Home Blog Page 1977

“საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოსთან მიმართებით”

საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„მინდა, დავაზუსტო, როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე, აქ საუბარია, რომ ძალიან დიდი გაერთიანებაა ევროკავშირი, რომელიც აკეთებს განცხადებებს მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენაზე, ომზე თუ უამრავ გამოწვევაზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე, ბოლო წლების განმავლობაში და ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ავიღებთ, საქართველოს აქვს 87 პროცენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქმის 50%-ზე ვართ მიერთებული და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში, გვაძლევს იმის დამატებით განხილვების აუცილებლობას, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით. მათ იციან ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა და საქართველო გააგრძელებს, მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომელიც აქვს ევროკავშირს მსოფლიოსთან მიმართებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“სამტრედიის ხიდზე ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა დრო სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის”

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა სამტრედია-გრიგოლეთის გზას და იქ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მონაკვეთი შედგება ოთხი ლოტისგან. აქედან მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია.

„რაც შეეხება მე-3 ლოტს, შეწყვეტილი ხელშეკრულების მიუხედავად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარმატებით ვაწარმოეთ საარბიტრაჟო დავა და მოვიგეთ, გამოცხადდა ახალი ტენდერი, ახალი კონტრაქტორი გამოვლენილია და დღეს მიმდინარეობს იქ სამუშაოები. პირველ მონაკვეთზე ორი შეწყვეტილი ხელშეკრულებაა. პირველ შემთხვევაში, ეს იყო კომპანია „ალტკომი“, მეორე შემთხვევაში – კომპანია „აკორდი““, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს. რაც შეეხება პირველ ლოტს, სადაც მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რამაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, მიზეზების დასადგენად ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელსაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

მინისტრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესწავლის შედეგად, დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, დეპარტამენტი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაგეგმავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

ქარსელაძის განცხადებით, ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის.

“ინოვაციების ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და დამატებით სარგებელს მოუტანს მის ეკონომიკას და ბიუჯეტს” – მარიამ ქვრივიშვილი

„სტარტაპერებს ჰქონდათ საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელების შედეგად შეძლებენ შესთავაზონ ინოვაციური სერვისები სხვადასხვა სექტორში მომხმარებელს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს მთავრობა, ჩვენი სამინისტრო ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. გვჯერა, რომ ინოვაციების ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და დამატებით სარგებელს მოუტანს მის ეკონომიკას და ბიუჯეტს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. სტარტაპერებს გამარჯვება ასევე მიულოცა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.

150,000 – ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის რიგით მე-11 ეტაპზე 20-მა სტარტაპმა გაიმარჯვა. მათი განაცხადები საუკეთესო იყო 411 ინოვაციურ იდეას შორის. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

150,000 – ლარიანი თანადაფინანსების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოისმინეს.

აღინიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტით იზრდება სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, პედაგოგთა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ასევე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე სამუშაო რეჟიმში განიხილეს ასევე მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულების შედეგები და 2024 წლისთვის ახალი პროექტები და ეკონომიკური ინიციატივები.

ლუგელას ხეობაში გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

“ენჯეოებმაც” შეიტყვეს რა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა” – ზურაბ ქადაგიძე

არასამთავრობო სექტორის მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯს, რომლის მიხედვითაც მათ ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება.

როგორც ის წერს, სტატუსის მონიჭება დიდი ალბათობით გადაწყვეტილია და ეს მთლიანად ხელისუფლების დამსახურებაა.

„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! 170 კი არა, 250 ორგანიზაცია რომ გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით…

იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, აზრი არ აქვს, ეგ წერილები და ხმამაღალი მოწოდებები ერთი წლის წინაც შეგეძლოთ, ექვსი თვის და სამი კვირის წინაც, მაგრამ ახლა უკვე თქვენმა მატარებელმა ჩაიქროლა. იმიტომ, რომ ერთი ჭეშმარიტება არსებობს – პრემიერისა და ოცნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შემდეგ გადაწყდა სტატუსის საკითხი. დიახ, ხელისუფლებამ მიიღო დასავლეთისგან დაპირება იმ გადაწყვეტილების მაღალი ალბათობისა, რომ საქართველო მიიღებს სტატუს.

