რუსეთ – უკრაინის ომის 471-ე დღე
გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების განთავსების ადგილებზე, მათ შეიარაღებასა და ტექნიკაზე ათობით საავიაციო, სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელა. კერძოდ, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მართვის პუნქტები და საარტილერიო ქვედანაყოფები.
უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.
„უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა ოკუპანტის მართვის ხუთ პუნქტზე, ცოცხალი ძალის თავის მოყრის ექვს რაიონზე, გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რვა საარტილერიო დანაყოფი“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა განახორციელა შვიდი სარაკეტო (ორი უმანზე) და 43 საავიაციო დარტყმა. არიან დაშავებულები.
„სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, – აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.
რუსულმა ძალებმა, 9 ივნისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებითა და Х-101 / Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.
საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, Shahed-ები სამხრეთიდან გაუშვეს, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები კი ოთხი Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენიდან კასპიის ზღვის რეგიონიდან გაისროლეს.
„თავდასხმის დროს 16-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, 4 ერთეული X-101/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 10 Shahed-136/131 და Lancet-ის ტიპის დრონი და 4 ერთეული Orlan-10 და Supercam-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, რუსულმა ძალებმა ჩერკასის ოლქში, ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ გასულ და მიმდინარე დღეს 20-მდე საცეცხლე დარტყმა მიაყენა საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ლოგისტიკას, სამხედრო აღჭურვილობას და პოზიციებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზვიაგელის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მერის, ნიკოლაი ბოროვეცის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 სახლი განადგურდა და ათობით დაზიანდა. ამასთან, დაშავებულ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო – გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, – ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში – 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.