Home Blog Page 1963

“საკაშვილის ერთადერთი გზა არის „ვივამედიდან“ ციხეში, შესაძლოა, ესაა მისი ჩანაფიქრი”- გურამ მაჭარაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი გზა „ვივამედიდან“ ციხეში მიდის”- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი,  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას

„ერთადერთი გზა არის „ვივამედიდან“ ციხეში. შესაძლოა, ესაა მისი ჩანაფიქრი, ციხიდან უფრო კარგად ჟღერს ალბათ, მისი ხმა. მოუწევს ციხიდან პოლიტიკური მოღვაწეობა, თუ აპირებს როგორც არა საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“სამივე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია” – მაროშ შეფჩოვიჩი

ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია, დღეს იქნება ზეპირი მოხსენება, ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერინსტიტუციონალურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებში, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა.

როგორც მაროშ შეფჩოვიჩმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ შემდგომი გაფართოებისთვის ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორ შეგვიძლია, მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად და რა უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებული. ოლივერ ვარჰეი ჩვენ წარმოგვიდენს ზეპირ მოხსენებას სამი ქვეყნის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გვექნება ევროკავშირის წევრ კოლეგებთან ამ საკითხზე. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია. დღეს იქნება ზეპირი მოხსენება. ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ჩვენ ამას პოლიტიკური წახალისების კუთხით ვუყურებთ. ეს კარგი ამბავია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და პერსპექტივა ძალიან ნათელია – ეს ევროკავშირია. ეს დამოკიდებულია გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ძალისხმევაზე და ასევე ჩვენზე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, ექსპერტული თუ კარგი რჩევების თვალსაზრისით, ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.

“ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს”- ალუდა ღუდუშაური

გარეთ ახლა არის დღე საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? – რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი ხელის გულზეა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია დეპოლარიზაციის გარდა. ღუდუშაური ამბობს, რომ ამ პუნქტის შეუსრულებლობაში დასავლელი პარტნიორების როლსაც ხედავს.

„ვფიქრობ, ობიექტური შემფასებლისთვის, სრულიად ნათელი და ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, გარდა ერთისა. ამას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კონგლომერატის ქვეშ ხოშტარია-ჯაფარიძის, ამ რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანები პირიქით, პოლარიზაციას აღვივებენ და მათი მიზანია ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს, რათა ამ გზით გამოიწვიონ ქაოსი და არეულობა, იქნებოდა ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. გარეთ ახლა არის დღე ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელმაც თქვას, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? – რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი არის ხელის გულზე, შევაფასოთ ობიექტურად და ნებისმიერ შემთხვევაში დავინახავთ ამ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს.

 

თიბისისთან პარტნიორობით საქართველოს ბაზრის ლიდერმა კომპანია „აუტოპიამ“ ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

კომპანია „აუტოპიამ“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ყველაზე ხარისხიანი სერტიფიცირებული ავტონაწილების მომწოდებელია, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი, ამჯერად ქუთაისის ფილიალი გახსნა!
კომპანიის უწყვეტი წარმატების ისტორიას მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი არჩვაძე გვიყვება:

„აუტოპია“ უდიდესი ევროპული კომპანიების – PRASCO, RHIBO, MAXICAR წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათი სტანდარტით ვმუშაობთ და ჩვენი პროდუქციის 90%-ზე მეტი სწორედ ამ კომპანიებისგან მოდის.

საქმიანობა 2010 წელს დავიწყეთ, ორი პატარა მაღაზიით თბილისსა და ქუთაისში, სადაც 300-ამდე დასახელების ადაპტირებად, სერტიფიცირებულ ავტონაწილებს ვყიდდით. პროფილი თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა – ვმუშაობდით ძარის ნაწილებზე, რომლებიც, ხარისხიდან გამომდინარე, ძვირი ღირდა,  თუმცა სწორედ ხარისხის გამო, თავიდანვე გაგვიჩნდა ერთგული მომხმარებელი.

