Home Blog Page 1958

“თურქული დრონები – ცნობილი “ბაირაქტრები” უკრაინის არმიაში პოპულარულები აღარ არიან”-Newsweek

თურქული დრონები – ცნობილი “ბაირაქტრები” უკრაინის არმიაში პოპულარულები აღარ არიან, მათ, როგორც იტყვიან, „თავიანთი დრო მოჭამეს“ და ფაქტობრივად უმაქნის იარაღად გადაიქცნენ, – აღნიშნულია ამერიკული გამოცემის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ მოძველდნენ და სად გაქრნენ თურქული „ბაირაქტრები“, რომლებიც ადრე უკრაინაში რუსებს აშინებდნენ“ (ავტორი – ელი კუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იყო დრო, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, როცა თურქული უპილოტო მფრინავი აპარატების Bayraktar TB2-ების დიდება ჰქუხდა. მათზე წერდნენ უცხოური გაზეთები, ქვეყნდებოდა ვიდეოკადრები, თუ როგორ იღებს მიზანში დრონი რუსულ ტანკს, უშვებს რაკეტას და აფეთქებს… მაგრამ ახლა მათი პოპულარობა მკვეთრად დაეცა. და ეს ხდება იმის ფონზე, რომ სხვა დრონებით სარგებლობის ტემპები უკრაინის ფრონტების მთელ პერიმეტრზე მატულობს, ორივე მხარის მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ Bayraktar TB2-ები უეცრად გაქრნენ ბრძოლის ველიდან. შესაბამისად, ამ ფაქტმა გაკვირვება გამოიწვია და კითხვები გააჩინა.

„ბაირაქტრებმა“ თავდაპირველად რუსეთის არმიას მართლაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ რუსები გამოფხიზლდნენ და მათ სხვა იარაღი დაუპირისპირეს. 2022 წლი ზაფხულამდე რუსეთს მცირე ზომის დრონების წინააღმდეგ მიმართული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ „ბაირაქტრები“ დაუსჯელად დაფრინავდნენ ფრონტის ხაზზე.
უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტის, ბრიტანელი სტივ რაიტის განმარტებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააცნობიერეს თავიანთი სუსტი მხარეები და შესაბამისი ზომები მიიღეს Bayraktar TB2-ების „პარპაშის“ აღსაკვეთად.

უკრაინული წყაროების ადასტურებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქულ დრონებს სულ უფრო ნაკლებად იყენებდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს, ბოლო თვეებში კი მათი სარგებლობა თითქმის სრულიად შეწყდა.

„Bayraktar TB2-ებმა თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულეს“, – ამბობს ანდრეი პოდლისი, უკრაინის არმიის ერთ-ერთი სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, – მაგრამ ზაფხულის კონტრშეტევის დროს, როცა რუსეთმა ფართოდ ისარგებლა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახალი და გაუმჯობესებული საშუალებებით, თურქული დრონების „დაღუპვის“ ფაქტებმა იმრავლა. ანუ სულ უფრო მოიკლო მათმა ეფექტურობამ.

„მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა „უსარგებლო“, მაგრამ დღეს რთულია ისეთი სიტუაციის მონახვა, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდეს“, – აცხადებს უკრაინელი პოლკოვნიკი ვლადიმერ ვალიუხი. მისი აზრით, Bayraktar TB2-ები მოძველდნენ როგორც მორალურად, ისე ტექნიკურად. თურქული დრონები იოლად ექცევიან რუსული რადიოელექტრონული რადარების მოქმედების სფეროში და „იღუპებიან“.

„ნიუსვიქმა“ განმარტებისა და კომენტარისათვის თურქული კომპანიის Baykar-ის გენერალურ დირექტორს ჰალუქ ბაირაქტარს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

სხვათა შორის, კევი ახლა თვითონაც ბევრ დრონს აწარმოებს, მათი რაოდენობა ათასებს აღწევს, რომლებსაც სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს მიხეილ ფედოროვს „უკრაინული დრონების არმიის მთავარსარდალს“ უწოდებენ. მისი თქმით, უკრაინა მალე გახდება მსოფლიოს ლიდერი დრონების წარმოების სფეროში.

