Home Blog Page 1989

“ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ” – ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ ის უქნიათ. ჩვენთვის მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ეს დაპირისპირება და კინკლაობა კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს დაპირისპირება 2024 წლის საარჩევნო პროცესის სათანადოდ წარმოდგენას შეუწყობს ხელს.

„ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ ის უქნიათ. მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს 2024 წლის საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რუსი ახალწვეულებისათვის უკრაინაში მოქმედ ქვედანაყოფებში სამსახური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია“ – უცხოური პრესა

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსი ახალწვეულებისათვის უკრაინაში მოქმედ ქვედანაყოფებში სამსახური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია“ (ავტორი – რობერტ კლარკი) განხილულია იმ რუსი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც უკრაინის ომის ფრონტების წინა ხაზებზე გამართულ ბრძოლებში მონაწილეობენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რაც უფრო მეტად ვრცელდება ჩრდილოური სიცივე უკრაინის ტრამალებზე, ბრძოლების ინტენსიურობა სტეპებში დაბანაკებულ მოწინააღმდეგეთა შორის მით უფრო კლებულობს. უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ჩანს, ზამთარი მძიმე იქნება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ამასწინანდელი შეფასების თანახმად, ფრონტზე მყოფი რუსი ახალწვეული ჯარისკაცების პერსპექტივა უიმედოა, ისინი თავიანთი პრეზიდენტის სულელურ გადაწყვეტილებას ეწირებიან. მათ წინ ბნელი მომავალი ელოდებათ.

რუსული დამოუკიდებელი მასმედია წერს, რომ რუსეთის არმიის იმ ნაწილებში, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ძალიან მაღალია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების დონე. ბრიტანელი ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ რუსი ჯარისკაცები როტაციის წესით ფრონტის ხაზს არასოდეს ტოვებენ. როგორც კი ისინი ფრონტზე მიდიან, შეუსვენებლივ იბრძვიან მანამ, სანამ არ დაიღუპებიან და არ დაიჭრებიან. სწორედ ეს ითვლება იმის საკვანძო მიზეზად, თუ რატომ არის რუსულ ქვედანაყოფებში დისციპლინის დაბალი დონე და მორალური სულისკვეთება. აშკარაა, რომ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფრონტის ხაზზე მიწოდება იოლია და შესაძლოა, უზომოდ გამოიყენება.

კაცობრიობის ომების ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბედურებას დაბალი მორალური სული წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, დისციპლინისდაცემას იწვევს და პირიქით. ეს გარემოება, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი ქვეყნის არმიებზე დამღუპველ ზეგავლენას ახდენდა.

თავის დროზე ჯარისკაცთა დაბალი მორალური და საომარი სულისკვეთება, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის  სარდლობას, შეერთებული შტატების არმიამაც გამოსცადა ვიეტნამში. ამერიკელი ჯარისკაცები, ძირითადად მოხალისეები და ვადიან სამსახურში მყოფნი, საკმაოდ ხშირად დეპრესიაში ვარდებოდნენ, აკრძალულ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ და დისიპლინას არღვევდნენ.

ანალოგიური სახით, მობილიზაციით ჯარში გაწვეული დღევანდელი რუსი ჯარისკაცები, თითქმის 1960-იანი წლების ამერიკელი სამხედროების მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან – იმ განსხვავებით, რომ ისინი დასავლეთში გაწრთვნილ უკრაინელ მეომრებს უპირისპირდებიან, რომლებიც საკუთარ სახლებს და ოჯახებს იცავენ, რუსები კი, ბრძოლის ველზე საკუთარი მეთაურების მცდარი ხელმძღვანელობისა და გამეფებული უდისციპლინობის წყალობით, ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები.

