Home Blog Page 1997

“პარლამენტის წევრებს ხელფასი აქვთ 4 ათასი ლარი და განკარგავენ 22-მილიარდიან ბიუჯეტს” – იაგო ხვიჩია

ჩვენ რომ აკრძალული გვაქვს ლობიზმი, იწვევს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი ღარიბი და დაუცველია. ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ 4 ათასი ლარი და განკარგავენ 22 მილიარდიან ბიუჯეტს, რაც ყველას ესმის, რომ შეუძლებელია – ჩვენი პოლიტიკოსები ან წმინდანები უნდა იყვნენ ან კორუმპირებულები, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ფარას” დოკუმენტების კომენტირებისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ლობიზმი პოლიტიკოსებისთვის იმიტომ არ არის დაშვებული, რომ პოლიტიკოსებმა ფული უკანონო გარიგებების შედეგად მიიღონ და სწორედ ამიტომ მართავთ მათ ერთი ან ორი ადამიანი.

„შეუძლებელია 22 მილიარდიან ეკონომიკას განკარგავდე 4 ათას ლარიანი ხელფასით, ეს ხდება იმისთვის, რომ სხვა წყაროები არსებობდეს პოლიტიკის დაფინანსების და ყველა პოლიტიკოსმა იცოდეს, რომ ხელფასით კი არ ირჩენს თავს, არამედ სხვა უკანონო გარიგებების შედეგად, რადგან ლობიზმი აკრძალულია და ამის გამო დაქვემდებარებულია ქართული პოლიტიკური ელიტა ყოველთვის, ამიტომ არის, რომ ღარიბ პოლიტიკოსებს მართავს ერთი ან ორი ადამიანი, ვისაც შეუძლია მათი არალეგალურად რჩენა, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვუყურებთ ამ ქვეყანაში და მერე სულ ვწუწუნებთ, რატომ არ ეშველა ამ ქვეყანას,”- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, რომ მარგველაშვილი “ფარას” დოკუმენტებში ფიგურირებს, ხვიჩია აცხადებს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილმა თანხა მიიღო, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

“რა საქმის გაკეთებაც უფასოდ მორალურად პრობლემას არ წარმოადგენს, მისი გაკეთება საფასურით ასევე არ წარმოადგენს პრობლემას, ამიტომ მე არანაირი პრობლემა არ მექნებოდა მარგველაშვილის მიერ ფულის აღებაში იმ საქმისთვის, რასაც ისედაც უფასოდ აკეთებდა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოში 26 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს- გარემოს ეროვნული სააგენტო

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/682611123894923?ref=embed_post

“როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ კონკრეტული პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია, – ამის შესახებ მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ ოპოზიციას მსგავსი პოლიტიკოსები წარმოადგენენ.

„ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი. სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას შესაბამის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა და საჭიროება დადგება“, – განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ, რეალურად ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან. „არ ვიცი, მომავალი არჩევნებისთვის ვინ ვისთან გაერთიანდება. სახელს და გვარებს, რომელთაც თქვენ მისახელებთ, არანაირი გაერთიანება არ სჭირდება – ფაქტობრივად, ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. არ ვიცი, რა მორალზეა ზოგადად საუბარი, როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ, როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ:

28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN).

29 ივლისი | მარკუს მილერი  (MARCUS MILLER European Tour 2023).

30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს  (BROOKLYN FUNK ESSENTIALS).

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

ფესტივალის დღეებში შესაძლებლობა გაქვთ, დაესწროთ თიბისი კონცეპტის, ვიზას და ივერია ბიჩის დღის ივენთებს, ისიამოვნოთ სანაპიროთი და გაიხალისოთ დღეები განასაკუთრებული მუსიკით. თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის ივერია ბიჩის სანაპიროზე შესვლისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

სტუმრებს თბილისიდან ბათუმამდე ჯაზ მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელში მგზავრების საზეიმო განწყობაზე SALIO იზრუნებს.

სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერიაა.

პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“, ბუკნარი ლისი დეველოპმენტი, მაზდა, საქართველოს რკინიგზა.

წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს.

მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა – ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო – ალმა არიან.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა  www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

(R)

თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის – CUnicorn-ის – დემო დღე გაიმართა

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში,  სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე გაიმართა.

სტარტაპერები დემო დღეზე ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს.

 ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. 10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 ღონისძიების განმავლობაში მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე – სტარტაპ ეკოსისტემის ევოლუცია. მოწვეული პანელისტები იყვნენ: კრის ბარი – US Mac-ის გენერალური დირექტორი; ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა BLC–ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩუგოშვილი – Phubber-ის თანადამფუძნებელი და გური ქოიავა – ინვესტორთა ქსელი Axel-ის და Startup Buro –ის თანადამფუძნებელი.

