Home Blog Page 1957

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში.

„აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა მარშრუტის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი. ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.

პროკურატურამ არასრულწლოვნით ტრეფიკინგის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და მესამე ნაწილის „გ”, ,,ე”, ,,ვ” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ” – ლევან დავითაშვილი

რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ – დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში.

„რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა – 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს – აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პოსტპანდემიური პერიოდის დროს, მთავრობამ ახალი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოყვანა კარგი ორგანიზებით, სწრაფად მოახდინა, მაგრამ „ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და ასევე, აზერბაიჯანი“.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა.

„ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, დავითაშვილი ასე პასუხობს:

„ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან“.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის საკითხზე, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, საქართველოს მთავრობისთვის მთავარ ამოცანად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა „ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის“.

მისივე თქმით, სამთავრობო გუნდს დიდი იმედი აქვს, რომ ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ახორციელებს, სამართლიანად და სწორად შეფასდება.

„ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან. არ შეიძლება, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა არ მოიტანდეს შედეგს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რაც ჩვენ ყველას გვინდა – სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართლიანად და სწორად შეფასდება ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში [ახორციელებს]“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა

 ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება.

სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

კობა კობალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე რაგბის კლუბ “არმიის” ვარჯიშს დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი, „ავჭალა არენაზე” სარაგბო კლუბ “არმიის” ვარჯიშს დაესწრნენ და მორაგბეებს გაესაუბრნენ.

შეხვედრაზე გუნდის წევრებმა იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც “არმიის” წინაშე დგას. კობა კობალაძემ და ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებული გამოწვევების დაძლევაში, მორაგბეებს დახმარება და თანადგომა აღუთქვეს და მომავალ თამაშებზე წარმატება უსურვეს.

შეგახსენებთ, “არმია”, 6 მაისს გამართულ დიდი 10-ის ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის “არწივებთან” დამარცხდა. გუნდს, დიდი 10-სთვის ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. ”არმიელებს”, წინ, კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, დიდი 10-ის მეცხრე ადგილის მფლობელ “აკადემიასთან”. პირველ თამაშს “არმია”, “აკადემიასთან” 20 მაისს, 15:00 საათზე „ავჭალა არენაზე” გამართავს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირელი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, კლუბ ”არმიის” პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი და გუნდის მენეჯმენტი.

რაგბის კლუბი „არმია” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელების საშიშროება შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობს და ხანძრის გავრცელების ალბათობას შესაბამისი სამსახური დაადგენს,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ერდოღანის ალიანსმა მოიპოვა

თურქეთში საპარლამენტო არჩევნებზე “რესპუბლიკურმა ალიანსმა”, რომელსაც სათავეში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტია უდგას, ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის დამუშავებულია ხმების 99,27%, – იტყობინება Anadolu.

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური ალიანსი“ იღებს ხმების 49,37%-ს, ოპოზიციური „სახალხო ალიანსი“ ქემალ კილიჩდაროღლუს “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ხელმძღვანელობით – 35,12%, „შრომისა და თავისუფლების ალიანსი“ – 10,51%

CNN Turk-ის ცნობით, ერდოღანის ალიანსი პარლამენტში 600 ადგილიდან 321 ადგილს დაიკავებს, სახალხო ალიანსს შეუძლია 213 მანდატი მიიღოს, ხოლო შრომისა და თავისუფლების ალიანსმა – 66 მანდატი.

არჩევნებში აქტივობამ 87,30% შეადგინა.

“ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას უანგაროდ დაახარჯა და ერთი მოგებიანი პროექტიც კი არ უწარმოებია საქართველოში”

„ახალი იდიოტობა მოუფიქრებია და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობას უზნეობას უწოდებს. ადამიანმა 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას უანგაროდ დაახარჯა და ერთი მოგებიანი პროექტიც კი არ უწარმოებია საქართველოში. ფონდები, რომლებმაც სახელმწიფო, საჯარო, კერძო თუ ადამიანური კაპიტალიც კი ეგზისტენციალური საფრთხისაგან იხსნა, თურმე უზნეობა ყოფილა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ლევან ბერძენიშვილი ამჯერად ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე ალაპარაკდა, თუმცა ამ თემაზე ზედმეტი საუბარი არ არის საჭირო, რადგან ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი უანგაროდ გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოგებიანი ბიზნესი არასდროს უწარმოებია.

„პიტალო აზროვნების მაგისტრ ლევან ბერძენიშვილს არ ასვენებს ბოღმა-ინტელექტი და „სიბრძნეებს“ ანთხევს.

ახალი იდიოტობა მოუფიქრებია და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობას უზნეობას უწოდებს.

ადამიანმა 3 მილიარდი დოლარი საკუთარ ქვეყანას უანგაროდ დაახარჯა და ერთი მოგებიანი პროექტიც კი არ უწარმოებია საქართველოში. ფონდები, რომლებმაც სახელმწიფო, საჯარო, კერძო თუ ადამიანური კაპიტალიც კი ეგზისტენციალური საფრთხისაგან იხსნა, თურმე უზნეობა ყოფილა.

მდაა, ზნეობასა და მორალზე საუბრობს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პარაზიტი, სხვისი ხელიდან მკენკავია და მიუხედავად „პრადვინუტი“ იმიჯისა, საკუთარი პოლიტიკა ვერასოდეს აწარმოა, რადგან ელექტორალურადაც კი ნულია,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე

“უმუშევრობის დონე 3.4 პ.პ-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს – 17.3%-ს გაუტოლდა” – გიორგი ცუცქირიძე

2021-2022 წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

“თვალსაჩინოებისათვის, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი გაიზარდა 23.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 21.2 პროცენტით. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ გააუმჯობესა უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი (საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი), რაც აისახა კიდეც ლარის გაცვლით კურსზე ამერიკულ დოლართან მიმართებაში, გამყარების მიმართულებით.

2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4 პ.პ-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა. ამასთან, 2019 წელთან შედარებითაც წინა კოვიდ პანდემიურ შოკამდე უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებითაც 0.3 პ.პ-ით არის შემცირებული. აღნიშნული ნათლად ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე.

უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად – 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. 2022 წელს სამუშაო ძალა 18.0 ათასით გაიზარდა და 1,551.6 ათასი კაცი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც, რაც გამოიხატება ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და ყველა რეგიონში (კახეთის გარდა) უმუშევრობის დონის შემცირებით, ასევე არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალის მაჩვენებლების შემცირებითა და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდით.

უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება, რაც შრომის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, კერძოდ 15-29 ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე შემცირდა 4.7 პროცენტული პუნქტით და 30% შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად – 3.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (30.7%-ს შეადგენს) იმ 15-29 წლის ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEETs).

2022 წელს ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა შემდეგ სექტორებში გაიზარდა: მრეწველობა (გაიზარდა 15.3 ათასით და 152.4 კაცს მიაღწია); მშენებლობა (გაიზარდა 14.2 ათასით და 108.6 კაცს მიაღწია); ვაჭრობა (გაიზარდა 12.0 ათასით და 192.7 კაცს მიაღწია) და განთავსების და საკვების მიწოდების საქმიანობები (გაიზარდა 9.2 ათასით და 42.6 კაცს მიაღწია)”, – წერს ცუცქირიძე.

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება – „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან” გამოაქვეყნა

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ასევე გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგიცაა, რაც დეპოზიტების გაზრდილ ლარიზაციასა და ვალუტაში დაკრედიტების შედარებით უფრო მაღალ ხვედრით წილში გამოიხატება. თავის მხრივ, სენტიმენტები ლარის სეზონური გამყარების მოლოდინებთანაცაა დაკავშირებული. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი გაცვლითი კურსის სეზონურ მერყეობას ელის, ეს მერყეობა დიდი ალბათობით აღარ დაფიქსირდება, რადგანაც მაგალითად „კარგი სეზონის” წინ მოხდება ლარის შესყიდვა და პირიქით. თავისთავად, განწყობები ცვალებადია და ეს გასულ კვირაშიც იყო თვალსაჩინო.