„არა მგონია, რომ ვინმეს ეჭვი დაებადოს იმაში, რომ უკრაინა დრონების რაოდენობის საკითხში აშკარად რუსეთის წინ დგას და მეტოქეობას იგებს“, – ამბობს მინისტრი.

მაგრამ მარინა მირონი – ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების განყოფილების თანამშრომელი, აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დრონების რაოდენობაში განსხვავება მცირდება: „რუსეთი დრონების წარმოებაში მართლაც ჩამორჩებოდა უკრაინას, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვი აქტიურად ავითარებს ამ დარგს და უახლოეს ხანში პარიტეტს აღადგენს. გარდა ამისა, რუსეთი დრონებს ირანისგანაც ყიდულობს“, – აღნიშნავს მარინა მირონი.

წყარო

 

“საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ -Region Plus

აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში Region Plus-ში (გამოდის თვეში ორჯერ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ (ავტორი – ნურანი), რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე დაპირისპირება – კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში არსებული უთანხმოება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირებით არის განპირობებული: პრეზიდენტი დასავლეთისკენ, პრემიერი – რუსეთისაკენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს პარლამენტში მომხდარი მოვლენა – საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელება – ალბათ, არამარტო ქვეყნის პოლიტიკური ისტორიაში, არამედ შესაძლოა მთლიანად რეგიონის ისტორიაშიც შევიდეს. მაგრამ განა დასრულდა ამით ყველაფერი? შეიცვლება თუ არა თბილისის პოლიტიკა – რა გავლენას მოახდენს დაპირისპირების გაგრძელება სამომავლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე?

პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას, უფრო ზუსტად კი პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებას საკმაო ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად უთანხმოების გამწვავებას ბიძგი საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა მისცა: ევროკომისიამ ტრადიციული „აღმოსავლეთის სამეული“ – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ერთმანეთისაგან განაცალკევა და უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი უსტატუსოდ დატოვა, სამაგიეროდ თბილისს 12-პუნქტიანი მოთხოვნა მისცა შესასრულებლად.
პრეზიდენტმა საქართველოს საკითხის გადადების მიზეზი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკაში დაინახა და შეეცადა რუსეთისადმი ლოიალური კურსის გატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, როგორც რუსული კანონების გადმოღების მცდელობა ქართულ კანონმდებლობაში და მათ ვეტოები დაადო, ასევე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის ლიდერებიც, რომლებიც თბილისისაგან ანტიკრემლური პოზიციის უფრო მკვეთრ გამოხატვას მოითხოვენ – საქართველო უნდა შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებსო. თბილისი კი არ ჩქარობს, რაც პრეზიდენტს არ სიამოვნებს.

არის იმის ცდუნება, რომ ითქვას – საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულია და შესაბამისად, მთავრობაც რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მას დაჭერილი ჰყავს პროდასავლელი პოლიტიკოსი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რომ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლებიდან ფრანგული ფესვების მქონე პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილის გაძევება სურს. ანუ ყველაფერი მართლაც რუსეტს უკავშირდება. მაგრამ სიტუაცია არც ასე ერთმნიშვნელოვნადაა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერცერთი პრორუსული პარტია ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწევს. შეიძლება იყონ რუსეთის მიმართ ხისტი და რბილი პოლიტიკის მომხრეები, მაგრამ ქვეყანაში ყოველი პრორუსული პარტია მარგინალად არის განწირული. დიახ, „ქარტული ოცნება“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მაგრამ „მეოცნებე“ პოლიტიკოსებსა და ნინო ბურჯანაძის ტპის პოლიტიკოსებს შორის უდიდესი განსხვავებაა. თანაც არც ისე იოლი არ არის პასუხის გაცემა იმაზე, თუ რით იწყება და სათ მთავრდება „ქართული ოცნების“ გადამეტებული ლოიალობა რუსეთის მიმართ და კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს ანტიდასავლურობა (ანტიევროპული კურსი).

