Home Blog Page 1953

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

„ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. როდესაც აღნიშნულმა ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრებზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა, უწყებამ ეს უპასუხოდ დატოვა, თუმცა, ახლა საქმე ეხება ქართულ ჯარს და სახეზეა ჯარის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ამჯერად, ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. აღნიშნულ სიუჟეტში, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო აბსოლუტურად ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე ცრუ ინფორმაცია.

ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით.

ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. არასდროს 2020 წლამდე ჩვენს ჯარს მასიურად არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის ძალების და ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები და სტერეოტიპები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს და ჯარის გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე რეფორმებს.

უწყება მზად არის, ნებისმიერ დროს, წინასწარ, ობიექტის დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატაროს კვების მონიტორინგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან”- ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და „შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული“. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„რაღაც მომენტში ჩვენ შევწყვეტთ განსხვავებულობას რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. ახლა არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი – ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მასზე უზარმაზარი წნეხია“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო, აშკარა ქაოსი იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები, ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, მაგრამ პრეზიდენტის ოფისში, კლიჩკოს თქმით, მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა დემოკრატიას უკრაინაში სერიოზული საფრთხე, კლიჩკომ უპასუხა: „დიახ“, თუმცა, მისივე თქმით, „თითქმის შეუძლებელია უკრაინის ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევა ასე“, რადგან მერის განცხადებით, უკრაინელები ამისთვის ძალიან თავისუფლებისმოყვარეები არიან.

ამასთან ერთად, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ნებისმიერი ონკოლოგიური პაციენტი სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალებს”- ზურაბ აზარაშვილი

ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.

 

„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული, ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ. სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს. ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან, ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად გამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება.

 

„მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული დღეა, ბევრი საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, მთავარია არ იჩქაროთ და შეცდომები არ დაუშვათ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრა სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გრძნობთ, რომ ვინმესთან დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. ეს თქვენს ურთიერთობებს გადაარჩენს.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასურველია, რომ ეს კვირა საღამო სახლში, საყვარელი წიგნის კითხვაში ან სერიალის ყურებაში გაატაროთ. შესაძლოა, შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რომელიც მაშინვე უნდა დაივიწყოთ, რადგან მისი ცოდნა უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება რთული და უსიამოვნო საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. მოზღვავებული ენერგიით ბევრის გაკეთებას შეძლებთ. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ, სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღეს მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ ეცადეთ, მსუბუქი საქმით დაკავდეთ. უსარგებლო საუბრებმა შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და ყურადღება დაწყებული საქმეების დასრულებაზე გაამახვილოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც უახლოეს ადამიანებს მიეცით – მისი შესრულების დროა.

ლომი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მოდუნებისა და დასვენებისთვის. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გასაკეთებელი, დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული

მოემზადეთ იმისთვის, რომ უმნიშვნელო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ და მთავარ საკითხებს მოგწყვეტთ. ბოლო დროს დაგიგროვდათ საქმეები, რომელთა გადადება არ შეიძლება. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და უარყოფით ემოციებს იწვევს. ხელსაყრელი დღეა გარეგნული იმიჯის შესაცვლელად.

სასწორი

დროა სიზარმაცე დაივიწყოთ და გააქტიურდეთ. ამით საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიზიდავთ. სასურველია, რომ ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ – ახლა მათ თქვენი რჩევა სჭირდებათ. წინ რთული კვირა გელით და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად ვეღარ მოიცლით, ამიტომ ყველაფერი დღეს უნდა დაასრულოთ. შანსი გაქვთ, რომ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესიდეებს დააფინანსებს.

მორიელი

გამონახეთ დრო თაროზე შემოდებული ძველი საქმეების დასასრულებლად. თქვენს ცხოვრებაში მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ამისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შეიძლება მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც უახლოეს მომავალში მთელ დროს წაგართმევთ. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

ეს დღე ოჯახური საქმეების მოწესრიგებას უნდა დაუთმოთ. დაალაგეთ სახლი და ყველა ნივთს ადგილი მიუჩინეთ. გამორიცხული არ არის, რომ გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდეს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით გული არავის ატკინოთ.

თხის რქა

მოგიწევთ, დიდი დრო დაუთმოთ საკითხს, რომელსაც აქამდე მნიშვნელობას არ ანიჭებდით. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და თქვენი კრიტიკული შენიშვნებით არავინ გაანაწყენოთ. თუ დახმარება გჭირდებათ, თავაზიანად უნდა ითხოვოთ, ოპონენტებზე ზეწოლა პრობლემას მოგიტანთ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები ან ძლიერი მფარველები იპოვოთ.

მერწყული

ურთიერთობისთვის რთული და სტრესული დღეა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენს დაზარალებას ცდილობს. ახლობელ ადამიანთან დაწყებული კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება უფროსი ნათესავების ან ძველი ნაცნობისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ეცადეთ, საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გაიგოთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ – გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

 

,,ეს გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს”- ზურაბ აზარაშვილი

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ცუდი ტენდენცია, მშობიარობების, საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან შემდგომი მშობიარობები დაკავშირებულია გართულებებთან,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

„DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი, როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკეისრო კვეთა იქნება ჩვენების გარეშე, ექიმს მოტივაცია ექნება, რომ აღარ გააკეთოს. მოთხოვნით საკეისრო კვეთის ჩატარებისას ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ. vip მომსახურებით ისარგებლოს, ან ჩვენების გარეშე გაიკეთოს საკეისრო, მას შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს.

