Home Blog Page 1967

“საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტს შეადგენს, ევროკავშირის – 32 პროცენტს”- ოთარ ანგურიძე

„ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ღირებულებებისა და შეხედულებების გადაფასება გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენდა მოულოდნელად საქართველო ამ გადაფასებების ეპიცენტრში მოხვდა და ზოგნი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა იყოს ამ გადაფასებების მედროშე“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი გაზრდილია 24%-ით და 203 მლრდ ევრო შეადგინა:

საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის – 32%, თურქეთის – 8%, აშშ-სი კი -2%. გასულ წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 5.9%-ით გაიზარდა და 258,7 მლრდ ევრო შეადგინა. ცალკე იმპორტი ევროკავშირში რუსეთიდან გაზრდილია 24%-ით და შეადგინა 203 მლრდ ევრო. ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთთან ომის ფონზე უკრაინის შემოსავლებია რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული – 570 მლნ აშშ დოლარი. საინტერესო ციფრებია ბევრი რამის საილუსტრაციოდ. როგორც ჩანს ვიღაცები იმას რასაც საქართველოსგან ითხოვენ, სხვა სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, – წერს ანგურიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02mzPxuWLsPou5hD1Ye9Q2u2xULsGkSFw5P1JEWeTKFTsXQR9m7T7hqzpvWokvReRul&id=100089571639303

„განა ამისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები 30 წლის განმავლობაში, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა?”

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას გაუგებარი რეაქციები მოჰყვა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა.

„განა ამისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენ 30 წლის განმავლობაში, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა? ამდენი სისხლი, უბედურება გაიარა საქართველომ და რისთვის, შეზღუდული სუვერენიტეტი რომ მოგვეპოვებინა, განა ამხელა კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანამ ეს დაიმსახურა? ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა ის ორმაგი სტანდარტი, რაც დღეს მსოფლიოში დამკვიდრდა. ვერ ვიგებ, რატომ ასეთი რეაქციები ამ პატარა ქვეყანაზე, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა. ამას არ ადევს გრიფით საიდუმლო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს. მაგალითად, შარშან უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნიდან ბუნებრივი აირის შესყიდვით 570 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

4 დღეში ევროკავშირიდან რუსეთში შესული თანხა 270 მილიარდს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის 1 წლის სავაჭრო ბრუნვას უდრის. აღარაფერს ვამბობ წარსულში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. მაშინ, როცა 2008 წელს ქვეყანა ცეცხლში იყო გახვეული, იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და დაუწესებია კი არა, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი შეიძინა. კიდევ უფრო გასაკვირია, ფრენებზე ასეთი რეაქციები, მაშინ როცა ამერიკის მთავარი პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეუფერხებლად დაფრინავენ ოკუპანტ ქვეყანაში. პრემიერმა კი გუშინ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, ამიტომ არის ეს ორკესტრირებული გმინვა“, – წერს ფოჩხუა.

“წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა”- ჯუანშერ ბურჭულაძე

ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა – ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება, – ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  „იმედის” ეთერში განაცხადა

„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა – მე ამას არ ვარქმევ კორუფციას – ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა – ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ – ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა – როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი“, – აცხადებს ბურჭულაძე.

„საქართველოს ეს არჩევანი იყო, არის და იქნება. ეს რა, არადემოკრატიულია, ანტიდასავლურია, რუსულია?”

ფსევდოლიბერალობის ღრმა მორევში შესულთ, რატომღაც ავიწყდებათ თუ რა არის ლიბერალიზმი – არჩევანის თავისუფლება, შემწყნარებლობა. ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხალხი ისტორიულად, აღმსარებლობის მიუხედავად, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური და ფასეულობების დამცველია.

„საქართველოს ეს არჩევანი იყო, არის და იქნება. ეს რა, “არადემოკრატიულია”, “ანტიდასავლურია”, “რუსულია”?

ვერც სამარცხვინო, უსამშობლო და მარგინალი ნაცოპოზიციით, ვერც მისი ვასალი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებით, ვერც NDI-სა და IRI-ს ტრაგიკომიკური “კვლევებით”, ვერც გარე აქტორების უკიდურესად ფარისევლური ნოტაციებით ვერ მოხდება საქართველოს საზოგადოების ფასეულობებისადმი მყარი დამოკიდებულების “სასურველი მოდიფიკაცია” და ცნობიერების “ინჟინერია”. Textbook rules (სახელმძღვანელო წესები) ვერ ამართლებს ყოველთვის, ეს აპრობირებულია დიდი ხანია“, -წერს გია აბაშიძე.

