Home Blog Page 1934

“სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ და ვაწამებთ”

სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის… ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ხედავს, თუ არა რისკებს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაიღუპოს, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით იმას გავიმეორებ – ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა პატიმრის უფლებებს“.

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ბორის ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის წესების დარღვევის ახალ ფაქტებს სწავლობს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის წესების დარღვევის ახალ ფაქტებს სწავლობს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა „თაიმსი“ იუწყება, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები და მეგობრები პანდემიის დროს სტუმრობდნენ ჯონსონის რეზიდენციას ბუკინგემჰემშირში. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მეთაურის დღიურიდან გახდა ცნობილი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი-მინისტრის პრესსპიკერმა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი კოვიდპანდემიის წესების დარღვევის გამო შარშან ერთხელ უკვე დააჯარიმეს.

“მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს”

საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან.

„ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

თბილისის მერიამ დაიწყო სტიკერების გაცემა A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება  A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სტიკერები იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ მათ საავტობუსე ზოლში შეეძლებათ გადაადგილება.

„პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ  აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა.

„პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა.  ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია.  ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ყველაფერი გავაკეთეთ – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეს არის ჩემი ინტერესები, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირს და ნატოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რაიმე ხელშესახები შედეგია ამ მიმართულებით საქართველოში, ესაა არსებული მთავრობის და პოლიტიკური ძალის დამსახურება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ შეგვეძლო ათი წლის წინ, ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია – ევროკავშირი და ნატო,”- განაცხადა პრემიერმა.

“ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში ვაჭრობს იმას, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია საქართველოს წილი და ლოგიკა არ არსებობს ეკონომიკური სანქციების დაწესებაში.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს, მაგრამ დავიწყებ იმის თქმით, რაც თავში ვთქვი, კარგად იცით, 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები რუსეთის მიმართ ჩვენი ომის დროს? არავინ, მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?
მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, თქვენი ინფორმაციისთვის და დარბაზის ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაიხადა 2022 წლამდე, რუსეთს გადაუხადა, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა. ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მინდა განვმარტო, თქვენ განგიმარტოთ და დარბაზს – საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხო? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,”- აღნიშნა პრემიერმა.

„ლექსუს თბილისმა”, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ახალი თაობის ლექსუს RX წარადგინა

“ლექსუს თბილისის” ორგანიზებით და თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, შატო მუხრანში, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

ბრენდის ერთგულ მოხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პატრნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ.

სიახლესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ლექსუს RX-ის ტრადიციულ გზას აგრძელებს და მისი წინამორბედების ღირსეული მემკვიდრეა.

ლექსუსი გამორჩეული ბრენდია ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე დიზაინის მიმართულებით. თუმცა, მისი მთავარი ღირებულება სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა, რასაც იაპონურად ომოტენაში ეწოდება. იაპონური და ქართული კულტურების ეს საერთო ღირებულება „ლექსუს თბილისმა” მომსახურების სტანდარტად აქცია.

მათ, ვისაც, ავტომობილის შეძენამდე ახალი RX-ის სატესტოდ მართვა აქვთ განზრახული, ლექსუს თბილისი საშუალებას აძლევს აღნიშნული მოდელის 3 სხვადასხვა ვერსია გამოსცადონ.

RX 350
RX 350 აღჭურვილია 2.4 ლიტრის მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავით. წინა მოდელისგან განსხვავებით, შემცირებულია ძრავის მოცულობა და საწვავის მოხმარება, ავტომობილის სიმძლავრე კი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

RX 350h
RX 350h აღჭურვილია 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით და მეოთხე თაობის ჰიბრიდული სისტემით. ამ ავტომობილის საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კმ-ზე დაახლოებით 6,5 ლიტრს შეადგენს.

RX 500h
მთავარი სიახლე RX 500h performance hybrid-ია, რომელიც F Sport დიზაინის გარდა, წარმოდგენილია ისეთი ახალ ტექნოლოგიებით, რომლებიც მის სპორტულ მართვას უზრუნველყოფენ. პირველად ლექსუსის ისტორიაში, ეს ავტომობილი ტურბირებული ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის ერთობლივ მუშაობას გვთავაზობს, რომლის დახმარებითაც, 371 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

„ლექსუს თბილისის” დაარსების დღიდან, თიბისი კომპანიის ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე, ახალი თაობის Lexus RX-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღოს:

ავტომობილის ერთ წლიანი დაზღვევა
1000₾ ვაუჩერი ლექსუსის ორიგინალ აქსესუარებსა და ლექსუს ბუტიკის პროდუქციაზე ან ავტომობილის კერამიკული დაფარვა.