სანქციებთან დაკავშირებითაც საკითხი მარტივი არ არის. ვალდებულია თუ არა საქართველო, რომელიც ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის (არც კანდიდატის სტატუსი არ აქვს), ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდეს. კი, ეს კარგი საშუალებაა დასავლელ პარტნიორებს შენი ერთგულება აჩვენო და დაუმტკიცო, მაგრამ როგორი იქნება ასეთი ნაბიჯის ფასი? საქართველო ტრადიციულად ძალიან არის დამოკიდებული თავის ჩრდილოელ უშუალო მეზობელზე ეკონომიკურად. ასეთი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა არ შეცვლილა „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, როცა მის მთავრობაში რუსი ოლიგარქი კახა ბედუქიძე მინისტრი იყო. ასე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, ღვინო – ეს ყველაფერი რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გადის და ამის ალტერნატივა არ ჩანს. გარდა ამისა, თბილისი „ევროკავშირის კანდიდატობის კანდიდატად“ ითვლება და არ არის ნატოს წევრი. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ფრთხილად და რატომ უნდა გააკეთოს ზედმეტი მოძრაობები მოსკოვურ ტრეკზე? საქართველოს ნამდვილად აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოება საკუთარი შეხედულებით დაიცვას. უფრო მეტიც, ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ე.წ. „ხუთდღიანი ომი“, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და როცა თბილისს დასავლეთისაგან პრაქტიკულად არავითარი ქმედითი და კონკრეტული დახმარება არ მიუღია. ასე რომ, პრინციპში, გასაგებია, თუ რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას გარისკვა რუსეთის მიმართ.

გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას რუსეთთან დამოკიდებულებით ხსნიან. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ საზოგადოების წინაშე თავიანთი პოლიტიკური თამაშები სწორედ ასე წარმოაჩინონ.

და მაინც, რით გამოიხატება საქართველოს ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზი?

თეორიულად, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება იზეიმოს – მან პოსტი შეინარჩუნა (ეს „ქართული ოცნებისათვის“ მოსალოდნელი იყო). თუმცა მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი უკვე „კოჭლ იხვად“ არის გადაქცეული და მას არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ მისი უფლებები ისედაც შეკვეცილი და სიმბოლურია.

არადა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს „ევროპული ოცნების“ სიმბოლო ყოფილიყო. ემიგრანტების შვილი თავის ისტორიულ სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით დაბრუნდა, საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა… მაგრამ ქართული ფესვების მქონე ფრანგი ქალის ლამაზ ისტორიას, რომლის თანახმად, პარიზული სენის ნაპირიდან თბილისური მტკვრის ნაპირზე ბრუნდება და ქვეყნის ევროპული კურსით წაყვანა სურს, ხელს ერთი გარემოება უშლის: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ პოულობს საერთო ენას ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. იგი მცირე ხანს იყო მიხეილ სააკაშვილის გუნდში და შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის ოპოზიციაში გადავიდა, მოგვიანებით მიუერთდა „ქართული ოცნების“ კოალიციას, მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, მათთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა. მიზეზი, ალბათ, პრეზიდენტის რთულ ხასიათში არ უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხედვებისათვის ქართული ნიადაგი მაინცდამაინც ბარაქიანი არ არის.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7138 ლარი ეღირება, ევრო – 2.8883 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3168 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7152 ლარი ღირდა, ევრო – 2.8865 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3098 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ნოემბერს ამოქმედდება.

“მდიდარი ენჯეოშნიკების მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა” – ირაკლი ზარქუა

მდიდარი ენჯეოშნიკების მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში, გამორიცხულია, ამას ვერ „გავატარებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, მათი ამოცანაა ქაოსის ხელშეწყობა, რაშიც ისინი მმართველმა გუნდმა ამხილა.