გარდაბანში შვილმა მამა მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არის მიზერზე მიზერი” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აშშ-თან 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ევროპამ რაც ივაჭრა რუსეთთან სარფიანად, ასეულ მილიარდებზეა საუბარი, ეს ცალკე თემაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შარშან ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს გაზის ევროპაში ტრანზიტიდან თავად უკრაინამ 570 მლნ დოლარი ჩაიჯიბა.

„რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აშშ-თან 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს აშშ-ის იმპორტი რუსეთიდან 14,5 მილიარდი დოლარია. შარშან ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს გაზის ევროპაში ტრანზიტიდან თავად უკრაინამ 570 მლნ დოლარი ჩაიჯიბა. ევროპამ რაც ივაჭრა რუსეთთან სარფიანად, ასეულ მილიარდებზეა საუბარი, ეს ცალკე თემაა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არის მიზერზე მიზერი. შესაბამისად, კითხვაა: ამ პატარა და ღარიბ ქვეყანას რას გვაწვებიან, რა უნდათ?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

“ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში”

არ ვიცი როგორ ფიქრობს ის ხალხი, ვინც კისა ვარაბიანინოვის მსგავსად დაბერილი ლოყებითა, ჭკვიანური გამომეტყველებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ პირადად მე ნამდვილად მინდა რომ გავძლიერდეთ და არ ვიყოთ სახელმწიფო შეზღუდული სუვერენიტეტით, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე წერ.

„როდესაც დღეს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში (სავარაუდოდ ლენოჩკა ხოშტარიას და ჭიჭე ვაშაძის რუსული შემოსავლებიც ჩათვლილია) და სავაჭრო ბრუნვა 275 მილიარდი დოლარია და მე ფრენების აღდგენის გამო მემუქრებიან, არანაირო ფეიკ-პატრიოტული და „ღრმა ფილოსოფიური ხედვები“ აღარ ჭრის. აღარ ჭრის და იმ შეშფოთებულების მისამართით საკმაოდ შიშხათიანი აზრები ჩნდება. საქართველო ყოველ დღე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოა. სუვერენული სახელმწიფო და ვისაც არ მოსწონს, ან „ჯაან ინტელექტუალური ეჭვით“ უყურებს ამ ფაქტს, რბილად რომ ვთქვა შეგუება მოუწევთ“, – წერს გია გაბრიჭიძე.

ზელენსკის „ევროვიზიის“ მაყურებლის წინაშე გამოსვლაზე BBC-მ და სხვა მაუწყებლებმა უარი უთხრეს – Times

ვლადიმერ ზელენსკის, BBC-მ და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებმა „ევროვიზია 2023“-ის კონკურსის მსვლელობისას აუდიტორიისთვის მიმართვაზე უარი უთხრეს.

Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას, 160 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ვიდეო მიმართვით გამოსულიყო და რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა, კონკურსის ორგანიზატორებმა უარით უპასუხეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ ვიდეო მიმართვა კონკურსის პოლიტიზებას გამოიწვევდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) რომელიც 100-ზე მეტ მაუწყებელს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსის ერთ-ერთი ძირითადი წესი აპოლიტიკურობაა, შესაბამისად, ზელენსკის მოთხოვნა „ევროვიზიის“ კონკურსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრ წესებს და პრინციპებს ექვემდებარება, რომელიც მისი შექმნის დროიდან იყო დაწესებული. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა. ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკური და მსგავსი სახის განცხადებების კეთებას კრძალავს,“ – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საჭიროების შემთხვევაში, აშშ უკრაინას დამატებით იარაღს მისცემს“ – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკვე ამარაგებს უკრაინას სამხედრო ტექნიკით და მზადაა, ეს მომავალშიც გააგრძელოს.

„თუ არის ხარვეზები, თუ არის დეფიციტი, ისინი გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს გავიღებთ მათი შევსებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.

“რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ?”- ვალერი კვარაცხელია კელი დეგნანს

ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში კელი დეგნანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქალბატონო კელი, თქვენ მსოფლიოს ელჩი კი არ ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ.

ქალბატონო კელი, თქვენმა დღევანდელმა განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში მრავალი შეკითხვა აღძრა. „აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ბატონ პუტინს თუ სურს აჩვენოს, რომ საქართველოზე ზრუნავს, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.“

ეს პროვოკაციული განცხადებაა.