დემო დღეზე პირველი ადგილი სტარტაპ Rollycks-მა დაიკავა, მეორე ადგილი AI Farmer-მა, მესამე ადგილი კი  E-Flow-მ მოიპოვა.

 ღონისძიებას მხარი დაუჭირეს: CrocoSquad, Gazelle Finance, Clevertone, VISA, PAYZE, PAVILION WINES, US Mac, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), AXEL, ბიზნეს ფორმულა და Startup Georgia.

 CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

 თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექ. სტარტაპების მხარდაჭერა და მათი წახალისება. კომპანია მრავალი პროგრამითა თუ ღონისძიებით ეხმარება სტარტაპების განვითარებას, მაგალითად, თიბისის პროგრამა სტარტაპერი მიზნად ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერა ისახავს. სტარტაპერი ახალბედა ბიზნესებს სთავაზობს შეღავათიან სესხს, წვდომას საოპერაციო პროდუქტებზე, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კონკურსებს, ღონისძიებებს, მარკეტინგულ თუ მედია მხარდაჭერას.

(R)

ამერიკული ლობიზმი და ევროპული კორუფცია! – ლევან მამალაძე

“რამდენად გაიყიდა ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი?!- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“რამდენად გაიყიდა ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი?!- რა მოხდა , მეოთხე პრეზიდენტმა 11500 დოლარი აიღო, სახელმწიფო ინტერესების შელახვაში?! ასე მოქმედებს FARA-ს “რუსული” კანონი ამერიკაში.

სააკშვილი მილიონებს უხდის ლობისტურ კომპანიებს, ამერიკელი ლობისტები ქრთამებს არიგებენ ევროპაში და საქართველოში, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნან! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან და რევოლუციად წოდებული გადატრიალება მოაწყონ. მიზანი კი მეორე ფრონტის გახსნაა!

სახელმწიფოს მიმართ მტრობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი მუხლებია!

“დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – თავი XXXVII

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.”

საკითხი მარტივად დგას, სანამ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის რეჟიმშია სამშობლოს მოღალატეთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება!”- წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.

FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში”-მიხეილ დაუშვილი 

“ქართულ- რუსულ უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის, – აცხადებს  პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და როცა მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხს “ოპოზიციის პროპაგანდას” უკავშირებენ, ეს გაუგებარია, რადგან განცხადება, რომ მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, ყველამ ნახა.

“მიუღებელი და დაუშვებელია რუსული გავლენების დამატებით გაძლიერება საქართველოში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა, რა თქმა უნდა, იქნება გავლენის და ზემოქმედების დამატებით ინსტრუმენტი საქართველოში, ამიტომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისგან მოვისმინოთ მკაფიო პოზიცია, რომ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში და მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა მიუღებელია,”- განაცხადა დაუშვილმა.

პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

 

“ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება” – ზაზა შათირიშვილი

ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ღია წერილში წერს.

მისი თქმით, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ.

„ოლიგარქიული ოჯახების გათვლების შესახებ არაერთი წერილი გამოვაქვეყნე. შეგახსენებთ, რომ მათი უმთავრესი მიზანი სამყაროს ერთი ცენტრიდან მართვა, საზოგადოების ბიომასად გადაქცევა და მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა. ამ მიზნის მიღწევის შიშველ იარაღად ისინი იყენებენ ე.წ. ლიბერალებს, რომლებსაც მათივე შექმნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ. როგორც ქართველი ლიბერალი იტყოდა – სისტემა უნდა დაინგრეს.

თუ დააკვირდებით, საქართველოსთვის წაყენებული ყველა მოთხოვნაც აქეთკენ არის მიმართული: მაგალითად, ითხოვენ მაქსიმალურად დაიშალოს სამართალდამცავი სტრუქტურები; პოლიციას შეეზღუდოს მომიტინგეების აგრესიაზე რეაგირების ბერკეტები; სასამართლო ხელისუფლება და საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ე.წ. ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, ანუ მათი აგენტურის თანამონაწილეობით; დაწესდეს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც პოლიტიკურ სისტემას აამღვრევს და ერთიან ნაციონალურ აგენტურას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს მისცემს და ა.შ. დემოკრატიის დეგრადირებული მოდელის აუცილებელი ელემენტია მედიის თავისუფლების ახალი მოდელიც, რომლის ყველაზე ღირებული ელემენტია სიცრუის თავისუფლება. სიცრუით გაჯერებული მედიის უმთავრესი ამოცანაც ხელისუფლების დაშლა და დასუსტებაა.

