Home Blog Page 1999

“ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვუერთდებით სანქციებს და ყოველთვის ეს დამოკიდებულება გვექნება”

ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვუერთდებით სანქციებს და ყოველთვის ეს დამოკიდებულება გვექნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და მასში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„სანქციებთან დაკავშირებით იცით ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცავთ მოსახლეობის, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობაც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი. ამით ვის ვზღუდავთ? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, შეაჩერონ ეკონომიკური განვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისის და EBRD-ის თანამშრომლობა გაფართოვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი EBRD-გან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს დაკრედიტების მდგრად ზრდას.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, თიბისი ასევე გახდა EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელიც EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის რისკის მართვის პრაქტიკას გააუმჯობესებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა EBRD-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. მიღებული სუბორდინირებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. მე ასევე, განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ თიბისი EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკია რეგიონში, რომელმაც პარიზის შეთანხმების ფარგლებში შეიმუშავა გარდამავალი გეგმა და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დააკავშიროს თიბისის ბიზნეს პრაქტიკა პარიზის შეთანხმების მიზნებთან. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ არაერთი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„EBRD მოწოდებულია მხარი დაუჭიროს თავის მრავალწლიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ტრანსფორმაციული მოგზაურობის დაწყებაში გარდამავალი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მის კლიმატის ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ – აღნიშნა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 288 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

R

“ვარდების რევოლუცია“ ვისაც ეზეიმება, ეზეიმოს და ვისაც არ ეზეიმება, იყოს სახლში” – პაატა მანჯგალაძე

„ვარდების რევოლუცია“ ვისაც ეზეიმება, ეზეიმოს და ვისაც არ ეზეიმება, იყოს სახლში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, წინა მთავრობისა და ხალხის დამსახურებით ქვეყანას პერსპექტივა აქვს, რომ ევროპის ნაწილი გახდეს.

„შალვა პაპუაშვილი პატარა ბიჭი არ არის და საკმაოდ დიდია იმ ასაკისთვის, რომ იცოდეს „ვარდების რევოლუციამდე“ რა ხდებოდა საქართველოში. რევოლუციამდე ქვეყანაში ადამიანებს გამოსყიდვის მიზნით იტაცებდნენ. კრიმინალი იყო და ტელეფონის გამო შეიძლება, ვინმეს ქუჩაში მოეკალი, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ქუჩაში წესრიგს პოლიციის ნაცვლად, კრიმინალი ამყარებდა. შუქი ახალი წლის წინა დღეს მოდიოდა, ხოლო პენსია და ხელფასი ცხრა-ათი თვე იყო გაყინული და პენსია 12 ლარი იყო. წინა მთავრობისა და ხალხის დამსახურებით ქვეყანას პერსპექტივა აქვს, რომ ევროპის ნაწილი გახდეს. საქართველო კორუფციის ინდექსით იყო ცნობილი, რომელსაც გზა, შუქი, მომავალი და პერსპექტივა არ ჰქონდა. ასეთი ქვეყანა იყო 2003 წლამდე და შალვა პაპუაშვილი რას აპროტესტებს? – სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკობენ და სულ 20-25 კაცის პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ვისთანაც საპროცესო გარიგება დადეს. მართლა კრიმინალებთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ისინი საქართველოდან გააცილეს. ხმას მართლა როგორ იღებენ? – თითქოს, ქვეყანაში სიტუაცია უკეთესად იყო და „ვარდების რევოლუციამ“ დაანგრია, ეს არის სისულელე. კრიმინალმა პასუხი ყველა დროში უნდა აგოს. კრიმინალის დაცვა გამორიცხულია, მაგრამ ის, რომ პენსია 12 ლარი იყო, 300 ლარი გახდა და ეს ვერ დაინახო, წარმოუდგენელია. დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ „ვარდების რევოლუცია“ რა შუაშია? ვისაც ეზეიმება, ეზეიმოს და ვისაც არ ეზეიმება, იყოს სახლში, რა პრობლემაა? ათი წლის თავზე ახსენდებათ, რაღაც სისხლიანი ხდებოდა. პირდაპირ პასუხი აგებინონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების – საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი კომპონენტები და მოდელები.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

ცვლილებების თანახმად:

• მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.

• განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.

• დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.

• დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.

• ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).

• ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.

• ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).

• გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.

• კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.

• თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.

• რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

• სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

• ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.

• კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).

• ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

აქვე მოგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ” – ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს გაცილებით მაღალი თამასა აქვთ დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.

„არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა და განწყობა ნათელია, ეს ჩანს ყველა კვლევაში.

საზოგადოება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისგან არ ითხოვს, რომ ბარიერი გადაილახოს ან მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს. საზოგადოების მკაფიო დაკვეთაა, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთვის, „ლელოსთვის“ მთავარია ამ დაკვეთას ვუპასუხოთ. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის კონცენტრირებული იმ მთავარი ამოცანის ირგვლივ, რომელიც ხალხის დაკვეთაა. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა შეიცვალოს რუსული ხელისუფლება. გეგმა გვაქვს, რა თქმა უნდა. გაცილებით მაღალი თამასაა დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ ბარიერი იყოს გადალახული”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ის საკითხები, რაც ასახულია, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არგუმენტირებულად უნდა თქვას, მათი აზრით, რა უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული.

„ჩვენ სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ის საკითხები, რაც არის ასახული, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, რომ სისტემური გზით პარტიების დაფინანსების საკითხი, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ანტიკორუფციული მიმართულების ნაწილი და სხვა, ერთ დოკუმენტში აგვესახა. ჩვენ, ამ რჩევის გათვალისწინებით, ეს საკითხები ავსახეთ. რომელია მათი აზრით, ფასადური და რომელი უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული, გვითხრან არგუმენტირებული პოზიცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ჯგუფები, იმდენად ვერ საზღვრავენ მათი ნათქვამის მეორე და მესამე სვლას, რომ ბარიერის დაწევაზე საუბრით რეალურად აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გაიმარჯვებს, ისინი კი ვერ გადალახავენ.

„ოპოზიციური ჯგუფები ვინც ამბობენ, რომ გაუნაწილებელი მანდატები მიდის ხელისუფლების სასარგებლოდ ხმებში და ა.შ. ამით პირდაპირ აღიარებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მოდის დამაჯერებლად და გამარჯვებით. იმდენად ვერ საზღვრავენ მათი ნათქვამის მეორე და მესამე სვლას, რომ რეალურად, ისინი დღეს აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს, ისინი ვერ გადალახავენ. ჩვენ რასაც ვამბობთ, ამას გვიდასტურებენ მათი ნათქვამით. თუ ისინი ხელისუფლების შეცვლისთვის მზად არიან, მაშინ 5%-იანი ბარიერი როგორ ვერ უნდა გადალახონ?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ხვიჩა კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ.

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ.

მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, რომელიც ჯამში მესამე აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, “ერთა ლიგის” ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

ქარელში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს – დეტალები

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, შემთხვევის დღეს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი – სათევზაოდ. სწორედ სანადიროდ მყოფი ასევე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მეორე მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდებული დაკავებულია.

ბრალდებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება – დეტალები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და მას თან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა ახლავს.

„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაიმართება“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

“ერთადერთი ალტერნატივა, რაც საცობების პრობლემის მოწესრიგების შესაძლებლობას მოგვცემს რეფორმაა” – კახა კალაძე

ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც დაწყებული გვაქვს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საცობებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საცობების პრობლემა გამოწვეულია ქალაქში კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საცობებთან დაკავშირებით არის, გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა. მე საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წლისთვის, ქალაქში დაახლოებით, 180 000 ერთეული ავტომობილი გადაადგილდებოდა და დღეის მდგომარეობით პიკის საათში 600 000-ზე მეტი გადაადგილდება.

ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ახალი ავტობუსები, შესაბამისი საავტობუსო ზოლების გაჩენა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად, ჭკვიანი შუქნიშნის პროექტის განხორციელება, რომელზეც უკვე დაფინანსება მიღებული გვაქვს – ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. თუმცა, ვიმეორებ კერძო ავტომობილების ნაწილში გვაქვს ზრდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 47% ფლობს ავტომობილს და მგონია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვითხოვ, დავიწყოთ დებატები და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისთვის ჯერ საჭიროა დებატებისა და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი დაიწყება, ვინაიდან ამომრჩეველმა იცოდეს, რატომ ერთიანდებიან პარტიები და საერთოდაც, რა უნდათ.

შესაბამისად, მისივე თქმით, ამ პროცესის შედეგად, რა გაერთიანებაც გამოდნება ის გაერთიანება იქნება ლეგიტიმური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მექანიკური გაერთიანება, ყველასთვის დამაზიანებელია.

„ვითხოვ, რომ დავიწყოთ დებატების და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი. ამ პროცესის შედეგად, რა გაერთიანებაც გამოდნება ის გაერთიანება იქნება ლეგიტიმური. დღეს, მექანიკური გაერთიანება, ჩემი აზრით, არის ყველასთვის დამაზიანებელი. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებით გაერთიანება ისე, როგორც მაგალითად, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანება, ამან კი არ გაზარდა მათი ამომრჩეველი, არამედ შეამცირა, თუ იმ კვლევებს ვენდობით, რომელიც ქვეყნდება. ზუსტად ასე მგონია, მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ პოლიტიკური პროცესი, ამომრჩეველმა იცოდეს, ამ ხალხს დღეს მაინც, რა უნდა და თუ ეს გაარკვია, მაშინ გაერთიანება შეიძლება ბუნებრივი გამოვიდეს და ამას შედეგი ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა ჩუმად, თქვენგან, საზოგადოებისგან მალულად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დააზიანებს თავად ოპოზიციას ვინც გაერთიანდება. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა სრულად მივიღოთ, დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ პარტიასთან. მე დღეს არ შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცასთან გავერთიანდები იმიტომ, რომ თვითონ ის აუცილებელი პროცესი არ გვაქვს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია, რომელიც გასაგები იქნება ჩემი ამომრჩევლისთვის და იმ ხალხის ამომრჩევლისთვის ვისთანაც ეს შეთანხმება შედგა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას „გირჩი“ განიხილავს თუ არა თანამშრომლობას გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს არანაირი წინაპირობა, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველასთან, „ქართულ ოცნებასთანაც“, „ალტ ინფოსთანაც“, არ ვიცი, ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორთან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას

თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობებით დაცვით შეძლებს.

„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს.

კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში – 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.

„საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში.

შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება.

იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე.

დედაქალაქის მერმა ზოგადად სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც გეგმაზომიერად მიგვიყვანს მიზნამდე.

„სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, ბევრი მიმართულებისგან შედგება, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებებია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და სწრაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნებისმიერი მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ქალაქის ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილება უნდა იყოს სწრაფად შესაძლებელი.

ამ კონცეფციის დანერგვისთვის არაერთი კვლევა ჩატარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სქემები შემუშავდა, განახლდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლებულია, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას. დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება. გარკვეული ნაწილი უკვე აქ არის და იანვრიდან უკვე მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას. გარდა ამისა, იცით, რომ მთლიანად შეცვლილია მიკროავტობუსები, ასევე, რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ ვაპირებთ 212 ვაგონის შესყიდვას, ქუჩები ეწყობა ახალი დიზაინით, დაიხაზა და კიდევ ემატება ავტობუსის ზოლები, ეწყობა ზებრა გადასასვლელები, ქვეითებზე მორგებული შუქნიშნები და ა.შ.

ამავე რეფორმის ნაწილი იყო ტაქსების A და B კატეგორიებად რეგისტრაცია და კონკრეტულად 10 წლამდე ტაქსების ავტობუსის ზოლში დაშვების გადაწყვეტილება, რაც ერთგვარად ასტიმულირებს ტაქსის სერვისში ძველი ავტომანქანების ახლით ჩანაცვლებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი ძალისხმევაა ქალაქში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის

ეს არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მისი ყოველი მომდევნო ეტაპი გეგმაზომიერად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.