ამ ვიზიტების შემდეგ, როდესაც გახდა ცნობილი, რომ საქართველო სტატუს მიიღებს, გამოეფინნენ დეკანოიძე-სამნიძეები და მოღალატეების ძებნა დაიწყეს საკუთარ პარტიებში, გახარიებმა და ათასი რჯულის თაღლითებმა შეცვალეს რიტორიკა და სხვა ტალღაზე აჭიკჭიკდნენ. ამ საცოდავმა „ენჯეოებმაც” შეიტყვეს რა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა. ჰოდა, უსამშობლოთა გასაგონად, სტატუსის მაღალი ალბათობა, ხელისუფლების დამსახურებაა, მათი პირადი კომუნიკაციებით მიღებული დაპირება.

ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული ოცნების ძალისხმევა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს კანდიდატი ქვეყანა, ოღონდ საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ორფეხზე მყარად დგომითა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, არის მხოლოდ მთავრობისა და მის გვერდით მდგომი საზოგადოების დამსახურება! ახლა, გინდ იქით გადაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდით და ხან აქეთ გადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდით, რეალობას ვერ შეცვლით. სტატუსის მიღება კი, თქვენს პოლიტიკურ პერსპექტივაზე, ბოლო ლურსმანი იქნება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კომპანია „რიპლი“ გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია „რიპლი“ (Ripple) გახდა.

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა.

„კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტებისა და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.

„მოხარული ვართ, რომ ყველა მონაწილე კომპანიის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, Ripple ჩვენი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ოფიციალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად შევარჩიეთ. კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი მისი შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილების გამო შეაჩერა. მოუთმენლად ველით Ripple-თან ერთად მუშაობის გაგრძელებას, ყველა სხვა მონაწილე კომპანიას კი მადლობას ვუხდით შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება იმ წამყვან ქვეყნებს, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს ეკონომიკის გაციფრულებისთვის.

„Ripple-ის CBDC პლატფორმის გამოყენებით, საპილოტე პროექტი შესაძლებელს გახდის საჯარო და კერძო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, გავაძლიეროთ ინოვაციების დანერგვა, რაც საჯარო უწყებებში გააძლიერებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას“, – აღნიშნა ჯეიმს უოლისმა.

ციფრული ლარის პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.

“მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და საქართველომ ვიმუშაოთ ერთად” – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მაქსიმალურად ახლოსაა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა გვაქვს ჩვენი გამოწვევები, მათ შორის რომელიც უკავშირდება ეროვნულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ პოლიტიკასთან, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც კრიშიანის კარინში აღნიშნავს: „ჩვენ ვართ ღირებულებების კავშირი. გვაქვს ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და თუ გვექნება კლუბი, რომელიც იცავს სანქციებს, მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, შემოგვიერთდეს კლუბში, ასევე დაამტკიცოს ეს სანქციები და მტკიცედ დაიცვას წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც გვაქვს ევროკავშირში“.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მომდევნო წლებში ევროკავშირმა და საქართველომ იმუშაონ ერთად, როგორ შეიძლება, შეიქმნას უფრო უსაფრთხო გარემო საქართველოსთვის, რომ მეტად მოხდეს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

„ევროკავშირისთვის საკამოდ მნიშვნელოვანი საკითხია საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთგვარად, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია იყო ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიციების მაკონსოლიდირებელი.  იცით, რომ საქართველო მაქსიმალურად არის ახლოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოწვევები, მათ შორის რომელიც უკავშირდება უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ პოლიტიკასთან, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხევდრაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ევროკავშირმა და საქართველომ ვიმუშაოთ ერთად, როგორ შეიძლება, შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო საქართველოსთვის, რომ მეტად ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამას მხოლოდ საქართველო ვერ გააკეთებს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, სერიოზული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს შევძლოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ისრაელ-ჰამასს შორის ომს 33 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, მინიმუმ 33 ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელ-ჰამასის  კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, დაღუპულთაგან 28 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთ ლიბანელია.

