Home Blog Page 1926

“რაც შეიძლება მეტი იარაღი გვჭირდება” – ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) სათაურით „უკრაინის მთავარ გენერალს ვალერი ზალუჟნის ჭირდება ჭურვები, თვითმფრინავები და… მოთმინება“ გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი, რედაქციის კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც გენერალი ვალერი ზალუჟნი – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ამბობს, კონტრშეტევის სწრაფი წინსვლისათვის მას ყველა სახის იარაღი ჭირდება და რაც შეიძლება მეტი. იგი ამის შესახებ ყველას ეუბნება, ვისაც მოსმენა შეუძლია – თავისი ამერიკელი კოლეგის, გენერალ მარკ მილის ჩათვლით.

„ვაშინგტონ პოსტისადმი“ მიცემულ იშვიათ ვრცელ ინტერვიუში ვალერი ზალუჟნიმ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის დასავლელი მფარველები არასდროს არ დაიწყებდნენ კონტრშეტევას ჰაერში უპირატესობის გარეშე, უკრაინას კი დღემდე არ მიუღია თანამედროვე ავიაგამანადგურებლები. ისინი რომ ჰქონოდა, კიევი სწრაფად დაიბრუნებდა რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. ამერიკული წარმოების „ფანტომებს“ (F-16), რომელთა მიწოდება უკრაინას ამას წინათ აღუთქვეს, უკეთეს შემთხვევაში კიევი შემოდგომაზე თუ მიიღებს.

ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის ჯარმა სულ ცოტა იმდენი საარტილერიო ჭურვი უნდა გაისროლოს, რამდენსაც მისი მოწინააღმდეგე ისვრის, მაგრამ ზოგჯერ, შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთის არმიის არტილერიის გასროლები უკრაინისას 10-ჯერ და მეტად აღემატება.

„სწორედ ამიტომ ვბრაზდები, როცა დასავლელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსებისაგან მესმის, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწყებული კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყოო“, – ამბობს სარდალი. სხვათა შორის, ასევე აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა გენერალს იგი მხედველობაში არ ჰყავს. და მაინც, როცა ასეთი მძიმე სიტუაციაა სამხედრო რესურსების მხრივ, უკრაინის ჯარი ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს, თუნდაც 500 მეტრით.

„ომი შოუ არ არის“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ თავის კაბინეტში, უკრაინის გენერალურ შტაბში, – „რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონებს დებენ, ან რაღაც ამის მსგავსს აკეთებენ. ჩვენ ვიბრძვით და მიწის ყოველ მეტრს სისხლის ფასად ვიკავებთ“.

„[შეიარაღებით და რესურსებით] სრული მოცულობით უზრუნველყოფის გარეშე გეგმები საერთოდ შეუსრულებელი დარჩება… მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ვასრულებთ. დიახ, ისე სწრაფად არა, როგორც შოუს მაყურებლებს, მონაწილეებს და დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“.

ბოლო 16 თვის განმავლობაში 49 წლის გენერალი ვალერი ზალუჟნი უდიდესი სირთულის მქონე ამოცანის წინაშე დგას – იგი ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება რიცხობრივად უფრო მეტ და უფრო უკეთესი იარაღის მქონე რუსეთის არმიას, რომელიც ამჟამად მისი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული, გასული წლის სექტემბერში განხორციელებული წარმატებული შეტევის მიუხედავად. შარშანდელი კონტრშეტევის წარმატება კი განაპირობა იმან, რომ ჯარი ნატოს სტანდარტებით გაიწვრთნა და თანამედროვე მანევრირებად ძალად გადაიქცა, უარყოფილი იქნა სარდლობის საბჭოთა სტილი და ზედმეტად ცენტრალიზებული სტრუქტურები, რომლებიც 2022 წელს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.

