Home Blog Page 1976

ბუჩაში და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს ოფიცრებს აშშ-მა სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუს ოფიცრებს, რომლებმაც ბუჩაში და ანდრეევკაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩას ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში დაამატა.

„ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

“ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს” – სტოლტენბერგი

ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი სარეზერვო ძალები სექტემბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა გვქონდეს თუ არა გამუდმებული ზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ შეიქმნას ახალი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან უფრო ფართო რეგიონში. ასე რომ, დიახ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს კოსოვოს ძალების სამშვიდობო მისია, რომელიც მოქმედებს 1999 წლიდან, მოიცავს 4500-ზე მეტ სამხედროს 27 ქვეყნიდან.

“ისრაელი და „ჰამასი“ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან” – „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი

ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს.

„ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, – წერს ჰანიე „ტელეგრამის“ არხზე.

AFP-ის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ პარტიას გამოსავლის სახით, ამას არაფრად აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი -ნიკა მელია

საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გარიცხულიყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მოზომილი ნათქვამი იყო ეს, მაგრამ ამ დროს ვნახეთ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ძალიან აბუჩად იგდებს პარტიის ათიათასობით წევრს და იმუქრება „მგლის ბილეთების“ გადაცემით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, მას აკნინებს, სხვას არავის. ერთობის საკითხი აქტუალურ დღის წესრიგში რატომ დადგა? ე.ი. ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს. როდესაც შეცდომის გამოსწორება გინდა, ეს შეცდომა უნდა აღიარო. როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა, ეს პრობლემა უნდა დაინახო. როდესაც შენ არა თუ კრიზისს, არამედ პრობლემასაც არ აღიარებ პარტიაში, არადა პასუხისმგებელი ხარ პარტიის მენეჯმენტზე, ბუნებრივია, შენ არ გინდა ერთობა. პარტიის 40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ გამოსავლის სახით, არაფრად არ აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი. სურთ თუ არა მათ, ასახონ ხალხის ინტერესი, სურთ თუ არა მათ ხელისუფლების ცვლილება, რეალობის დანახვა ისეთად, როგორიც არის, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგვცეს მენეჯმენტმა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ცხრა თვის მანძილზე ამ ადამიანებს, პარტიის ხლეჩის გარდა, არაფერი უკეთებიათ. თუ რა იდგა ამის უკან, რა განზრახვა, რა შორს მიმავალი გეგმა იყო, მომავალი ამაზე პასუხს გაგვცემს. დღეს ეს ადამიანები იქცევიან ისე, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას, მათ წისქვილზე ასხამს წყალს ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჯერ მანიფესტზე საუბარი არ არის, არავის უნახავს მანიფესტი. აქ საუბარია იმ ნებაზე, რომელსაც არ გამოხატავს მხარე, უკვე ცხრა თვეა“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მენეჯმენტში ერთობის აუცილებლობას არც ხედავენ.

„პრობლემას არ აღიარებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები, მნიშვნელოვანია, ხალხი არ გარბოდეს, მზერა არ ჰქონდეს ხალხს ქვეყნიდან გაქცევაზე. ამას სჭირდება გულწრფელი პოლიტიკის კეთება, თვითმყოფადობა. ამას სჭირდება ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ მე, პოლიტიკოსი, ჩვენ, პოლიტიკოსები თქვენნაირები ვართ, თუ შენ არ ხარ გულწრფელი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი ჟესტი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ჩიხი გადაიქცეს გამზირად, ეს თრომბი გაიხსნას, პარტიის 40 000  ამომრჩეველი ინიციატივას ხელს აწერს. ნაწილობრივ მაინც უნდა გაითვალისწინონ ან უბრალოდ უნდა განიხილონ. არც ერთს აპირებენ, არც მეორეს, მაგრამ ჩვენთვის მიზანი რჩება უცვლელი – პოზიტიური ცვლილებები ამ ქვეყანაში. ეს ცვლილებები ამ ქვეყანაში მოვა ამა თუ იმ გზით, დარწმუნებული ვარ. სადაც იქნება სიმართლე, იქ იქნება ათიათასაობით პატრიოტი ადამიანი. სამწუხაროდ, ეს სიმართლე დღესაც კი დავინახეთ, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს „მგლის ბილეთებით“ ესაუბრებიან“, – განაცხადა მელიამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ნოემბერს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი ვარ-ანტონიო გუტერეში

