Home Blog Page 2

მიიღეთ  თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა.   

ახალი ფუნქციონალით  შესაძლებელია ბიზნეს ციფრული ბანკიდან მომხმარებლისთვის  სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა და მეტი სარგებლის მიღება. 

პროცესი ძალიან მარტივია და ამისათვის მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო: 

  • შეათანხმეთ სახაზინო პროდუქტების მენეჯერთან ან/და ბანკის წარმომადგენელთან შეღავათიანი კურსი თქვენთვის სასურველ თანხასა და ვალუტაზე; 
  • აირჩიეთ სასურველი ანგარიშის ნომრები; 
  • დაადასტურეთ შეთანხმებული კონვერტაცია. 

(R)

ჩვენს დელეგაციაში თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება ერთი ადგილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის -თინა ბოკუჩავა

ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც დაუპირისპირდა პუტინს 2008 წელს, არ დათმო საქართველოს სუვერენიტეტი და ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვებერს და თქვენ, ყველას, თქვენი ლიდერობისთვის იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაში, რომლებიც გვაკავშირებს და რომლებიც მთელ ევროპაში გამოცდას გადის. მაშინ, როდესაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიულ ომს აწარმოებს, ის ჰიბრიდულ ომს ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ – ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სიამაყითა და პატივით წარმოვადგენ თქვენ წინაშე. თუმცა ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც თქვენ წინაშე იდგა და პუტინს დაუპირისპირდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს და ევროპას პუტინის იმპერიალისტური განზრახვების შესახებ აფრთხილებდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსული ტანკები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი რეჟიმის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატობის მიღწევა, მისმა მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ იქნა აღიარებული, როგორც რუსეთის სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ განცხადებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. რეჟიმმა სასტიკი ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხა, რის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 50-ზე მეტი ადამიანი კვლავ პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. რეჟიმი დაკავებულებს სისტემატურად არასათანადოდ ეპყრობოდა და აწამებდა, მიიღო დრაკონული კანონები, რომლებითაც გადაჭარბებულ ჯარიმებს აწესებს და დღესაც კი შეიჭრა აქტივისტების კერძო სახლებში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის გაჩუმების მიზნით. და მაინც, ევროპის გული კვლავ ფეთქავს თბილისში, რადგან პროტესტი შეუჩერებლად გრძელდება 153 დღის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ევროპა ერთიანად უნდა იდგეს საერთო მტრის წინააღმდეგ.

„ჩვენ, ქართველებმა, გამოვავლინეთ გამძლეობა და გამბედაობა კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში. მაგრამ ევროპა ერთიანად უნდა იდგეს ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება იმ ადამიანის შეჩერება, რომელმაც ომი დააბრუნა ევროპის კონტინენტზე. საქართველოს კონტექსტში მოქმედება სანქციებს ნიშნავს. ინდივიდუალური, მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მისი მეგობრების წინააღმდეგ. პუტინისტური რეჟიმები თვითკმაყოფილებით ხარობენ. ისინი დაყოფით იკვებებიან და ამიტომ ევროპამ ერთიანობითა და გადამწყვეტი მოქმედებით უნდა იხელმძღვანელოს. ევროპა უნდა იყოს ლიდერი და ევროპა იქნება ლიდერი და „ევროპის სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ შეასრულებს თავის საქმეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას -ირაკლი კობახიძე

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.

პრემიერმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების  ვეტერანებს.

„ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პრემიერმა.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებული აქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ.

თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე

 გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებამ და სხვა მსხვილი ეკონომიკების საპაუსხო, თუმცაღა სხვადასხვაგვარმა, ზომებმა, გასულ თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები. ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა რომ პროტექციონიზმსიკენ გლობალურმა გადახრამ რომელიმე ცალკეულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედოს, ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შემცირდა, ხოლო საინვესტიციო მოთხოვნამ შედარებით უსაფრთხო აქტივებისაკენ გადაინაცვლა, რამაც ოქროს ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. მეორე მხრივ, გლობალური რეცესიის შიშების გამო, აშშ დოლარისა და ნავთობის ფასები შემცირდა, რაც მიმდინარე მოვლენების არაპირდაპირ ეფექტებზე აქცენტის გაკეთების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის დაწესებული პოლიტიკის გადახედვის ან სულაც გაუქმების შესაძლებლობაც.

 სავარაუდო გავლენა საქართველოზე სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში – ზომიერად უარყოფითი ეფექტი ზრდაზე, ხოლო ლარის კურსისთვის ამ ეტაპზე პოზიტიური, თუმცა პოტენციურად ნეგატიური შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ტარიფების დაწესების შედეგად, ყველაზე მეტად ევროკავშირი – საქართველოში სავალუტო შემოდინებების უდიდესი წყარო, ჩინეთი, ისრაელი და თავად აშშ დაზარალდებიან. თუმცა, გლობალური მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ეფექტები საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებზეც უარყოფითად აისახება, მათ შორის ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებების დივერსიფიკაცია ხელს უწყობს საქართველოს მდგრადობას გარე შოკების მიმართ, ჩვენი შეფასებით, პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემცირება საქართველოს ზრდასაც დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

 მეორე მხრივ, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული დეზინფლაციური ეფექტი სწრაფად გახდება შესამჩნევი და წლიური ინფლაცია უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო თუ გლობალური ფასები უცვლელი დარჩება, ეფექტი პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტსაც მიაღწევს.