ასევე აღსანიშნავია, რომ სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტები არაა ლარის კურსის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რადგანაც ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის ინტერვენციები, რაც ბოლო პერიოდში დამაბალანსებელ როლს ასრულებს. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მართალია მცირე, მაგრამ კვლავ უფრო მეტ გამყარებას აჩვენებს. ასევე, სადღეისოდ არსებული კურსით, მომდევნო თვეებში დეფლაციაა მოსალოდნელი. ეს ფაქტორები კი, ძლიერი სავალუტო შემოდინებებისაგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური მოლოდინების არგუმენტია.

მთლიანობაში, საბაზო სცენარი ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება, ლარის განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება და, როგორც ჩანს, გაცვლითი კურსის მცირე შესწორებაა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად, გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი” – ანდრია გვიდიანი

„ქალბატონი კელის ლოგიკით მტერმა პუტინმა მზაკვრულად გააუქმა სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამიტომ, ახლა დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი.“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ.

„კელი დეგნანი: ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რასაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით.

მოდი ასე ვთქვათ, ქალბატონი კელის ლოგიკით მტერმა პუტინმა მზაკვრულად გააუქმა სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების შეზღუდვა.

ამიტომ, ახლა დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი, დანიშნოს პირდაპირი ავიამიმოსვლა და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

P. S. მხოლოდ ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი  პ ა რ ტ ნ ი ო რ ო ბ ი ს ფარგლებში!“- წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

“ხვალინდელ სხდომაზე გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს” – გიორგი ვაშაძე

ხვალინდელ სხდომაზე გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან – საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, მათ შორის, მათ კავშირს მიხეილ არახამიასთან, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, სრული მობილიზება ჰქონდეს “ქოლ ცენტრებთან” დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრაზე.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ “ქოლ ცენტრს” დაზარალებულები არა მარტო ევროკავშირში, არამედ საქართველოშიც ჰყავს.

„მიმდინარე კვირაში პარლამენტში უნდა გამოვიდეს “ქოლ ცენტრებთან” დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე. თუ “ქართული ოცნება” კვლავ მოახდენს ამ კენჭისყრის საბოტაჟს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ “ქოლ ცენტრების” უკან დგანან თვითონ. მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ გვქონდეს სრული მობილიზება, ეს არის პარტია “საქართველოსთვის” მიერ ინიცირებული კომისია, რა თქმა უნდა, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რამხელა დანაშაულებრივი სქემა აქვს “ქართულ ოცნებას” აწყობილი, რომლითაც მდიდრდებიან თვითონ და აფინანსებენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება. კონკრეტულ სახელებს და გვარებს ადამიანების, თუ ვინ დგას რეალურად ვინმე მიხეილ არახამიას უკან, თუ ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ, რომ შეებღალათ ჩვენი სახელი, ამას ყველაფერს ხვალინდელ სესიაზე გავასაჯაროებთ მტკიცებულებებით, სახელებით და გვარებით, რადგან როცა საგამოძიებო ორგანოები არ ატარებენ გამოძიებას, ჩვენ მოგვიწია ამ მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა და საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, მათ შორის, მათ კავშირს მიხეილ არახამიასთან და სხვა დანაშაულებრივ ჯგუფებთან, რომელიც ძარცვავს არამხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ამ “ქოლ ცენტრებს” არ ჰყავს მსხვერპლი მხოლოდ ევროკავშირში, როგორც ჩვენ დავადგინეთ ამ “ქოლ ცენტრებს” ჰყავთ მსხვერპლი საქართველოშიც,”- განაცხადა ვაშაძემ.