ვალერი ზალუჟნის ყოველდღიურად აწუხებს რთული კითხვები: როდის მისცემენ უკრაინის ჯარს დასავლელი მოკავშირეები იმდენ იარაღს, რამდენიც მას ჭირდება? როდის ექნება უკრაინის არმიას F-16 ავიაგამანადგურებლები? და რამდენად გაუმკლავდება სიძნელეებს მათ გარეშე?

უკრაინელი გენერლის თქმით, მან თავისი წუხილი ამერიკელ კოლეგას, გენერალ მარკ მილის გაუზიარა. იგი აღტაცებულია ამერიკელი მეგობრით და შეუძლია მას საათობით ესაუბროს. „მარკ მილი მთლიანად იზიარებს ჩემს საზრუნავს. ვფიქრობ, მას შეუძლია დამეხმაროს“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი, – „ოთხშაბათს ვუთხარი, თუ რამდენი საარტილერიო ჭურვი გვჭირდება თვის განმავლობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან მუდმივად კავშირზე ვიყოთ. როცა საჭირო იქნება, მე შემიძლია დავურეკო და ვუთხრა – თუ ამ ერთ კვირაში 100 ათას ჭურვს არ მივიღებ, 1000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპება. წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილზე“.
„მაგრამ მარკ მილი არ წყვეტს, მივიღებთ თუ არა თვითმფრინავებს… უბრალოდ, სანამ დადგენილება იქნება მიღებული, მანამ უამრავი ადამიანი იღუპება. იმიტომ, რომ იქ, „ზემოთ“, საკითხის გადაწყვეტას აყოვნებენ“.

მაგრამ იმ დროს, რა დროსაც უკრაინა ჯო ბაიდენის მიერ დაპირებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, ფრონტზე სხვა პრობლემა გაჩნდება: ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევი გააფრთხილა, რომ „უკრაინის არმიის მიერ საბრძოლო მასალების ხარჯვის ტემპი ბევრად აღემატება მისი წარმოების მიმდინარე ტემპებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭურვების რაოდენობა, რომლებიც ძალიან სჭირდებათ უკრაინელ არტილერისტებს, შეიძლება უფრო შემცირდეს, ომის გაგრძელების კვალობაზე.

დაგეგმილი კონტრშეტევის წინ უკრაინამ პირველად მიიღო დასავლური საბრძოლო ტანკები, მათ შორის გერმანული წარმოების „ლეოპარდები“ და ამერიკული ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანები. ეს ტექნიკა შეიძლება გამოყენებული იქნას იმ სახმელეთო დერეფნის გასარღვევად, რომელიც მოსკოვის არმიამ ყირიმისა და დონბასს შორის შექმნა. თუ ეს მოხდება, რუსეთი არმია ძლიერ დარტყმას მიიღებს და მისი შესაძლებლობები ძალების აღდგენის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდება.
გერმანული ტანკებისა და ამერიკული ჯავშანმანქანების ფრონტული დებიუტი ივნისის თვის პირველ რიცხვებში მოხდა, როცა კონტრშეტევა დაიწყო. „სამწუხაროდ, მათი ნაწილი უკვე განადგურებულია“, – აღიარებს ვალერი ზალუჟნი, – „ჩვენ ტანკები იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ ისინი აღლუმებზე გამოგვეყენებინა და მათ ფონზე ცნობილ პოლიტიკოსებს და სხვა ცნობად პირებს ფოტოსურათები გადაეღოთ. ტანკები ჩვენ ომში საბრძოლველად მივიღეთ. „ლეოპარდი“ კი ბრძოლის ველზე ლეოპარდი კი არ არის, არამედ სამიზნე, [ამიტომაც მათი დანაკარგები იქნება].