რუსების მორალური სულის დაბალი დონე იმითაც ღრმავდება, რომ დისციპლინის დამრღვევები ანუ ისინი, ვინც ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მოიხმარენ, გადაჰყავთ საშტურმო (მოიერიშე) სპეცქვედანაყოფში, სახელწოდებით „შტურმ-Z“, რომელიც, თავისი არსით, სადამსჯელო  ქვედანაყოფს წარმოადგენს. „შტურმ-Z“ იმ დროს ჩამოყალიბდა, როცა „ვაგნერის“ აწ უკვე დაღუპული ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის საპყრობილეებში მყოფი პატიმრების ომში გაგზავნის კამპანიას ახორციელებდა. სწორედ იმ დროს მოხვდნენ ფრონტზე მკვლელები, მოძალადეები, ქურდები და სხვა დამნაშავეები, შეწყალების სანაცვლოდ.

„შტურმ-Z“-ის პირადი შემადგენლობა რუსული არმიის შეტევის დროს ე.წ. „ხარჯვით მასალად“ და „შესაწირ მსხვერპლად“ ითვლება. მათ სპეციალურად გზავნიან პირდაპირ წინა ხაზზე – მოწინააღმდეგის ცეცხლის „შთანთქმის“ (საკუთარ თავზე მიღების) მიზნით, ისინი პირველები მიდიან დანაღმული ველების განნაღმვისათვის. იმავდროულად „შტურმ-Z“-ის მებრძოლები ყველაზე ცუდად არიან აღჭურვილები, მათ ბრძოლის დროს მეთაურები სასტიკად ექცევიან და სამედიცინო მომსახურებასაც სულ ყველაზე ბოლოს იღებენ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „თუ უკრაინის ფრონტზე გაგზავნა რუსი ჯარისკაცისთვის ჩვეულებრივი სიკვდილის ტოლფასია, „შტურმ-Z“-ში მოხვედრა ნიშნავს, რომ დახვრეტას უნდა შეურიგდე, თანაც თვალებახვეული“. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ასეთ „ხორცსაკეპში“ მოხვედრა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების გამო რუსების საბრძოლო სულს კიდევ უფრო აქვეითებს.

ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის გენერლებს 2024 წლისათვის წარმატების მცირე არჩევანს უტოვებს. მათი ჯარები არამარტო მასობრივად იღუპებიან, არამედ დეპრესიაში არიან ჩავარდნილები (განსაკუთრებით ახალწვეულები) და შეტევაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. რუსეთის უდიდესი ადამიანური რესურსებიც კი ვერ უზრუნველყოფს უკრაინის ფრონტის მოთხოვნებს ცოცხალი ძალის შესასვსებად. ბახმუტისა და ავდეევკის ბრძოლებში ათეულ ათასობით რუსი დაიღუპა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძანებას გასცემს იძულებითი მობილიზაციის მორიგი რაუნდის ჩასატარებლად, როგორც ეს მან 2022 წლის სექტემბერში გააკეთა, რუსეთის ლიდერი თავს დამშვიდებულად ვერ იგრძნობს, რომ ფრონტი ჯარისკაცების  საკმაო რაოდენობით არის უზრუნველყოფილი. რუსეთშიც, [უკრაინის მსგავსად], ძალზე დიდია ჯარში სამსახურის თავიდან არიდების ფაქტები, კანონები რეგულარულად ირღვევა.

იმ მიზეზით, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები თავიანთ განწირულ კურსს აგრძელებენ, ხდება რუსეთის სწრაფი გადაქცევა „შეუმდგარ სახელმწიფოდ“. ამას ადასტურებს რუსეთის არმიის კრიმინალურ არმიად გადაქცევაც, სადაც სულ უფრო მეტი ნარკომანი და ალკოჰოლის მოყვარული „მსახურობს“.

ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომსაც ისევე გადაიტანს და გაუძლებს, როგორც სხვა დამანგრეველ ომს უძლებდა ხოლმე, მაგრამ გაურკვეველია, ეს ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს მოხდება თუ არა. დღეს რაც ნამდვილად აღარ ჩანს, ეს არის ოდესღაც შიშისმომგვრელი რუსული სამხედრო მანქანის გაქრობა. მის ნაცვლად დღეს ჩვენ ვხედავთ ყოფილ პატიმრებს და ნარკოტიკებით მთვრალ კრიმინალებს, რომლებსაც წარმატების არანაირი მიღწევის უნარი არ აქვთ.