„მდიდარ ენჯეოშნიკებს ერთი მიზანი აქვთ, რამენაირად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ერთ-ერთ სასტუმროში, მგონი, სოროსის ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, ეს ხომ „ქართულ ოცნებას“ მიეწერებაო და შემდეგ ოპოზიციას რა ეშველებაო. არ მახსოვს, სოროსის ფონდი იყო ან მეორე სატელიტი.

ამ მდიდარ ენჯეოშნიკებს ერთი სახე, ერთი ნიშანი, ერთი ხელწერა, ამოცანა აქვთ. ამერიკელი ხალხის ფულს, ჩვენი ევროპელი ხალხის დახმარების ფულს, რომელიც დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რადიკალების გაძლიერებაში, ქაოსის, მიტინგებისა და უბედურებების ხელშეწყობაში იყენებენ. ეს არის ამათი ამოცანა და ამაში ვამხილეთ. დარწმუნებული ვარ, USAID-ის სათავო ოფისს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება, რადგან მგონია, რომ ამერიკელი ხალხისა და ევროპელი ხალხის ფული აქ იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში. გამორიცხულია, ამას ვერ „გავატარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტს დეკემბერში წარედგინება” – ლაშა ხუციშვილი

პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ბიუჯეტი გაიზრდება 700 მლნ ლარით, რისი წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები.

„ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ეს არის საფინანსო სექტორი, რომლის ანალიზიც გაკეთდა დამატებით. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მოხდა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, რამაც დამატებით 300 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბიუჯეტს საფინანსო სექტორიდან და ასევე, ცვლილებები არის გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით. კერძოდ, 10-პროცენტიანი მოგების გადასახადი გაიზრდება 15 პროცენტამდე, ხოლო თანხის გატანის გადასახადი, რომელიც იყო 2 პროცენტის ოდენობით, გაიზრდება 5 პროცენტამდე. აღნიშნული ცვლილებებიდან ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში დამატებით მიიღებს 700 მლნ ლარს, რომელიც გადანაწილდება შესაბამის სამინისტროებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დამატებით 160 მლნ ლარი გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მისი ბიუჯეტი იქნება 2 მლრდ 500 მლნ ლარი.

„ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ხოლო მომდევნო წელს განათლების ბიუჯეტი 400 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დამატებით მოძიებული თანხები მიემართება სკოლების მშენებლობისთვის და ასევე მასწავლებელთა ხელფასების მატებისათვის, რომლისთვისაც 130 მლნ ლარი უკვე პირველ წარდგენაზე იყო გათვალისწინებული. დამატებით 30 მლნ ლარი მიემართება ხელფასების ზრდისთვის, რაც ჯამში 160 მლნ ლარია და უკვე ახალი ხელფასების სტრუქტურის შესაბამისად, საშუალოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა იქნება საშუალოდ 500 ლარის ფარგლებში, რაც ბუნებრივია, ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების სექტორში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 65 მლნ ლარით.

„გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულიად უფასოდ. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევის დაფინანსება, რაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. ასევე თანხის ნაწილი მიიმართება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცები საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით, აქ არსებული 560 ლარიანი ზღვარი გაიზრდება უკვე 1000 ლარამდე და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება დამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაღუპულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია 1 000 ლარიდან გაიზრდება 1 200 ლარამდე.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ფაქტობრივად ყველა კატეგორიას შევხებოდით, როდესაც ვზრდიდით შესაბამის გასაცემლებს და შესაბამისად, დაახლოებით 8 000-მდე ადამიანს გაეზრდება ასევე შესაბამისი კომპენსაციები, ისეთ ჯგუფებში, როგორიც არის 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესიულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. რიგ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ზრდა – 7-ლარიანი გაზზე გასაცემი გაიზრდება 40-ლარამდე, 22-ლარიანი 60 ლარამდე, 44-ლარიანი 80 ლარამდე. ასევე მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ამ მიზნით, მხოლოდ 2024 წელს გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მლნ ლარი, რაც საკმარისი იქნება 500 ოჯახისთვის ბინების შესაძენად, ხოლო მომდევნო წელს, ანალოგიურად ეს რიცხვი დაახლოებით 1 000-მდეა შეფასებული, მომდევნო წელსაც, ანუ 2025 წელს ანალოგიურად 500 ოჯახის შესაბამის საცხოვრებლით უზრუნველყოფს სახელმწიფო. დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყოფა შემდგომ ამისთვის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოიყოფა დაახლოებით 150 მლნ ლარი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა.

