Home Blog Page 1959

“დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია – სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?” – ბექა ლილუაშვილი

დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია – სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?! სადაა დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები?! – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრესი მინისტრის გამოსვლაში „კანდიდატის სტატუსის ეფექტია“.

„წინა პერიოდს რომ შევადაროთ დარჩიაშვილის რიტორიკა, პროგრესი არის, მაგრამ ეს კანდიდატის სტატუსის ეფექტია. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს, „ნაცები“ გამოდიან და ეძახიან პრორუსებს, ესენი გამოდიან და საკუთარ თავს პროქართველებს, მაგრამ არავინ მოტყუვდეთ, საითაც ეს ხალხი ძალაუფლების შენარჩუნების და ფულის კეთების რესურსს ნახავს, იქით მიატრიალებს ამ ქვეყანას. ეს საფრთხის შემცველია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ეს არის კანდიდატის სტატუსის ეფექტი. ასევე საარჩევნო მოლოდინების ფორმულირების საკითხი. სიტყვები გასაგებია, საქმე სად არის?! სად არის დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში ადამიანების შეყვანის მოთხოვნა, სად არის სამუშაო ჯგუფები და ამ ქვეყნის რეალური დაახლოება ევროკავშირთან?! ამიტომ ამ განცხადებებიდან, საქმეზე გადავიდეთ თუ შეიძლება!“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

“შეკითხვა ნიკოლ ფაშინიანს ჯავახეთიდან, რომელსაც სოხუმსა და ცხინვალში ანტისომხური დემარში მოჰყვა”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეკითხვა ნიკოლ ფაშინიანს ჯავახეთიდან, რომელსაც სოხუმსა და ცხინვალში ანტისომხური დემარში მოჰყვა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:

სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან – ქალაქ ნინოწმინდიდან – პირდაპირ ეთერში დასმულმა კითხვამ, რომლის ავტორიც სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი იყო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი აჟიოტაჟი და ანტისომხური დემარში მოჰყვა.

ანდრანიკ კარსლიანმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პირდაპირ ეთერში ჰკითხა, მზად არის თუ არა, რომ სომხეთის მთავრობამ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს?“
„მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ იყო პირდაპირი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პასუხით ყველა კმაყოფილია“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა.

მისი აზრით, „ამ კითხვამ, რომელმაც სამცხე-ჯავახეთიდან გაიჟღერა და ფაშინიანის პასუხმა, ვფიქრობ, სომხურ-ქართული ურთიერთობები გააუმჯობესა“.

ანდრანიკ კარსლიანის შეკითხვაზე სომხეთის პრემიერმა პირველად ღიად აღნიშნა, რომ „სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერინტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას“.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთმა 2019 წლიდან პოლიტიკა შეცვალა და გაეროში წინააღმდეგ აღარ აძლევს ხმას საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებულ რეზოლუციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.

2019 წლამდე სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღის ფაქტორის გამო, რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე იყო საუბარი, მიუღებელი იყო. 2019 წლიდან, ერევანმა ეს პოზიცია შეცვალა და რეზოლუციის კენჭისყრის დროს, როგორც რუსეთის მოკავშირე, მონაწილეობას აღარ იღებს.

2023 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სუვერენიტეტი სრულად აღადგინა, სომხეთი უკვე ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო 2019 წლამდე და შემდეგ სომხეთის მიერ გაერო-ში ხმის მიცემების მიდგომების განსხვავებებს, რაზეც საქართველოს მხარემ თავისი კმაყოფილება გამოუცხადა ჩვენს მხარეს“ – განაცხადა ფაშინიამა ვიდეოპრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ორსაათნახევარი გაგრძელდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას პირველად ოკუპირებული ცხინვალიდან უპასუხეს.

„ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა საკუთარ ხალხს, რომლებიც დახმარებას სომხეთისგან ელოდნენ, ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, ეღიარებინა არცახის (მთიანი ყარაბაღის) დამოუკიდებლობა და ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი“ – აღნიშნა ოსი სეპარატისტების ლიდერმა ალან გაგლოევმა.

„აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ“ – ასე გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია.

ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ერევანში ცინიკურად შეაფასეს, ე.წ. „აფხაზური კრების“ სომეხმა წევრებმა, მათ შორის, გაგრელმა გალუსტ ტრაპიზონიანმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული „ბაგრამიანის ბატალიონის“ ერთ-ერთი საველე მეთაური იყო და გუმისთისთვის ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. სამხედრო დამნაშავე ტრაპიზონიანს „აფხაზთა გმირის“ წოდება აქვს მინიჭებული.

„ცინიკურია არა იმიტომ, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არავითარი კავშირი არ აქვს სუვერენულ საქართველოსთან, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ერევანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არცახი სომხეთია და არ დაუშვებს აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრას“ – ნათქვამია ე.წ „აფხაზთა კრების“ სომეხ წევრთა განცხადებაში.

„ეს რეაქცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან მოსალოდნელი იყო“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა.

მისი აზრით, „იქ მცხოვრებ სომხებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს გამთლიანებაში და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაში“.

საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი ნინოწმინდელია, არის ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 12 წლის მანძილზე ქალაქ ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი იყო. აქვს იურიდიული განათლება, სწავლობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში.

მისი თქმით, როცა შეიტყო, რომ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის პირდაპირ ეთერში კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ეკითხა.

https://www.amerikiskhma.com/a/7377499.html

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, 2024 წლის არჩევნებამდე პარტიაში თავმჯდომარის პოზიცია გაუქმდეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“.

ამის შესახებ საკრებულოს წევრების განცხადება სამოქალაქო გაერთიანება – „ძალა ერთობაშიას“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები მივიჩნევთ, რომ: პარტიის არსებული მენეჯმენტი, დღიდან არჩევისა, გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით, განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე.

პრობლემა სათავეს თავმჯდომარის არჩევიდან მეხუთე დღეს მიღებული გადაწყვეტილებიდან იღებს, პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც თვეების განმავლობაში, მენეჯმენტისა და თავმჯდომარის ქმედებებითა თუ რიტორიკით, მწვავე კრიზისში გადაიზარდა, რომელიც არა თუ გვარდება, აღიარებულიც არ არის და ღრმავდება.

დღეს, უკვე, კრიზისის დაყვანა პოლიტსაბჭოს წევრობა/არ წევრობამდე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემიდან გაქცევაა და არა მისი აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისმა პარტიის ყველა რგოლი მოიცვა, რასაც ნათლად ხედავს ამომრჩეველი და ამას საჯაროდ აფიქსირებენ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები.

ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.

ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ, საკუთარი პარტიის მაგალითზე, საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის.

უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება.

ერთი ნიკა მელიას, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ.

იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს, ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.

პოზიციას იზიარებენ და ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი; ანა გოგოლაძე; მამუკა გუგეშაშვილი; გიორგი ონიანი; ზვიად კუპრავა; თორნიკე ბიკაშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის  გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე  4 გვირაბიდან უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი – 1.5 კმ სიგრძის გვირაბი. გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის პირველ მონაკვეთზე 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის  8 კმ-ზე მეტი უკვე გაჭრილია. გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM – Tunnel Boring Machine) წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. ახალ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას  მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისი-გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათი და 30 წუთის  ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა

ისრაელის თქმით, მან საბრძოლო ქმედებები განაახლა, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და CNN ავრცელებენ.

„ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” – ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

CNN-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და “ჰამასს” შორის, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების არანაირი ნიშანი არ ჩანს.

გამოცემის ცნობით, ეს იმის გამო მოხდა, რომ პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში  ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც  ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო.

„ციურიხში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და მასტერკლასი მეღვინეობის სფეროში ევროპაში უმსხვილესი გამოცემა „ვინუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას შვეიცარიის ბაზარზე. ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები დაესწრნენ“, – აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

დავით ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლებში, შვეიცარია გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.

შვეიცარიაში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს შორის, აღსანიშნავია ქალაქ ბერნში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი”; ქალაქ ციურიხში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში Ortsmuseum Hongg ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ჟანრის პერმანენტული გამოფენა „საქართველო – 8 000 მოსავალი“; ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილოება გამოფენაში „ექსპოვინა“ და სხვა.