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრშეტევის ძირითადი ეტაპი. ფრონტის ხაზზე ჯერ კიდევ არ არიან გაგზავნილნი სპეციალურად მომზადებული ძალები, ხოლო ისინი, რომლებიც იბრძვიან, ძირითადად რუსეთის თავდაცვის სუსტ ადგილებს ეძებენ. იმავდროულად ნელ-ნელა წინ მიდიან და ოკუპირებულ მიწა-წყალს იბრუნებენ. მტრისაგან უკვე გათავისუფლებულია 50 კვადრატული მილის (130 კვ.კმ.) ფართობის მქონე ტერიტორია.

ვალერი ზალუჟი აღნიშნავს, რომ ნატოს სამხედრო დოქტრინა, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთის დოქტრინის ანალოგიურია, სახმელეთო კონტრშეტევის წინ ითხოვს იმას, რომ ჰაერში უპირატესობა არსებობდეს. „უკრაინამ რომელი დოქტრინით უნდა ისარგებლოს? ჩვენ გვეუბნებიან – „ხომ მოგეცით ტანკები, ქვემეხები, საბრძოლო მანქანები, შეგიძლიათ გამოიყენოთ“. მაგრამ თვითმფრინავების გარეშე?“.

ვალერი ზალუჟნის სამეთაურო პუნქტზე ეკრანი აქვს, რომელიც ყველაფერს აჩვენებს, რაც ჰაერში იმყოფება ამ მომენტში – ნატოს ავიაცია უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან, საკუთარი ავიაცია უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსეთის ავიაცია აღმოსავლეთ ფრონტზე. „აი, შეხედეთ. ნატოს იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს დასავლეთ საზღვრებთან მორიგეობით დაფრინავს, ორჯერ აღემატება რუსული ავიაციის რაოდენობას, რომლებიც ჩვენს პოზიციებს ბომბავენ. რატომ არ შეიძლება, რომ ნატომ იმ ავიაციის მესამედი მაინც რომ მოგვცეს?“, – ასეთი კითხვა დასვა ვალერი ზალუჟნიმ საუბრის დროს.

რადგანაც რუსეთს ავიაციის უფრო თანამედროვე პარკი აქვს „სუ-35“ თვითმფრინავების სახით, რომლებსაც გაუმჯობესებულ რადიოლოკაციური მოწყობილობები და რაკეტული სროლის დიდი სიშორე აქვთ, მათ უკრაინის ძველი თვითმფრინავები ვერ შეედრებიან. ამის გამო კიევის სახმელეთო ქვედანაყოფები რუსული ავიაციის სამიზნეები ხდებიან.

„არავინ არ ითხოვს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა მივიღოთ 120 თვითმფრინავი“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ამდენი არ გვინდა, მთელ მსოფლიოს ხომ არ დავემუქრები…საკმარისი იქნებოდა უფრო მცირე რაოდენობა, მაგრამ ისინი აუცილებლად გვჭირდება. იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს – მოწინააღმდეგე ახალი თაობის თვითმფრინავებს იყენებს. ეს იმას ჰგავს, ჩვენ ახლა მშვილდ-ისრებით შეიარაღებულებმა რომ ვიბრძოლოთ…“.

თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევამ პოზიტიური იმპულსი მიიღო „ვაგნერის“ ამბოხების დროს, ვალერი ზალუჟნი ამაში დარწმუნებული არ არის. მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულებმა ბახმუტის დაკავების შემდეგ ბრძოლის ველი დატოვეს: „ჩვენ არაფერი გვიგრძნია, რომ ამით სადმე რუსული თავდაცვა შესუსტდა“.

იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერელთა“ ნაწილი ბელარუსში მოგროვდება (უკრაინელი ოფიცრები აღიარებენ, რომ ისინი ეფექტური და იმავდროულად სასტიკი ბრძოლის ტაქტიკას ფლობენ), ვალერი ზალუჟნის, ალბათ, მოუწევს ფიქრი ახალ საფრთხეზე, რომელიც უკრაინას შეიძლება ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან დაემუქროს.

