Home Blog Page 1944

“გამიხარდებოდა, ამერიკას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი”-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელი იქნება, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ქართველებს მისცეს შესაძლებლობა, ამერიკაში ვიზების გარეშე, ან  გამარტივებული პროცესის გავლით ჩავიდნენ.

მისი თქით, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა.

„მივესალმები იმას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ  გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ,  საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

“საქართველოს მთავრობამ, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა” – ზურაბ აზარაშვილი

2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას – მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ, საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ჯანმრთელობის პოლიტიკას, შექმნა ჯანმრთელობის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი და თითოეული მოქალაქისთვის, სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯებისაგან დაცვის მექანიზმი.

„წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან 10 წლის თავზე, ჩვენ, შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება. კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწრაფად გაიზარდა მოსახლეობის მოცვა სამედიცინო სერვისებით – თუ 2010 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 30%-ს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი, 94%-ზე მეტია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები და გაიზარდა ფინანსური დაცულობა – თუ 2012 წელს, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს, ის 40%-მდეა შემცირებული.

“ოპოზიციაში არის გუნდი, ვინც დადის და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი, ეს არის მათი ხელწერა”- ირაკლი ზარქუა

ქართული საზოგადოება უსმენს ამ ორმაგ სტანდარტს, ახლა ქალბატონი სალომე სამადაშვილი ჰყვებოდა თურმე შეშფოთებული და დაბნეული ვარო, აღმოჩნდა ე.ი. ამ მოსამართლეებს კლანის წევრებს ეძახიან, მაგრამ თვითონ თურმე გარიგება სდომებიათ, ორი გვარი დაუსახელებიათ, ხუთიდან ორს თუ დავუთმობდით, ის დანარჩენი სამი კლანის წევრი აღარ იქნებოდა?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

„ეს არის მიდგომა, რომ ისევ გინდათ დაიბრუნოთ ის სადავეები და გავლენები სასამართლოსი. გამოწვევები არის დღეს სასამართლოში, მაგრამ ამავე დროს ის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ტალღის შედეგად არის რომ სტრასბურგმა „რუსთავი- 2“-ის თემაზე თქვა, რომ დიახ, ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყო. ბოლოს კიდევ გაგაწნათ პოლიტიკური სილა, როცა სააკაშვილის თემაზე სტრასბურგმა ისევ ის გადაწყვეტილება მიიღო და არ გადაიყვანა. მერამდენედ უნდა შეეჩეხოთ ამ პრობლემას. თქვენი მხრიდან გამოჩნდა ისე, როგორც სახალხო დამცველის თემაზე გეუბნებოდით. თქვენი ამოცანაა, ჩავარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევები და საქართველომ ხელმეორედ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ხომ ვიცი ქალბატონი სალომე სამადაშვილი ამაზე დადის. გამხილათ თქვენმა ლიდერმა ხაზარაძემ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის გუნდი, ვინც დადის და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი, ეს არის თქვენი ხელწერა, ეს არის თქვენი მიდგომა. ამიტომ, ის ხალხი, ვინც გუშინ მხარი დაუჭირა, დადგა ვიწროპარტიული ინტერესების მაღლა და ეს ვერ აპატიეთ. ბულინგის მსხვერპლი გახადეთ“, – განაცხადა ზარქუამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.

კერძოდ, მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.

ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური გაიმართება. კერძოდ, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად ხუთი ხმა მიიღო რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკალაშვილს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, ლევან ნემსაძეს ხმა მისცა პარლამენტის ათმა წევრმა, ხოლო ნინო ნიშნიანიძემ მიიღო 11 ხმა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრების დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარებულიყო და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გამართულიყო.

„რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომლებიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა“, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ.

“მაჭუტა როგორ არის? დღეს პირველი ეს ვიკითხე”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა გუშინდელი სესიის შემდეგ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არაფრად აინტერესებს ქვეყნის ევროინტეგრაცია. გვერდიგვერდ სხედან რამდენი ხანია და განსხვავებული აზრის გამო ჯვარს აცვეს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. დღეს ვეძებ. მაჭუტა როგორ არის, პირველი ეგ ვიკითხე“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 4 – ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ბაჩუკი ქარდავაა, რომლებიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ. მათ ფრაქცია გუშინ დატოვეს.

“საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა, კრემლის მხრიდან მოხიბვლის პოლიტიკას ვხედავთ” – კელი დეგნანი

„საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა, მიზანი შიშის ქვეშ ყოფნაა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა. შიშის, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ საქართველო გააგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლისკენ სწრაფვას.

