Home Blog Page 1970

,,საინტერესოა, პოლარიზაციაზე საუბრისას რომელ შემთხვევებს მოიყვანენ მაგალითებად?”- ჩიბურდანიძე

ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის„ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აგრესია, რომელიც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებისგან მიიღეს, მათივე შექმნილი პოლარიზაციის შედეგია.

„ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. საინტერესოა, პოლარიზაციაზე საუბრისას რომელ შემთხვევებს მოიყვანენ მაგალითებად? იქნება თუ არა მათ ჩამონათვალში ოპოზიციის მიერ ჩადენილი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ძალადობა და „ბულინგი“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ, რაც ხლეჩს და აპირისპირებს საზოგადოებას?

ასევე იქნება თუ არა შენიშვნის სახით მითითებული ის გარემოება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ ამის შესახებ?

მე ამას არ ველი, რადგან პოლარიზაციაც და საზოგადოების განხეთქილებაც სწორედ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი პროექტია. მათი სურვილია, საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი და ამასთანავე, პოლარიზაციის შედეგად მიღებული არეულობით, შეცვალონ ხელისუფლება.

საინტერესო ის არის, რომ პოლარიზაცია, რაც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა შექმნეს საქართველოში, ისევ მათ მიუბრუნდათ ცუდად. ზურა ჯაფარიძის ცემა, ლევან ბერძენიშვილის საჯარო შეურაცხყოფა თუ სხვა, შედეგია უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძისა და მისი სტუდენტების მიმართ მოწყობილი ძალადობრივი ქმედებისა, „ბულინგისა“ და შეურაცხყოფისა; შედეგია, ასევე, პრემიერისა თუ სხვა სახელისუფლებო პირების საჯარო შეურაცხყოფებისა; ოპოზიციური ლიდერების ღია მოწოდებებისა რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, ძალადობაზე და, რაც მთავარია, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებზე.

ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი წყობიდან გამოიყვანონ და პასუხად უფრო ძლიერი ძალადობა მიიღონ. შედეგად კი ევროპიდან გაგვაკრიტიკონ, თითქოსდა დეპოლარიზაციას ხელისუფლება არ ცდილობს.

ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა – ღარიბაშვილი

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩემთვის პატივი და სიამოვნებაა, ვიმყოფებოდე აქ და გულითადად ვულოცავდე მონარქის დაბადების დღეს მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ ისტორიულ დღეს.

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და ჩემი მთავრობის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა 1919 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც სერ ჯონ ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მეგობრობას. ამდენად, მხოლოდ სიმბოლური არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. ამ პლატფორმამ  შესაძლებლობა მოგვცა,  გავაგრძელოთ წინაპართა ტრადიცია და საერთო ინტერესების ირგვლივ გავმართოთ სისტემატური დისკუსიები.

საქართველოში ახლახან იმყოფებოდა მდივანი ჯეიმს ქლევერლი და ამ ვიზიტით დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს მიერ რეგიონისადმი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისადმი ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ჩართულობისათვის და, ჯეროვანი მმართველობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას 2019 წელს მოეწერა ხელი. ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენად იქცა ჩვენს ურთიერთობებში. ამ დოკუმენტით განმტკიცდა ჩვენი პარტნიორობა და შეიქმნა მტკიცე იურიდიული ჩარჩო თანამშრომლობისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ფართო შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

გაერთიანებული სამეფო ყოველთვის გვაძლევდა შესანიშნავ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საუკუნოვანმა ტრადიციებმა კიდევ უფრო გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები ინდივიდის თავისუფლების დათმობის გარეშე. თქვენმა დიდმა კულტურამ და ტრადიციებმა, ისევე როგორც თქვენმა მტკიცე პოზიციამ თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით განაპირობა ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა.

დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ და კარგად ვიცით მეგობრების გვერდში დგომის ფასი. დიდად ვიმედოვნებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ურყევად გააგრძელებს ჩვენს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საქართველო ყოველთვის იცავდა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წყობას და ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო ფუნდამენტურ ნორმებსა და ადამიანის უფლებებს, რადგან ესაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის გარანტი.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სფეროში თავდაცვა და უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილია და მოიცავს ტრადიციულსა და არატრადიციულ მიმართულებებს. დიდად მადლობელი ვართ მისი უდიდებულესობის მთავრობის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.

