Home Blog Page 1928

,,ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ”- კობახიძე

“დეპუტატები იყვნენ, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო,” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.

“დეპუტატები იყვნენ, რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, კონსულტაციები გვქონდა, რა თქმა უნდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო,” – განცხადა ირაკლი კობახიძემ

,,კანონდარღვევაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება 10–ჯერ მეტი”- ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება 10–ჯერ მეტი, ისე, როგორც ეს მოხდა 7–8 მარტს. შეგახსენებთ, 7–8 მარტის მოვლენებისას, ხელისუფლებას ერთ–ერთ ნაწილად, სწორედ ძალის გადამეტებას ედავებიან და არის, თუ არა, ძალის გადამეტება, როცა “ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხი არის 10–ჯერ” მეტი და არა პროპორციული? “პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება და მათი გამონათქვამები და მიზნები, მათი ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობა ჭიაბერაშვილის გამონათქვამები. საერთოდ რისი თავი აქვთ, ამათ თუ წარმოუდგენიათ, ამათ რამე გაბედონ და ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ხალხი ასე დაუწყებს ყურებას, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს, როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტს მიიღებენ პროპორციულად, როგორც მოიქცევიან, ეს დესტრუქციული ჯგუფები. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენი პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, არავის ვაპატიებთ პატარა გადაცდომას.”

რუსული Red Wings -ი თბილისსა და ქუთაისში ფრენას იწყებს

რუსული Red Wings -ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ფრენას იწყებს. ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისის და სოჭი-თბილისის ავიარეისებს შეასრულებს. კომპანიამ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით,  მოსკოვი-ქუთაისის რეისი 10 ივლისიდან აიღებს სტარტს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათასა და 40 წუთს შეადგენს და ის 100 ადგილიანი ლაინერებით SSJ100 -ით შესრულდება. ბილეთები უკვე იყიდება.

ავიკომპანია ფრენას აპირებს სოჭი- თბილისი-სოჭის მიმართულებითაც. ამ  მიმართულებაზე  პირველი რეისი 11 ივლისს შესრულდება. ბილეთის ღირებულება თბილისის მიმართულებით 6070 რუბლიდან იწყება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს. ფრენებს ასრულებს რუსული “აზიმუტიც”. 

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში

სისხლიანი გარჩევა მოხდა ახალქალაქში, რა დროსაც ერთმა ახალგაზრდამ მეორე ფეხის არეში დაჭრა. ადგილობრივების თქმით,  მომხდარი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, მომხდარზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

არსებული ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ,არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე”- პრემიერი ოპოზიციას 

ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი, არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება.

„ძალადობა არის მიუღებელი, რომელ ძალადობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები?! ადამიანებს ხვრეტდნენ პირდაპირ ქუჩაში, ახალგაზრდებს, ახლა მე რომ მეძახიან, თურმე რაღაცას ვუწოდებ, მაგას განვმარტავ, მაგრამ პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე, რა დღეში იყავით, ციხეებში გადავსებული ჰყავდათ პატიმრებით, 20 კვადრატულში, აგერ კითხეთ ბატონი ბრეგაძე, 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ყველაფერი, ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა, ადამიანი წამება, გაუპატიურება, მკვლელობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო ამათი, ბიზნესის ტერორი, თავისუფლად ვერ სუნთქავდა ადამიანი , მოქალაქე. რაზე საუბრობენ ,ესენი როგორ ბედავენ საერთოდ, ამდენის ლაპარაკს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები საერთოდ ამაზე ლაპარაკს და რეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში.

ახლა კითხვა მინდა დაგისვათ: გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი?! მყისიერად მოახდინა რეაგირება პოლიციამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება. ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე იქნა დაპატიმრებული და თქვენს შემთხვევაში თავად აორგანიზებდით, თავად იყო ჩართული მთელი თქვენი სისტემა, მოძალადე სისტემა, თავად მონაწილეობდით აი ამ მკვლელობებში და წამებაში და გაუპატიურებაში. აღარ მინდა ვისაუბრო ბევრი, მაგრამ ყველამ, საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. რა მნიშვნელობა აქვს 11 წელი, რეაქცია ნახეთ, 11 წელი გავიდაო, იმავეს ყოველ დღე, ყოველ დღე შეგახსენებთ, კი იმავეს, მე არ დავიღალე და არავინ არ დაიღლება, თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ ახლა და მათი აზროვნების სტილი, ესეიგი წარსულია, კი ჩავდიოდით ვაწამებდით, ვკლავდით, ვაუპატიურებდით, მაგრამ მერე რა, წარსულია.

