Home Blog Page 1989

“ზელენსკი აცხადებს „მესამე მაიდნის“ საფრთხეზე, რომელსაც ვითომდა პროვოცირებს კრემლი” – ალექსეი არესტოვიჩი

ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინა სერიოზულ კრიზისში იმყოფება.

მისი განცხადებით, ზელენსკის საუბარი „მესამე მაიდნის“ საფრთხის შესახებ ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“.

„უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ბოლო ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გაუძლოს უკრაინამ ეკონომიკურად აშშ-ის დახმარების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძლევადია ეს ამოცანა? გარკვეულ დონემდე ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის იმედი, თუმცა ეს მხარდაჭერა, ძირითადად, ფინანსურია, ევროკავშირის ტექნოლოგიური სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფენ თავდაცვის ძალებისთვის აუცილებელი შეიარაღების ნაკადს. დღესვე პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს „მესამე მაიდანის“ საფრთხის შესახებ, რომელსაც ვითომდა პროვოცირებს კრემლი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“. სტრატეგიის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილებების სივრცე უნდა იზრდებოდეს ან (არახელსაყრელ გარემოებებში) არ მცირდებოდეს მაინც. ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე (ჩვენ კი კრიზისში ვიმყოფებით – თანაც როგორში) სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს“, – წერს არესტოვიჩი.

“იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს დაგიორგანიზებთ” – რატი ბრეგაძე თინა ბოკუჩავას

ქალბატონო თინა, მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია და ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ – დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ოპოზიციონერები კონსტრუქციულად საუბარს ვერ მიეჩვივნენ და უზრდელურ ეპითეტებს იყენებენ.

„ამდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა ასე როგორ მოახერხეთ?! მე თქვენთვის ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა თქვენ ახლა ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებითაც გეტყვით პირდაპირ – ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა. ასევე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც მისი მოქმედებების შედეგად, ევროკომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის საბჭოს წინაშე რეკომენდაცია გაეწია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ.

ქალბატონო თინა, თქვენი გამონათქვამი ახლა რასაც ამბობთ, არის უზრდელობა, პირდაპირ გეუბნებით და სირცხვილია, რომ ქალი ესეთ სიტყვებს კადრულობთ. ახლა მე არ შემოგყვებით ამაში, არ მინდა შემოგყვეთ ამ საუბარში, ეს არის უზრდელობა. იმედია, მედია აფიქსირებს თქვენს გამუდმებულ შეძახილებს – „მონა, მონა“. თქვენ სხვა არაფერი შეგიძლიათ ქალბატონო თინა, გეტყობათ. მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. დაასრულეთ, პარალელურ რეჟიმში ნუ საუბრობთ, ვერ გადაფარავთ, მიჩვეული ხართ ნასწავლი გაქვთ. გაჩუმდით.

ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ უზრდელურ ეპითეტებს. დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ [ხაჯიშვილს] გაჩუქებთ წამზომს, რათა ტყუილებით არ ისაუბროთ. დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი მოწოდება იქნება. ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. სირცხვილია, ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც საუბრობთ”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავამ მინისტრს ასე მიმართა: „თქვენ და თქვენი მთავრობის სტანდარტითაც ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სიმულანტად მოიხსენიებდით და ყოვლად ამორალურ განცხადებებს აკეთებდით მისი ჯანმრთელობის შესახებ”.

“ბოლო რამდენიმე დღეა სხვა გზავნილის გაჟღერება დაგავალეს და ამასაც ჩვეული მონური მორჩილებით ასრულებთ. ახლა ირწმუნებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია და მისი რუსთავის ციხეში გადაყვანით იმუქრებით. თქვენი უსაგნო და უგვანო მუქარის არავის ეშინია, ბატონო რატი, მაგრამ ერთ კითხვა ნამდვილად მაქვს – თუ წარსულში ადამიანი სიმულანტობდა და სინამდვილეში თავს ყოველთვის გადასარევად გრძნობდა ახლა რა გაუმჯობესებაზე გველაპარაკებით? ტყუოდით წარსულში და ტყუით ახლაც და ასეთ მატყუარად დაგიმახსოვრებთ ქართველი ხალხი,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

როგორც მან ვაკის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახლა არ არის დაპირისპირებისა და დაყოფის დრო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გაერთიანება, „მაშინ საქმე ცუდად არის“.

