Home Blog Page 1968

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ”სააქიმო სამედიცინო ცენტრი”;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ეს კლინიკის პირველი საქველმოქმედო აქციაა; უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 149 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 148 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 13 080 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ევროკომისია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას 12 დეკემბერს გეგმავს” – „ევროაქტივი“

ევროკომისია 12 დეკემბერს გეგმავს, წარადგინოს დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებასა და მესამე ქვეყნებთან მათ კავშირებზე გამჭვირვალობის ვალდებულების დაწესებით, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე ზეგავლენისკენ მიისწრაფვიან.

„ევროაქტივის“ ცნობით, კანონპროექტის წარდგენა თავდაპირველად 2023 წლის მეორე კვარტალისთვის იგეგმებოდა, თუმცა სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკამ ევროკომისია აიძულა ხანგრძლივი შეფასების ჩატარებისკენ და ინიციატივის წარდგენა რამდენჯერმე გადაიდო. ამგვარად, ევროპარლამენტის წევრებსა და ევროპული საბჭოს მინისტრებს კანონპროექტის განსახილველად მხოლოდ სამი თვე აქვთ.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნებამდე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოთქვეს. 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ „ევროპის სამოქალაქო საზოგადოება“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირი“. სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ თავისუფლებებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება, პირადი მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობა. ორგანიზაციებს მაგალითად მოჰყვათ უნგრეთი, სადაც, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შესახებ წესებს ვიქტორ ორბანის მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისთვის იყენებს, რომლებიც დემოკრატიულ, აკადემიურ თავისუფლებებსა და ლგბტ პირების უფლებებს იცავენ. განცხადების ხელმომწერები ასევე იხსენებენ ევროკავშირის კრიტიკას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტების მიმართ. „მესამე ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივის გამოყენება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკუთარი ზომების გასამართლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია, ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა მეტად წავიდეს წინ”

არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებულ სამუშაოებში, „ქართული ოცნება“ მაინც უზრუნველყოფს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდეს.

„ოპოზიცია იმასაც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ეს არის სწორედ იმ ერთპარტიული მუშაობის დამსახურება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან წარიმართა. რა თქმა უნდა, არ მინდა, დამსახურება დავუკარგო რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციების სუბიექტები არ იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში. ამიტომ, არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება.

რაც შეეხება ცხრა პრიორიტეტს, შევთავაზებთ, მაგრამ ენდომებათ, ჩაერთვებიან, არ ენდომებათ, არ ჩაერთვებიან. ერთპარტიულად თუ მრავალპარტიულად, ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა მეტად წავიდეს წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ჩვენ, ერთპარტიულ თუ მრავალპარტიულ რეჟიმში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სამოქმედო გეგმაში კონკრეტული პუნქტების მიხედვით სხვადასხვა ვადაა გაწერილი, თუმცა გეგმა 2024 წელს არ სცილდება.

„უკრაინისა და მოლდოვის დასაწევი ჩვენ არაფერი გვაქვს. პირიქით, ორივე ქვეყანას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ვუსწრებთ წინ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოწესრიგდება დეკემბრის დასაწყისისთვისაც კი, ან გარკვეული საკითხები – დეკემბრის ბოლომდე. არის გარკვეული საკითხები, სადაც ვადები მითითებულია იანვრამდე, თებერვლამდე, არის გარკვეული საკითხები, რაზეც 2024 წლის ბოლომდე იქნება საჭირო მუშაობა. მაგალითად, ერთ-ერთია თვითონ არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, სურათი გვეცოდინება წლის ბოლომდე. დეზინფორმაციასთან ბრძოლაც გაგრძელდება, დაიწყება აქედან და გაგრძელდება 2024 წლის ბოლომდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის კონკრეტული პუნქტების მიხედვით გაწერილი სხვადასხვა ვადა. ზოგიერთ შემთხვევაში არის ამა წლის დეკემბერი, ზოგიერთ შემთხვევაში – იანვარი. სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი, 2024 წელს არ სცილდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის” – თინა ბოკუჩავა