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშის თქმით, მისი მმართველობის დროს გამოქვეყნებულ ყველა ანგარიშში კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, ცხადი იყო, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ათასობით ბავშვი დაიღუპა, მაშინ როდესაც იემენისა და სირიის კონფლიქტებში ასეულებით მსხვერპლზე იყო საუბარი.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 13 000 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 5 500 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელმა ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა

ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა მეთულის მახლობლად მდებარე, ტერორისტების ობიექტი გაანადგურეს, საიდანაც ისრაელზე შეტევა იგეგმებოდა.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ისრაელისკენ 5 რაკეტა და დანაღმული დრონები გაუშვა.

21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

თუ რუსეთი არ დამარცხდება, კვლავ განახორციელებს თავდასხმას -ანჯეი დუდა

თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დუდას თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როგორც პოლონეთი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს“, – დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეძრწუნებული ვართ ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით -ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით , – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს“, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.

საავადმყოფოზე თავდასხმა დაგმო ინდონეზიამ, რომელიც ღაზაში მდებარე ობიექტს აფინანსებს.

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლო დროს ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწიათ და ახლა შეგიძლიათ, საქმიანი აქტივობა შეამციროთ. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი – დღე ისე გაატარეთ, როგორც გინდათ. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენს განწყობაზე ძალიან მოქმედებენ, ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

კურო

21 ნოემბერს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა რთული იქნება – ნებისმიერ უწყინარ შენიშვნას ან ხუმრობას შეიძლება ჩხუბი მოჰყვეს. ცოტა მოითმინეთ, ხვალ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელმა უსიამოვნებამ ძალიან აგანერვიულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ, მით უმეტეს, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. აკონტროლეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ, რაციონალურად იაზროვნეთ და ეცადეთ, რთული სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პრიორიტეტული ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. გადაწყვეტილებები სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა მიიღოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. ახლა პირად ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა დამატებით პრობლემებს მოგიტანთ, ამიტომ ყველაფერი ძველებურად დატოვეთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი

თუ ურთიერთობებს შეზღუდავთ და განმარტოვდებით, გაცილებით მეტი საკითხის მოგვარებას შეძლებთ და საკუთარი მუშაობის შედეგით კმაყოფილი დარჩებით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. მარტოხელა ლომებს სამსახურებრივი რომანი ელით, რომელიც, კოლეგების გაკიცხვის და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ, განსაკუთრებით – რთულ და მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები, ძირითადად, რუტინული სამუშაოს და მცირე დავალებების შესრულებას გირჩევენ. ყურადღება არ მოადუნოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც თქვენს შემოსავალზე აისახება. გირჩევთ, საქმიან მოლაპარაკებებში პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ და თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

სასწორი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, ეს დღე ნაყოფიერად გაატაროთ. შესაფერისი დროა, რომ დიდ და მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა დაიწყოთ. ეცადეთ, შუა გზაზე არ გაჩერდეთ – ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც თქვენ გსურთ და არა – გარშემო მყოფებს. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დროა იმუნური სისტემის გაძლიერება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა აქტიურ მუშაობასა და მშვიდ ემოციურ მდგომარეობას შორის ბალანსი იპოვოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა. თუ მარტოხელა ხართ და მონათესავე სულს ეძებთ, შეიძლება ვიღაც ძალიან საინტერესო ადამიანი იპოვოთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა

21 ნოემბერს საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ურთიერთობა დაგეძაბოთ. გეჩვენებათ, რომ ახლობლები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და კონფლიქტში გითრევენ. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ თქვენი კოლეგებს უკეთ ესმით, ვიდრე ოჯახის წევრებს. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ექსპერიმენტებს მოერიდოთ და საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოთ. საყვარელ ადამიანებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგიწევთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერი იქნება, ასე რომ, ყველაზე რთული საკითხები საღამოსთვის უნდა შემოინახოთ.

თევზები

ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი გეგმები მოულოდნელად შეიცვლება და მნიშვნელოვანი ღონისძიების გადადება მოგიწევთ. ვარსკვლავები ამით განიშნებენ, რომ მოძრაობის ვექტორი უნდა შეცვალოთ და ყურადღება სხვა საქმეებზე გადაიტანოთ. შეიძლება რომელიმე საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.