შესაძლოა, რუსეთის დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. კრემლის მხრიდან ვხედავთ მოხიბვლის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს.

საქართველოს ისტორია რუსეთთან აღსავსეა დაუსრულებელი დაპირებებით და დამცირებით. ეს მოგონებები ალბათ საკმარისია, რომ განაწყოს ქართველები კრემლის ამ ბოლო მცდელობის წინააღმდეგ, რომ კვლავ შეიყვანოს საქართველო რუსეთის ჩრდილში“, – აცხადებს კელი დეგნანი.

“რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდა მხარს, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით” -ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები.

მისივე თქმით, მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ.

„კონსულტაციები წარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზშიც კი წარიმართებოდა კონსულტაციები. ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი.  რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, სინამდვილეში, მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია. ეს გამოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები, რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო, არავის სხვას არ უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით სახალხო დამცველად და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არც ერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ”- კელი დეგნანი

ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა ნაბიჯის გავლა. ონლაინ არის ვიზის შესახებ ყველა ინფორმაცია და რჩევები, რომლებსაც ვაძლევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ვიზის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, თუ ადამიანები იცავენ ამ წესებს, ისინი ჩვეულებრივ იღებენ ვიზას.

ელჩს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

„სამწუხაროდ, „იმედმა“ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ათასობით ქართველს შეერთებულ შტატებში, მათ შორის კულტურული, მათ შორის მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ თვეში თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასის 30-კაციან ჯგუფს ვიზა მივეცით აშშ-ში გასამგზავრებლად. გასულ კვირას ჩვენ ვიზები მივეცით ქართველ მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფს, რომლებიც აპირებენ კონცერტის ჩატარებას ჩვენს კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა საჭირო ნაბიჯის გავლა, მაგრამ ონლაინ არის ვიზის შესახებ ყველა ინფორმაცია და რჩევები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ვიზის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაში. თუ ადამიანები იცავენ ამ წესებს და ამ რჩევებს, ისინი ჩვეულებრივ იღებენ ვიზას, თუ არის მისაღები. ეს მარტივი სიმართლეა, ეს არის ფაქტები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რეჯეფ ერდოღანი თუ ქემალ ქილიჩდაროღლუ? -რა შანსები აქვთ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზს, სათაურით „რეჯეფ ერდოღანის ძლიერება და სისუსტე“ (ავტორი – ელმაზ თოფჯუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ მილიონობით თურქი საკუთარ პრეზიდენტს აღარ ენდობა. არცერთ წინა არჩევნების დროს არ ყოფილა რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა ისეთი მყიფე, როგორც ახლაა. თუმცა ექსპერტები მაინც თვლიან, რომ მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე მის მეტოქეს – ქემალ ქილიჩდაროღლუს.

მაღალი ინფლაცია და უმუშევრობა, მასშტაბური რეპრესიები მმართველი რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ, სუსტი მენეჯმენტი მიწისშვრის შედეგების ლიკვიდაციის დროს… თურქეთი კრიზისის ღრმა მორევში იმყოფება. ბევრი თურქისათვის ასეთი სიტუაციის მიზეზს რეჯეფ ერდოღანი წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას უკვე 20 წელია ხელმძღვანელობს და ფაქტიურად ერთპიროვნულად მართავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები, რომლებიც თურქული საზოგადოების წინაშე დგას, პრეზიდენტთან მიმართებით მაინცდამაინც ძლიერ არ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, 14 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 69 წლის პოლიტიკოსმა იმაზე უფრო კარგი შედეგები აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – რეჯეფ ერდოღანმა თითქმის 5%-ით აჯობა ქემალ ქილიჩდაროღლუს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწია – მხოლოდ პროცენტნახევარი დააკლდა გამარჯვებისათვის.

უპირატესობა ოპოზიციასთან შედარებით

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს უნდა გაიმართოს, მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე მის მეტოქეს.