 რაც შეეხება ლარს, ვფიქრობთ, პოტენციური ეფექტები მოკლე და გრძელვადიან პერსექტივაში განსხვავებული იქნება. კერძოდ, დოლარის გლობალურად დასუსტების მყისიერი ეფექტი ლარისთვის მკვეთრად პოზიტიურია – ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მყარდება, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებამ კი ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირედით დასუსტებაც გამოიწვია. თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, სავაჭრო პარტნიორებიდან მოთხოვნისა და, შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების შემცირება, ლარისთვის გარკვეული უარყოფითი ეფექტების წარმოშობასაც მოასწავებს.

 ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია – საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე ორიენტირება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა. ტარიფების პოლიტიკა და აშშ დოლარის მიმართ მოლოდინების გაუარესება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზრის განწყობები ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება, რის საპირწონედაც ჩვენი რჩევა მოკლევადიან რყევებზე ზედმეტი აქცენტის გაკეთებისგან თავის შეკავება და უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორების გათვალისწინებაა. მაგალითისათვის, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ევრო თავის წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გაუფასურდა, მართალია დამატებით დასუსტებას ვერ გამოვრიცხავდით, თუმცა გრძელვადიან შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენი რჩევა ევროში ნაკლები სესხის აღება იქნებოდა. შესაბამისად, ევროზონის ვალუტის ამჟამინდელი გამყარება ამ მომენტისთვის ევროში მეტი სესხის აღების მომგებიანობაზე მიანიშნებს, თუმცაღა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ევრო/დოლარი, თავის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, ჯერაც სუსტი რჩება. საილუსტრაციოდ, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. შედარებისათვის, საქართველოში კორპორატიული სესხების მოცულობა 22 მილიარდი ლარის ექვივალენტია.

 მიმდინარე დინამიკა საქართველოში – უახლესი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიუთითებს, ეროვნული ბანკი კი რეზერვების შევსებას უკვე უფრო მოცულობითი ინტერვენციებით ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ბოლო მოვლენებმა საქართველოს ზრდის განტოლებაში საგარეო კომპონენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ამასთან, რას გვიჩვენებს ეკონომიკური აქტივობის უახლესი ინდიკატორები?

 მარტსა და აპრილში გაუმჯობესება იკვეთება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და უნაღდო დანახარჯებში, მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მიგრანტების ხარჯები მარტში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა. ექსპორტის ზრდას ძირითადად კვლავ რე-ექსპორტი განაპირობებს, ხოლო ფულადი გზავნილების მხრივ, მარტში, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, 4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი, წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით, უფრო სუსტია.

 ზემოხსენებულმა ფაქტორებმა, აშშ დოლარის გლობალურ დასუსტებასთან ერთად, რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ფონზე, თუკი სამომავლოდ აშშ დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სებ-ის საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე

(R)

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება-ირაკლი კობახიძე

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ  მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი – გია აბდალაძე

ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი აბდალაძის თქმით, „მადლიერია ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკურ ძალის, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა“.

„ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო. ფოტოგრაფებს საქმემ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვხედავ ხოლმე, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სტატუსებს დებენ, 37 წელიაო. 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. 03:00 საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში, დღემდე რომ მოსულიყო, დღეში სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

როგორც კომისიის სხდომაზე გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, 26 მაისის ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან, აბდალაძის თქმით, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება.

„26 მაისის ფოტოებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება. საპატიმროში შევიტყვე, რომ მე გადამიღია თურმე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამათ ცოცხალი მიჰყავდათ და შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა, რადგან ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე, რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს, ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ. ამის უამრავი მაგალითია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორები. მეორე დღეს, 26 მაისს, როდესაც აღლუმი ჩატარდა, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ -გია აბდალაძე

„ფეისბუქზე ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი“, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეცვალა და ამით უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.

„დღევანდელ დღეს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში დღეს ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლზე, თუ სამშვიდობო პროცესში პროგრესი არ იქნება -მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის პროცესში პროგრესი არ იქნება.

მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ტემი ბრიუსი ციტირებს.

განცხადებაში რუბიო აღნიშნავს, რომ „დადგა დრო, როდესაც ორივე მხარემ“, უკრაინამ და რუსეთმა, „უნდა წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით“.

