Home Blog Page 1960

“საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ”

საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას, პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. ეს არის მიზეზი, მიზანი, თუ რატომ ვიმყოფებით ქალაქ სკოპიეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით არის შექმნილი.

„ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი. ჩემი აზრით, ამაზე კომენტარიც კი არ არის გასაკეთებელი. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას, პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. ეს არის მიზეზი, მიზანი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ, ასევე ჩვენი დამოკიდებულება, პატივისცემა თავად ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.

“რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა გადაჭამეს აჭარა” – ლევან ხაბეიშვილი

რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა გადაჭამეს აჭარა. ტიტე აროშიძე, რომელიც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს, სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული. დათო ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ცხადია ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წერებს თავს პუტინისტები დაესხნენ, რადგან ისინი ხალხის პრობლემებზე საუბრობდნენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს არავის დააჩაგვრინებს და მზადაა ხალხის ინტერესებისა და პუტინისტებისგან ფიზიკურად თავდაცვისთვის.

„საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს თუ რატომ უპირისპირდებიან რუსული პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად. ყველამ კარგად ნახა აჭარაში განვითარებული მოვლენები, ჩვენს თანამებრძოლებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წერებს – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ადგილობრივი პუტინისტები დაესხნენ თავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ახლდა ამას წინ. სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა 360 ათასი ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და აქედან 147 ათასი არის სოციალურად დაუცველი. რომ სკოლებში მნიშვნელოვანია უფასო კვება ბავშვებისთვის და რომ ოფიციალურივე სტატისტიკით ათასობით ბავშვი შიმშილობს აჭარაში. სოფელ კვირიკეთში და გვარაში, საბავშვო ბაღები რომ უნდა აშენებულიყო და გაქრა, შეჭამა „რუსულმა ოცნებამ“ ფული. ასევე, ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ახალი გზის მშენებლობა რომ ვერასდროს ვერ დაასრულეს და ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვენი წევრები და ლიდერები. ასევე, ხულოში, ქედაში, შუახევში, სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი, ზოგი შუაში მიატოვეს, ზოგი ვერც დაიწყეს. ასევე, ჩვენი წევრები საუბრობდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე ადგილობრივი პენსიონერებისთვის, რომლებიც კაბალურ პირობებში იღებენ ამ სესხებს და უწევთ 1000-1500 ლარზე, 3000-4000 ლარის გადახდა. ასევე, საუბარი შეეხებოდა გაბერილ შტატებს აჭარაში და ამის პარალელურად, როცა სეკვესტრირებული ბიუჯეტი შემოიტანეს, შევარდნაძისეული ბიუჯეტი შემოიტანეს აჭარაში და როცა გაბერილ შტატებზე საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარალელურად 30-მდე მოხუცი უსახლკარო ელოდებოდა ჩინოვნიკებს, ორი წელია რომ პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ, ის პრობლემა მოეგვარებინათ და ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები, რაზეც ვსაუბრობ, საქმიანი დებატები ყოფილიყო და პრობლემის გადაწყვეტაზე ემსჯელა რუსული პარტიის წარმომადგენლებს, გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. გადაჭამეს აჭარა რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა და ეს კონკრეტული ადამიანიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს. ეს არის ტიტე აროშიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული, ასევე, ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ცხადია ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ თავს არავის არ დავაჩაგვრინებთ, მზად ვართ ამ პუტინისტებთან ფიზიკურად დავიცვათ თავიც და ხალხის ინტერესებიც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა მე ჩამოვთვალე და ცხადია ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს, ელგუჯა ბაგრატიონს, ლევან ანთაძეს, მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი იბრძვიან ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან” – პრეზიდენტი

რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი.

„რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მთელ მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთისგან ჩამოშორებული, მაგრამ, რაც მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც შემიძლია თქვენ გისურვოთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი.

„ვიცი, აქ ვინც ხართ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება, გზის ბოლოს კი ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი და განვითარება დამოკიდებულია, ერთი მხრივ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან მჭიდრო კავშირზე, ასევე მათ აქ შემოსვლაზე, ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლაზე. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს. მეტი დაფინანსება სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის სტანდარტები იყოს შესრულებული. უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. ამ ყველაფერს მეტი გავრცობა უნდა და ბიზნესის ინფორმირება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

„შუა დერეფნის” მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება”

„CAREC-ის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ყველა მონაწილე ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სააგენტოებისა და განვითარების პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, CAREC უფრო დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალის დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გენადი არველაძის განცხადებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია გადამწყვეტია მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და მოქნილობის გასაზრდელად. „ამ კონტექსტში, „შუა დერეფნის” მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მომზადდა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც შუა დერეფნის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რადგან ის მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ინტეგრაციასა და გამართულ მუშაობას. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს საშუალებას აძლევს, დივერსიფიკაცია გაუწიოს სავაჭრო ნაკადებს და მეტ ბაზრებზე გავიდეს. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა ეყრდნობა სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა დრო, ღირებულება, საიმედოობა, უსაფრთხოება და დაცულობა,” – აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, შუა დერეფანი ერთ-ერთი უმოკლესი და სწრაფი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის და ოკეანის მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი 15-25 დღით ამცირებს ტრანსპორტირების ხანგრძლივობას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. „შუა დერეფანი მოიცავს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

„ევროპასა და ჩინეთს შორის საქონლის უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება საზღვაო გზით ხორციელდება. ამ ტვირთნაკადის თუნდაც მცირე ნაწილის შუა დერეფანში გადატანა მნიშვნელოვან გავლენას მოიტანს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მიერ მიმდინარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის შესაძლებლობებს. „ვიმედოვნებთ, რომ სწორი პოლიტიკით, უფრო ძლიერი კოორდინაციით და შეთანხმებული გადაწყვეტილებებით, შევძლებთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას CAREC-ის რეგიონში მდგრადი ზრდის ხელშეწყობის მიზნით,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს დაესწრნენ CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა იყო რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა.

“უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა აღნიშნა.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი და დააკონკრეტა, რომ საჭიროა მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინრელი ხალხის მხარდაჭერაა. იმიტომ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოება. მეორეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ევროპული თავდაცვა ახლა, ხვალ და მომავალში”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევისთვის დახმარების გაზრდას უკრაინელი ხალხისა და ევროპელი მოქალაქეების მიმართ ვალდებულება უწოდა.

“ჩვენ დავიფიცეთ, რომ გავანადგურებთ „ჰამასს“ და ამის შესახებ ენტონი ბლინკენს ვუთხარით” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჩვენ დავიფიცეთ, რომ გავანადგურებთ „ჰამასს“ და ამის შესახებ ენტონი ბლინკენს ვუთხარით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრძოლა მთავარი მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

„ახლახან დავასრულე შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მკვლელებმა ისრაელის მოქალაქეები მოკლეს იერუსალიმში. მე ვუთხარი მას, რომ ეს არის იგივე „ჰამასი“, რომელმაც საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო 7 ოქტომბერს, იგივე „ჰამასი“, რომელიც ყველგან ცდილობს ჩვენს მოკვლას. ჩვენ ვუთხარით მას, რომ დავიფიცეთ, მე დავიფიცე, რომ მოვსპობ „ჰამასს“. ვერაფერი შეგვაჩერებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ომს, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს სამ მიზანს, რაც არის: ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება, „ჰამასის“ ბოლომდე აღმოფხვრა და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზის მხრიდან ასეთი საფრთხის წინაშე აღარასოდეს ვიქნებით“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მყოფ ხალხს. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა ორმა პალესტინელმა ძმამ განახორციელა, რომლებიც „ჰამასის“ წევრები არიან და წარსულში ტერორისტული საქმიანობისთვის იყვნენ დაპატიმრებული.

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა წინასწარი ინფორმირება შესაბამისი დავალიანების არსებობის შესახებ.

აღნიშნული პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელთა (დირექტორის, მეწარმის ან შესაბამის უფლებამოსილ პირთან) მიმართ, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საერთო ბაზაში რეგისტრირებულ მობილურ სატელეფონო ნომრებზე, საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება და თქვენ აღარ ხართ საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორი ან/და უფლებამოსილი პირი და გეცნობათ ყოფილი სამსახურის საგადასახადო დავალიანების შესახებ ან/და თუ თქვენ ამჟამად ფლობთ წინა პერიოდში, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც მიიღეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, განახორციელოთ აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე ახალი მფლობელის ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდის გამოყენებით ან დაზუსტების/ცვლილების მიზნით, დაუკავშირდეთ ყოფილი სამსახურის წარმომადგენლებს (რათა მათ თავად განახორციელონ სათანადო ცვლილება) ან მიმართოთ საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რათა უკეთ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაცია განხორციელდა, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს შპს-ს დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ მობილურ სატელეფონო ნომერზე (SMS) შეტყობინების გაგზავნას, რომ შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს (პ/ნ და ს/ნ მითითებით) 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე და მიეთითება შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია ბმულების სახით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმულები:

ინსტრუქცია დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით:

https://www.rs.ge/ServicesCatalog?taxarrears&guid=E67E7D6C5C52F001E053790214AC8D17

შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრების მისამართები:

https://rs.ge/Contact?cat=1&tab=1

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია”

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. 15 წელზე მეტია უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.

ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა.

უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზაა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა” – სი ძინპინი

პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზა არის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მილოცვის ტექსტში, რომელიც მან პალესტინელი ხალხის სოლიდარობისადმი მიძღვნილ გაერო-ს შეხვედრის მონაწილეებს გაუგზავნა.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი 1967 წლის საზღვრების საფუძველზე და მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.

სი ძინპინის თქმით, საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს პალესტინის ეკონომიკის საჭიროებები, ხალხის საარსებო წყარო და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაზარდოს განვითარების დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება პალესტინისთვის.

„ჩინეთმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, მხარს უჭერს ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების გადაწყვეტას დიალოგის, კონსულტაციების გზით, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, მორიგი დარღვევები გამოვლინდა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ისევე, როგორც სხვა, თავშეყრის დახურულ ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის და ჩილიმის მოწევა აკრძალულია.

მათივე ცნობით, თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

„მოქალაქეები თუ თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინძლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში, კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს, ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინი სპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია. ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის ვერ დაიცავს.

დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე, ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახლად მიღებული კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება. მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინსტუდენტის სტატუსი ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს”

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტსაბჭოს ახალი წევრების წარდგენამ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შეიტანა პარტიაში.

„ჯერჯერობით, რაც ვნახეთ, ეს არის პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები, ანუ მომავალი კანდიდატები, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, პოლიტსაბჭოს ირჩევს ყრილობა. არ მგონია, ყრილობამ უარი უთხრას იმ ადამიანებს, რომლებიც წარდგენილი არიან, მაგრამ ამ პროცესმა არა თუ განმუხტა ვითარება, არამედ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შემოიტანა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.