პოლიტოლოგი იმრე ერდოღანი (სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტიდან) თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც საპრეზიდენტოსთან ერთად ჩატარდა, მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (სგპ), მართალია, ამომრჩეველთა ხმების გარკვეული რაოდენობა დაკარგა, მაგრამ მისი პოზიციები საკმაოდ მყარია: დიდ ეროვნულ კრების (პარლამენტის) 600 ადგილიდან 322 მოიპოვა, ოპოზიციამ კი, რომელიც სხვადახვა წვრილ-წვრილი პარტიებისაგან შედგება, მხოლოდ 213. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის მთავარმა მოკავშირემ – უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ ხმების 10% მიიღო, რაც პარლამენტში 50 ადგილს უდრის. მესამე ძალამ – ერდოღანის მოწინააღმდეგე პროქურთულმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების დაკარგა და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 61 ადგილი ექნება. „ვერავინ ვერ შეძლებს ამ რეალობის იგნორირებას“, – ამბობს იმრე ერდოღანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.
სოციოლოგები შეცდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრი გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებდა – ქილიჩდაროღლუ პოპულარობით ერდოღანს უსწრებდა. მაგრამ ახლა წინასწარი ოფიციალური შედეგები მოწმობს, რომ სოციოლოგებმა შეცდომა დაუშვეს.

თითქოსდა წარმოუდგენელია, მაგრამ მიწისძვრით დაზარალებულ ზონაშიც კი რეჯეფ ერდოღანმა ხმების უმრავლესობა მიიღო: ქალაქ ქაჰრამანშახარში, მიწისძვრის ეპიცენტრში, სადაც მოქმედ პრეზიდენტს უამრავ ბრალდებას უყენებდნენ, მას ხმა ამომრჩევლების 71,9%-მა მისცა.

არის თუ არა ასეთ პირობებში რეჯეფ ერდოღანი და მისი „რესპუბლიკური ალიანსი“, მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ხელმძღვანელობით, გამარჯვებული? როგორც ბეატა ანელტი, სტამბოლში მოქმედი ფრ.ნაუმენის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი, თვლის, რომ არ არის. „არცერთ წინა არჩევნების დროს რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა ისეთი მყიფე არ ყოფილა, როგორიც ახლაა. იგი არასოდეს არ მდგარა მე-2 ტურის აუცილებლობის წინაშე“, – ამბობს ექსპერტი.

წინასაარჩევნო „საჩუქრების“ მნიშვნელოვანი როლი

ბეატა ანელტის თქმით, რეჯეფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიას სამართლიანს და პატიოსნურს ვერ ვუწოდებთ: თურქული მასმედიის 90%-ს მთავრობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს და, ცხადია, ისინი მოსახლეობაში მმართველი პარტიის იდეოლოგიას ქადაგებენ. მეტი ხმების მიღების კიდევ ერთი მიზეზი, დიდი ალბათობით, ისაა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდორანი და მისი პარტია მოსახლეობაში წინასაარჩევნო „საჩუქრებს“ არიგებდნენ – მოსახლეობას პირდებოდნენ მინიმალური ხელფასის დონის მომატებას, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებისათვის და პენსიაზე ვადამდე გასვლას. ბეატა ანელტის აზრით, მოსახლეობა მადლობელია ასეთი საჩუქრებისა, რასაც საარჩევნო ურნებთან დემონსტრირებენ.

პოლიტოლოგი იმრე ერდოღანი ასეთ შეფასებას ეთანხმება: მისი თქმით, რეჯეფ ერდოღანის, როგორც ქვეყნის მეთაური წინასაარჩევნო „საჩუქრებმა“ მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. „როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსახლეობა ბუნებრივ გაზს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებსო, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში გაზით უფასოდ უზრუნველყოფა შიდა სახელმწიფო ვალის რაოდენობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. უფრო მეტიც – თურქი ამომრჩევლები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და არასასურველ მოვლენებს იდეოლოგიური პრიზმაში უყურებენ. რადგანაც ისინი ინფორმაციას ძირითადად პროსამთავრობო მასმედიიდან იღებენ, ოპოზიციას უძნელდება მოსახლეობამდე თავისი თვალსაზრისი მიიტანოს“, – განმარტავს იმრე ერდოღანი.

რელიგიამაც თავისი როლი შეასრულა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სარწმუნოების გამოყენება საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით ხდება – ისე, როგორც ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის დროს იყო. თვითონ განსაჯეთ: თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა 14 მაისის არჩევნებს „მორწმუნეთა და ურწმუნოთა არჩევანი“ უწოდა.

ვისთან იქნებიან უკიდურესი მემარჯვენეები?

მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, წინასაარჩევნო კაპმანიის დროს, ადმინისტრაციული რესურსით – სახელმწიფო აპარატით ისარგებლა. თითქმის ყველა მინისტრი პროვინციებში და დიდ ქალაქებში იყო წასული და მოსახლეობას აგიტაციას უწევდა, რომ ხმა მმართველი პარტიისა და პრეზიდენტისთვის მიეცა. თვითონ რეჯეფ ერდოღანი ყოველ კვირას რომელიღაც ახალ მსხვილ ობიექტს ხსნიდა, ხოლო არჩევნების დაწყებამდე გამოაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ნავთობის დიდი საბადოები აღმოჩნდა.