„ჩვენ შეშფოთების ბევრი მიზეზი გვაქვს, „ვაგნერი“ ერთ-ერთია მათ შორის… ახლა რომ მათზე ლაპარაკი დავიწყო, თავბრუ დამემართება. ჩვენი ამოცანაა ყველაზე უარესი და ყველაზე შესაძლებელი სცენარებისთვის მოვემზადოთ, იმავდროულად კი მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი [ნეგატიური] შედეგები”.

ერთ-ერთი უარესი სცენარი, რომლის განხილვა ვალერი ზალუჟნის მოუწევს, ის საფრთხეა, თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის შესაძლო მოწყობის შესახებ, რადიაციის გაჟონვის საფრთხით – იქ, სადაც ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

დააბრკოლებს თუ არა უკრაინის კონტრშეტევას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საფრთხე? „ეს მე ვერანაირად ვერ შემაჩერებს“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. რატომღაც ეს სიგნალები გარედან მოდის – „გეშინოდეთ ბირთვული დარტყმისა“. რა ვქნათ, იქნებ ხელები ავწიოთ და ჩავბარდეთ?“.

წყარო

“ბოლოს მიღებული საარჩევნო კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითოა”- ფრიდონ ინჯია

საარჩევნო კოდექსი, რომელიც ბოლოს მივიღეთ, ერთ-ერთ სამაგალითოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, ასეთი კოდექსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

„ვინმეს წარმოედგინა თუნდაც ხუთი წლის უკან, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა შესაძლებელი ყოფილიყო? ჩვენ ისე გავიარეთ 25-28 წელი, რომ ამის საშუალება არავის ჰქონდა. უბნების გადათვლა არა მარტო აქ, არამედ აშშ-შიც კი არ მოხდა, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები რაღაც ურნებში აღმოჩნდა. დღეს მოქმედი კოდექსით კი, საქართველოში ეს ყველაფერი შეიძლება. ე.ი. იმდენად დახვეწილია, რომ, პრაქტიკულად, ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების მექანიზმები არ მუშაობს. ერთადერთი დარჩა, როდესაც არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გზით ახერხებენ ან „ბულინგს“, ან მოსყიდვას. ეს ხდება არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნების დღეს ყველაფერი წესრიგშია და ეს არის ჩვენი კოდექსი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.

მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანიებთან უმოკლეს პერიოდში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპის ხელშეკრულებები გაფორმდება. 27 პროექტიდან 10 მზის, 2 ქარის, ხოლო 15 ჰიდროელექტროსადგურია.

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი.

აღინიშნა, რომ აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები.

აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები.

სხდომაზე საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რასაც აუქციონის შედეგები ადასტურებს და რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბის პირველი ნიშნები?

საგადამხდელო ბალანსის პირველი კვარტალის მაჩვენებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის მზარდი ტენდენცია იკვეთება. ეს დიდწილად, მიგრანტებისათვის ეტაპობრივად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭების შედეგია. მეტი სიცხადისათვის – მას შემდეგ რაც მიგრანტს რეზიდენტის სტატუსი ენიჭება, აღრიცხვის კუთხით, მისი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან მომსახურების ექსპორტის სხვა კატეგორიაში ინაცვლებს.

აღნიშნული დინამიკა შესაბამისობაშია თიბისი კაპიტალის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ მიგრანტების გამოკითხვის შედეგებთან, სადაც იკვეთება, რომ დასაქმების კუთხით ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ასევე საყურადღებოა, რომ შემოსავლების წყაროს კუთხით, უდიდესი ნაწილი საერთაშორისოა რუსეთის მნიშვნელოვანი, თუმცა არა არსებითი კონტრიბუციით.

თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მასშტაბური გადინება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე, თიბისი კაპიტალის მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთ სცენარში, სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც მხედველობაშია მისაღები. ისევე, როგორც გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში დაგროვილი ფისკალური ბუფერები და სებ-ის საერთაშორისო რეზერვები.