„ჩვენ ვერ მოვახდენთ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ. vip პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირად ღირებული 3000-დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თუ საქართველო ევრო 2024-ზე გავა, მისი მეტოქეები ცნობილია

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

21 ნაკრები, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ფინალური ეტაპის საგზური და პლუს, მარტში გასამართი პლეი-ოფის მონაწილეები წილისყრამდე ოთხ კალათაში განაწილდნენ. პლეი-ოფის წევრები, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც მეოთხე კალათაში იყო. თავიდანვე ვთქვათ, რომ ნაკრებები კალათებში საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით განაწილდნენ.

შედეგად, უკვე ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა, E ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. გარდა ამისა, ცნობილია ქალაქები, სადაც ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ითამაშებს.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი

ჯგუფი

გერმანია
შოტლანდია
უნგრეთი
შვეიცარია

B ჯგუფი

ესპანეთი
ხორვატია
იტალია
ალბანეთი

C ჯგუფი

სლოვენია
დანია
სერბეთი
ინგლისი

D ჯგუფი

A ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
ნიდერლანდები
ავსტრია
საფრანგეთი

E ჯგუფი

ბელგია
სლოვაკეთი
რუმინეთი
B ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული

F ჯგუფი

თურქეთი
C ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
პორტუგალია
ჩეხეთი

თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები, ასევე 6 მესამეადგილოსნიდან 4 საუკეთესო მერვედფინალში გავლენ და ასპარეზობას უკვე პლეი-ოფის სისტემით, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს, მიუნხენში, გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 14 ივლისს, ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.

ევრო 2024-ის მასპინძელი სტადიონები:

ბერლინი (ოლიმპიაშტადიონი) – 74.461 ტევადობა

მიუნხენი (ალიანც არენა) – 70.076

დორტმუნდი (სიგნალ იდუნა პარკი) – 65.849

შტუტგარტი (მერსედეს ბენც არენა) – 54.906

გელზენკირხენი (აუფ არენა) – 54.740

ფრანკფურტი (ფრანკფურტ არენა) – 54.697

ჰამბურგი (ვოლკპარკშტადიონი) – 52.245

დიუსელდორფი (დიუსელდორფ არენა) – 51.031

კიოლნი (კიოლნ სთედიუმი) – 49.827

ლაიფციგი (რედ ბულ არენა) – 42.959

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალში 26 მარტს, ისევ თბილისში საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორი მატჩის მოგებით საქართველოს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდეს.

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ლონდონის პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული.

ლონდონის ცენტრში ათიათასობით მომიტინგეების მსვლელობა გაიმართა.

პალესტინის სოლიდარობის კამპანიამ მოუწოდა „სამოქმედო დღის“ დანიშვნისკენ, რაც მოიცავდა აქციებს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

მანამდე, ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით 436 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 134 სიძულვილის დანაშაულისთვის.

 

,,ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებული პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ”- მათიკაშვილი

ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებულ პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ რომ ერთ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ და ორი-სამი მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლონ, არამედ იდეოლოგიურად შეძლონ და ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ რომ ხელოვნური გაერთიანებების წინააღმდეგი ვართ, ეს იმითაც ჩანს, რომ ბლოკების საკითხი აიკრძალა და მხოლოდ გაერთიანება კონკრეტული არჩევნებისთვის აღარ გახდა დაშვებული კანონიდან გამომდინარე. ჩვენ საქართველოში ვავითარებთ პარტიულ დემოკრატიას.

ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებული პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ რომ ერთ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ და ორი-სამი მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლონ და ფაქტობრივად ელექტორატი მოატყუონ – არა, იდეოლოგიურად შეძლონ და ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს და თუ ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ, ის მაინც შეძლონ ოპოზიციის ადგილი დაიკავონ პარლამენტში.

საპარლამენტო სივრცე არა მხოლოდ დემაგოგიური განცხადებებისთვისაა, არამედ იმისთვის, რომ მოემზადონ და ამ გაერთიანებაზე იფიქრონ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შეძლონ კონკურენციის გაწევა. ძალიან გაუჭირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნებისთვის“ კონკურენციის გაწევა მაგრამ ის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგათ, ეს ფაქტია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

,,ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა” – ნეთანიაჰუ

ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარიდან დელეგაცია გაიწვია. მოლაპარაკებებზე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ხელმძღვანელისგან, დევიდ ბარნეასგან მათ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს. „ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა შეთანხმება, რომელიც მოიცავდა მძევლად მყოფი ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას გაგზავნილი და მათ მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად“, – ნათქვამია პრემიერი ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობისთვის, კატარში ჩასვლას  საფრანგეთის პრეზიდენტი გეგმავს. ემანუელ მაკრონი ისრაელსა და ჰამასს შორის, დროებითი ზავით, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ ამოქმედდა, ღაზიდან 84 ქალისა და ბავშვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.

,,მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის”- პაპუაშვილი

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „x“-ზე წერს.

„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო.

გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი. თბილისის კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, საოპერო, სახელოვნებო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

,,სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ ენმ პანაშვიდზე”- მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კონტრტერორიზმის საკითხებში ქართული მხარის მონაწილეობაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში მოყვანილ შეფასებებზე გააკეთა კომენტარი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე.“

მისი თქმით, პრაქტიკულად დადასტურდა ოპოზიციის მავნებლობა ქვეყნის წინაშე.

„პრაქტიკულად დადასტურდა ის, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობის ტყუილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან დადასტურდა, თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა ვასალური, აშშ-სთან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.