დამკვირვებლები თვლიან, რომ მეორე ტურისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის როლს შეასრულებს ის, თუ ვინ მიიღებს მესამე კანდიდატის – ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ალიანსის წარმომადგენლის სინან ოგანის ხმებს, რომელიც თავისი მომხრეების წინაშე საჯარო რეკომენდაციით მალე უნდა გამოვიდეს. მაგრამ მისი მოწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ისე გააკეთებს, როგორც მას უნდა. საერთოდ კი, იდეოლოგიურად სინან ოგანი უფრო სამთავრობო ბანაკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ოპოზიციურ ალიანსთან.

რეჯეფ ერდოღანი და ნატო/ევროკავშირი

იმდენად, რამდენადაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელშიც პრეზიდენტი მთავრობასაც ხელმძღვანელობს, ქვეყნის მომავალი ახლა მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული. ბეატა ანელტი არ ელოდება რაიმე სერიოზულ ცვლილებებს, თუ რეჯეფ ერდოღანი თავის პოსტს შეინარჩუნებს. „თურქეთის პრეზიდენტი ისევ ისეთი რთული პარტნიორი იქნება, რომელიც საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობას აყალიბებს არა ფასეულობებისა და თამაშის შეთანხმებული წესების საფუძველზე, არამედ პირველ რიგში თავისი საკუთარი პირადული ინტერესების შესაბამისად“, – ამბობს ექსპერტი.

ცხადია, რომ რეჯეფ ერდოღანის სავარაუდო გამარჯვება ნატოსა და ევროკავშირისათვის ახალ პრობლემებს ნიშნავს. ის, რომ ნატოს წევრი თურქეთი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის კარგი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, რომ არსებული პრობლემები არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამწვავდება. რეჯეფ ერდოღანს მოუწევს ბრიუსელის „რჩევებს“ ლოიალურად მიუდგეს და გარკვეულწილად დაეთანხმოს. ეს ევროკავშირის პოზიციებს გააძლიერებს. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს თვეებში არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ ერდოღანმა, ევროპისაგან დახმარების მიღების მიზნით, თავისი პრეტენზიები მოხსნას შვედეთის ნატოში მიღების წინააღმდეგაც.

ქემალ ქილიჩდაროღლუ და სირიელი ლტოლვილები

ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი მურატ ერდოღანი, რომელიც მიგრაციის პრობლემებს იკვლევს, ასევე ვარაუდობს, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მოქმედი პრეზიდენტი მეორე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ქვეყნის ხელისუფლებაში ქემალ ქილიჩდაროღლო მოვა, მოსალოდნელია ევროკავშირის მიმართ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაპირებებზე – ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლასა და ლტოლვილთა პაქტის შემუშავებაზე. ისევე როგორც რეჯეფ ერდოღანს, ქემალ ქილიჩდაროღლუსაც სურს ლტოლვილების მიმართ პოლიტიკის გადახედვა: იგი თურქებს ჰპირდება, რომ ყველა სირიელს უკან, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნებს, არა უგვიანეს ორი წლის განმავლობაში. მოკლედ, 28 მაისს ცნობილი გახდება, შეიცვლება თუ არა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

წყარო

“დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ ასე დავესაჯეთ”- ლაშა ბასლანძე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები.

როგორც ბასლანძე წერს, ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ელენიკოა, რომელსაც რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება, გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, თუმცა ამერიკის ვიზა ვერ მიიღო.
მისივე თქმით, „დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ ასე დავესაჯეთ. იმედია მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური“

„ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს ირაკლი და კი რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ აი ასე დავესაჯეთ. იმედია მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური რომ ისევ ისე როგორც ადრე წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე!“- წერს ლაშა ბასლანძე.

“ეს ინდექსი რეალურად აჩვენებს, რომ ქვეყანა პროდუქტიულობის 43 პროცენტს უმოძრაოდ ტოვებს” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი

2020 წელს – საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის მაჩვენებელი 0.57 შეადგენდა, (მსოფლიოს 169 ქვეყანას შორის საქართველოს 84 – ე ადგილი უკავია), – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

“რეალურად სად ვართ? – ადამიანური კაპიტალის ინდექსი

ადამიანური კაპიტალის ინდექსი ზომავს რომელი ქვეყნებია საუკეთესო თავისი მოქალაქეების ეკონომიკური და პროფესიული პოტენციალის მობილიზებაში. მაჩვენებელი განსაზღვრავს რამდენ კაპიტალს კარგავს თითოეული ქვეყანა განათლებისა და ჯანმრთელობის უქონლობის გამო. ინდექსი პირველად გამოქვეყნდა 2018 წელს და ახდენს მსოფლიოს 160 მდე ქვეყნის რანგირებას.

