Home Blog Page 1947

დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეხებოდა ნიკა მელიას -ლევან ხაბეიშვილი

„დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღარ აპირებს, ვინმეს პარტიის დაზიანების შესაძლებლობა მისცეს.

„მიხეილ სააკაშვილმა თავად, მისივე განცხადებაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩნენ. სიტყვა-სიტყვით რამდენჯერმე, აბსოლუტურად ხაზს ვუსვამ, არა ორაზროვნად გააკეთა განცხადება თუ ვის ეხებოდა ეს წინადადებათა წყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს პოს ტვ-ის, იმედის, კობახიძის და ღარიბაშვილის ენით. მას ეხებოდა, მის გარდა არ არსებობს პარტიაში სხვა, რომელიც ამას კადრულობს, მან იკადრა და ის საუბრობს ამ ენით და მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნის სწორედ მას პირადად. რაც შეეხება ფეისბუქსტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ფეისბუქზე გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სახელს და გვარს იტყვის. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაზს ვუსვამ, მე კი არ გავიგე, სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ ხაზგასმით საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიის ლანძღვა არ შეიძლება, ხაზგასმით საუბარი იყო, რომ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს პარტიაში, შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც გაიგო სხვანაირად, ასე რომ მე კი არ გავიგე ასე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ზუსტად ასე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელებით და გვარებით მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს. ამით დასრულდება ყველანაირი გაურკვევლობა, რომელიც აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება, კატეგორიულად ვამბობ – აღარ ვაპირებ ვინმეს მივცე შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები შევლენ ექსპლუატაციაში” – ლევან დავითაშვილი

„ჩვენთვის და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რჩება განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ამიტომ ახლა ვმუშაობთ მხარდაჭერის სქემის ფარგლებში მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს ფასის გარანტიებით, რაც ინვესტორებს მისცემს საშუალებას, უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება,“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კიდევ ორი ენერგეტიკული პროექტი განიხილეს, რომელთა განხორციელებაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგეგმება.

„აქედან ერთი პროექტი არის კვლევების დასრულების ფაზაში და მალე გადავა სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე – კვლევების დაწყების ეტაპზე. ზოგადად, ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე, 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ – ვისაუბროთ არამხოლოდ პროექტების შეკვრაზე, ფინანსების მოძიებასა და მხარდაჭერის სქემაზე , არამედ უშუალოდ განხორციელებასა და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

“არავინ იფიქროს, რომ რადიკალურ ოპოზიციას სტატუსის მიღება სურს” – გია ვოლსკი

არავინ იფიქროს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, საქართველომ სტატუსი მიიღოს. პრაქტიკულად, სტატუსის მიღებით „ნაცმოძრაობა“ განიარაღებული რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარი გეგმა იშლება.

„არავინ ელოდებოდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე ისტერია გაჩერდებოდა, სრული ისტერიკა აქვთ. მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ეს დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო. მათი მთავარი ნარატივია, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაზე აქვს გავლენა. არავითარ დათქმაზე ლაპარაკი არ არის. ყველა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაატარეს, ამ საკითხებთან მიმართებით კონკრეტული მსჯელობა იყო. ახალი ნარატივი გამოჩნდა, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, საქართველომ სტატუსი მიიღოს. არავინ არც იფიქროს, რომ ევროკავშირს შეუძლია, კანდიდატის სტატუსი შემოგვთავაზოს იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაინგრეს.

რაც შეეხება დათქმებს, იმას დათქმა არ სჭირდება, რომ არჩევნები ნორმალურად და საერთაშორისო სტანდარტით უნდა ჩატარდეს, რომელიც ევროპულ ქვეყანას შეეფერება, ასეთი იყო წინა არჩევნებიც. სამადაშვილის, ხაბეიშვილისა და ზურაბიშვილის ფორმულა, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხს ეკუთვნის და არა – მთავრობას, არის მინიშნება, მითითება, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს, რადგან მთავარი გეგმა იშლება, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია და რასაც უნდა მოჰყვეს შეჯახებების, მძიმე პროცესების განვითარება. როგორც ჩანს, ამაზე უარის თქმას არ აპირებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 10000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა” – „ჰამასის“ ჯანდაცვის უწყება

ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 10000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების განცხადებით, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა შემაშფოთებელია.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეჭვქვეშ დააყენა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების სიზუსტე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა, რომ მათ სჯერათ რიცხვების სიზუსტის.

„ღაზას სხვა სამთავრობო უწყებების მსგავსად, ჯანდაცვის სამინისტროს აკონტროლებს „ჰამასი“, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროკავშირში“, – წერს „ბიბისი“.