პირველი ორი წლის განმავლობაში, სირთულეების მიუხედავად, საქმე ისე კარგად წავიდა, რომ 2013 წელს გაფართოება გადავწყვიტეთ.  გავაკეთეთ რებრენდინგი, კომპანიას დავარქვით „აუტოპია“, გავხდით PRASCO-ს პარტნიორები, დავიწყეთ ასორტიმენტისა და სერვისის გაფართოებაზე ზრუნვა.

თანდათან ჩვენი პარტნიორების რიგებს შეემატა ისეთი მსხვილი კომპანიები,  როგორებიცაა GBG (საბერძნეთი) TONG YANG (ტაივანი)  DEPO(ტაივანი)  TYC (ტაივანი).

შევცვალეთ, ასევე, მომარაგების მარშრუტი: თუკი მანამდე ჩვენი პარტნიორი კომპანიები ევროპიდან გვამარაგებდნენ, 2013 წლიდან მომარაგება გაგრძელდა პირდაპირ მწარმოებლისგან, ანუ ტაივანიდან. სწორედ ტაივანი აწარმოებს ჩვენი მთლიანი პროდუქციის 90%-ს. ამან, ცხადია, ფასების დაწევა გამოიწვია და, თუკი მანამდე ყველაზე ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებლები ვიყავით ქართულ ბაზარზე, ახლა უკვე ყველაზე დაბალ ფასად დავიწყეთ ამ პროდუქციის რეალიზაცია. ამან კომპანიის წარმატება კიდევ უფრო დააჩქარა.

2014 წელს გავხსენით ელიავას ფილიალი, ხოლო  2015 წელს დიღმის ფილიალი – 500 კვ.მ ფართის მაღაზია. გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, როცა თანამშრომლობა დავიწყეთ  საქარე მინების მწარმოებელ გიგანტთან XYG-თან და იმავე  წლიდან  ვართ ამ კომპანიის ლიდერი დისტრიბუტორი რეგიონში.

ამ პერიოდში (2012 წლიდან) უკვე გვქონდა საკუთარი ვებგვერდიც. ამ საქმეშიც პიონერები ვიყავით,  რადგან მანამდე ჩვენი პროფილის არც მაღაზია არსებობდა საქართველოში და,  არც, მითუმეტეს, ვებგვერდი, რომელზეც გამოტანილი იყოო პროდუქციის ფასები. ეს ერთი მხრივ დიდი რისკი იყო ჩვენთვის, რადგან ფასების ღიად დაფიქსირებით იოლი სამიზნე ვხდებოდით კონკურენტებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ იყო კომპანიის ხარისხის მაჩვენებელი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რამაც თავისი დადებითი შედეგები მალევე გამოიღო – შევიძინეთ კიდევ უფრო მეტი ხარისხზე ორიენტირებული მომხმარებელი.

2018 წელს გავხსენით მეორე, 1500 კვ.მ ფართის ფილიალი თბილისში – ლილოში.

2020 წელს გაიხსნა ბათუმის ფილიალი.

2022 წელს კი თიბისის მხარდაჭერით,  აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში,  შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და ავაშენეთ ფართი.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახდენთ 12 000 -ზე მეტი დასახელების ავტონაწილის რეალიზაციას 12 000 000 ლარის წლიური ბრუნვით. პროდუქციას ვყიდით ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.

“აუტოპიაში” დასაქმებულია 30 ადამიანი – კონსულტანტები, ავტოექსპერტები, მენეჯერები, სერვისის სპეციალისტები. ფილიალების და საწყობების საერთო ფართი 4700 კვ.მ-ია.

ჩვენი მთავარი მიზანი – ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული, არის ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები.“

 

R

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ღეს, 22 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ატარებს, რის გამოც გარკვეულ რაიონებში წლის მიწოდება შეიზღუდება.

ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო 22 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 23 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს. ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს;

სოფელ დიღომში: მარშალ გელოვანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს.