„ლექსუს თბილისი” ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

თბილისის მერია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას განაგრძობს

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-მდე პროექტი განიხილება.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი დავიწყეთ  ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩა #18-ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც გაგრძელდება.

„ქალაქში ბევრია ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ კომპანიებს, რომლებიც მოვლენ აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით,  სხვა უბანში, რომელიც არ არის ძველი თბილისის ნაწილი, მივცეთ  კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“დღეს ვიცით, რომ 20 პროცენტი უკრაინის ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ”

ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.

„დიდი მადლობა ყველას მოწვევისთვის და მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო მის უდიდებულესობას. ჩემი მოწვევისთვის და შეხვედრის წაყვანისთვის მადლობას თქვენც მოგახსენებთ. ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის.

მემგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ორივე მხარემ, ყველამ”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენი არჩევანი არის ევროპა” – შალვა პაპუაშვილი

სხვადასხვა დონეზეა გააზრებულია, რომ ევროპა კარგად ხედავს, ის უნდა იყოს რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე, მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის აფასებს და პასუხისმგებლობით ეკიდება იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო.

,,კიდევ ერთხელ, აქაც პრაგმატული აზრია ჩადებული, ვინაიდან დღეს საქართველოზე გადის ძირითადი დამაკავშირებელი დერეფანი – ევროპასა და აზიას შორის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, მათ შორის, არის გადაწყვეტილება რეგიონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამას რეგიონშიც უყურებენ ყურადღებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს არის, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს. ზოგადად, საქართველო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის. ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრებით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები  2 663 ოჯახს დაუკანონდა.  ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისსა და ბათუმში საქველმოქმედო აუქციონი – “Ertad Gamarjvebisken – Переможний” გაიმართება

28 მაისს 17:00 საათზე სტარტს აიღებს საქველმოქმედო აუქციონი უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად. აუქციონის მიზანია თანხების შეგროვება სამხედროების, კერძოდ, ქართული ლეგიონისა და აზოვის ბრიგადის მებრძოლების, ასევე სხვა ქვედანაყოფების დასახმარებლად. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სამხედროებს, რომლებიც დღეს საერთო მტრისგან იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

აუქციონი ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში და პარალელურად ჩატარდება ვიდეო ხიდის მეშვეობით. თბილისში ღონისძიება Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე (წერეთლის გამზ. 114, Coca-Cola ქარხანა), ხოლო ბათუმში – Veranda Acropolis-ში (ხიმშიაშვილის ქ. 12ბ) გაიმართება.

აუქციონზე წარდგენილ ლოტებს შორის არის ღვინის ბოთლი ვახტანგ კიკაბიძის პირადი კოლექციიდან; სპეციალურად აუქციონისთვის ჯგუფ Okean Elzy-ს ლიდერის სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ხელმოწერილი მაისური; რუსლანას ბანდანა, რომელშიც ის 2004 წელს გამოვიდა ევროვიზიაზე; წიგნი „მარიუპოლის თვალები“ აზოვის მეთაურთა ხელმოწერებით; ქართული ლეგიონის ერთადერთი საფოსტო მარკა საქართველოში და სხვ.

უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად სულ 20-20 ლოტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, აუქციონზე იმოქმედებს დონატების მაგიდა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ უკრაინელი და ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი სუვენირები და ამით მხარი დაუჭირონ ღონისძიებას.

II საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორები არიან მოძრაობა Ukrainian activists in Sakartvelo, აქტივისტური ჯგუფი Batumi for Ukraine, ქართულ-უკრაინული პლატფორმა, საქართველოს უკრაინელების ახალგაზრდული ორგანიზაცია „სვიტანოკი“ და მოხალისეები. პირველი საქველმოქმედო აუქციონი ბათუმში 2023 წლის 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე გაიმართა, და 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა. შემოსული თანხა ასევე სრულად გადაეცა სამხედროებს. აუქციონის ლოტებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
FB – Ertad Gamarjvebisken
Insta – @batumi_for_ukraine
Telegram – https://t.me/charityauctionbatumi