ამავე ინფორმაციით, რვა ჟურნალისტი დაშავდა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება.

სინოდის სხდომა ჩაატარა პატრიარქმა, გადადგომაზე საუბარი უხერხულია-მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სასაზღვრო ზოლში არსებულ ეპარქიებს ეხებოდა.

„სინოდის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ სასაზღვრო ეპარქიებზე. ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია, ზოგის – არა, ჩემი ეპარქიაც სასაზღვრო ზოლშია. ცხადია, მეუფე ისაიამ თავისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე მოგვიყვა. ძირითადად არის ახალგორის რაიონი და მოგვიყვა პრობლემების შესახებ, კომუნიკაციის პრობლემაზე, რადგან იქ ოკუპანტების მიერ საშვებია შემოღებული, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეს თავის მრევლთან, მიუხედავად იმისა, რომ დედათა მონასტერია ახალგორში. მოგვიყვა, რა ვითარებაა ზოგადად, მრევლთან, ტაძრებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ჩვენს ნაგებობაზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ეკლესიის ცოცხალ ნაწილზე. როგორი იქნება სინოდის განჩინება, დასკვნა, ეს ვერსია ცოტა ხანში გამოქვეყნდება და წაიკითხავთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მეუფე შიოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა პატრიარქმა ჩაატარა და ყველა განსახილველი საკითხი მის მიერ იყო დაყენებული.

„სინოდის სხდომა თავიდან ბოლომდე ჩაატარა პატრიარქმა, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, უშუალოდ მან დააყენა, ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არა მარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ის, რომ იშვიათად ტარდება სინოდის სხდომა – ამასწინათ იყო სინოდის სხდომა, მაგრამ მანამდე დიდხანს არ იყო – გარკვეულწილად ეს პატრიარქის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ, წინა სხდომა რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. დღეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარა სხდომა. ფაქტია, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად საღად მართავს ეკლესიას. ალბათ დღევანდელი სინოდის სხდომიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, სინოდის სხდომაზე საუბარი ხომ არ ყოფილა პატრიარქის გადადგომის შესახებ, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა:

„გირჩევთ ყველას, ჟურნალისტებს, ჩვენს მსმენელებს, არასდროს გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან უხერხულია და, მეორე მხრივ, პირდაპირი შეტევაა პატრიარქზე. თავდასხმაა პატრიარქზე, როცა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. პირდაპირ გეუბნებით, ამ თემაზე ლაპარაკი არის შეტევა პატრიარქზე. ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით, ოღონდ საზოგადოებას სულაც არ უნდა ეს. ამიტომ გირჩევთ, არასდროს გაიმეოროთ ეს. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

9 მედალი სომხეთიდან

სომხეთის ქალაქ არტაშაკში, რაზმიკ გოლეციანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს (20-წლამდელებს) შორის, ქართველმა მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ალექსი თოდუა (97 კგ) და გიგა შავაძე (125 კგ) ჩემპიონები გახდნენ.
ნიკა ზანგალაძემ (57 კგ), თორნიკე სამხარაძემ (86 კგ), ვაჩე აბრამიშვილმა (92 კგ) და გიორგი ხუციშვილმა (97 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ლაშა გოგშელიძემ (65 კგ), დავით ქობულაშვილმა (70 კგ) და სანდრო აბრამიშვილმა (125) – მესამე.

საქართველოს ნაკრები სომხეთში მწვრთნელებმა ზურაბ ქალდანმა, ვანო ყვარელაშვილმა და მამუკა ჩაჩუამ ჩაიყვანეს.
ტურნირში ქართველმა მსაჯმა ელენე ტაბლიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

“კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა თბილისთან ახლოს დააკავეს” – რატი ბრეგაძე

ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ ფაქტთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში. თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი პირის დაკავება მოხდა შედარებით ადრე, ორის კი მოგვიანებით.

„ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაული, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან შევიკავებ თავს. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად. ეს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, შემდგომში კიდევ დამატებით დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანური მეთოდებით. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილოს სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარდეს, რადგან ამით მას შეუძლია შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.