საქართველოს მთავრობა მიესალმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თქვენ რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ სხვა მიმართულებით გვიბიძგოთ? საერთოდ, რა დაგიშავათ ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ რუსეთთან ომისთვის იმეტებთ ისევე, როგორც უკრაინა გაიმეტეთ და დაღუპეთ კიდეც. პატარა საქართველოს რუსეთთან ექვსას კილომეტრზე გადაჭიმული სახმელეთო საზღვარი აქვს. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს, თქვენ კი ჩვენს შორის თანხმობისა და კეთილმეზობლობის დამკვიდრების ნაცვლად, მუდმივად „ჩორტის ჩამოგდებით“ ხართ დაკავებული. რატომ გინდათ, რომ ჩვენმა ხალხმა იწვალოს ვიზის მისაღებად, იფრინოს მესამე ქვეყნების გავლით და შემოვლითი გზებით? რა დაგიშავათ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ არ გსურთ მათი მდგომარეობის შემსუბუქება? სავიზო რეჟიმის მოხსნითა და საავიაციო მიმოსვლის აღდგენით იქნებ ეკონომიკამ წაიწიოს წინ? იქნებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს? რატომ გვიშლით ხელს? თქვენ გადაგვიწყვიტავთ პრობლემებს? აქამდე რომელი პრობლემა გადაგვიწყვიტეთ?!

რომ გაიძახით საავიაციო მიმოსვლა არ უნდა აღსდგესო, რატომ? თუკი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, თქვენი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელიდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ნატოს წევრი თურქეთიდან შეიძლება პირდაპირი რეისების განხორციელება რუსეთის ქალაქებში, ჩვენ რატომ გვაყენებთ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში? რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ? დაფიქრებულხართ ამაზე?

პუტინს სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხზე ზრუნვის გამო არ მოუხსნიაო, – რომ ამბობთ, თქვენ ხომ ზრუნავთ ქართველ ხალხზე, ჰოდა, თქვენ მოგეხსნათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, ხომ იცით როგორ და რამდენს წვალობენ ჩვენი მოქალაქეები თქვენს ქვეყანაში შემოსაღწევად. სხვას სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის აკრიტიკებთ და თქვენ გამკაცრებული სავიზო რეჟიმისთვის მადლობას ითხოვთ?!

ქალბატონო ელჩო, ხედავთ რამდენი შეკითხვა დაგროვდა პატარა მოცულობის ერთ სტატუსში? შეკითხვა უამრავია. რაც ჩამოვთვალე, წვეთია ზღვაში. ამიტომ, ვიდრე ამ შეკითხვებზე არ გვიპასუხებთ, თქვენს ნათქვამს არ მივიღებთ. არ არის წრფელი გულით ნათქვამი, არ არის მოყვარისა და კეთილისმსურველის მიერ ნათქვამი და იმიტომ.

ახლა, როდესაც ნაბიჯები გადადმულია, როდესაც ქართველ ხალხს თუნდაც მცირეოდენი პერსპექტივა და იმედი გაუჩნდა, თქვენ გინდათ, რომ თქვენი პროვოკაციული განცხადებებით ეს ყველაფერი წაშალოთ, რათა რუსეთთან იმგვარ დაპირისპირებულ მდგომარეობაში დაგვტოვოთ, საიდანაც ვერასოდეს გამოვალთ? ვერა, ქალბატონო ელჩო, ვერ დაგიჯერებთ და ვერ აგყვებით ამაში. თქვენ, ქართველ ხალხს, თქვენი სრულიად არადიპლომატიური მოქმედებებით თქვენს ქვეყანაზე უკვე აუცრუეთ გული. საკმარისია. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მთელი მსოფლიოს ელჩი კი არა ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ. დარჩით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და ნუ ერევით უხეშად ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. ნუ შეურაცხყოფთ ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს,”- წერს ვალერი კვარაცხელია.

“ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს” – ჯინ შაჰინი

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას.

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, – წერს ამერიკელი სენატორი „ტვიტერზე“.

„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“ – რუსეთ – უკრაინის ომის 443-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 443-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“, – აცხადებს მერი.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსულმა ძალებმაც დაადასტურეს.

მათი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შმიდტის ქუჩაზე აფეთქდა და აფეთქების შედეგად მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები დაზიანდა.

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების „ფორმირება“ დაიწყეს. ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.

ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.

CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.

სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.

რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ გემზე იარაღი დატვირთეს და სიცოცხლეს დავდებ ამ განცხადების სიზუსტეზე. სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღება ფუნდამენტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსას ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისასალმებელია ნაბიჯია.

”ამაში ღრმად შემაშფოთებელი ნაწილი არის სანქცირებული რუსული გემის სამხრეთ აფრიკის საზღვაო პორტში შესვლა”, – განუცხადა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ ხმას აიმაღლებს „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთის უკანონო და სასტიკი ომის მხარდასაჭერად“.

პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე დისკუსიის დროს განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს გავლენა მოსკოვზე და შეუძლია, დაეხმაროს აგრესიის შეჩერებაში, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლი, რადგან მისი „ნეიტრალიტეტი“ უფრო მეტად პრორუსული ორიენტაცია იყო“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, საჭიროა სიფხიზლე, რათა არ უბიძგონ რუსეთს ჩინეთის ხელში მოქცევისკენ.

მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს პეკინსა და ევროპას შორის.