ეს მოდელი მოქმედებს ქვეყნებში, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს აგენტოკრატია არ აქვთ დამყარებული. მაგრამ თუკი რომელიმე ქვეყანაში ძალაუფლებას მათი აგენტურა იღებს ხელში, მას სრული კარტბლანში ეძლევა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს და მედიას სრულად დაეპატრონოს. ასე დაიქვემდებარა თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა სასამართლო, შსს და მედია, რომლებიც მთლიანად ერთი ხელიდან იმართებოდა. ზუსტად ასევე დაუქვემდებარეს ალბანეთის მთავრობას რამდენიმე წლის წინ სასამართლო, უკრაინის ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ ტელევიზიები და ა.შ. დღეს დასავლეთში ერთი ხელიდან იმართება პრაქტიკულად მთელი მედია, რომლის მთავარი დავალება დემოკრატიული სისტემების მოშლა, აგენტოკრატიების გამაგრება და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ტირაჟირებაა.

ოლიგარქიული ოჯახების ხელწერის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიები. უკრაინაში სახელმწიფოზე გადაფორმდა მედიასაშუალებები და ბიზნესები; ბიზნესის რეკეტი ისეთივე ჩვეულებრივ პრაქტიკად არის ქცეული, როგორც ეს 2004-12 წლების საქართველოში იყო; ე.წ. ვეტინგით, მზადდება სასამართლოს სრული დაქვემდებარება პოლიტიკური ხელისუფლებისადმი; აღარ არსებობს ოპოზიცია და დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები. ანალოგიურად, მოლდოვაში, ვიდრე მაია სანდუ სააკაშვილის პატიმრობაზე დარდობს, ერთმანეთის მიყოლებით ბრალს უყენებენ და იჭერენ წამყვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია კი ცოტა ხნის წინ საერთოდაც აკრძალეს. ასეთია ოლიგარქიული ოჯახების მოდელი: სადაც დემოკრატიაა, სისტემა უნდა დაიშალოს, ხოლო, სადაც აგენტოკრატიაა, მთელი სისტემა ერთი ხელიდან უნდა იმართებოდეს.

დემოკრატიის ანალოგიურად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შექმნეს ადამიანის უფლებების საკუთარი მოდელიც, რომელიც მთლიანად ლგბტ პროპაგანდამდეა დაყვანილი. ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მთლიანად ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკურ მიზანს – საზოგადოების ბიომასად გადაქცევას და მოსახლეობის ათჯერ შემცირებას ემსახურება. ევროპაში არაერთ ლგბტ პირს ვიცნობ, რომლებსაც თავადაც არ მოსწონთ ის პროპაგანდა, რომლის მიზანი თითქოსდა მათი უფლებების დაცვაა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებისა და ევროპელების უმრავლესობა მაქსიმუმ 15-20 წელიწადში ლგბტ პირი იქნება, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დემოგრაფიული პროცესების ტოტალური მართვის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროცესების საბოლოო შედეგი იქნება ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი „საოცარი ახალი სამყარო“, სადაც ყველა ბავშვი ინკუბატორში იბადება, ბავშვების რაოდენობა კი ამა ქვეყნის ძლიერთა საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.

ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი მიგრაციაა, რომელიც ევროპული ქვეყნების ეროვნული და რელიგიური იდენტობის წასაშლელად წარმატებით გამოიყენება. საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების დიდ ქალაქებში მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აჭარბებენ ან მალე გადააჭარბებენ. საფრანგეთში არსებული ვითარება, რომელზეც ჩემი ფრანგი ნაცნობები ხშირად მესაუბრებიან, უკიდურესად შემაშფოთებელია. მიგრანტები, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღს ფლობენ, ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხეს უქმნიან. მიგრანტების მორიგი აჯანყების ჩასახშობად ოლიგარქიული ოჯახები მაკრონს თავდაცვის ძალების გამოყენების უფლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მისცემენ, რაც ისინი ბოლომდე შეიარაღდებიან. ეს ყველაფერი კი, მორიგი ფრანგული, უფრო სწორად – ანტი ფრანგული რევოლუციით დაგვირგვინდება, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიგრანტებს მოიყვანს, რაც ევროპისთვის სამაგალითო პრეცედენტი იქნება. მსგავსი მიმართულებით ვითარდება პროცესები დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რაც ევროპას საბოლოოდ იდენტობის სრულ წაშლამდე მიიყვანს. ასეთი ბედი ელის ამერიკასაც, რომლის ქალაქები ცეცხლის ალში არანაკლებ ხშირად ეხვევა და სადაც პოლარიზაცია პოლიტიკური სისტემიდან უკვე ლამის მთელ საზოგადოებას გადაედო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სახელმწიფო ოლიგარქიული ოჯახების მთავარი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტია, ამერიკას ისინი არანაკლებ პრობლემებს უქმნიან, ვიდრე ევროპის სახელმწიფოებს.

