Home Blog Page 1979

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7048 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7048 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7048 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტი 300 ლარიდან 700 ლარამდე გაიზარდოს, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

პარტია „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტის 300 -დან 700 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„საბაჟო გადასახადზე დაწესებულია ძალიან დაბალი ზღვარი. ჩვენ ამ ზღვრის გაზრდას 700 ლარამდე დიდი ხანია ვითხოვთ. კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.

ჩვენ ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ზოგადად, მთავრობა და ე.წ ,,რითეილის“ ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამას ეწინააღმდეგებიან. თუმცა ამ ინიციატივას ემხრობა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ონლაინ გამოწერებით. რა არჩევანს უტოვებს სახელმწიფო ამ ადამიანებს? უნდა გაატყავოს, იმიტომ, რომ მოლში ვიღაცამ არაადეკვატურად მაღალ ფასად გაყიდოს მისი შემოტანილი პროდუქცია?

ონლაინ გამოწერებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში და ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადეკვატური პირობებით სარგებლობა. 300 – ლარიანი ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდა ლოგიკური და სამართლიანია!“, – აცხადებს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიმიტის დაწესებიდან გავიდა 13 წელი და დაწესებული 300 – ლარიანი ლიმიტი ვერ პასუხობს ლარის კურსის გაუფასურებით განსაზღვრულ გამოწვევებს.

„დღეს არსებული კანონმდებლობით გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარზე ნაკლებია, ხოლო თუ გზავნილის ღირებულება აჭარბებს 300 ლარს, პირი ვალდებულია განაბაჟოს გზავნილი და გადაიხადოს განბაჟების ღირებულება, რაც წარმოადგენს გზავნილის/ამანათის ღირებულების 18%-ს. ლიმიტი დაწესდა 2009 წელს, როდესაც ლარის კურსის თანაფარდობა აშშ დოლართან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იყო – დაახლოებით 1 აშშ დოლარი -1.66 ლარი; ლიმიტის დაწესებიდან გავიდა 13 წელი და დაწესებული 300 ლარიანი ლიმიტი ვერ პასუხობს ლარის კურსის გაუფასურებით განსაზღვრულ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლამდე ლიმიტი წარმოადგენდა 1 500 ლარს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებას მხარს ოპოზიცია უჭერდა, თუმცა ხელისუფლებამ კომიტეტებზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებზე განიხილეს.

ინიციატივა გულისხმობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რათა გადასახადისგან გათავისუფლდეს 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილები და მცირე მნიშვნელობის ტვირთი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელმა ღაზაში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა

ისრაელმა ღაზას სექტორში ღამით დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

„სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ჩვენი აქტივობა იქ მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჰამასის პოზიციებისკენ მიიწევდნენ, დაჯგუფების ათობით შეიარაღებული მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. მან ტაქტიკური მანევრის ერთ სახეობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვახორციელებთ გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ჯარები, ტანკები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა მოძრაობენ ტერორისტებისკენ, რომლებიც პოზიციებს იკავებენ ამა თუ იმ კომპლექსში ჩვენზე თავდასხმის მცდელობის მიზნით. შემდეგ მათ ჰაერიდან ვესხმით თავს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ.

სალომე ზურაბიშვილი მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს არათუ კითხვები არ აქვს, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც იყო ერთადერთი პარტია საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელსაც თავის საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა, რომ 2024 წლისთვის გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, როდესაც სხვა პარტიებს ეს საქილიკოდ ჰქონდათ, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰქონოდა ევროპული პერსპექტივა ასე ახლოს. ეს ის პარტიაა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ეს გეგმა. სწორედ ჩვენი საარჩევნო დანაპირები იყო ამ განაცხადის გაკეთება, ეს განაცხადი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წინაც წავალთ და უკვე კანდიდატის სტატუსიც გვექნება მიმდინარე წელს. პრეზიდენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა მისი საუბრების შინაარსი სხვადასხვა ვიზიტის დროს, ასეთ რაღაცებს თუ საუბრობს, დახურულ კარს მიღმა ალბათ კიდევ უფრო მეტს საუბრობს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ იყო აღიარება იმისა, რომ, გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად არღვევდა კონსტიტუციას, ის შინაარსობრივადაც ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია 78-ე მუხლის წინააღმდეგ. „ჩვენი ამოცანა არ არის, დავარწმუნოთ სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ქართველი ხალხი. სწორედ ამ დარწმუნებით ქართველმა ხალხმა 2020 წელს მისცა ჩვენს საარჩევნო პროგრამას ხმა, რომლის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და სწორედ ამ მთავარ საარჩევნო მიზანს ვასრულებთ ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გორგასლის ქუჩაზე ელგუჯა ამაშუკელის ბიუსტი გაიხსნა

ვახტანგ გორგასლის ქ. N3-ში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

„ჩვენს ქვეყანას ელგუჯა ამაშუკელის ძალიან ბევრი ნამუშევარი დარჩა. თბილისი ამ მიმართულებით განსაკუთრებით არის განებივრებული. ვეფხი და მოყმის ძეგლი და ქართლის დედა ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრებია, რომლებიც გაიგივდა თბილისის იდენტობასთან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნა ბიუსტი, რომელიც ამ დიდ ადამიანს მიაგებს პატივს. მინდა, მადლობა გადავუხადო ძეგლისა და იდეის ავტორს, ვახტანგ დავითაიას, ასევე, გელა ზაქარაიას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

უწყების ცნობითვე, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია შესაბამისმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს გასცა.

„მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შესრულებული ბრინჯაოს ნამუშევარი, რომელიც მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა, არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განთავსდა.

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 455 ლარი დაიხარჯა.

ბიუსტის გახსნას კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები ლევან ჯაფარიძე და კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები 9 ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან  სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს,  დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინის და ცაიშის ქუჩების გავლით  დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის ქ. N147.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი 9 ძმის ქ. N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდეს და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ.

საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ შესაბამისის ნებართვები შეუჩერდათ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ.

ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეიქმნას.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ – განაცხადა მინისტრმა.

“პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, არ იღებდა” – თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს

პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა – სრულიად გაუმართლებელია თქვენი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია და მასთან პირადი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია.

„სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. თქვენ არაერთხელ მოგმართეთ, მათ შორს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით და ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის. არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, განმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პუტინი დაღესტანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ „დასავლეთის მცდელობებს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საზოგადოების გახლეჩად გამოიყენოს“.

„პრეზიდენტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და აქცევს ამ თემას. გასულ კვირას მან შეხვედრა გამართა რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, სადაც ეს თემა განიხილეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.

შეხვედრას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე ალექსანდრე გოროვოი დაესწრებიან.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 60 პირი დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია.

“დივერსიაზე ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს”

დივერსიაზე ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

„მინისტრთა კაბინეტის წევრებმა [მთავრობის სხდომაზე] განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია -დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელი, „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის, შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის, 23 წლის შანი ლუკის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შანი ლუკი „ნოვას” მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.