„აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2021 წლიდან 90%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის სადამსჯელო ზომები მხოლოდ პროფორმა და მოჩვენებითობა იქნება“, – ნათქვამია კანადის გაზეთ Asia Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, თვითონ ამერიკა კი ნამდვილად დაზარალდება” (ავტორები – კიტ პრებლი, კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი და შარმინ უილისი, ნორფოლკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული ინიციატივა საბაჟო ტარიფების 500%-იანი ზრდის თაობაზე, რომელიც რუსული პროდუქციის იმპორტიორ ქვეყანას დაეკისრება, მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ შესაძლებლობა მიეცა დონალდ ტრამპისათვის საკუთარი ეკონომიკური სანქციების რეალიზება მოეხდინა. ამერიკის პრეზიდენტმა თავისი სანქციების შესაფასებლად ასეთი ეპითეტები გამოიყენა – „უმკაცრესი“, „დრაკონული“, „გამანადგურებელი“… მაგრამ როგორი იქნება სინამდვილეში ისინი? რა რეალურ ზემოქმედებას მოახდენენ სანქციები, თუ აშშ-ის ადმინისტრაცია სიტყვიდან საქმეზე გადავა?
როგორც ეკონომიკური სანქციების ექსპერტები, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მსგავსი ილუზიური და მოჩვენებითი სანქციები მხოლოდ პროფორმა და თავის მოტყუებაა. რეალობა ისეთია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ოდესღაც არსებული ეკონომიკური ურთიერთობებისაგან მხოლოდ მკრთალი ჩრდილიღა დარჩა: ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საქონელთბრუნვა 2021 წლიდან 90%-ით არის შემცირებული.
ამასობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში თავისი ძალიხმევის დასახმარებლად საკვანძო პარტნიორების მთელი ქსელი შექმნა, რომელშიც ვხედავთ ჩინეთს, ირანს, ინდოეთს და ჩრდილოეთ კორეას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცალკეულ პრობლემებს განიცდის, 2022 წლიდან კრემლი შესანიშნავად უძლებს დასავლური სანქციების ტვირთს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 1,5%-ით გაიზრდება, ინფლაცია საკმაოდ მაღალი, მაგრამ იმავდროულად სტაბილური იქნება.
სირთულეეები აშშ-სათვის
ტრადიციულად, ეკონომიკური სანქციების შემოღების მიზანია აიძულოს ესა თუ ის ქვეყანა კურსი შეცვალოს. სანქციების ვარირება (ცვალებადობა) ხდება ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვიდან აქტივების გაყინვამდე, საბანკო ოპერაციების შეზღუდვამდე, მოქალაქეთა გადაადგილებისა და ვიზების გაცემის აკრძალვამდე. სანქციები შეიძლება იყოს ყოვლის მომცველნი და მთელი ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულნი, ან დარგობრივი და მიმართულნი კონკრეტული ორგანიზაციებისა და პირების წინააღმდეგ.
რუსეთის მიმართ ახალი დამატებითი სანქციების შემოღების იდეა დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის სტრატეგიაში მკვეთრ შემობრუნებას წარმოადგენს.
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა, როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება დაიკავა, ვიდრე მის წინამორბედს ჯო ბაიდენს ჰქონდა.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მორიგ წლისთავზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ რაიმე ახალი სანქციები არ დაუწესებია, განსხვავებით ჯოზეპ ბაიდენის ადმინისტრაციისაგან, რომელიც ყოველწლიურად აღნიშნავდა ამ თარიღს სიმბოლური ზომებით.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ლანდშაფტი ტრამპის ადმინისტრაციის დროს პრაქტიკულად არ შეცვლილა – მას არ შეურბილებია ან არ გაუუქმებია ჯო ბაიდენის მიერ მიღებული რომელიმე ზომა – პერსპექტივაში ახალი სანქციების დაწესება და მათი რეალიზება ამერიკას გაუჭირდება.
პირველ რიგში იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ძირითადი უწყებიდან, რომლებიც სანქციების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი, შემცირდა თითქმის სამი ათასი თანამშრომლით (დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირების ჩარჩოებში) და ამიტომ ზომების აღსრულების გარკვეული გამოცდილება უკვე დაიკარგა. ეს გარემოება, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ამერიკას გამოიყენოს მთელი თავისი ეკონომიკური ძლიერება რუსეთის წინააღმდეგ.
