Home Blog Page 1936

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა; გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს; ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის; ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს ეწვია. ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ბერგმანმა, სტუმრებს, ჰოსპიტლის შენობა დაათვალიერებინა, ისაუბრა სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებზე; განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანებისთვის იმ გამოწვევების დაძლევას, რომელთაც მათ წინაშე პოსტ-ომის სინდრომი აყენებს და ამ გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებზე, საზოგადოების მხრიდან გაწეული თანადგომის მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიელ სამხედრო ექიმებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

“საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა” – საქსტატი

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.

„გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;

სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;

ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 2022 წელს 18, 2021 წელს კი – 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).

საფრანგეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს 150 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 17 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება.

ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც 150 ადამიანი დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დამწვარი ავტომობილები და დარბეული მაღაზიები.

პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილშიც.

„მოზარდი მოკლეს. ეს აუხსნელი და მიუტევებელია“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომხდარ შემთხვევას.

17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

“ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა”

ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საზღვარგარეთის სასამართლოებში Credit Suisse-ს ფინანსური დავები მოუგო, რაც მის ქონებაზე აისახა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული მსგავსი დეზინფორმაცია იმ კომიკური ტყუილების მსგავსია, რაც წლების მანძილზე ივანიშვილის ოჯახის მისამართით ვრცელდება.

„ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა.

საზღვარგარეთის სასამართლოებში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მოუგო მრავალმილიონიანი დავები, იბრუნებს მის პირად დანაზოგებს.

„ტვ პირველის” ამგვარი მავნებლური დეზინფორმაცია იმ ტრაგიკომიკური ტყუილების სერიიდანაა, რაც მათ ივანიშვილების ოჯახს აკადრეს – “აბასთუმანში ცა გადაკეტა”, “ქვემო ქართლის სათბურებიდან რუსეთს ბოსტნეულით ამარაგებს”, “შეკვეთილში ზღვა მიიტაცა” და ა.შ.

იმდენად შეელახათ „ფეიკ ნიუსერებს“ რეპუტაცია, რომ მათგან ამინდის პროგნოზის გაგებაც არადამაჯერებელია. სამარცხვინოა ამგვარ პროპაგანდისტებს ჟურნალისტები ერქვათ.“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

“ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული”

ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი – მოვუწოდებ ამ ადამიანებს [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს], რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ყოველთვის არ გაუმართლებთ და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში გადაიზარდა, რასაც გარკვეულწილად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ახალისებს.

„ძალიან სამწუხარო ტენდენციას ვხედავთ ჩვენ. საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტობრივად, ყოველ დღე, განურჩევლად სქესისას, ჩვენ გვესმის მოწოდებები ძალადობისაკენ და ეს ადამიანები განსაკუთრებით შეუწყნარებლები არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე გადაიზარდა ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში და ეს განცხადებები ცხადია, რომ არის წამახალისებელი. არათუ წამახალისებელი, რიგ შემთხვევებში ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით და დასაბუთებულია ეს ეჭვები, რომ ძალადობა არის, მათ შორის, არა თავისით ორგანიზებული, არამედ ხელისუფლების და სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი და ა.შ. ეს არის ძალიან საშიში. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და ყოველთვის არ გაუმართლებთ, რომ არ დასრულდეს ეს მძიმე შედეგით,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

“რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს” – ზახაროვა

რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან  სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის აღსადგენად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, აღნიშნული თემა ე.წ. რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის სამი ფაქტი გამოვლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით.

ჯამში ამოღებულია 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 52 968 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“მივმართავთ ხელისუფლებას, გადადგას საჭირო ნაბიჯები უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, გონს მოეგონ”- ბარამიძე

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას – დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ ქვეყნის განვითარების ვექტორი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს უკრაინის კონსტიტუციის დღეა. უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მეგობარია, მოძმე ქვეყანა, რომელიც განიცდის პირდაპირ აგრესიას მტრის მიერ, რომელსაც ჩვენი 20% კვლავ ოკუპირებული აქვს. უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტმა უკრაინულ საზოგადოებას მოახსენა თავისი ხედვა და წარმოთქვა ისტორიული საპროგრამო სიტყვა, რომელიც გულისხმობს უკრაინის წინსვლას და განვითარებას, ურთიერთობებს მის მეგობრებთან, მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის თავდადებით, ჯარის ვაჟკაცობით, უკრაინელების ერთად დგომით, უკრაინის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, რადგან სიმართლე არის უკრაინელი ხალხის მხარეს, რადგან რუსეთი აგრესორია, ბარბაროსი დამპყრობელია, რომლის შეჩერება არ არის მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის საზრუნავი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს საზრუნავი.

