Home Blog Page 1962

იმ ხალხის მიზანი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა გვარამია, იყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში -პაპუაშვილი

ნიკა გვარამიას შეწყალება შემოგვთავაზეს, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, გვახსოვს, გარე თუ შიდა აქტორების განცხადებები, ვნახეთ, მისი შეწყალებიდან რამდენიმე დღეში პოლარიზაციის გაღრმავებას ვხედავთ მხოლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის ხალხი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მოეხდინა შეწყალება, მათი მიზანი იყო, ყოფილიყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში.

„ვხედავთ, რომ ამას აღწევენ. ასე ,რომ შეგიძლიათ ნახოთ, ვისი განცხადებები იყო, ჩამოწეროთ იმ უცხოელი აქტორების სია, რომლებიც მაშინ ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე და რადიკალიზმი თავის პიკში რომ მივა, იმ აქტორებს ჰკითხეთ, როგორ მოეწონათ მათი ინიციატივით დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკა. ეს იყო მცდელობა, რომ მეტი რადიკალიზმი შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“არ გამართლდა ვარაუდი, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა განხილულიყო”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, „თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული“.

„დაზუსტებით, უკვე, როდესაც გამოქვეყნდება სინოდის განჩინება, იქ ვნახავთ განხილულ საკითხებს. ზოგადად გეტყვით, რა საკითხები იყო. არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, რომ თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ასევე მიმოხილული იყო სიტუაცია იმ ეპარქიებში, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური საომარი ვითარება განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები, იყო რაც საეკლესიო თემებს ეხება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გარდა ამისა, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა.

გვარამიას უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის, რადგან ის იყო ადეიშვილის მოადგილე, როდესაც ადამიანებს, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ – ირაკლი კობახიძე

რაც მეტი ორ და სამპროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი. გვარამიას რომ ეშინია საკუთარი წარსულის, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მას, რა თქმა უნდა, უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის და მე შეგახსენებთ კონკრეტულ შტრიხებს მისი ბიოგრაფიიდან. ის იყო ადეიშვილის მოადგილე, გენპროკურორის მოადგილე, როდესაც ადამიანებს დასდევდნენ, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ და ა.შ. ეს არის ერთი შტრიხი გვარამიას ბიოგრაფიიდან და მისი წარსულიდან, – ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ის იყო ასევე ერთ-ერთი ლიდერი იმ პროცესისა, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ძალადობრივად მის მისაკუთრებას.ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია. ზოგადად, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც პირდაპირ რეპრესიებს ახორციელებდა ადამიანების წინააღმდეგ და ქვეყანაში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული სისტემა. როდესაც ის აღმოჩნდა ოპოზიციაში, ნახეთ როგორი იყო მისი როლი. თუ ვინმე პოლარიზაციას ახდენდა ეს იყო სწორედ გვარამია. პირდაპირ ბილწსიტყვაობდა ეთერში. ახლა უნდა რომ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს დააბრალოს. ვიცით, რომ მას ჰქონდა და აქვს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ ეს არ არის გამართლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით რუსეთი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბირთვული ცდების ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმება მოსკოვის სამართლებრივ პოზიციას ცვლის ცდების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოცდას არ განაახლებს, თუ ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს.

პუტინმა რატიფიცირების გაუქმების მიზეზად აშშ-ის პოზიცია დაასახელა, რომელმაც 1996 წლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა და რუსეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

“არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“ – ილია დარჩიაშვილი

„საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია,  ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს  ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის  12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.    დღეს  არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში, ისე  ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან  და მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე გაფართოების პაკეტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით ევროკავშირის როლზე იმსჯელეს.

“უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს”-ანალენა ბერბოკი

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა და ამავდროულად, ის აფართოებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრებისთვის.

„პუტინის რუსეთი ეცდება, გააგრძელოს იმპერიალური მიზნები ევროპაში, რაც არა მხოლოდ ჩვენგან უკრაინის იზოლაციას ნიშნავს, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციასაც. ეს ქვეყნები თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე. ჩვენ აღარ შეგვიძლია, დავუშვათ რუხი ზონები ევროპაში. მეორე მხრივ, ჩვენ თუ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, როცა ისინი ჯერ კიდევ გაწევრიანების გზაზე არიან, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს მივიღებთ, არამედ ამით ჩვენს საზოგადოებასაც გავაძლიერებთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

“საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”-ზბიგნევ რაუ

საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს.

„ახლა ძალიან დაუცველი საერთაშორისო გარემოა. გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის აჩქარება. პოლონეთში ძლიერად ვიმედოვნებთ, რომ გაწევრიანების პროცესს არ სჭირდება ცვლილებები ხელშეკრულებებში და ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულად შეესაბამება გაწევრიანების პროცესს. გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის.

საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენეტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი პრინციპში მხარს უჭერს საქართველოს. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ძლიერად მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

“სამივე დამნაშავე დაკავებულია!

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული, 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს”,- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

“არ მგონია, ნიკა მელია ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, საიდანაც არ გადის”-გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ბოლო დროს სიმართლეს ამბობს, როცა პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, თუმცა მისი მხრიდან ეს ღირსეული საქციელი არაა იმ პირობებში, როდესაც თავად დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.