თანამედროვე სამყაროში ერთი ხელიდან მართული მედია გამუდმებით აღვივებს შუღლს და დაპირისპირებას, დემოკრატიებში ითხოვენ სისტემის ნგრევას, აგენტოკრატიებში ამყარებენ ავტორიტარიზმს, მიგრანტებს უპირისპირებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო ლგბტ პირებს უპირისპირებენ ტრადიციულ საზოგადოებას. ყველა ეს პროცესი ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელოვნურად არის დაგეგმილ-მართული და საზოგადოებების პოლარიზებას ისახავს მიზნად, რათა მღვრიე წყალში თევზი უკეთ დაიჭირონ.

ამ ყველაფერს ერთ დროს ცივილიზებული დასავლეთის, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილო კორეიზაციისკენ მივყავართ. ბუნებრივია, ჩრდილოეთ კორეაში ისეთივე ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, როგორც სამხრეთში, თუმცა, დიქტატურამ, ტოტალურმა იდეოლოგიამ და ერთი ხელიდან მართულმა მედიამ ისინი მონობისა და სიღარიბისთვის გაწირა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთში და სამხრეთში ერთი ოჯახის ორი დანაყოფი ცხოვრობს, მაგრამ სისტემის გამო, მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში უწევთ არსებობა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაც ზუსტად ისევე იმართება ოლიგარქიული ოჯახების მიერ, როგორც სამხრეთ კორეა. სწორედ ისინი ზრუნავდნენ ჩრდილოკორეელი დიქტატორებისა და მათი შვილების აღზრდაზე და შესაბამისად, მათზე სრულ გავლენას ფლობენ. სამხრეთკორეელი მეგობრებიც მყავს, რომლებსაც ხშირად უთქვამთ, რომ ამერიკელები თუ მოინდომებენ, კორეა ერთ დღეში გაერთიანდება. თუმცა, კორეა დღემდე შუაზეა გახლეჩილი, სამხრეთ კორეელებს კი ამერიკელები შთააგონებენ, რომ მათი მთავარი მტერი ჩინეთია, ჩინელები კი ყველაზე საშინელი ნაცია არიან.

ჩრდილოეთ კორეა ოლიგარქიული ოჯახებისთვის არის საცდელი ქვეყანა, სადაც ისეთი საზოგადოება იტესტება, როგორიც მთელ სამყაროში სამომავლოდ უნდათ მიიღონ. რაც შეეხება, ევროპის ქვეყნებს, მათ უდიდეს უმრავლესობას დღეს ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელდასმული აგენტურა მართავს. ერთი ხელიდან იმართება მთელი დასავლური მედიაც. ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა დასავლეთში ზუსტად ისეთივე ტოტალურ იდეოლოგიად აქციეს, როგორც კომუნიზმი ჩრდილოეთ კორეაში. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპა ეკონომიკური კატასტროფისკენ მიექანება. უკვე წელიწადზე მეტია, ევროპა აიძულეს, ეკონომიკური თვითდაზიანების რეჟიმზე გადასულიყო, რამაც ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივი რესურსები რამდენჯერმე გაუძვირა და ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანა.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა მივმართო ქართველ ლიბერალებს, რომლებსაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი: ნუთუ, საქართველო ისეთივე ჩრდილოკორეიზაციისთვის გემეტებათ, როგორისთვისაც ჯერ კიდევ ცივილიზებულ სამყაროს ოლიგარქიული ოჯახები იმეტებენ? ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის წერილში.

“რჩება სამი რეკომენდაცია, მათ შორის სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც გვჭირდება კონკრეტიკა” – კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა.

„ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით ჩვენ ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“მარგველაშვილი იმდენად ბოთეა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მაგაზე გააფორმეს და ფული სხვებმა წაიღეს”- დავით ზარდიაშვილი

“ისე, სიმართლე თუ გინდათ, მარგველაშვილი იმდენად ბოთეა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მაგაზე გააფორმეს და ფული სხვებმა წაიღეს, ხელი კი ამას მოაწერინეს”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“ისე, სიმართლე თუ გინდათ, მარგველაშვილი იმდენად ბოთეა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მაგაზე გააფორმეს და ფული სხვებმა წაიღეს, ხელი კი ამას მოაწერინეს და ცხადია, მოუტეხეს.
ანეკდოტები დადის, რაც მაგას, “ჯიპაში” უფროსი რომ იყო, კურიოზები დაემართა. მაგალითად: მისი კაბინეტიდან ისე წაიღო ქურდმა ორი ახალთ-ახალი კომპიუტერი, ამას არც უკითხავს – ვინა ხარ და რატომ, სად მიგაქვსო?

ქურდი მოვიდა, ხაზგასმულად ზრდილობიანად მიესალმა – “გამარჯობა ბ-ნო გიორგი, კომპიუტერების წასაღებად გამომგზავნესო, შეიძლებაო?” ამანაც მისალმების ნიშნად თავი დაუკრა, მერე ხელით ანიშნა, “მიდი, მიდიო”, სიტყვაც არ უთქვამს და თავისი “საქმე” განაგრძო. მეორე თუ მესამე დღემდე, როცა რომელიღაც თანამშრომელმა კაბინეტიდან გამქრალი კომპიუტერები სასხვათაშორისოდ მოიკითხა – სად დადგით ეგ კომიუტერები ბ-ნო გიორგიო, აზრზეც ვერ მოვიდა, რომ გაძარცვეს. ცხადია, ქურდი არც სახეზე დაუმახსოვრებია. რას აკეთებდა როცა ძარცვავდნენ და სტატიას წერდა. ცხადია – დემოკრატიაზე. ვერ დაამთავრა. დღესაც წერს.

მაგრამ, რასაკვირველია, ბოთეობა იოტისოდენადაც არ და ვერ ამართლებს. პირიქით: უარესიცაა და გაცილებით უარესი, რომ იგი ასეთ კურიოზში აღმოჩნდა – სააკაშვილის “გადასარჩენად იბრძვის”! ეგ ბოლო სტადიაა ან უსინდისობისა ან უტვინობისა ანდა ორივესი ერთად. მე მაინც – უტვინობა უფრო მგონია. მაგრამ: ასეთი უტვინობა უკვე არანაკლები უსინდისობაც არის”,- წერს სოციალურ ქსელში  დავით ზარდიაშვილი

 

“თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს გარყვნილებისკენ მიაქანებს, მაშინ კონფერენციაზე ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა რაში ჯდება?”

ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? – ამის შესახებ „ლელოს“ წვერმა ანა ნაცვლიშვილმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თემას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ეხება.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს.

„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს სტატუსი და ყველაფერს აკეთებს, რომ რეფორმები ჩააგდოს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ მივიტანოთ მათთან ქართველი ხალხის სათქმელი, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს და არ აკეთებს. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, რომ გავაგებინოთ, რასაც ხელისუფლება ამბობს და აკეთებს. საზოგადოებას ემიჯნება, ხელისუფლების და ხალხის სურვილები ევროკავშირთან მიმართებაში ერთმანეთისგან აცდენილია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება შეფასებებზეა. ამიტომ, ხელისუფლების დღევანდელი მცდელობა, თავის მართლების მცდელობაა, თუ რატომ არ არის რეკომენდაციები. ცხადია, ისინი გზებს ეძებენ, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას, თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება.

ხელისუფლების მთავარი მცდელობა არის, როგორმე დააღწიოს თავი პასუხისმგებლობას და თავი იმართლოს, ვინაიდან ის რეკომენდაციების არშესრულებაშია მხილებული. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, სადაც მათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოიწვიეს, რომელთაც სულ რაღაც 3 თვის წინ, აგენტებს და ხალხის მტრებს ეძახდნენ, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მობოდიშების მცდელობაა, სამოქალაქო საზოგადოება ამ ბოდიშს რამდენად მიიღებს, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც, გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? მათ არ უნდათ თავის ამომრჩეველს აუხსნან, რომ ერთადერთი, რაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა, ეს რეფორმებია და ეს აღიარონ, ან აღიარონ რომ კონფერენციის პარალელურად დაკავებული არიან ანტიდასავლური ტყუილების გავრცელებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაც ესწრება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.

“1 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო- ანუ გაყიდვა დაუშვა”- ირაკლი კობახიძე მარგველაშვილზე

“გიორგი მარგველაშვილისნაირი ადამიანები არ შეიძლება, იყვნენ ქართულ პოლიტიკაში”, – ასე გამოეხმაურა   პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება, იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამებიან ქართულ პოლიტიკურ კულტურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.