ამ ისტორიულ სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია მას ომის შემდეგ მისი მეზობლების ბედი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. ეს არის ის, რაზეც მთელი ან ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ჩვენ, საუბრობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად ესმის უკრაინის მნიშვნელობა და მისი გამარჯვების მნიშვნელობა.

მადლობა, გვინდა, გადავუხადოთ ზელენსკის, რადგან მას სწორედ ასე წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება. აქედან გამომდინარე, გვინდა, მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას:

1. დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. დაუშვებელია, როცა საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან, როცა საქართველოში არ არის უკრაინის ელჩი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მტერს და მოვუწოდებთ მათ, გონს მოეგონ და სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან;

2. ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ საქართველოს განვითარების ვექტორი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი, ჩვენი ძმების, უკრაინელების არჩევანი. უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად და საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა იყვნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები;

3. თუ კი რაიმე ნატამალი არსებობს ამ ქვეყანაზე სიმართლისა და სამართლის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპყრობილედან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოს პრინციპის ოდნავ მაინც ზეიმისთვის, საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის. ეს არის აუცილებელი საქართველო უკრაინის კავშირების განმტკიცებისათვის, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან საქართველო უნდა იყოს უკრაინის გვერდით და საქართველო უნდა იყოს უკრაინის სწორს მხარეს. ჯერ კიდევ არის ამის დრო და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი დაუყოვნებლივ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

“მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ- უკრაინის ომის 491-ე დღე

რუსი სამხედროები ძირითადი ძალების მობილიზებას ლიმანის, ბახმუტის და მარიინკის მიმართულებებზე აგრძელებენ. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე, 5 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და 1 – მართვის პუნქტზე. განადგურებულია Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი “, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, – წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა არასაკმარისი იქნება უკრაინაზე თავდასხმისთვის.

ამის შესახებ მან პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვერ ვიტყვი ისინი [“ვაგნერელები”] რამდენად დაემუქრებიან ვინმეს ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან, ვთვლი, რომ კონტინგენტი იქ არც ისე დიდი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვაგნერის” ბევრი დაქირავებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს, ამიტომ მოსკოვზე მათი შედარებით მცირე რაოდენობა წავიდა.

ამის გარდა, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია თვლის, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ვითარება “უცვლელი და კონტროლირებადია” და შემოჭრის გამეორება შეუძლებელია.

“საბოლოო ჯამში ძლიერი, თანამედროვე ჯარი გვყავს და არა მხოლოდ სიტყვებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ფიქრის ტრაექტორია” – გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტი, 4 ივლისიდან, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „ფიქრის ტრაექტორია”.

„ფიქრის ტრაექტორია” ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების – თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოგვიდგენს.

რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები – დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.

„ფიქრის ტრაექტორია” შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა @unirchived_semiotics თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

გამოფენის გახსნა: 4 ივლისი, 18:00.

გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ივლისი – 4 სექტემბერი, 2023.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის ქ. #7.

R

“არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში”- პრეზიდენტი

არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „გრძნობთ თუ არა საქართველოში ნაკლებ ან მეტ საფრთხეს. როგორც ვიცით, ასობით ათასი ომის მოწინააღმდეგე რუსი საქართველოში გამორბის ან საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში მიდის. თქვენ გქონდათ შემოჭრა 2008 წელს და, ვფიქრობ, თქვენ ისევ ღელავთ პუტინის განზრახვებზე. რას ფიქრობთ დღეს ამის შესახებ?“

„რა თქმა უნდა, ვერ იქნები შეშფოთების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში და, აშკარად, პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, ინერვიულოთ იმაზე, რა შეიძლება, მოჰყვეს ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას. ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, ეს ბევრს არ ნიშნავს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საბაბი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს” – გიორგი ცუცქირიძე

დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს.

„საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება “სერიოზულად ეკიდება საკითხს, არ გამოიყენონ ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად, და მასზე “გულწრფელად შთაბეჭდილება მოახდინა” ფინანსური სანქციების დაცვის მიმართულებით გატარებულმა ზომებმა, მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას კითხვაზე, თუ რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ო’სალივანმა ასე უპასუხა:

“არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას… როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, “არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული ანუ აქ საუბარია იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას”.

ამ შეფასებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მკვეთრ შემცირებაზე, და საზღვრის ჩაკეტვაზე ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს და შესაბამისად არაფერი აქვს საერთო არც მოსახლეობის და არც ქვეყნის ინტერესებთან. მათი ფაქტობრივად ნულისკენ დაძრული რეიტინგებიც ამ განწყობების შედეგია!

ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა სანქციების შედეგებსა და ეფექტურობაზე აღნიშნა, რომ “სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.