მაჭარაშვილი ნიკა მელიას გუშინდელ ფეისბუქსტატუსს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი დისკომფორტი არ იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ნიკა მელია რეალობას საუბრობს, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა და თან რამდენიმე, მაინც არ მგონია, რომ ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, რომლის თავმჯდომარეც იყო, საიდანაც არ გადის და თან ამბობს, რომ მიუღებელია მისი იქ ყოფნა, სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან. ამ დროს პარტიას არ ტოვებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ღირსება არ გაქვს. ეშინია, რომ პარტიის მფარველობა აღარ ექნება. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, არანაირი დისკომფორტი არ გვექნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.

ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ბლოკირებით, მსოფლიო ლიდერები ღაზაში დანაშაულების თანამონაწილეები არიან -ანჯელინა ჯოლი

ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარის თქმით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ბლოკირებით, მსოფლიო ლიდერები ღაზაში დანაშაულების თანამონაწილეები არიან, – ამის შესახებ ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა.

ამერიკელი მსახიობის თქმით, ისრაელის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა ხაფანგში მყოფი მოსახლეობისა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს.

„ღაზა თითქმის ორი ათეული წელია, ღია ცის ქვეშ არსებულია ციხეა და სწრაფად ხდება მასობრივი საფლავი. დაღუპულთა 40 პროცენტი უდანაშაულო ბავშვია. მთელ ოჯახებს კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უყურებს და მრავალი მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, მილიონობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე – ბავშვები, ქალები, ოჯახები – კოლექტიურად ისჯებიან და მათი დეჰუმანიზაცია ხდება, არ აქვთ საკვები, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

“საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას”

რიკოთის გზის პროექტის განხორციელებისას დაცული საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი, უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური რესურსი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც, – ამის შესახებ რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გავხსენით რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის, 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი ხევი-შორაპნის მონაკვეთი, იყო ყველაზე გამომწვევი მონაკვეთი რელიეფიდან გამომდინარე, რომელზეც აშენებულია 65 ხიდი და 38 გვირაბი. შესაბამისად, მის თქმით, ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთელი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.

მისი თქმით, ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთის მანძილი და 25 წუთით შემცირდა გადაადგილების დრო.

„საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე, კერძოდ: ოსიაური-ჩუმათელეთის; ჩუმათელეთი-ხევის; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე; სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 ლოტზე, პირველ ლოტზე კი, მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ხიდის აღდგენის მიზნით; გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე მოძრაობა 2022 წელს გაიხსნა, წელს გაიხსნება გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იანი მონაკვეთი კი, მომავალ წელს დასრულდება; ბათუმის შემოვლით გზაზე, სადაც პროექტის ფიზიკური პროგრესი არის 83% და მომდევნო წელს დასრულდება“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რიკოთის გზის უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზის პროექტირებაზე, წინასაპროექტო კვლევებზე, მშენებლობასა და ხარისხის ზედამხედველობაზე იმუშავეს და დღესაც მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების უცხოური და ადგილობრივი კომპანიები და ასობით უცხოელი და ქართველი სპეციალისტი. მისი თქმით, მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ამერიკული, იტალიური, თურქული და ქართული კომპანიებიდან, ხოლო ზედამხედველობაში ჩართულია 146 უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტი. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას.

,,როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე ვსაუბრობთ, უმნშვნელოვანესია ვახსენოთ შუა დერეფანი, რომლის აქტუალობაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა 27 კმ -იანი მონაკვეთი. მიმდინარე მშენებლობები უმნიშვნელოვანესია შემდგომი მიზმიდველობის გაზრდისა და პოტენციალის სრული გამოყენებისათვის’’-განაცხადა ქარსელაძემ.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

„სამუშაოები დარჩენილ 2 მონაკვეთზე ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის, რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და 97 ხიდიდან აშენებულია 83 ხიდი. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე, მთლიანად რიკოთის პროექტი 2024 წელს დასრულდება“,-აღნიშნავენ სამინისტოში.

 “2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 საგზაო პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა” – ირაკლი ქარსელაძე

მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, სადაც, 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი იქნება კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება.

მისი თქმით, პროექტი შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.

რაც შეეხება კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქარსელაძის განცხადებით, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ამ მიმართულებით.

„2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა. მიმდინარეობს სამუშაოები 2 ლოტზე, სადაც სამუშაოების 40%-მდე შესრულებულია და შედეგად, მომდევნო წელს სამუშაოები დასრულდება 31 კმ-ზე ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვადების დაცვით. ასევე, 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. შესაბამისად, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება.

ასევე, კახეთის მიმართულებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი. უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90%, 12კმ-ზე მოწყობილია საფარი, სამუშაოები გრძელდება და 2024 წელს დასრულდება. დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით, რომელიც დაყოფილია 8 მონაკვეთად. სამუშაოები მიმდინარეობს პირველ 5 მონაკვეთზე, დარჩენილ 3 მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

2022 წელს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მიუხედავად გამოწვევებისა, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდა და 2024 წელს გათვალისწინებული გვაქვს თბილისი-რუსთავის 17კმ-იანი გზის დასრულება, კერძოდ, როგორც იცით, გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე გახსნილია და დაიწყება ფონიჭალის 3.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი.

საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე.

მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 955 მილიონი შეადგინა. 109%-ით არის შესრულებული დეპარტამენტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის ბიუჯეტიც, რომელიც შეადგენს 1,497 ლარს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.