„ჩვენ 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით, 50 მლნ ლარი იქნება მომდევნო წელს, ჯამში 70 მლნ ლარი. იცით, რომ ახლა მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა ანაკლიის პროექტში და შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი წილის პროპორციულად იმ თანხის დახარჯვას, რა თანხებიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს მომდევნო წელს. გარდა ამისა, განახლდება ინფრასტრუქტურა აეროპორტებში. ქუთაისის აეროპორტში, ასევე თელავის აეროპორტის ფაქტობრივად მშენებლობა იგეგმება და ასევე განხორციელდება ვაზიანის ახალი აეროპორტის სრული ეკონომიკური კვლევა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყოფა დამატებით 50 მლნ ლარი. თბილისსა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 110 მლნ ლარია გათვალისწინებული წარდგენილ ბიუჯეტში.

თავდაცვის სამინისტროს დაემატება დამატებით 10 მლნ ლარი. სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მლნ ლარი, საიდანაც 15 მლნ ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებულ სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიურო სტიპენდიების ზრდისთვის. ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად დამატებით გამოიყოფა 25 მლნ ლარი და ჯამში, ამ მიზნით 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა არის 125 მლნ ლარი.

ეს არის ის ძირითადი სიახლეები, რაც გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში. ჩვენ პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის უკვე საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს და იქნება 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში თბილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, 4 ნოემბრის დილამდე საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. 6 ნოემბრამდე კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში ღამის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“დიდი იმედი გვაქვს, ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ”

ვფიქრობ, 8 ნოემბერს ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ადეკვატურად იქნება ასახული ევროკომისიის ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიმართ მოლოდინი პოზიტიურია.

„იმედიანად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, 8 ნოემბერს ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ადეკვატურად იქნება ასახული ევროკომისიის ანგარიშში. დიდი იმედი გვაქვს, ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ. რაც შეეხება ოპოზიციის აგონიურ განცხადებებს, რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი არ უხარიათ. მათ განცხადებებშიც სწორედ ის ჩანს, რომ არ უხარიათ. მათ არ უხარიათ თავისი ქვეყნის წარმატება და ევროპული ინტეგრაცია. როგორც მათი ნაწილი ამბობს, ისინი მთელი ამ ხმის განმავლობაში დადიოდნენ და ევროპელ პარტნიორებს ეხვეწებოდნენ, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ. ამაში სწორედ მათი რეალური სახე და რეალური სურვილები ჩანს. ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდიან, მუშაობენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და საკუთარ ქვეყანას ღალატობენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი აქცენტი Heart of Agile იყო — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს” თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იყვნენ. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტიამ, თიბისის ეჯაილ მწვრთნელმა, ჯგუფის ლიდერმა გაუზიარა.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქნოდათ დისტანციურად დაესვათ შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორისთვის, მიეღოთ მონაწილეობა ნეთვორქინგში, გაეცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

R

“ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას” – პრემიერი

ბიუჯეტში გათვალისწინებულია125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

„ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს”

ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუფსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც ზოგჯერ გავაოთხმაგეთ და გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახები.

„ასევე მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-ამდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000- ამდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორ წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული”, – განაცხადა პრემიერმა.

სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება პატიმარი სააკაშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, 7 ნოემბრის დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით” – პრემიერი

2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის ჩადებული.

„ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა. შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონი ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს”, – განაცხადა პრემიერმა.