ქვეყნის მასშტაბით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.