ამათ რა აქვთ სათქმელი საერთოდ, ყველაზე ანტიევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ, არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ. ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე სამი წელი დააგვიანეთ, სად იყავით, გეძინათ?! სამი წელი დააგვიანეთ არ დაიწყეთ არც ასოცირების პროცესი, არც უვიზო რეჟიმზე მუშაობა, არაფერზე, სად იყავით მაშინ? რატომ არ გქონდათ პოზიცია და რეაქცია? ახლა გეტყვით მაგაზე სად ვიყავი და 2012 წელს თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი, სად ვიყავი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ ომს დაიწყებს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ?”- პრემიერი

ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ინტერვიუში საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა, თქვა, რომ დაიწყებს ომს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში არ ყოფილიყო „ქართული ოცნება“, საქართველოს მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ.

„რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხს აძლევს ინტერვიუს და ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს, ამბობს, რომ დაიწყებს ომს. არ მინდა, ციტირება გავაკეთო, მედიას აქვს საშუალება, ამოწიონ ეს განცხადება. ის ადასტურებს მზაობას, რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება, ფაქტი. მე გელაპარაკებით ფაქტებით, თქვენ საუბრობთ მარტო პირადი შეურაცხყოფებით. ამაშიც ჩანს, რომ ფსკერს ქვემოთ ხართ უკვე, საერთოდ გაუბედურებული, გასაცოდავებული ხართ და სათქმელი არ გაქვთ არც საქმეზე, არც არაფერზე. მერაბიშვილმა თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს. ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? ეს კაცი არის არაფორმალური მმართველი, კეზერაშვილთან ერთად. ბატონი „ქურქუმალი“ რომ არ არის ლიდერი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით. რატომ არ გქონდათ რეაქცია, რატომ არ გაქვთ რეაქცია არავის. ხელისუფლება, რომელმაც ომი ვერ აარიდა ჩვენს ქვეყანას, დაკარგა ტერიტორიები და ასე შემდეგ, ოპოზიციაში გადავიდა. დღეს კი ასეთ რთულ ვითარებაში, როცა მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, გამოდიხარ ვიღაცა ხარ და ამბობ, რომ ომი უნდა დაიწყო. ვის ინტერესს ემსახურები, ვინ ხარ საერთოდ და როგორ ბედავ ამას? ჩვენ გვეკითხებიან და გვდებენ ბრალს, თითქოს ჩვენ მოვიგონეთ ეს ყველაფერი. თქვენი სიტყვით, თქვენი პირით აღიარეთ ეს ყველაფერი. პირადად თქვა მერაბიშვილმა, დაადასტურა მზაობა.

ეს ადამიანები, მავნებლები, შიდა მტრები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დღეს აქ ვისხდებოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა. საქართველო არის პატარა ქვეყანა, უკრაინა ათჯერ დიდია. საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად, ეს იყო თქვენი ბინძური, მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ. მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარიზის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, პარიზში შეზღუდულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე 3 ივლისამდე იმოქმედებს პარიზის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბან კლამარში.

„კლამარი არის უსაფრთხო და მშვიდი დასახლება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ის ასეთად“, – ნათქვამია დასახლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენდანტი 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს სავინი-ლე-ტემპლში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ შემოგარენში მდებარეობს.

საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში დღეს 19:00 საათიდან მუშაობას შეწყვეტს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული ღამის არეულობების დროს საფრანგეთის მასშტაბით დაკავებულია 875 ადამიანი. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

“თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა”

პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა.

„კითხვას სვამენ და შემდეგ გარბიან დარბაზიდან. რა ზრდილობაა ან საერთოდ რაზეა საუბარი და ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ პოლარიზაციის დასრულება, ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის.
რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა და მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს. სააკაშვილთან დაკავშირებით, პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ. მე შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და მისი ჩართულობა. მეორე საქმეს შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ლამის კაცი მოკლეს ცემით. მესამე საქმე – ტელეკომპანია „იმედის” დარბევა და მითვისება, წართმევა, აღარ გავაგრძელებ და ბოლოს, სამარცხვინოდ შემოპარული, სამარცხვინოდ, კიდევ გაგიმეორებთ ყოველ დღე, თუ გნებავთ, სამარცხვინოდ შემოპარული კონტეინერით თქვენი ბელადი, არაჟანთან ერთად, სირცხვილია ამაზე რომ ვლაპარაკობთ, სირცხვილია. საზღვრის კვეთის საქმეზე, რომელზეც გრძელდება ძიება, ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა, ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, მიწაზე გართხმული რომ ვნახეთ, გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა, მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლისღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიების, ასე ეგონა მას, ილუზიებში იყო, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ყველას კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა უბედურებას დამართებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ეს არის რეალობა, თუ გინდათ ამ სიმართლეზე ისაუბროთ, ყოველთვის მზად ვარ, რომ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.