ისრაელმა ღაზაზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი გაიტაცა.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მისი ოპერაცია „ჰამასის“ სრულად განადგურებას ისახავს მიზნად.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო, 7 ნოემბერიდან 20 ნოემბრამდე, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გამოყენებით, ხოლო ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილამდე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გამოყენებით.

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ „მზიურის“ პარკამდე, „მზიურის“ პარკიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე კი ავტომობილები იმოძრავებენ ორმხრივად.

“ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას” – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. დღე მშვიდობისა! მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ და შეგვხვდით. დიდად ვაფასებთ ამ ფაქტს.

ნამდვილად დიდი ჯგუფი გამოგვივიდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ − ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან. ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსები გახლავთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, გვსურს გავიგოთ რაში შეიძლება კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა − ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა. ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება იქნეს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში.

დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები.
ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება.

ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი.

ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება.

ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს”, – განაცხადა დირკ შუბელმა.

“ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება”

ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ასე ვიტყოდი, რომ – განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და იშველიებენ კოლეგებს ევროპარლამენტიდან”

ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ წინასაარჩევნო კამპანიებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს იმ განცხადების შეფასებისას, სადაც იუკნევიჩიანე ამბობს: „საქართველოს მთავრობა თუ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა დღემდე, კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები მომავალ წელს“.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის წევრი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიებს. მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რასას განცხადებები. ის ჩართულია ქართულ პოლიტიკაში და მოქმედებს ისე, როგორც არ უნდა მოქმედებდეს ევროპარლამენტის წევრი და არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ვის უნდა აძლევდეს ქართველი ხალხი ხმას, არცერთი ევროპარლამენტარის გადასაწყვეტი არ არის, ვის მისცემს ქართველი ამომრჩეველი ხმას. საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არჩევნებში იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში და ეს არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი, დემოკრატიის მთავარი საფუძველი კი არის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი საფუძველი და წინაპირობა. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმაც, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პროკურატურამ 12 წლის არასრულწლოვანის მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა” – საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ნოემბრის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს აქვეყნებს. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

„ძირითადი ტენდენციები: ინფლაცია – 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.

საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება, მეორე მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უწყობს ხელს.

სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივი კლება და ტრანსპორტირების ღირებულების დაბალ დონეზე შენარჩუნება ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციასთან ერთად, საქართველოში დაბალ ინფლაციას განაპირობებს.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და ოქტომბერში 4.5%-ს შეადგინა.

საბანკო სექტორი: სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.9%-ით გაიზარდა.

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 50.2% შეადგინა.

სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა და 45.0%-ს გაუტოლდა.

საგარეო სექტორი: იმპორტი – სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.

ექსპორტი – სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.

სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 163.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

“ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსობის წინააღმდეგ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბულგარელ კოლეგას, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ზიანი მიაყენოს.

„ჩვენ ასევე ვებრძვით მტერს, რომელიც არის ყველაზე სასტიკი მტერი, რომელიც გვინახავს ჰოლოკოსტის შემდეგ და რომელიც ჩადის ორმაგ სამხედრო დანაშაულს: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა გამოხატა მხარდაჭერა ისრაელისა და მისი მოქალაქეების მიმართ.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დაიცვათ თავი ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა“, – განაცხადა დენკოვმა.

“ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოში” – ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქალი პოლიტიკოსები საქართველოში განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან”.

მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოშიც. ჩვენ, რაც საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, არ იყო მხოლოდ, ვთქვათ თეონას [აქუბარდია] და ანას [წითლიძე] წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ან თეონას და ანას წინააღმდეგ განხორციელებული ვერბალური ძალადობა, არამედ, ეს იყო ყველა ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ის, რაც ერთი მხრივ, ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და პოლიტიკაში ახალი ქალების შემოყვანას. იმიტომ, რომ, როდესაც უყურებენ როგორი თავდასხმის ობიექტი ხდება ქალი პოლიტიკაში, ძლიერი ქალი, შემდგომ თავს იკავებენ. მეორე მხრივ, ეს ნულოვანი რეაგირება – მეორე დღეს როგორ გადაეფარნენ, ამ შემთხვევაში, ბერაიას – როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია, ეს არის ის, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის „ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „მომავალი არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს, დიდი ალბათობით, პოლიტიკური აქტუალურობა აქვს დაკარგული და ამას განიცდის, ხან რა გზავნილს წერს და ხან რას”.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს. აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.