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ესაა შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, ეძებდნენ გზებს, გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან, – ამის შესახებ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ნიკა მელიამ უარი თქვა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, რითაც დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, თუ ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და სურს პარტიაში დაბრუნება, კარი მუდმივად ღიაა ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს“.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და უარს აღარ იტყვის ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, ალბათ, პოლიტსაბჭოც არ იქნება წინააღმდეგი, ეს მოცემულობა განიხილოს. მე არასერიოზულად და კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია საერთო დიდი მიზნებისთვის ყოველ სამ თვეში არჩევნების მოთხოვნის დაყენება. არასერიოზულია ეს მაშინ, როცა გველოდება დიდი, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევნები და ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, მიუხედავად აზრთა სხვაობისა არამხოლოდ პარტიაში, ზოგადად ოპოზიციაში, თუ გვინდა, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ.

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, რომ ერთიანი ძალებით შევიდეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძალიან სწორი, კარგი ინიციატივაა პოლიტსაბჭოს გაფართოება, სადაც დაგვემატება ბევრი მებრძოლი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლის, ისევე, როგორც ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესო ხედვებს შემოგვთავაზებენ, რათა პარტიამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოხდეს პროდასავლური კოალიციის ფორმირება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან უპასუხა გოცირიძეს, რომელიც ამბობს, რომ ყრილობის მოწვევის გარეშე პოლიტსაბჭო ვერ გაფართოვდება და ამას ითვალისწინებს წესდება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ „წესდება შედგენილია ბევრი მაღალკვალიფიციური იურისტის მიერ და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, არის წესდების შესაბამისი“.

“უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას ჰქონდეს დამცავი ფარი, რომელიც დაიცავს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, ვინაიდან რუსეთის სამიზნეს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

” POLITICO-ს სტატიაში ვიღაცამ ფული გადაიხადა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაზეთ POLITICO-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ვიღაცას თანხა ჰქონდეს გადახდილი.

როგორც მან განაცხადა, შეიძლება, ამ შემთხვევაში, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი.

მისვე განმარტებით, როგორც წესი, ასეთი სტატიები კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, შეკვეთით იწერება.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, POLITICO-ს მიერ გავლენიანი ადამიანების სია გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და არის თუ არ ეს ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ ივანიშვილი სანქციების მხრივ ყურადღების ქვეშ არის.

„ბიძინა ივანიშვილს ხომ არავითარი მინიშნება არ სჭირდება. მის მიმართ გაავრცელეს დე ფაქტო სანქციები, შვეიცარიულ ბანკში თანხები გაუყინეს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც მის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიდა და ზიანს მიაყენებდა. აქ არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და არავითარი შანტაჟი, მითუმეტეს POLITICO-ში დაბეჭდილი სტატიების სახით აქ ვერაფერს შეცვლის. ამ შემთხვევაში ეს ლოკალური საკითხი მგონია, ვიღაცამ ფული გადაიხადა და გამოაქვეყნა ეს სტატია. შეიძლება, ამ შემთხვევაში, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი. ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცები დარბიან და თან ამას აღიარებენ, ვაშინგტონში, თუ ბრიუსელში კაბინეტებში და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების, თუ სხვა ადამიანების სანქცირებას. შეიძლება ასეთი ლოკალური პრობლემაც იყოს სახეზე“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისის ციფრულ ბანკში გულების მარათონი იწყება

მალე ახალი წელი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთგულება კიდევ უფრო ფასდება. დეკემბერში თიბისის ლოიალობის პროგრამა – ერთგული  მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს უმზადებს.

ციფრულ ბანკში თამაში იწყება.  მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.

მომხმარებლები თიბისის ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავენ ერთგულის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შევლენ, გაეცნობიან თამაშის წესებს/პირობებს და ჩაერთვებიან გულების მარათონში.

თამაშის მონაწილეებს ციფრულ ბანკში 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა და 4 მთავარი ფულადი პრიზი – 20 000 ლარი დახვდებათ.