„ამ ადამიანების ისტორია ჩვენს ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, სხვანაირად ჩვენ ვერ გავზრდით მომავალ თაობას, რომელიც რეალურად დაიცავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და გააძლიერებს მას. ეს ამ ქვეყანას ნამდვილად გახდის ისეთ ძლიერს და ისეთ მისაბაძს, როგორიც ჩვენ ყველას გვსურს და როგორიც სურდათ მათ, ვინც იბრძოდნენ. ეს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ ყველანი პატივს უნდა მივაგებდეთ. მგონია, რომ დღეს ეს უნდა ყოფილიყო ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არ არის დაყოფის, დაპირისპირების დღე. აქ არანაირი პოლიტიკური, იდეოლოგიური ან სხვა ფორმის მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარსულზე, მომავალზე გაერთიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ვაკის პარკში განთავსდეს ყველა იმ მებრძოლის და გმირის მემორიალი, ვინც სამშობლოს შეეწირნენ.

„მინდა გავიხსენო ის შემოთავაზება, რაც მაქვს და ჯერ პასუხი არ მიმიღია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ აქაც ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მე თუ არ მივიღებ, საზოგადოება მიიღებს. მგონი, ვაკის პარკი, სადაც არსებობს უკვე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი, ამ მემორიალის ხეივანზე ცალ-ცალკე და ერთად უნდა გაერთიანდეს ყველა მემორიალი იმიტომ, რომ როდესაც ბავშვები ვაკის პარკში შემოვლენ, მხოლოდ სათამაშოებისკენ კი არ უნდა იხედებოდნენ, უნდა გაიცნონ და ისწავლონ, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ის მთავარი ფურცელი, რითაც დღემდე მოვედით. ეს რომ ვიცით და ვხედავთ, მერე ვგრძნობთ, რომ ჩვენ სხვა გზა და სხვა ვალდებულება არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად და გავუძლოთ ყველა მტერს, როგორც გუშინ გაუძლეს, თუნდაც სიკვდილით, მაგრამ გავუძლოთ ყველა მტერს მომავლისთვის”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

“ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა” – ანა წითლიძე

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს – ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ სრულ ისტერიკაში არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლევან მგალობლიშვილს სანქცია უნდა დაუწესდეს და ის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმდეს.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქალ დეპუტატებთან შეუძლიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა – ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა მგალობლიშვილს. ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ არ აქვთ კითხვებზე პასუხები. ამით აჩვენებენ იმას, რომ არიან სრულ ისტერიკაში. თუ ეს არის პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ ის არის, რომ დაუწესოს სანქცია. ოპოზიციონერ დეპუტატებს ისე უწესებენ სანქციებს, როგორც უნდათ, მათ შორის, ფინანსურს. ამიტომ მგალობლიშვილს უნდა დაუწესონ სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მან იკადრა დარბაზში და ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ალკოჰოლურ ტესტზე“, – განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას შეურაცხმყოფელი რეპლიკით მიმართა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9327 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი, რომ სულ ამ თხოვნაში ვართ, გაყვანილი იყოს უცხოეთის ჯარები და დაგვიბრუნდეს ტერიტორიული მთლიანობა”

როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი, რომ სულ ამ თხოვნაში ვართ, რომ გაყვანილი იყოს ჩვენი ტერიტორიიდან უცხოეთის ჯარები და დაგვიბრუნდეს ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ვაკის პარკში“ განაცხადა, სადაც ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადების გამო ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა მემორიალთან იმყოფებოდა.

ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი „სამხედრო ცენტრის“ წევრების მემორიალთან სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას არ იცნობს, თავის ისტორიას სათანადო პატივს არ სცემს, ნელ-ნელა კარგავს იდენტობას და სულიერ ძალას.

