„ოცნება“ ამბობს, რომ არ შეეშვება ერთპარტიულ ცესკოზე „ოცნებას“ და ამ გზით მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას, ეს მათ პოლიტიკურად უფრო მალე დაასრულებს , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც მმართველმა პარტიამ ცესკოსთან დაკავშირებით მიიღო, ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ასევე, მათ მიერ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის შეთანხმებას.
„კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში და კანდიდატურას პარლამენტში რომ გამოგზავნის, მას არ ჭირდება კონტრასიგნაცია. „ოცნებამ“ ეს კონსტიტუციური უფლებები მას მთლიანად ჩამოართვა და დაუტოვა სასაცილო უფლება – პარლამენტის თავმჯდომარე რომ შექმნის კომისიას კანდიდატების შესარჩევად, თუ მან ვერავინ გამოავლინა, მერე შეუძლია პრეზიდენტს გამოავლინოს კანდიდატი, გააშარჟა ეს ყველაფერი. ცხადია, ჩვენ ამას მხარს ვერ დავუჭერდით. ეს ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობის გაჩენის თემას. რატომ აკეთებს ამას „ოცნება“ – იმიტომ რომ კატასტროფულად ეშინია რაღაცების, ეშინია ყველასი – პრეზიდენტის, პოლიტიკური ჯგუფების, ევროპის და საერთოდ სამყაროსი. ვეტო ითვალისწინებს, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს, თუმცა 100 ხმის ნაცვლად კანდიდატის ასარჩევად საკმარისი იყოს – 90. ეს არ არის კარგი, მაგრამ კომპრომისული ვარიანტია. ამ.ნაწილში ვეტოსთვის შეიძლება მხარდაჭერა, თუმცა, პრეზიდენტს შეეძლო პროექტი ვენეციისთვის გაეგზავნა კიდევ ერთხელ და პროცესი გაეგრძელებინა. ვნახოთ პროცესი როგორ გაგრძელდება. ამ ეტაპზე „ოცნება“ ამბობს, რომ არ შეეშვება ერთპარტიულ ცესკოზე “ოცნებას” და ამ გზით მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას, ეს მათ პოლიტიკურად უფრო მალე დაასრულებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ის, ასევე, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ხვალისთვის დაანონსებულ ბრიფინგს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საყურადღებო ბრიფინგი ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმში იყო.
„აქ ჩვენ ვინ რა აზრზე ვართ, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია შემფასებელი, ანუ საგამოცდო კომისია რას ფიქრობს. მათი მხრიდან სრულიად ცალსახად მივიღეთ გზავნილი, რომ მათივე კრიტერიებით, ჯამში ჩვენ ნახევარზე ნაკლები გვაქვს გაკეთებული. ეს ქვეყანას გაკეთებული აქვს 12 თვეში, 3 თვეა დარჩენილი და ახლა აგერ 3-4 წუთში მორიგ თემაზე მორიგ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ დარბაზში, რომ დატოვონ მათ მიერ მიღებული კანონი და არ გაიზიარონ პრეზიდენტის ვეტო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.