პრიზებს გათამაშების მონაწილეები თიბისის ციფრულ ბანკში და თიბისის ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიიღებენ, ამიტომ  ამ პრიზების მიღება თითოეული მომხმარებლის  აქტიურობაზეა დამოკიდებული.

გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს მხოლოდ შემდეგი ტიპის ტრანზაქციები ჩაეთვლებათ:

საბარათე გადახდა:

  • თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდა თიბისის პოს ტერმინალზე
  • თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდა ნებისმიერ e-commerce-ში

ციფრულ ბანკში განხორციელებული ტრანზაქცია:

  • სხვასთან გადარიცხვა (IBAN ან პირადი ნომრით)
  • სხვასთან გადარიცხვა მობილურის ნომრით (P2P)
  • კომუნალურების გადახდა
  • მობილურის ბალანსის შევსება

განხორციელებული ტრანზაქცია უნდა იყოს მინიმუმ 10 ლარის მოცულობის. ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე POS ტერმინალზე/e-commerce-ში გადახდა ჩაითვლება მხოლოდ ერთხელ.  ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ადამიანთან განხორციელებული თანხის გადარიცხვა ციფრული ბანკიდან  ჩაითვლება მხოლოდ ერთხელ.

დაგროვებული ქულები შეიძლება მომენტალურად გაანაღდო ან გააგრძელო თამაში უფრო დიდი პრიზისთვის.  გათამაშების მონაწილე განაღდების შემთხვევაში მარათონს არ ეთიშება და თავიდან იწყებს ქულების დაგროვებას სხვა პრიზებისთვის.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ციფრულ ბანკში თამაში, აუცილებელია აპლიკაცია განახლებული ჰქონდეს. აპლიკაციის განახლებისთვის კი საჭიროა მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული იყოს მინიმუმ Android 6.0 ან iOS 15.1 ვერსიამდე.

ინფორმაციას თამაშის შესახებ გაეცანით ბმულზე:  https://link.tbc.ge/ertgulicampaign

თიბისი გისურვებთ მოგებას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ერთგულებისთვის.

 

R

“თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? – იაგო ხვიჩია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს

თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? – „ნაცების“ შეკვეთით შიგნიდან ხომ არ ანგრევთ „ქართულ ოცნებას“?! – ამ კითხვით „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მიმართა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ის გიორგაძის CV-ს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ 2012 წელს „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.

„თქვენ 2018 წელს სასამართლოში იმ საქმეზე დაგკითხეს, როცა „ნაცებმა“ ნატო ჩხეიძეს და მის ოჯახს „იბერია“ წაართვეს. თქვენ, როგორც „იმედის“ იურისტმა, 2012 წლის თებერვალში „იმედს“ გადაუფორმეთ კომპანია, რომელიც სხვას ეკუთვნოდა. თქვენ სასამართლოზე ამბობდით, რომ ამის შესახებ არ იცოდით და მჯერა, რომ ამის შესახებ მართლა არ იცოდით, მაგრამ მაინტერესებს, რატომ დაიწყეთ „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობა? – რატომ შეძვერით გიორგი არველაძესთან?“, – მიმართა ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

ხვიჩიას პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაუბრუნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხვიჩიას სუსტი საპარლამენტო ხულიგნობით თავის გატანა სურდა.

„გინდათ, რომ განსახილველი საკითხი ეპატაჟში გადაიყვანოთ. რასაც თქვენ აკეთებთ, არის ის, რომ ცდილობთ ადამიანის ღირსებაზე მოქმედებას, რა პროვოკაციასაც ყოველთვის მიმართავთ. ეს კოლეგიალური არ არის – ამით მხოლოდ თქვენი სისუსტე ჩანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ხვიჩიას პასუხად.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით დაიშვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ამავე საავტომობილო გზის კმ140- 185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140(ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

“ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია” – შალვა პაპუაშვილი

მინდა მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რუმინეთის მხარდაჭერას და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“როცა მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მინიმუმ გაუგებარია” – ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არ დასწრება სწორი არ იქნება.

„საქართველო არის ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში ჩვენი არ დასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა კობახიძემ.