საგარეო სექტორის დინამიკის სხვა მაჩვენებლები ასევე თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შესაბამისობაშია. იგივე შეიძლება ითქვას დღეს გამოქვეყნებულ ივნისის ინფლაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მაისის ეკონომიკური აქტივობის შეფასება თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარზე მაღალია. საკუთრივ, სრული 2023 წლისათვის 7%-იანი ზრდის საბაზო სცენარი, მაისში 5.8%-იან ნიშნულს ითვალისწინებდა, ნაცვლად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 7%-სა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“როგორ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველგან და ყოველთვის პარტიულ მიკერძოებას ავლენს, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაანაცვლოს?!”

როგორ შეიძლება მმართველი პარტიის წევრმა, უმრავლესობის სიით არჩეულმა პარტიულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველგან და ყოველთვის პარტიულ მიკერძოებას ავლენს, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაანაცვლოს?! – თუ ვთანხმდებით, რომ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინების მცდელობაა, არის თუ არა ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მორიგი საბოტაჟირება “რუსული ოცნების“ მხრიდან? – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბოკუჩავამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს მიმართა, უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, აპირებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

“ხომ არ არის ეს მორიგი სადამსჯელო ღონისძიება პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც ხელისუფლება საგარეო კურსის ცვლილებაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და ნაბიჯებში ღიად ამხილა. არის თუ არა ეს ინსტიტუციების დაკნინების მცდელობა და ცესკოს თავმჯდომარედ პოლიტიკური მორჩილებით ნიშნით ადამიანის შერჩევა, რათა როგორც სხვა ინსტიტუციებში, ცესკოშიც მმართველმა პარტიამ ტოტალური პოლიტიკური მორჩილება უზრუნველყოს. არის თუ არა ეს ღიად ევრორეკომენდაციების დარღვევა, რომელიც საქართველოსგან ინსტიტუციების გაძლიერებას მოითხოვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკანგადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: – ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“ოპოზიცია სუსტია და ბოლომდე ვერაფერი მიჰყავს, მათ შორის ვერც რევოლუციური გეგმები”-ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას ბოლომდე ვერც რევოლუციური გეგმები მიჰყავს. შედეგი არის ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი თავიდანვე გზას ააცდინეს და შემდეგ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „გირჩის“ წარმომადგენლის, ცოტნე კობერიძის სიტყვებმა, რომ „ოპოზიციას პროცესები ბოლომდე არ მიჰყავს და უკან იხევს“, ის რევოლუციური გეგმა ამხილა, რაც ოპოზიციას ჰქონდა.

„გირჩელებს“ ერთი რამ ახასიათებთ – ხშირად წამოსცდებათ ხოლმე რაღაცები. ცოტნე კობერიძეს რეალურად წამოსცდა, თუ რა იყო მათი გეგმა. საზოგადოებამაც იხილა, რომ ცდილობდნენ ხელისუფლებისაგან მტრის ხატი შეექმნათ. ამის შემდეგ ადამიანები მოლოტოვების კოქტეილების სასროლად მოამზადეს და შემდეგ აღარ დაიცვეს. კონკრეტული ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩათ. ეს იმიტომ, რომ ოპოზიციამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ამით კობერიძემ ამხილა ის მარტივი გეგმა, რისთვისაც შარშან ბაკურიანში შეიკრიბნენ. როგორც კი სცენაზე დისკრედიტირებული ენჯეოები და პოლიტიკოსები აიყვანეს, ხალხი მაშინვე შემოეცალათ. ოპოზიცია სუსტია და ბოლომდე ვერაფერი მიჰყავთ, მათ შორის ვერც რევოლუციური გეგმები. შედეგი არის ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი თავიდანვე გზას ააცდინეს და შემდეგ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვეს. მთავარია, სამომავლოდ ასეთი მოწყვლადი ახალგაზრდები პოლიტიკური ნაცმოძრაობის მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „გირჩის“ ტრენინგების დაფინანსებას სახელმწიფო ეწინააღმდეგება და იმედი აქვთ, რომ მომავალში „მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფები“ არ დაფინანსდებიან.