„100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, „ვაკის პარკში“, ზუსტად რომელ ადგილას, მე მგონი, არავის ახსოვს და არ არის დანიშნული ეს ადგილი, დახვრიტეს ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ გვახსოვს იუნკრების უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც შემდეგ მოჰყვა თბილისში საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების შემოსვლა და რომლის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, გახდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, მაგრამ ამას შემდგომ მოჰყვა და ჩვენ ამ ნაწილს ნაკლებად ვიხსენებთ, ამას შემდგომ მოჰყვა საზოგადოების პროტესტი. სხვათა შორის, ეს პროტესტი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებით დაიწყო, იქ იყო პირველი საზოგადოებრივი გამოსვლები და პროტესტი. ეს მუხტი იმდენად დიდი იყო, რომ იმ დროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ 26 მაისის აკრძალვა ვერ გაბედა, პირველ წელს, 1922 წელს. შემდგომ კი, 26 მაისის არა თუ აკრძალვა, არამედ, როგორც ვიცით, ხსენებაც ნებადართული არ იყო. 1922 წელს ეს მუხტი მთელს საქართველოში გაიშალა, ჯერ დაიწყო სვანეთით, ცნობილია სვანეთის აჯანყება, შემდეგ მოჰყვა რაჭა-ლეჩხუმის პროტესტი, შემდგომ გაიშალა დიდ ქალაქებზე- თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და არა მხოლოდ. ამ დროს, პატრიარქი ამბროსი ხელაია მიმართავს გენუის კონფერენციას და იქ, საჯაროდ ითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანას. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ბედი, რომ სულ ამ თხოვნაში ვართ, რომ გაყვანილი იყოს ჩვენი ტერიტორიიდან უცხოეთის ჯარები და ჩვენ დაგვიბრუნდეს, საქართველოს დაუბრუნდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამ დროს, 1922 წელს იქმნება სამხედრო ცენტრი, ერთი მხრივ და დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიან იმ დროინდელი პოლიტიკური პარტიები და ეს სამხედრო ცენტრიც ამისი ნაწილი ხდება და ეს ჯგუფი ამზადებს მთავარ აჯანყებას. ეს არის ის მთავარი საფუძველი, როს გამოც აქ, ვაკის პარკში, 1923 წლის 21 მაისს, დილის 04:30 საათზე ის 15 პიროვნება, დახვრიტეს რომლებსაც დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ. მგონია, რომ ეს პიროვნებები ჩვენს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ისინი არიან სიმბოლო იმ გაგრძელებული ბრძოლისა, რომელიც შემდეგ წლების მანძილზე გაიშალა, ამ ბრძოლის სხვადასხვა ძლიერი ეპიზოდები იყო, იმ სულისკვეთების, რომ საზოგადოებამ, თითოეულმა ქართველმა, არცერთმა არ დაკარგა იმედი, რომ დამოუკიდებლობის, თავისუფლების დრო დაბრუნდებოდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიმართ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ მათ, როგორც დღეს გადავცემთ მათ შთამომავლობას ეროვნული გმირის წოდებას და ამას საზოგადოებას ვაცნობთ, არამედ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მათი სახელები ვიცოდეთ, მათი ისტორია ვიცოდეთ და რაც მთავარია, მომავალ თაობებს მათი ისტორია გადავცეთ. ქვეყანა, რომელიც რომელიც თავის ისტორიას არ იცნობს, თავის ისტორიას სათანადო პატივს არ სცემს, ნელ-ნელა კარგავს თავის იდენტობას და სულიერ ძალას. ჩვენ გვაქვს ბევრი პრეტენზია იდენტობაზე, კულტურაზე, დიდ მომავალზე და დიდ წარსულზე, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, სწორედ იმაზე, თუ რამდენად ვიცით ჩვენი ისტორია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის სხდომაზე ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ,მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

„რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საჩივრებს, პირველად 2022 წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მასთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობდა ადამიანის უფლებები დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება. ბექა ძამაშვილს ვთხოვ, რომ ამობეჭდოს გადაწყვეტილება ახლავე, მარკერით გახაზეთ და თუკი რომელიმე სიტყვა, რომელსაც ვამბობ არ შეესაბამება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მერე გააკეთოს თინა ბოკუჩავამ განცხადება. დამშვიდდით, ქალბატონო თინათინ, რატომ ღელავთ ასე ძალიან?!“- განაცხადა მინისტრმა გამოსვლისას. რატი ბრეგაძის ამ განცხადებას, თინა ბოკუჩავამ სიცრუე უწოდა და მინისტრს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.

მათივე ცნობით, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

სემეკში Energy Community-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებლები, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესზე, ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს შემუშავებული. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

“განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ეფექტიანობისთვის 9 სარეაბილიტაციო პროგრამა განახლდა”

განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ეფექტიანობისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 9 სარეაბილიტაციო პროგრამა განაახლა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამებია: დანაშაულის გააზრების პროგრამები სრულწლოვანებისა და არასრულწლოვნებისთვის; ემოციების რეგულაცია; რელაფსის პრევენცია; ცხოვრების ჯანსაღი წესი; სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა; მომავლის დაგეგმვა; ბიბლიოთერაპია; ინტერპერსონალური კომუნიკაცია; თანასწორობის პროგრამა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში ბრეგაძემ ისაუბრა, სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსზე ისაუბრა, რომლის მიზანია არასრულწლოვნებში რთული ქცევის დროულად გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირებაა.

მისი თქმით, სკოლებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, მუშაობს სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსის პროგრამაზე.