ყოველგვარი თქვენი მავნებლური ქმედებები არის დასრულებული. თქვენ კიდევ ერთხელ დამარცხდით, დამარცხდით სიმართლესთან. თქვენ ნახეთ როგორი უღირსი კამპანია აწარმოეს, თითქოს მოწამლა ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით, აწამეს, მოკლეს და ა.შ. თქვენ გესმით რა ჩაიდინეთ საერთოდ? და ამის თაობაზე ზღვარგადასული კამპანია აწარმოეს მთელს მსოფლიოში, დაწყებული CNN-ით, დამთავრებული ათეულობით მედიასაშუალებით მთელს ევროპაში. მე პირადად მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა, რომ შეწუხებულები არიან, მათი ოპოზიცია, სხვები, ვიღაცები, მათი ლობისტები, კორუმპირებული ლობისტების მეშვეობით, არ მოვერიდები ამის თქმას, კარგად ვიცით, რა მეთოდებით მართავდა სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ცილისწამებებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ეს კამპანია აღმოჩნდა დროებითი. ხომ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საბოლოოდ თქვენს ამ ბინძურ ტყუილებს და კამპანიას”, – განაცხადა პრემიერმა.

“დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია” – პრემიერი

ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე – გამოიჩენდა სტრატეგიულ მოთმინებას და გონიერებას, რომ ქვეყნისთვის აერიდებინა დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის.

„გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა, სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ. შემდეგ გარედან ვიღაცები დაიხმარეს და არაფრისგან აჟიოტაჟი შექმნეს. მე რაიმე ახალი გითხარით, რაც არ იცით? დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია. ჩვენ გვეკუთვნის და განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს, რაც ვიცით, ერთადერთი, გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარები. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. მთელი ტერიტორიის დაახლოებით 20% მთლიანად მიწასთან გასწორებული და ოკუპირებულია. ომი არ ჩერდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რათა ქვეყანას აარიდოს დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ნახეთ, რომ ბოლო 10 წელია, ამ პრაგმატულ, ინტერესებზე გათვლილმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. ერთადერთი შემთხვევა ჩვენი მმართველობის დროს, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება? მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის სახით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის”

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და მავნებლობაა, როცა ყოველგვარი ფაქტების და საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებენ, ცილს სწამებენ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, „შავ ხვრელად”.

„მე მინდა შევუტრიალო ეს კითხვა ჩვენს უპასუხისმგებლო, მავნებელ ოპოზიციას. თქვენ გახსოვთ, რომ ერთ წელზე მეტია სწორედ მავნებელი ოპოზიცია, ეს არის მავნებლობა, როცა ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებ, ცილს სწამებ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, როგორც ისინი იტყოდნენ, „შავ ხვრელად” და აშ.., ამას ჰქვია საკუთარი ქვეყნის მტრობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა. აი, ამას სჩადიოდნენ ეს ადამიანები. დღეს რომ აღარ არიან და ვერ მოისმენენ სიმართლეს. სიმართლის მოსმენა უჭირთ, ისე არიან გაუბედურებულები, კიდევ გავიმეორებ. ამიტომ,

ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის. არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა.

მე არ მინდა შეგნებულად ჩამოვთვალო. ამ სიტუაციაში მე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ჩამოვთვალო ის ქვეყნები. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა, ჩვენ აქეთ დავეხმარეთ, 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და აი ეს მავნებელი ოპოზიცია აგრძელებდა მტრულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდა ათეულობით სტატიას ყოველკვირა, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ სანქციების გვერდის ავლის მთავარი ცენტრი გავხდით, ჰაბი გავხდით და აშ.. ნული ფაქტი, მეგობრებო, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. ამას გეუბნებით მე, როგორც მთავრობის მეთაური და ამას ამბობს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. თქვენ გახსოვთ, თვეების წინ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მკაფიოდ და ხმამაღლა ითქვა შემდეგი, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტები, მთელი ფინანსური სისტემა მუშაობს ეფექტურად და არ ხდება სანქციების გვერდის ავლა და დარღვევა. ამაზე მკაფიო განცხადება არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. ახლა ჩამოვიდა ბატონი ო ბრაიენი და სხვა ბატონები, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. მათაც მკაფიოდ, კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტეს, რომ ისინი მადლიერნი არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ შევთანხმდით, ძალიან ბევრი ღია საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რისკებზეც, მათ შორის შევთანხმდით კიდევ რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საჯაროდ თქვეს, რომ კითხვები არ არსებობს და მთავრობას აქვს შექმნილი მონიტორინგის და კონტროლის ეფექტური სისტემა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები და ვიცავთ ჩვენს წესებს. რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ ჩვენი საქმით და ქმედებით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8342 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ” – პრემიერი

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ – სამწუხარო და საწყენია, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

მისი თქმით, იტოვებს უფლებას, რომ ოპოზიციის „ზოგიერთ აბსურდულ კითხვასა და შეურაცხყოფას“ არ უპასუხოს.

„შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ “ქურქუმალ ვაითს” მიეხმარონ, როგორც იგი თავის თავს უწოდებს. სამწუხარო და საწყენია, რომ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და შეურაცხყოფას არ ვუპასუხო. საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება მოვახდინო მათ რამდენიმე გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა, რომ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.