„გირჩის“ ტრენინგების დაფინანსება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ ჩვენი აზრი საერთაშორისო პარტნიორებთანაც დაგვიფიქსირებია. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აღარ დააფინანსებენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს” – ირაკლი კობახიძე

„თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სჭირდება, რაც შეეხება ერთ ან მეორე „გირჩს“, როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია „თავდაცვის კოდექსის“ ირგვლივ განხილვებისთვის მზად არის.

„გაიმართება საპარლამენტო განხილვა, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს. ამ კოდექსის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს. რაც შეეხება „გირჩს“ – ერთს, მეორეს, როცა თან სოჭისკენ იქაჩები და თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, სარეზერვო სისტემას და გაწვევის სისტემას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, რომ ან იქ არ უნდა იქაჩებოდე, ან ეს არ უნდა დაბლოკო.

„თავდაცვის კოდექსი“ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის და „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებლად იქნება მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“გირჩი“ რადიკალიზაციის მთავარ წყაროდ გვევლინება და ამისთვის ახალგაზრდების რესურსის გამოყენება სურს”

დასავლეთი თან პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვს ქვეყანაში და ამავდროულად, მათი ორგანიზაციები პოლარიზაციის უკიდურეს ფორმას, რადიკალიზმს აფინანსებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს უკვე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, არამედ ღია ქმედებაა საზოგადოების თვალის ასახვევად.

„რადიკალიზმი საქართველოში ყოველდღიურად აქტიურდება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის რადიკალური დაჯგუფება ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, მათ შორის IRI-დან.

ძალადობას ახალგაზრდებს სამშობლოს ხსნად წარუდგენენ და ამისთვის უტარებენ სემინარებსაც და წინააღმდეგობის პრაქტიკულ ჩვევებს აცნობენ. „გირჩისგან“ ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ იქნებ დამფინანსებლებმა განმარტონ, ძალადობას რატომ ახალისებენ საქართველოში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ დეპოლარიზაციაა?

გამოდის, რომ დასავლეთი თან პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვს ქვეყანაში და ამავდროულად, მათი ორგანიზაციები პოლარიზაციის უკიდურეს ფორმას, რადიკალიზმს აფინანსებენ. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ეს უფრო ღია ქმედებაა საზოგადოების თვალის ასახვევად, თუმცა, დღეს ამ საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი გამჭვირვალეა. „გირჩის“ მიერ უცხოური დაფინანსებით დატრენინგებული ახალგაზრდები მალე რევოლუციონერებად მოგვევლინებიან, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ თანხების ხარჯვითი ეფექტი უშედეგო იქნება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“საქართველოც საფრთხის ქვეშაა იგივე გახრწნილი და გადაგვარებული ადამიანების გამოისობით” – დემურ გიორხელიძე

საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინ მიიღო არეულობებით დაზარალებული 220 ქალაქის მერი! მათი აზრით, ისინი უახლოეს წლებში ელიან დაძაბულობის ზრდას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, სრული ქაოსი და ძარცვა-გლეჯა იყო, რაც მიუთითებს: მშვიდობიან დროს სახელმწიფო ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების ქონების დაცვას! რა გამოვა აქედან?!

“მარტივი რამ: 50-50 შანსით: ან ერთ დროს მამალი ერი დაუბრუნდება საკუთარ კულტურულ წიაღსა და იფიქრებს საკუთარ განვითარებაზე, ანდა ეს დამპალი იდეოლოგია ნეო-ლიბერალიზმისა, უდამპლესი ლგბტ-პროპაგანდა და სულელურად გაგებული, მიზანმიმართულად თავსმოხვეული “მულტიკულტურალიზმი” ბოლოს მოუღებს ტრადიციულ საფრანგეთს ( და არა მარტო მას!) საქართველოც საფრთხის ქვეშაა იგივე გახრწნილი და გადაგვარებული ადამიანების გამოისობით!