წყარო

“რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი”-ირაკლი კობახიძე

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება საერთო სურათს, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი“, – განაცხადა კობახიძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ აპირებს, ოპოზიციას კი ხუთპროცენტიანი ბარიერის ეშინია. ოპოზიციის უმრავლესობამ იცის, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვეღარ მოხვდება და ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას გეგმავს.

“საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით”

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“ გახსნის ღონისძიებაში. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების აუცილებლობასა და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯის შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური სამუშაოსა და მიღწეული შედეგების ღირსეული აღიარება და მთლიანად ქვეყნის დამსახურებაა.

„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კუთხით სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკით. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 2020 წელს კონკურენციის კანონმდებლობაში დამატებით შეტანილი ცვლილებებით საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება – ქვეყანას ჰქონდეს ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორისთვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებაზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოში ამოქმედდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი“.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ კანონის მიღებით შეიქმნა დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში სტიმულს აძლევს მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.

„დარწმუნებული ვარ, მათ რეალიზაციას კონკურენციის სააგენტო, დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ძალიან წარმატებულად შეძლებს. საქართველოს მთავრობის სახელით, აქვე მინდა, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის და აშშ-ის მთავრობების მიმართ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის განხორციელებას და ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საერთაშორისო კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

“მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3 %-ით შემცირდა” – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3 პროცენტით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 168.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 20.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.0 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთა შეადგინა.

„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.6 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.4 პროცენტით ნაკლებია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინპინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა -ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა.

„ამგვარი განცხადება უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობენ „გარკვეული ფარული მოტივების მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას”.

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ვფიქრობ, მან, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს და დათესოს უთანხმოება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, იცის ეს“, – აღნიშნა მაო ნინმა.

კალიფორნიაში აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ორ ქვეყანას შორის სამხედრო კომუნიკაციის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, თუმცა, მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია. „ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, – განაცხადა ბაიდენმა.

“კონსილიუმის გადაწყვეტილებას საზიგადოებას წარვუდგენთ” – სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილზე

თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე, როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად მის საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოადგილე პერიოდულად, პირადად ეცნობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს ექიმების კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად მიხეილ სააკაშვილთან შედის და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. გარდა ამისა, პერიოდულად მასთან შედის ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი და ეცნობა ვითარებას „ვივამედში“. ამავდროულად, ჩვენ რეგულარულად ვითხოვთ დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ასევე ვუგზავნით ექიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს ის სპეციალური ცოდნა, რომელსაც შეიძლება ჩვენი მოსაზრებები დავაყრდნოთ. ამასთან დაკავშირებით, თუ კონსილიუმის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება, ჩვენ ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, ისევე როგორც საპირისპირო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ხონში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.

„სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაავადების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. შედეგად,

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს.

ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.

კარანტინი, დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

მხარს ვუჭერთ საქართველოს, მოაგვაროს კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

„ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, რომ საკუთარი თვალით მენახა, რა ხდება ადგილზე, როგორი გავლენა აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რუსეთის უკანონო ოკუპაციას აქ. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ აქ ყველაფერი მშვიდად ჩანს, მაგრამ ასევე მაწუხებს ადამიანების მდგომარეობა ამ პირობებში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედების გზა არის, მოიძებნოს მშვიდობიანი გზა სხვადასხვა პრობლემისა და კრიზისის მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენს წინაშეა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა პია კაუმამ.

„საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე  გადაწყვიტა?!“

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე  გადაწყვიტა?!“ (ავტორი – ზ.რასულზადე), რომელშიც გაკრიტიკებულია და საყვედურია გამოთქმული საქართველოს მთავრობის მიმართ, ფრანგული წარმოების სომხეთის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტით გატარების გამო.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში საფრანგეთი სწრაფად ზრდის შეიარაღების ექსპორტის მოცულობას და ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ხდება. უეჭველია, პარიზის მიერ ერევნისათვის სამხედრო ტექნიკის გაგზავნა ხელს შეუწყობს რეგიონში სომხეთის დესტრუქციულ მოქმედებას – იმ ქვეყნისა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორია და დღემდე არ შეუწყვეტია აგრესიული რიტორიკა.  სამწუხაროა, რომ საფრანგეთი აგრესორს მფარველობს.

მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომხეთის დახმარებაში საქართველოც ჩაერთო. ფრანგული ჯავშანავტომობილების – „ბასტიონების“ (Bastion) სომხეთში გაგზავნაში, პრინციპში, ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა, ერთი გარემოების გარდა – სომხეთისაკენ ამ ტვირთმა საქართველოს ნავსადგურის ფოთის მეშვეობით ჩააღწია, ანუ ოფიციალურმა თბილისმა თანხმობა მისცა სომხეთისათვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტზე თავის ტერიტორიის გავლით. რასაკვირველია, შეიძლება ჩვენმა მეზობელმა რაღაც ვერსიები მოიგონოს, თუ რატომ მოხდა ასე. სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში გადაწყვიტეს ასეთი მეთოდებით „აანაზღაურონ“ რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მით უმეტეს, რომ თბილისი ვერ ბედავს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში დაბადებული…

ასეა თუ ისე, თუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს გერმანიასთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები (ბერლინის კედლის დანგრევაში მის მიერ შეტანილი წვლილის გამო), ახლა უკვე, როგორც ჩანს, თბილისმა პარიზთან გააბა ახლო კავშირები, რაშიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს საფრანგეთის ელჩიც ასრულებს. არადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი თვითონაა და არა ფრანგი ელჩი. საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ თბილისმა სწორედ ბაქოს დახმარებით გაუძლო მოსკოვის ენერგეტიკულ შანტაჟს. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციები – მილსადენები, რკინიგზები – უზრუნველყოფენ ქართული ეკონომიკის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რატომ შეჩერდა რუსეთის ჯარების წინსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 10 კილომეტრის დაშორებით… საეჭვოა, რომ თბილისი ვერ აცნობიერებდეს, თუ რამდენ სარგებლობას აძლევს (პირდაპირ და ირიბად) აზერბაიჯანთან თანამშრომლობა – სატრანზიტო ბაჟების, პირდაპირი ინვესტიციებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის ჩათვლით.

და ამ ფონზე როგორ უნდა გავიგოთ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი? „მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა?“ თუ თბილისს, აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე, საფრანგეთის წინაშე ნდობის მოპოვება სურს?

ვარაუდები ბევრია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თვით საქართველოს ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს, მათ შორის ზოგიერთი არასასიამოვნო გარემოების გათვალისწინებით: სომხეთს, სხვათა შორის, პრეტენზიები აქვს  საქართველოს ტერიტორიის მიმართაც…“.

წყარო

სი ძინპინმა ჯო ბაიდენს მოუწოდა შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება – CNN

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს “რეალური ზომები, რათა შეასრულოს თავისი ვალდებულება და არ დაუჭიროს მხარი “ტაივანის დამოუკიდებლობას”. იუწყება CNN

ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება და მხარი დაუჭიროს ჩინეთის “მშვიდობიან გაერთიანებას”.

“ჩინეთი საბოლოოდ მიაღწევს გარდაუვალ გაერთიანებას,” – თქვა სიმ.

ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანის თემა ყოველთვის იყო “ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი” აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.

CNN აღნიშნავს, რომ ტაივანი იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რა დროსაც „ჩინეთთან დაძაბულობა კამპანიის მთავარი თემა იქნება“.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს. სიმ პირობა დადო, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება არ გამორიცხა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.