მეორე – აშშ-მა დაიწყო თავის არიდება სხვა ქვეყნებთან მრავალმხრივი კომპლექსური თანამშრომლობისაგან. ვაშინგტონმა უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკება ეწარმოებინა უკრაინასთან და ევროკავშირთან ერთად. ამერიკა უარს აცხადებს აგრეთვე საკუთარი სანქციების კორექტირებაზე ევროკავშირის სანქციებთან უკეთესი კოორდინირების მიზნით, რის შედეგადაც ევროკავშირმა თავისი სანქციების მე-18 პაკეტი აშშ-საგან დამოუკიდებლად მიიღო – თეთრმა სახლმა მხარი არ დაუჭირა რუსულ ნავთობზე ფასების ზღვრის მიზნობრივ დაწევას.
მეტი ზარალი, ვიდრე სარგებელი?
ამჟამად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა მიმართულია უკვე მოქმედი სანქციების რეჟიმის განმტკიცებისაკენ, თუმცა იმ წინადადებების რეალიზებას, რომლებიც აშშ-ში განიხილება, უფრო მეტად ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლისა.
კონგრესში მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. მეორად სანქციებს, რომლებიც მიმართულია უკვე სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ. მართალია, ჯერ-ჯერობით სენატი თავს იკავებს მისი განხილვისაგან, მაგრამ ამასობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დაემუქრა საბაჟო ტარიფების ზრდით რუსეთს და მეორადი ბაჟების მომატებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ. ამ ზომების რეალიზება დაკავშირებული იქნება დიპლომატიურ გართულებებთან იმდენად, რამდენადაც რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი და ინდოეთი. საინტერესოა ფაქტია, რომ აშშ ორივესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ამავე დროს კი მათ ემუქრება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მტრული მოქმედება ჩინეთ-ინდოეთის მხრიდან საპასუხო ანტიამერიკული ზომების მიღების რისკს ზრდის.
გარდა ამისა, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ნებისმიერ დამატებით სანქციას თუ ბაჟის ზრდას შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც ისედაც საკმაოდ ირყევა დონალდ ტრამპის მუდმივი სატარიფო მუქარებით.
ნაკლები ვაჭრობა = ნაკლები გავლენა
გრძელვადიანი სანქციების პრობლემა იმაშია, რომ ვაჭრობის მოცულობის შემცირების კვალობაზე ისინი, როგორც წესი, თავიანთ ეფექტურობას კარგავენ. როგორც ცნობილი ეკონომისტი ალბერტ ხირშმანი ამტკიცებდა თავის ცნობილ ნაშრომებში, ვაჭრობა – ეს ერთდროულად ძალაუფლების დაუფლების ერთ-ერთი საშუალებაც არის და მისი დაკარგვის წყაროც, როცა ის იძულების განსახორციელებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.
აშშ-ის ვაჭრობის მოცულობა რუსეთთან ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა: 38 მილიარდი დოლარიდან (2021 წელს) 4 მილიარდამდე (2024 წელს). ანუ აშშ-ის ექსპორტი რუსეთში და იმპორტი რუსეთიდან მკვეთრად შემცირდა – 73% და 51%-ით შესაბამისად.
ბუნებრივია, როცა რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირები გაუარესებულია, არსებითად სუსტდება აშშ-ის შესაძლებლობაც ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე ვაჭრობის მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუცხადებია საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით, თუნდაც 100%-იანმა სავარაუდო ბაჟებმა ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთის ეკონომიკა დააზარალოს. თვითონ განსაჯეთ: 2024 წელს რუსეთ- აშშ-ის ვაჭრობის მოცულობამ მხოლოდ 3 (სამი) მილიარდი დოლარი შეადგინა – თითქმის 90%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს.
ამრიგად, ამერიკამ ბაჟები თუნდაც 1000%-ით რომ გაზარდოს, რუსული პროდუქცია ისეთი მცირე მოცულობით შედის აშშ-ში, რომ ეს ზომა ვლადიმერ პუტინს ვერანაირად ვერ აიძულებს მოლაპარაკება დაიწყოს.