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და არც მუშაობა გეზარებათ, თუმცა დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას ან რთული საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ. ფრთხილად იყავით – დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვის ან უადგილო შენიშვნის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. დაძაბულ სიტუაციას იუმორი განმუხტავს.

კურო

ამ დღეს დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს გარემოცვაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს თავის სასარგებლოდ იყენებს. სამსახურში საკუთარი მოვალეობების გარდა, შეიძლება მენეჯმენტის მოვალეობების შესრულებაც მოგიწიოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და არასწორ ინფორმაციას გაწვდით. ეცადეთ, ყველა ფაქტი გადაამოწმოთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. ემოციური სტრესის დაძლევაში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა ინტუიციამ გიმტყუნოთ, ამიტომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ უნდა მიიღოთ. უსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მათი აზრით დაინტერესდით. კამათის და დისკუსიების დროს ეცადეთ, მეტად იაქტიუროთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

ლომი

შესაძლოა ამ დღეს დაუმსახურებელ კრიტიკას შეეჯახოთ. პრობლემამ არ შეგაშინოთ, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ უკან დაიხიოთ და იმედი დაკარგოთ. გირჩევთ რჩევისთვის პროფესიონალებს მიმართოთ, რომლებიც რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებიან. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ, ფულს რაში და რამდენს ხარჯავთ. შესაძლოა, ამ დღეს ფული სრულიად უსარგებლო და უხარისხო ნივთებში გადაიხადოთ, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ სანამ დაიჯერებთ, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩიოთ.

სასწორი

დარჩით თქვენი პრინციპების ერთგული და საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების გამო ხასიათი გაგიფუჭდეთ და იმედგაცრუება იგრძნოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, რადგან რამდენიმე დღეში სიტუაცია გამოსწორდება და ჩანაფიქრს განახორციელებთ. დაუქორწინებელ სასწორებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მორიელი

მოზღვავებული ემოციები ყურადღების მოკრეფასა და ნაყოფიერად მუშაობაში ხელს გიშლით. წვრილმან უსიამოვნებებს მწყობრიდან გამოჰყავხართ და მზად ხართ, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეთ. განწყობას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესებთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, მეტი აქტიურობისთვის და ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი სამუშაო აიღოთ და კოლეგებს პასუხისმგებლობის შესრულებაში დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ საღამოს საკუთარ თავს პატარა საჩუქარს გაუკეთებთ და სილამაზის სალონს ეწვევით. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შესაძლოა, ის სპონსორების მიზიდვაში დაგეხმაროთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მეტად სამსახურში აჩქარებას უნდა ერიდოთ, რამაც შეიძლება სერიოზულ შეცდომებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი პრობლემებისა და განცდების შესახებ ოჯახის წევრებს უამბობთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი აზრები თქვენთვის უნდა შეინახოთ. კრიტიკული შენიშვნებით შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, რისკები კარგად აწონ-დაწონეთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ – ამ დღეს ემოციები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით.

თევზები

ამ დღეს მეტი დრო სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებს უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კი, თუ შესაძლებელია, სხვა დღისთვის უნდა გადადოთ. არაფერი შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში ან დღის განრიგში – ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. მალე მოკავშირეები და დამხმარეები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენი საზრუნავის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ.

“ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ” – მედია

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში სესხებითა და გრანტებით 50 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემას. ეს საკითხი 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განიხილა,- წერს Sky News.

მედიის ცნობით, ევროკავშირის მთავრობები კამათობდნენ ბლოკის შემადგენელი 27 ქვეყნის გრძელვადიანი ბიუჯეტის გადახედვის გამო მას შემდეგ, რაც კომისიამ ევროკავშირის ქვეყნები მიიწვია იმისთვის, რომ დამატებითი თანხები მიეწოდებინათ ბიუჯეტისთვის, რომლის დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

„მთავარია უკრაინის მხარდაჭერაა. ამაზე არავის უდავია, თუნდაც მოცულობის გამო“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

“რომელი უფრო დიდი ნაძირალაა, კეზერაშვილი თუ ხაზარაძე? „მისტერ ოფშორი“ თუ „ხანდაზმული თაღლითი?”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიზნესმენ დავით კეზერაშვილსა და „ლელოს“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ მსგავსებებზე და განსხვავებებზე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის განცხადებით, ორივე მათგანი ერთნაირია, თუმცა, განსხვავებული გემოვნება აქვთ, რაზეც, მისივე თქმით, მათ მიერ დაფინანსებული პირები მეტყველებს.

„კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი” – ირაკლი კობახიძე. რომელი უფრო დიდი ნაძირალაა, კეზერაშვილი თუ ხაზარაძე? „მისტერ ოფშორი“, რომელმაც ქართული ჯარის ძარცვით დაიწყო და ევროპელი პენსიონერების გაყვლეფით აგრძელებს… თუ „ხანდაზმული თაღლითი“, რომელმაც შევარდნაძესთან იბარტყა, მიშამ დააფრთიანა და ახლა, პოლიტიკით ცდილობს ხელის მოთბობას?! პრინციპში, ორივე ერთი ნაგავია, განსხვავება ამასა და კეზერაშვილს შორის გემოვნებაა – კეზერა უფრო გოიმია, ხაბეიშვილსა და ნაყარ-ნუყარა ჟურნალისტებს აფინანსებს… აი, ხაზარაძე კი: მედია-დივებსა და პრინცებს, IQ-დედოფლებს, deep-ნოდარებს, გეგელიებს, სამადაშვილებს, საბაბუაძეებს და მოკლედ, ათასი რჯულის უსამშობლოს. მეტიც, ამას ცხენზე ჯირითი, გიტარის დაკვრა, მანდარინის კრეფა და “ბეიბისითერობაც” კი შეუძლია… ოლიგარქებში კეზერაშვილი „რაზვადნოი კლუჩია“ და ხაზარაძე „ესტონ სუპერ ქანჩი,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.

“ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე უნდა დარჩეს ” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე უნდა დარჩეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

“ჩვენ ირგვლივ სტრატეგიული გარემო ძირეულად შეიცვალა. ეს ქმნის ახალ პასუხისმგებლობას ევროპისთვის. მე ამას სტრატეგიულ პასუხისმგებლობას ვუწოდებ. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა ამ ომში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

“რუსეთი ახლა პოზიციებს აძლიერებს. ცდილობს ინიციატივა ხელში აიღოს. და ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ რთული რჩება. მაგრამ ეს არ არის მხარდაჭერის საწინააღმდეგო არგუმენტი. პირიქით, ეს მეტი მხარდაჭერის არგუმენტია”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი არ აკონტროლებს უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რადგან უკრაინის არმიამ ოკუპანტები განდევნა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიიდან.

“ევროკავშირთან დაახლოება ბიზნესისთვის ნიშნავს როგორც თავად ბიზნესის, ასევე მომხმარებლის მეტ დაცულობას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, სტარტაპერებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

„ევროპული კამპანიის ფარგლებში, „ჩვენი ხმა ევროპას“ და თქვენი ხმა ევროპას, ორბელიანების სასახლეში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი მივიღეთ. თქვენთვის ალბათ ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება და ამ გზის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანება.

თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესისა და ქართული ეკონომიკის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი განვითარებაც დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან უფრო მჭიდრო პარტნიორობაზე, ევროკავშირის ბაზარზე გასვლასა და, მეორე მხრივ, ინვესტიციების უფრო აქტიურად შემოსვლაზე. თეორიულად ჩვენ გვაქვს ყველა ეს მოცემულობა, რომ შეიძლება ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში გავიტანოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს შესაძლებლობა არ არის სრულად გამოყენებული. ამას შიგნით ქვეყანაში მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რომ ეს ექსპორტი არ იყოს რაღაც იდეალური მოლოდინი და გახდეს რეალობა. ამას სჭირდება მეტი დაფინანსება, რომ ევროკავშირის სტანდარტები და კრიტერიუმები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა ჩვენი პროდუქცია მიიღოს. ამ ყველაფერს საქართველოში ბიზნესისა და მწარმოებლების უფრო მეტი ინფორმირება სჭირდება. ეს ერთი ნაწილია.

ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებიდან უკვე დაწყებულია. ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება დამოკიდებულია მთელი რიგი კანონმდებლობის მიღებაზე.  ეს ნიშნავს თქვენს დაცულობასა და მომხმარებლის მეტ დაცულობას, ყველასთვის მომავლის მეტ პროგნოზირებას და თქვენ ჩემზე კარგად გესმით, იმისთვის, რომ ბიზნესმენმა, ქალმა თუ კაცმა, გაბედოს ინვესტირება, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი და მომავლის იმედი. თუ ვერ გათვლი შენს განვითარებას რამდენიმე წელიწადზე, მაშინ ვერ ბედავ და გჭირდება მხოლოდ იმ ტიპის ბიზნესი, რომელიც სწრაფ ფულს მოგიტანს, როგორც ვიყავით წარსულში მიჩვეულნი. ეს არ არის იმ ტიპის ბიზნესი, რომელიც სჭირდება ქვეყანას. რეალურად, ქვეყნის განვითარებას გრძელვადიანი ბიზნესები სჭირდება, რომელიც ვითარდება უფრო ნელა, მაგრამ უფრო სანდო და უფრო ძლიერია. ეს არის ჩვენი მომავალი. ამას გვაძლევს ევროკავშირი, ამას გვაძლევს ის კანონმდებლობა, რომელზეც ქვეყანა მუშაობს. რეალურად, თუ გადავხედავთ იმ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მიერ დაიდო და პირველი პოზიტიური ნაბიჯია, ჩანს, რომ ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა სწორედ სტანდარტებთან, კანონმდებლობასთან ამ მიახლოებით. ეს ყველას დამსახურებაა. ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს კანონმდებლობა, რომ ეს არ დარჩეს ქაღალდზე და გადავიდეს ყოველდღიურობაში. ეს ნიშნავს ტენდერებში მეტ გამჭვირვალობას, ეს ნიშნავს ბანკების მიერ შემოთავაზებულ მეტ კრედიტს და მათზე ადვილ ხელმისაწვდომობას. პირველ რიგში, ქალებისთვის, რაც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ უფრო ახლოს ჩვენს პარტნიორებთან,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელთა მიღწევებიც მოგვწონს და გვინდა, მივბაძოთ, როცა სასწავლებლად ან სამუშაოდ ჩავდივართ. მაგრამ შემდეგ მათი ჯერიც დადგება, რომ მათ ჩვენ მოგვბაძონ და დაინახონ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პოტენციალი, რომელიც  ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს, რომელსაც უნდა მიეცეს გაშლა და არ უნდა იყოს პოლიტიკის ჩარევა. პოლიტიკამ ბიზნესისგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი, ცხადია, ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდნენ ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან მთლად ერთმანეთისგან ჩამოშორებულები, მაგრამ რაც მეტი დამოუკიდებლობა  და თავისუფლება არსებობს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც მე შემიძლია თქვენ, ყველას გისურვოთ. აქ ძალიან ბევრნი ხართ, მინდა, ვისურვო, რომ აღარ დავეტიოთ ამ კედლებში და თქვენ ისე ძლიერად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ, არამხოლოდ ევროკავშირში”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბიზნესთან საუბრისას.

“ვგმობთ თავდასხმას, რომელმაც იერუსალიმში უდანაშაულო ისრაელელების სიცოცხლე შეიწირა” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა.

შეხვედრისას ბლინკენმა დაგმო შეიარაღებული პირების მიერ იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ისრაელელი დაიღუპა.

„ეს დღე საშინლად და ძალიან ნეგატიურად დაიწყო მორიგი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელმაც იერუსალიმში უდანაშაულო ისრაელელების სიცოცხლე შეიწირა. ეს შეხსენებაა იმისა, რის წინაშეც ისრაელი და ისრაელის ყველა მოქალაქეა ყოველდღიურად. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას და ასევე გლოვობთ ამ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვას“, – განაცხადა ბლინკენმა შეხვედრაზე.

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა მძევლების გათავისუფლების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამერიკას სურს, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მყოფ ხალხს. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა ორმა პალესტინელმა ძმამ განახორციელა, რომლებიც „ჰამასის“ წევრები არიან და წარსულში ტერორისტული საქმიანობისთვის იყვნენ დაპატიმრებული.