ადამიანური კაპიტალის ინდექსი ძირითადად ეფუძნება ორ კომპონენტს, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

2020 წელს – საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის მაჩვენებელი 0.57 შეადგენდა, (მსოფლიოს 169 ქვეყანას შორის საქართველოს 84 – ე ადგილი უკავია).

მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.

ინდექსი რეალურად აჩვენებს, რომ ქვეყანა პროდუქტიულობის 43%-ს უმოძრაოდ ტოვებს, იმით, რომ არ აფინანსებს განათლებას და ჯანდაცვას. საქართველოს მაჩვენებელი – აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით – დაბალია.

2020 წელი – ყაზახეთი – 55 ადგილი (0.63 ინდექსი), უზბეკეთი – 57 (0.62), ბულგარეთი – 60 (0.61), ყირგიზეთი – 72 (0.60), რუმინეთი – 78 (0.58), მოლდოვა – 79 (0.58), სომხეთი – 81 (0.58), აზერბაიჯანი – 82 (0.58) , საქართველო – 84 (0.57).

წამყვანი პოზიცია – სინგაპური 1 ადგილი (0,88 ინდექსი), ჰონკონგი – 2 (0,81), იაპონია – 3 (0,80), კორეა – 4 (0,80).

საქართველოში განათლების ხარისხის ზრდა, ქვეყანას დაეხმარება გაუტოლდეს რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს.

2018 წელს როდესაც მსოფლიო ბანკმა პირველად გამოაქვეყნა – ადამიანური კაპიტალის ინდექსი, საქართველოს მსოფლიოში 61 – ე ადგილი ეკავა და მისი ინდექსი – 0.61 წარმოადგენდა. (2020 წელთან შედარებით 23 საფეხურით გაუარესდა) იმ პერიოდში საქართველო უსწრებდა – რუმინეთს 67 ადგილი (0.60 ინდექსი), აზერბაიჯანს – 69 (0.60), მოლდოვას – 75 (0.58), ყირგიზეთს – 76 (0.58), სომხეთს – 78 (0.58).

ფაქტობრივად მსოფლიო ბანკის 2018 და 2020 წლების მონაცემების შედარებისას, საქართველოს ადგილი როგორც გაუარესდა, 23 საფეხურით, ასევე , 2020 წელს საქართველოსაგან განსხვავებით, საკუთარი მდგომარეობა გააუმჯობესეს რეგიონის იმ ქვეყნებმა რომლებიც 2018 წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ საქართველოს.

ბოლო წლებში, საქართველოს დახმარება – ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსების კუთხით, ჯამში 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. (რად გვინდა ამერიკა?????)

აღნიშნული კრედიტი გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება, ქვეყნისათვის ამ თანხის ანაზღაურება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/geotranscor/posts/pfbid02vujCjRe5oAPzKkPmAnzUvYxQe1FJwmPJDckN1v4vGpnLFtqhvjhwwNzZ88tVMsUhl

“როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1-ზე” – ნატო ჩხეიძე

ჩათში მეხუთე გვარიც იყო – ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა – როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც ბოლომდე ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული, გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო, – ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობას“ გუშინდელ ბრიფინგზე „დაავიწყდა ან დაივიწყეს“ ამ გვარის შესახებ, თუმცა, ეს არ დაავიწყდა ქართულ ოცნებას, რომელიც ჩხეიძის თქმით, როგორც ჩანს პირობის შესრულებას აპირებს, რადგან ნიშნიაძე გადასულია მეორე ტურში.

„გუშინდელი კენჭისყრის და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ როცა ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ – ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” – განაცხადა ჩხეიძემ.

17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპელი სოციალისტების” გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. გუშინდელ ბრიფინგზე ნიკა მაჭუტაძემ და ნატო ჩხეიძემ ისაუბრეს, რომ არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები მათი ოპოზიციონერი კოლეგებისა და „ქართულ ოცნების” და განიხილებოდა სხვადასხვა ფორმულა, მათ შორის 3/2- ზე, 4/1- ზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ოპოზიციაში ადგილი ჰქონდა მისკომუნიკაციას. საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ჩათში 4 გვარი ჩავარდა, რეკომენდაციის სახით, თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი ოპოზიციას. პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.