გლდანის რაიონში: ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერის მეშვეობით – http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ ,,ნაის ქლაბის” მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ, ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად, ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს. შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამოდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბ ,,ნაის ქლაბში” სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის – ისრაელის, იორდანიის და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1 600 ლარსა და 2 350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

აღნიშნული ქმედებისთვის, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის  შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

“რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა” – მიხეილ დაუშვილი

რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა – თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება.

„მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ დადებითი შეფასება იქნება, არ მაქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას. ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა პუნქტი იქნება განმსაზღვრელი, მათ შორის, დეპოლარიზაცია. საბოლოო ჯამში, იმის შესაძლებლობა, რომ რეკომენდაციების არასრულფასოვნად შესრულების შემთხვევაშიც მივიღოთ სტატუსი, არსებობს, მაგრამ „ოცნებისგან“ მზაობა რომ რეკომენდაციები შესრულდეს არ არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ 12 რეკომენდაციის არშესრულება არის ძალიან წინაღობა და რისკი იმისა, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

“ვისაც არ მოგეწონათ, მაშინ თქვენ გადაიღეთ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ტიპი როგორ ამარცხებს “იანკებს” მამაოს ლოცვა-კურთხევით”

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში Netflix -ის მიერ გადაღებულ ფილმს ეხმაურება, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.

მისი თქმით, აღნიშნულ ფილმში მონაწილეობა ქართველ მსახიობებს გზას გაუხსნის მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

“მშვენიერი კარგი ფილმია Netflix -ის გადღებული “ბოევიკი”, ვნახე – მომეწონა. დარწმუნებული ვარ ქართველ მსახიობებს გზას გაუხსნის მსოფლიო კინემატოგრაფში. ეს ერთი და მეორე, არანაირ ცუდ კონტექსტში არ განიხილავენ ქართველებს.

პირიქით, ამ ფილმის შემდეგ, ყველა აღნიშნავს ქართველი მსახიობების ძალიან მაგარ პროფესიონალიზმს.. “ბოევიკია” ბოლო ბოლო და გასართობი ფილმი. ისტორიული კინო კი არა..

ჰო და ვისაც არ მოგეწონათ, მიდით მაშინ და თქვენ გადაიღეთ ჩოხა-ახალუხში, აზიაცკებში და ნაბადში გამოწყობილი ტიპი როგორ ამარცხებს “იანკებს” მამაოს ლოცვა-კურთხევით… რა უბედურებაა კაცო ეს მართლა და მართლა, კინოა, ბიჯო, კინო, თან გასართობი, კომერციული ფილმი..

ჰოო ქალების როლის შემსრულებლებისთვის “ჩიხტიკოპები” არ დაგავიწყდეთ, კოჭებამდე კაბები და ყელამდე შეკრული “ჟაკეტები” ..

ვახ ჩემი კაი რაა, სად იბადებიან ამდენი დებილი ციციკორეები კაცოო…

PS. ამ ფილმში გადაღებულ ყველა ქართველ მსახიობს მინდა წარმატება ვუსურვო.. ძალიან კარგები ხართ…”– წერს გიორგი ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ Netflix-ის ერთ-ერთ უდიდეს ფილმში-Extraction (მეორე ნაწილში) ქართველი მსახიობები იღებენ მონაწილეობას: თორნიკე გოგრიჭიანი, თინათინ დალაქიშვილი , თორნიკე ბზიავა, ირაკლი კვირიკაძე და ანდრო ჯაფარიძე.

“ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს”

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს – აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.

„ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ.

შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც.

შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.

მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა.

შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.

ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო.

ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება პარალიზებულია”- თაზო დათუნაშვილი

საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო პრობლემებია შექმნილი.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – დაახლოებით, ერთი საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?” – აცხადებს დათუნიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

“რა წვიმა, რის წვიმა, შოტლანდიელებისათვის მზე ანათებდა?” – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველო-შოტლანდიის მატჩს ეხმაურება:

“ვიცი დაიწყებენ… მაგრამ მაინც უნდა დავწერო! როგორც მშობელი ცდილობს ყოველთვის გულის სიღრმეში თავისი 100%-ით დამნაშავე შვილი გაამართლოს, ისე ვცდილობთ ჩვენ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების გამართლებას!
არადა სიმართლეს ვიტყვი რა წვიმა რის წვიმა, შოტლანდიელებისათვის მზე ანათებდა?

და რა ვუქენით “ლივერპულს” სუფთა ინგლისურ ამინდში 1979 წლის 3 ოქტომბერს არ გახსოვთ სტაჟიანებს?
და როგორ მოვუგეთ უსირცხვილო, უნამუსო “ფეიენოორდს”!

და რაც მთავარია ჩვენ 30 წელია თავს მოხვეულ ომებში დამარცხებული, ოკუპირებული, ჭყონიებისნაირებისაგან ეკონომიკა გაძარცული და მეგობრებად წოდებულნი ყოველი დღე, რომ უნამუსოდ გვამცირებენ ის ერი ვართ!

ამიტომაც ამ სინდრომიდან გამოსვლას აუცილებლად სჭირდება სულ მცირე, სულ მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებები!

ამიტომაც ნახეთ რა აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში წუხანდელმა ჩვენი ახალგაზრდულის ყრმა კაცობაში ფეხშედგმული ქორთუების გამარჯვებამ!

ქება და დიდება მწვრთნელების მეთაურობით თითოეულ მათგანს! ოეულ
ქება და დიდება იმ საბა საზონოვს, რომელსაც ბურთის დიდებულ ფლობასთან ერთად დედის მშობლიური ენა შესანიშნავად შეუსისხლხორცებია! ქება და დიდება იმ ბიჭებს, რომლებიც მიუხედავად ჯოჯოხეთური გრაფიკისა შოტლანდიიდან ჩამოფრინდნენ და საქართველოს გვერდით დაუდგნენ!

რა დააკლდათ ამით პირიქით მოემატათ!
ასევე რომ მოქცეულიყვნენ “ვარსკვლავური ავადმყოფობით” დაავადებული ის, ორი მობურთალი რა დაუშავდებოდათ?
არაფერი, პირიქით! უფრო მეტიც – მილიონჯერ სიყვარული და დაფასება მოემატებოდათ!
მათი გამოსვლა და სტადიონზე ყოფნა ათასობით პატარა ბიჭუნას აუჩქროლებდა გულს სამშობლოს მსახურებაზე!

მაგრამ ამას უნდა ერთი რამ, რომელიც არ და ვერ ისწავლება ქვეყნისადმი – ჯიგარის დადება, ჯიგარის!
ერთი ეს გაეკეთებინათ იმ კლუბებში, სადაც თამაშობენ!
წარმოგიდგენიათ რა დღე დაადგებოდათ!
უბრალოდ ვერ, არ გაბედავდნენ და არც არავინ გააბედვინებდათ!
ამიტომაც მართალი იყო აბელი, სეთური და არქიფო, როდესაც ამბობდა:
სპირიდონა სულანჯიასათვის იმ ათიდან ორი გოჭი კი არ უნდა მიმეცა, არამედ ერთი და მაშინ არ დაიწყებდა…..
ჭეშმარიტი ქართველები ამ ქვეყნისათვის შვილებს სწირავდნენ და დარწმუნებული იყავით თუ დასჭირდება კიდევ გასწირავენ!

თქვენ კი ბიჭებო რა ნახეთ ისეთი და რა იშოვეთ, რომ საბურთაოდ სტადიონზე გამოსვლაზეც კი უარს ამბობთ!
დავიღალეთო!
რამ დაგღალათ საქართველოს უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლაში თქვენი უმცირესი წვლილის დადების სურვილმა?!
გაიხსენეთ რას ამბობდა წმინდა ილია მართალი: “სამშობლოს მსახურება ყველგან მსხვერპლია და არა სეირიო”!
მე მაპატიეთ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.