Home Blog Page 2

კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) სათაო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი შეხვედრა, TAPS”-ის 30- ე ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას TAPS-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზე განაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან,წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას.

„შეხვედრაზე, კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნის განვითარებაში.მან მადლიერება გამოხატა იმ ჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისთვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა იმ პროგრამებზეც, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მან, მადლობა გადაუხადა ქალბატონ ბონი ქეროლს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ TAPS-თან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ, ახალ, უფრო მჭიდრო და ქმედით ეტაპზე გადაიყვანა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, 2002 წელს მინიჭებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით – კობახიძე

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება”, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია.

„უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობთ ხოლმე მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ”, – აღნიშნა პრემიერმა.

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით- პრემიერი

3-4 წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში; დღეს ისე იღებენ ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებს, საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას და ამ კუთხითაც გაჯანსაღებულია ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით.

„ჩვენ კვლევის შედეგებიც გავაცანით საზოგადოებას. როცა სოციოლოგიურ კვლევაში ეკითხებოდნენ ზოგადად გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, 80% აცხადებდა, რომ ემხრობოდა NGO-ების გამჭვირვალობის იდეას, რომ მათ უნდა გამოექვეყნებინათ ინფორმაცია საკუთარი ფინანსების შესახებ, თუმცა როგორც კი კითხვაში შემოდიოდა უცხოური ჩარევის ელემენტი, დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს იგივე კანონს, თუ უცხოელები იტყოდნენ, რომ არ ვარგა, მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 61%-მდე ჩამოდიოდა. დაახლოებით 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მაინც მაღალი მაჩვენებელია. ერთსა და იმავე კანონზეა საუბარი – თუ უცხოელები არაფერს ამბობენ, 80%-ზე მეტს მოსწონს, მაგრამ თუ უცხოელებს არ მოსწონთ, ჩამოდის უკვე 61%-მდე. ეს დამოკიდებულება კიდევ არსებობს, მაგრამ აქაც თვისებრივად გაჯანსაღებულია ვითარება, ვინაიდან მხოლოდ 61%-მდე ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი. ჩვენ რომ გავიხსენოთ 3-4 წლის წინანდელი პერიოდი, ეს კლება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი. ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში. დღეს ისე იღებენ ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებს, საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას. მოსამართლეებზე დააწესეს სანქციები და პრაქტიკულად ნულოვანი რეაქცია იყო. ამ კუთხითაც გაჯანსაღებულია ვითარება. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით. იგივე ეხება ვენეციის კომისიას”, – განაცხადა პრემიერმა.

,,გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში”- კობახიძე

ირაკლი კობახიძე – გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში

გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებალად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.

„ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია, რაც განვიხილეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის გაგრძელება, იყო  სწორედ ეს, მათ შორის აქციები, რაც გაიმართა, არა ჯანსაღი რეაქციები, მათ შორის, უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, აქ ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, გამოდის, რომ კიდევ გაქვს განზრახული ის, რასაც აკეთებდი წინა წლების განმავლობაში.

გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში. როცა ამის შემდეგაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რჩება ლოგიკური აღქმა, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცეებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციების მოწყობა ამ ქვეყანაში. რაც უბრალოდ არასწორია, ეს არ არის სწორი მიდგომა ჩვენი საზოგადოების და ქართული სახელწმიფოს მიმართ. არ შეიძლება ყოველწლიურად ქვეყანა, მუდმივად, ცხოვრობდეს ამ გაუთავებელი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.

მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2016 წლის არჩევნები გახსოვთ, 2017 იყო ერთადერთი შედარებით მშვიდი წელი, 2018 წლის არჩევნები გახსოვთ, 2019 წლის მოვლენები – ორჯერ სხვადასხვა დროს როდესაც უხეშად გაღვივდა პოლარიზაცია, შემდეგ 2020 წლის არჩევნები, 2021 წლის მოვლენები, 2022 წელი, როდესაც არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ, კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე სცადეს რევოლუციის მოწყობა, შემდეგ ეს გაგრძელდა 2023 წელს. ანუ, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს მუდმივი, ხელოვნურად შექმნილი ტურბულენტობა, არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას იმისათვის, რომ ქვეყანა დავამშვიდოთ, არ შეიძლება ყოველწლიურად ვცხოვრობდეთ მუდმივი პოლარიზაციის რეჟიმში, რაც მთლიანად ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული. ეს რადიკალური ოპოზიციაც მთლიანად არის ხელოვნურად, გარედან თავს მოხვეული, რადიკალური NGO-ები,  ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების სახით, იყო გარედან თავს მოხვეული და რაც ხდება უკვე ოპოზიციის რიგებიდან ამ სუბიექტების შესრულებით, იმავე NGO-ებით, იმავე პოლიტიკოსებით, იმავე მედიასაშუალებებით, ესეც არის გარედან თავს მოხვეული, ხელოვნურად. იმისათვის, რომ ეს დასრულდეს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა. NGO-ების გამჭვირვალობაც ნიშნავს პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას,”- აღნიშნა პრემიერმა.

Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას – საქართველოში ნიდერლანდების საელჩო 

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აცხადებს, რომ „Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“.

ცნობისთვის, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ. კერძოდ, FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს? – გურამ მაჭარაშვილი

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ – სერბეთში, ნატოს წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიო საზოგადოება ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე აშკარა ზეწოლას ხედავს, ვენეციის კომისიის წევრებზეც სრულიად შესაძლებელი იყო იგივე განხორციელებულიყო, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს.

„სადაც [ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით] ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც შავით თეთრზე არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს? ასე რომ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა ჩვენს განცხადებებში, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც საქართველოს უკრაინიზაცია სურთ, ეს უკვე ყველასთვის ცხადი გახდა. სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით, საჯაროდ მიდის განსხვავებული აზრის ლიკვიდაცია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მისი მთავარი საკითხი იქნება უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ევროპის დაცვა სხვა ქვეყნების ზეგავლენისგან. ანუ, ევროპას, რომელსაც იცავს „ნატო“ და ევროკავშირის ეკონომიკური ზონა, თურმე უსაფრთხოების დაცვა სჭირდება და საქართველოს, რომელსაც არც „ნატო“ იცავს და არც ევროკავშირის ქოლგა, არ სჭირდება. ეს უსამართლობაა საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ – სერბეთში, „ნატოს“ წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., და სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება – სახალხო დამცველი

„ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

„კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ. დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო. მითუმეტეს როდესაც საუბარია ქალებზე. ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე – ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია.

სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა.

„პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.

ამასთანავე, ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.

დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის წინსვლისათვის გაწეული ძალისხმევის გამო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას”- ანრი ოხანაშვილი

კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები.

„კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას. რაც მთავარია, ყველამ გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიანი ოკუპაციის პირობებში და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

,,მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიონ” -ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ.

ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ.

“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეების შესახებ დებატებს 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში შეხვედრის დროს განიხილავს.

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს – გიგა ბოკერია

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის ხელში არ აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს. რაც შეეხება მათ, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, თან ისე, რომ ეს შეთანხმებები მიღწეული არაა, ყველა ეს სუბიექტი ენმ-ს მეთაურობით იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგადად პარტიების კოორდინაციას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს. დოკუმენტის ტექსტი სოციალურ ქსელში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავიოლიონისმა გამოაქვეყნა.

რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ და არსებითად რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ეკვივალენტურია. ლიეტუველის დეპუტატების თქმით, საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს.

დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არ არის თანხვედრაში საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებთან და საქართველოს გაცხადებულ მიზნებთან, ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. მათვე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებს შესაძლოა, სეროზული გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის.

რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს. დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენება, ასევე, ცილისმწამებლური, დაშინების ორგანიზებული კამპანია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა. ლიეტუველი დეპუტატების თქმით, მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანია შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისკენ, მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში.რეზოლუციაში ლიეტუვის სეიმის წევრები შეახსენებენ საქართველოს მმართველ პარტიას, რომ მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული საზოგადოებების პრინციპების დარღვევებზე, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის დაწესებულ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან.

ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასა და საჭირო რეფორმების გაგრძელებას. ამასთან, ლიეტუვის სეიმის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს კანონის იმპლემენტაციას და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.