„გადაწყვეტილება იმის შესახებ, როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში, ახლა პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის. პროგრესი თუ არ იქნება მიღწეული, ჩვენ უარს ვიტყვით შუამავლის როლზე ამ პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დასძინა, რომ ეს არის „ძალიან მკაფიო განცხადება“ რუბიოს მხრიდან. ამასთან, ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული წინადადებები ეხება „ცეცხლის სრული, ხანგრძლივი  შეწყვეტის მიღწევას“.

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა შემთხვევითმა შეხვედრამ ან საუბარმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგოთ.
დღის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავება გელით – მოძრაობისა და ფიზიკური აქტივობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, საქმეზე კონცენტრირება გაგიჭირდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მზის ჩასვლის შემდეგ მოხდება – ამ დროს მოვლენებს სიმბოლური მნიშვნელობა ექნება და შესაძლოა, დაფარული შესაძლებლობები დაგანახვოთ.

კურო

ამ დღის დასაწყისი იდეალურია ისეთი საქმისთვის, სადაც სიზუსტეა საჭირო. საღამოს შეიძლება თითქმის დავიწყებული საქმე ან იდეა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცეს. უცნაურია, მაგრამ პრობლემა თავისთავად, თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყდება. გირჩევთ, დღის განრიგში ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები

დილიდან გარშემომყოფებთან უჩვეულო კავშირს იგრძნობთ – თითქოს ყველა ადამიანი თქვენი ფიქრისა და გრძნობის თანამონაწილეა. ეს დრო იდეალურია ახალი კავშირების დასამყარებლად. შუადღეს კოლექტიურ პროექტებთან და თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობები გაჩნდება.
უსმინეთ შინაგან ხმას – ის სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.

კირჩხიბი

ეს დღე შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით იწყება. ავტორიტეტული ადამიანისგან მოულოდნელი შექება თქვენს თვითშეფასებაზე დადებითად იმოქმედებს. სახლთან ან ოჯახთან დაკავშირებული მოვლენები თქვენ მომავალ გეგმებზე გავლენას მოახდენს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია გქონდეთ შეთავაზება შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს ან გამოცდილ კოლეგებს უნდა სთხოვოთ.

ლომი

დილა სასიცოცხლო ძალების მოზღვავებით დაიწყება და ეს განცდა მთელი დღე გაგყვებათ. ადამიანები თქვენ ირგვლივ ძალიან კეთილგანწყობილები არიან, ხოლო შემთხვევითი შეხვედრები შესაძლოა საინტერესო ნაცნობობაში გადაიზარდოს. საღამო შესაძლებლობას მოგცემთ, ორგანიზატორის უნარი გამოავლინოთ – თქვენი ძალისხმევა ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ქალწული

დღის დასაწყისი იდეალური დროა საქმეების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია ფინანსებთან ან მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე გავლენას მოახდენს. საღამოს მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება ერთობლივი პროექტის ფარგლებში პარტნიორულ ურთიერთობაზე.

სასწორი

სასწორებისთვის დილა ჰარმონიის განცდით დაიწყება და ის თანდათან გაძლიერდება. ამ დღეს წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით, გადამწყვეტი გახდება. საღამო შესაძლებლობას მოგცემთ, დიპლომატიური უნარებით იმოქმედოთ და საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ.

მორიელი

ინტუიციის და გამჭრიახობის წყალობით უმცირეს წვრილმანებშიც კი შეგიძლიათ დაფარული მნიშვნელობა ამოიკითხოთ. იდეალური დღეა განვლილი მოვლენების შეფასებისა და ღირებულებების გადაფასებისთვის.
საღამოს ყოველდღიური სიტუაციები სიმბოლურ მნიშვნელობას შეიძენს. მოსალოდნელია შემოთავაზებები, რომლებიც გარდაქმნას ან შინაგან ცვლილებებს უკავშირდება.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. გარშემომყოფები თქვენ მიმართ გულწრფელები არიან. ამ საღამოს შემთხვევითმა შეხვედრამ შეიძლება დიდი წარმატება მოგიტანოთ დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს იგრძნობთ, რომ ფეხზე მყარად დგახართ. დილა იდეალურია გრძელვადიანი გეგმებისა და სტრატეგიული ხედვების შესამუშავებლად – აზრები მკაფიო და პრაქტიკული იქნება. შუადღის შემდეგ კარიერის მხრივ მოულოდნელი ამბები გელით, რაც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. საღამოს მოსალოდნელია შეთავაზებები, რომლებიც ლიდერის პოზიციებს ან საპასუხისმგებლო პროექტებს შეეხება.

მერწყული

ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია მეგობრებთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. დღის განმავლობაში მცირე დეტალები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – ის, რაც მეორეხარისხოვანი ჩანდა, მთავარი აღმოჩნდება.

თევზები

დილას უხილავ ძალებთან კავშირს იგრძნობთ. ეს დრო იდეალურია შემოქმედებითი პროცესებისთვის და სულიერი განვითარებისთვის – ინტუიცია შესანიშნავად მუშაობს. შუადღის შემდეგ პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. ფრთხილად იყავით – ამ დღეს ემოციით გადადგმულ ნაბიჯს მალევე ინანებთ.

ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.

„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.