იმავდროულად, თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის საკვანძო კომპონენტებია, რადგან წამყვან როლს თამაშობს ხანგრძლივი კავშირების დამყარებაში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს და ახალ სამიზნე ორიენტირებს დავსახავთ ჩვენი პარტნიორობის გზაზე, რათა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობისა და ჩვენი ერების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ გულისხმიერად და გულწრფელად ვულოცავ მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს! დაე, მისი მმართველობა დალოცვილი ყოფილიყოს მშვიდობით, კეთილდღეობითა და სიხარულით! ღმერთმა დალოცოს მეფე!“, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.

საზეიმო მიღებას,  რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 21, 24 და 27 ივნისს, 14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება.

,,გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ. აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე“ – ლუკაშენკო

საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე:

„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სხვა რამ და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. “, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით,  რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება იქნება, “ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ, ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის”.

Edison Research – პარტიების პოლიტიკური რეიტინგი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 37%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%
  • საქართველოსთვის – 6%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • ლელო – 4%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
  • დროა – 2%
  • ალტ ინფო – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ხალხის ძალა – 2%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

    ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაცის პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადება ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას.

მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას”- ნათქვამია განცხადებაში.

,,რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოგრჩათ ჰერ თომას”- ხაინდრავა თომას ჰაკერს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის თომას ჰაკერის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც ჰაკერი მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმარს უწოდებს: ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.. ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია – წერს Twitter-ზე გერმანელი დეპუტატი თ.ჰაკერი.

„რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოგრჩათ ჰერ თომას: რუდოლფ ჰესი, ჰერმან გერინგი, მარტინ ბორმანი, ფონ რიბენტროპი, კალტენბრუნერი, როზენბერგი, კეიტელი” – წერს გოგა ხაინდრავა.

 

რუსეთში დენთის უმსხვილეს ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ კოტოვსკში დენთის უმსხვილეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის ზონის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ გარდა დაღუპულებისა, არიან დაშავებულებიც.

რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით, ხანძრის მიზეზი არა ტერორისტული აქტი, არამედ „ადამიანური ფაქტორი“ გახდა.

„ინციდენტის მიუხედავად, ქარხანა აგრძელებს მუშაობას, წარმოება არ შეწყვეტილა“, – აცხადებს გუბერნატორი.

„მოსკოვი თაიმსის“ ინფორმაციით, ქარხანა აწარმოებს 200-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, მათ შორის პიროქსილინის ფხვნილებს მცირე იარაღისთვის, ხელყუმბარებისა და ყუმბარმტყორცნებისთვის.

„მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს, მგუდავდა“ – თბილისში ოჯახს თავს დაესხნენ

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ქრისტი მიქელაძე წერს, რომ 18 ივლისს მის ოჯახს თავს დაესხნენ და მამას აბესალომ მიქელაძეს თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა.

ქრისტი მიქელაძის თქმით, თავდამსხმელი მის მოკვლასაც ცდილობდა.

„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3 ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა.

რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, 17 წლის ვიყავი, დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი, ყოველდღე ვხვდებოდი, რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელებია.

ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემ თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია, ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ, მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი, ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვე, მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – წერს სოციალურ ქსელში ქრისტი მიქელაძე.

როგორც შსს -ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02GBBimTVZQaWnMtoPi3mfYUBhMfNnRkvmwVXvFWvkV4dbPS8cLZV4W8xK4SgozFc5l&id=100009220920909

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა – კანონმდებლობას 101 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. მომხრეთა შორის, ძირითადად, მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები არიან.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მარია კალასი “როიტერსთან” ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყანა და საზოგადოება ბევრად განვითარდა.

“ჩვენ თანაბარნი ვართ ერთიანი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის,” – თქვა კალასმა.

ახალი კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ეღირება, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3393 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ღირდა, ევრო – 2.8446 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3376 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივნისს ამოქმედდება.