მიგრანტებმა აჩვენეს: საფრანგეთის დიდი კულტურა მათთვის და მათზე ნულოვანი გავლენის მქონეა: ისინი საფრანგეთში ჯგუფებად ცხოვრობენ, საკუთარი კულტურული თვითმყოფადობა იმდენად მაღალი აქვთ, რომ ყველაფერს ინარჩუნებენ და წარმოქმნილ საშუალებებს კეთილდღეობის შექმნისა, სათავისოდ იყენებენ. დასავლური უმთავრესი ცივილიზაციის აკვანი – საფრანგეთი კულტურულად იმაზე სუსტი აღმოჩნდა (გამათახსირებელი მიზანმიმართული იდეოლოგიის გავლენით), ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა! მაგრამ ფაქტი სახეზეა,”- წერს დემურ გიორხელიძე.

“2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 172 ათასი ჩვენი მოქალაქე”- რომან გოცირიძე

პოლიტიკური ჯგუფი “ევროოპტიმისტები” ქვეყანაში საგანგაშო მიგრაციულ პროცესებზე საუბრობს და პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ნუ ბლოკავს ოპოზიციის მიერ ინიციირებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მსგავს საკითხებს ეხება.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე  რომან გოცირიძემ განაცხადა, შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და მათ ადგილს იკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, 2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა, რაც ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება.

მისივე განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს 101 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, აქედან 62 ათასი რუსეთის მოქალაქე.

დეკანოიძე და გოცირიძე აღნიშნავენ, რომ ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.

“დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა. 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 172 ათასი ჩვენი მოქალაქე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ამ პერიოდში ერთი ბათუმი. ბათუმის მოსახლეობა არის 179 ათასი. წაემოიდგინეთ რომ არ არის ბათუმი, ეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქუთაისი, სიდიდით მესამე ქალაქი ქუთაისი, რომლის მოსახლეობა არის 140 ათასი, ქუთაისზე 30 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე შეიძლება ითქვას, რომ გაქრა ამ ქვეყნიდან და როდის დაბრუნდება ან საერთოდ დაბრუნება თუ არა, არავინ იცის. დემოგრაფიული პროგრამა უნდა შემუშავდეს. გარდა ამისა მე და ხატიამ საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არასდროს იქნას განხილული, რადგან ისეთი თემებზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია, უნდათ, რომ საერთოდ მსჯელობაც არ იყოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი შეტანილი კანონპროექტი, რომელიც მიგრაციას და სხვა საკითხებს ეხებოდა გადაავადა. უცნაური ისაა, რომ მოქალაქეებისგან იცლება ქვეყანა, მაგრამ ბოლო 8 წელია დემოგრაფიული სალდო დადებითია, აქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებში არ არის საქმე, ომამდეც შეინიშნებოდა ეს ტენდენცია და ეს ნიშნავს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 181 ათასი სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს იმას ნიშნავს რომ სამუშაო ძალა მიედინება უცხოეთში და ამას დემოგრაფიულად ჰქვია ერის დაბერება, ეს არის არამარტო სოციალური, არამედ სერიოზული პოლიტიკური პრობლემა უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ მოვიწოდებ პარლამენტის ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ მავნებლობა, ნუ ბლოკავენ კანონპროექტებს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება როგორიც მიგრაციაა, თუნდაც რუსეთის მოქალაქეების საკითხი და ა.შ.”, – განაცხადა გოცირიძემ.

„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე პარალელურად 4 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შედეგად ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვლება.

პროექტის ფარგლებში განახლდება 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და 3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

“ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია” – პრემიერი

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის” პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

„ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი.

მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე, გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არა მხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს”, – განაცხადა პრემიერმა.