მინისტრის ინფორმაციით, ეს პროგრამა სკოლის პედაგოგებსა და პერსონალს მისცემს საშუალებას, შეიძინონ უნარ-ჩვევები, რათა დროულად მოახდინონ არასრულწლოვნებში რთული ქცევის გამოვლენა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან კოორდინაციით, მათზე სათანადო რეაგირება.

„თიბისი“ ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით POS ტერმინალების ქეშბექ კამპანიას იწყებს

„თიბისი“ POS ტერმინალების „ქეშბექ“ აქციას 31 დეკემბრის ჩათვლით იწყებს, რომლის ფარგლებშიც იმ „მერჩანტებს“, რომლებსაც არ აქვთ „თიბისის“ ტერმინალი და ამ პერიოდში აიღებენ, საკომისიოს თანხის 1% „ქეშბექის“ სახით დაუბრუნდებათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციის მიზანია, კომპანიებში ტრანზაქციულად აქტიური POS ტერმინალების რაოდენობა და ბრუნვის მოცულობა გაიზარდოს.

„კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს გადასახადის გადამხდელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალით და აქციის პერიოდში ისარგებლებენ აღნიშნული პროდუქტით სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი. კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალით, თუმცა, არ ჰქონიათ ტრანზაქციული ბრუნვა ოქტომბრის თვეში და სარგებლობენ სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი.

სტანდარტული ტარიფები იხილეთ აქ: https://tbcpayments.ge/pos

კამპანიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: თუ გაქვს კომპანია და არ სარგებლობ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალებით, შეუკვეთე „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალი 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღე საბარათე გადახდები და დაიბრუნე „თიბისი“ ბანკის ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%; აუცილებელი პირობაა, რომ კამპანიის მოქმედების პერიოდში (ნოემბერი/დეკემბერი), „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალის თვიური ბრუნვა არ იყოს 3000 ლარზე ნაკლები.

კამპანიაში მონაწილე კომპანია უნდა სარგებლობდეს რომელიმე ბიზნეს ნაკრებით ( სტარტაპერი, ყვითელი, ლურჯი, იასამნისფერი).

აქციის პერიოდში, კომპანიები მიიღებენ შემდეგ სარგებელს: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალებით და კამპანიის პერიოდში მოითხოვენ POS ტერმინალის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თვეში ტერმინალის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3,000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე.

ხოლო ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „თიბისი“ ბანკის POS ტერმინალ(ებ)ით, თუმცა არ ჰქონიათ ბრუნვა არცერთ ტერმინალზე ოქტომბრის თვეში და აქციის პერიოდში გააქტიურდებიან იმდაგვარად, რომ ტერმინალის თვის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნისას საქართველოს მოქალაქეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის იდევნება”

საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა, ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება – ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე ისაუბრა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„გერმანიის მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად კლასიფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების საფუძველზე, მოქალაქეების სისტემატური დევნა არ ხდება. ახლა ეს წინადადება ჩვენს პარლამენტში გადის და მალე კანონი გახდება. საქართველო შეუერთდება ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებსაც ჩვენ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის პროცედურები გაცილებით სწრაფი იქნება. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის პროცედურების გავლისას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ინდივიდი იდევნება და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ეს ასე არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ ამ ადამიანებს გერმანიის დატოვება მოუწევთ და თუ ისინი გერმანიას არ დატოვებენ, მაშინ მათი დეპორტაცია მოხდება. ამის უკან არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ რასაც ჩვენ აღიარების მაჩვენებელს ვეძახით, ძალიან დაბალი, ორ პროცენტზე ნაკლებია. ასე რომ, ყველა იმ ქართველიდან, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, მას მხოლოდ ორ პროცენტზე ნაკლები იღებს. შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების უვიზოდ იმაზე დიდხანს დარჩენა, ვიდრე ეს ნებადართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გერმანიაში ქართველებს მივესალმებით. ბევრი ქართველი ჩამოდის გერმანიაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად. გერმანიაში ჩამოსასვლელად ლეგალური გზა არსებობს და თქვენ იცით, რომ შესაძლებელია გერმანიაში უვიზოდ მიმოსვლა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ ჩვენი თავშესაფრის სისტემა უფრო მართვადი გავხადოთ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ჩვენ ხალხი მთელი მსოფლიოდან გვყავს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. პროცედურებს დიდი დრო სჭირდება და ბევრი ადამიანი თავშესაფარს ვერ იღებს, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოში არ იდევნებიან, მაგრამ გერმანიაში მაინც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან, რაც პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ, საქართველოს, როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კლასიფიკაცია მალე მოხდება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.