გარდა ამისა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ბევრი ეკონომისტის გაფრთხილება: მომატებული ბაჟები იგივე მომატებული გადასახადებია. და ამ გაზრდილ გადასახადებზე დამატებით ხარჯებს კრემლი კი არ იხდის, არამედ ის ფირმები და კომპანიები, რომლებიც აშშ-ში უცხოური (რუსული) საქონლის იმპორტს ახორციელებენ. ისინი შემდეგ ამ ხარჯებს ანაწილებენ მომხმარებელზე, რომელსაც გაძვირებულ პროდუქციის ყიდვა უწევს.
გაეროს მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ აშშ-ში რუსეთის ექსპორტის ძირითადი პროდუქცია იყო სასოფლო-სამეურნეო სასუქები. უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთი სასუქების უდიდესი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ჩინეთი და კანადა. რა თქმა უნდა, სასუქებზე ბაჟების ზრდა ამერიკელ ფერმერებს ნამდვილად არ გაეხარდებათ, რომლებსაც ისედაც ბევრი ხარჯები აქვთ.
თავის მხრივ, მკვეთრად შემცირდა ამერიკული პროდუქციის ექსპორტიც რუსეთში, რომელიც მხოლოდ იოტისოდენას თუ შეადგენს ოთხი წლის წინანდელის მოცულობისას. მას შემდეგ რუსეთმა თავისი ვაჭრობა გადაამისამართა, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, ან უბრალოდ, სანქციების გვერდის ავლა დაიწყო და დასავლურ (ამერიკულ) პროდუქციას მესამე ქვეყნებში ყიდულობს.
მოსკოვის 8 მეგობარი
რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი გასაღებს გვაძლევს იმის გასაცნობიერებლად, რა ხდება როცა სანქციები მუშაობენ და როცა არ მუშაობენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სანქციების შეზღუდული გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე ბევრად არის განპირობებული კრემლის უნარით და მოხერხებით იპოვოს ისეთი სასურველი სავაჭრო პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან ყურადღება არ მიაქციონ აშშ-ის სანქციებს და მუქარებს.
ჩინეთი, თურქეთი, გერმანია, ინდოეთი და იტალია რუსეთში მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქციის ექსპორტს ახდენენ. იმავდროულად, თავიანთი მხრივ, ჩინეთიც, ინდოეთიც, თურქეთიც, ბრაზილიაც და უზბეკეთიც მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენენ რუსული პროდუქციისათვის.
ჩრდილოეთი კორეა არამარტო ეხმარება რუსეთს სამხედრო კონტინგენტით (ცოცხალი ძალით), არამედ ივალდებულა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის დონეც იზრდება, მათი ურთიერთდამოკიდებულების რთული ისტორიის მიუხედავად.
რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მთავარ კატალიზატორად იქცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუქარა საბაჟო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანა დიდი ხანია ისწრაფვის, რომ შეცვალოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური მსოფლწესრიგი. ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება „ბრიკსის“ (BRICS) ჩარჩოებში, მოსკოვისა და პეკინის ხელმძღვანელობით, რომლებმაც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები მიიზიდეს.
ამერიკული სანქციების პერსპექტივა
აშშ-სა და რუსეთს შორის საქონელთბრუნვის შემცირება, ჩვენი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ბაჟების გაზრდა მიზანშეწონილი არ იქნება – თუ, რასაკვირველია, ვაშინგტონი მართლაც სერიოზულად ეძებს საშუალებას ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისაკენ უბიძგოს. იმავდროულად არც მეორადი ბაჟების შემოღება იქნება საზარალო რუსეთისათვის, პირიქით კი მოხდება – ამერიკას თავისი ნასროლი ბუმერანგი უკან დაუბრუნდება: დაზარალდებიან ამერიკელი მომხმარებლები და ბიზნესმენები.
ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანქციებმა (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიიღებს – თეთრი სახლი თუ კონგრესი) საეჭვოა ოდნავ მაინც რომ შეცვალონ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა ან მოაახლოვონ დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული და ესოდენ სასურველი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
წყარო: