Home Blog Page 1925

“სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და თავთან – ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს”-თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უსაფუძვლოა სპეკულაციები და ცილისწამება, რაც სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები დაცული იყოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უკვე ორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებებით ყველაფერი ნათქვამია. არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას უკვე აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა და დაადასტურა, რომ ის სპეკულაციები და ცილისწამება, რაც მათი, სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ, აღმოჩნდა უსაფუძვლო.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები იყოს დაცული.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა – მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება ეფექტური. არის სრული მზადყოფნა სამედიცინო სამსახურის მხრიდან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის დაცვა. მილიონები იხარჯება სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, საკუთარი სახელმწიფოს იმაში დადანაშაულებაში, რაც არ მომხდარა და სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არ მომხდარა, ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისევე იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელსაც თითქოს თავად ამტკიცებენ.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, სააკაშვილის გარემოცვას მოვუწოდო, მთავარი ყურადღება უნდა იყოს იმაზე, რომ პაციენტმა მკურნალობის ნაწილში ექიმებთან ითანამშრომლოს, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სააკაშვილის თანამებრძოლებმა, სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წარსულში დანაშაულები ჩაიდინეს, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს ჯანმრთელობის დაცვისთვის სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიეცეს დებატებში მონაწილეობის საშუალება, თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას მასთან სადებატო არაფერი აქვს.

„სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს. ის არის პატიმრობაში და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

“უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან გამოითქვა შეშფოთება „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირების გამო”- საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია.

მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც.

“აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს- თუმცა „რესპუბლიკელების“ წრეებში განსხვავებული გზავნილებია”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერის დაკარგვას შიშობს მას შემდეგ, რაც „ზოგიერთი „რესპუბლიკელებისგან“ სახიფათო გზავნილები წამოვიდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მაიკ პენსი [აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი] გვესტუმრა და ის მხარს უჭერს უკრაინას. პირველ რიგში, როგორც ამერიკელი, შემდეგ კი როგორც „რესპუბლიკელი“. [აშშ-ში] ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. თუმცა, მათ [„რესპუბლიკელების“] წრეებში არის განსხვავებული გზავნილები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი „რესპუბლიკელისგან“ მოდის მესიჯები, ზოგჯერ სახიფათო მესიჯები, რომ შეიძლება ნაკლები მხარდაჭერა იყოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება „უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

“ე.წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული” -საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსელითა და ჯვრით“ – წერს საპატრიარქო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თვითმარქვია მღვდელი საზოგადოებას ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა.

„ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული, ამიტომ გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია“ – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური მოკლეს

დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლედ.

პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს.

ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს.

“სააკაშვილის ტრანსფერი საზღვარგარეთ აუცილებელი და საჭიროა” – ხატია დეკანოიძე

მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში, არის ძალიან მძიმე. მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სერიოზული დარღვევაა ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ. დეკანოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია მასთან შევიდნენ პოლონელი ექიმებიც.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველ რიგში, მისი ძალიან მძიმე ფიზიკური მდგომარეობა და ის ვიზუალური სურათი, რომელიც გვაქვს მისი ჩართვის შემდეგ სასამართლოზე, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის. პოლიტიკური შეფასებების მიღმა ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა ჰქონდეს ადეკვატური შეფასება. იქ უნდა შევიდნენ პოლონელი ექიმები. ეს არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა და მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, მათ შორის მკურნალობის კურსი, უნდა იყოს გამოკვლეული, თუ რატომ ხდება ასე კატასტროფულად წონაში კლება. მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელსაც მართავს სანქცირებული მოსამართლეების კლანი. მისი ვიზუალური გარეგნობა არის ძალიან მძიმე და ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ხელისუფლებას მარტო პროპაგანდის ჭრილში აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ნახა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეძლია ვეტო”- არჩილ თალაკვაძე

დემოკრატიას სჭირდება სტაბილური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ არის პარტიების ვაჭრობის საგანი და რომლისთვის ძირის გამოთხრის ბერკეტი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს, თუ ეს პარტია უკვე მხილებულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია.

„თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ გავითვალისწინეთ ოპოზიციის და მედიატორების შემოთავაზება და მათი არგუმენტები, რომ საჭირო იყო ცესკო-ს დაკომპლექტების იმგვარი მოდელის შემოღება, სადაც კონსენსუსით, ანუ შეთანხმებით მოხდებოდა ცესკო-ს დაკომპლექტება. გახსოვთ, ჯერ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ შეთანხმების განხორციელებაში პარლამენტში და სამი თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცალმხრივად ასრულებდა შეთანხმებას. ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებლოკათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი და პრაქტიკულად საარჩევნო ადმინისტრაცია გადაიყვანეს ექვსთვიან სერიებში, როდესაც ყოველ ექვს თვეში, საარჩევნო ადმინისტრაცია-ცესკო ხდებოდა და უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ამან გამოიწვია უკიდურესი არასტაბილურობა და ის საფრთხე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ეს გამხდარიყო ისევ ამ ოპოზიციის მხრიდან სპეკულირების მთავარი საკითხი, თითქოს ცესკო არ იყო დაკომპლექტებული. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ, რომ წინასწარ ძირი გამოეთხარათ უკვე მომდევნო არჩევნებისთვის. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით და ევროპული გამოცდილების ხელახლა დამუშავებით, განხილვით, ჩვენ შემოვიტანეთ ცვლილებები, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და მასზე პოლიტიკური შეტევის თუ სპეკულაციების საშუალება კანონში, როგორც მინიმუმ, არ ექნება არც ერთ პარტიას. ბუნებრივია, ეს არგუმენტები ძალაში დარჩა ვეტოს გამოგზავნის შემდეგაც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეძლია ვეტო. საქართველოს უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს. მოდელი, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, არის დემოკრატიული და ის აქვს ევროპის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ზუსტად ისე, როგორც დღეს აქვს საქართველოს. დემოკრატიას სჭირდება სტაბილური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ არის პარტიების ვაჭრობის საგანი და რომლისთვის ძირის გამოთხრის ბერკეტი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს, თუ ეს პარტია უკვე მხილებულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

“მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან” – ნიკა მელია

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „ვოლიდან“ „ვოლზე“ სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ… მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან… ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ პროცესის გაწელვა, „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩა და დასუსტება და პარტიის წინა ხაზის მებრძოლებისაგან დაცლა გამოიწვია.

„თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება.

ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო. შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინა ხაზის მებრძოლებისაგან დაცლა.

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „ვოლიდან“ „ვოლზე“ სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია), ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ „ოცნების“ მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის “ლიდერშიფი” კომედიურ ტვ შოუებში. აი, ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.

მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა…. ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? ფორმალური რეპლიკები „თქვენ რა გააკეთეთ“ არ მიიღება – ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში არც პატიმრისთვის,“ – წერს ნიკა მელია.

“სააკაშვილის სურვილი, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დებატებში შევიდეს ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მზაობაზე, სიცოცხლე დადოს სასწორზე”

უმძიმესია პრეზიდენტი სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ხილვა და დარწმუნებული ვარ, უმძიმესია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც იოტისოდენა შინაგანი მორალი და ჰუმანურობა გააჩნია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„წარმოუდგენელია კომენტარები, რომელსაც ამ დრომდე აკეთებდნენ და აკეთებენ „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მტერს მიზანმიმართულად კლავენ საპყრობილეში და დღევანდელმა კადრებმა ეს დაადასტურა.

მისი სურვილი, რომ ასეთი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დებატებში შევიდეს დღევანდელ ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადოს სასწორზე და ყოველთვის იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ხოლო ხელისუფლების მხრიდან უარი, იქნება ეს დებატები თუ თუნდაც უარი ევროდეპუტატებს, პარლამენტარებს, რომ შევიდნენ და ღია კომუნიკაციაში იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ პრეზიდენტი სააკაშვილის ეშინიათ და იციან, რომ თანაბარ გარემოში, ისინი დამარცხდებიან სააკაშვილთან. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ ტოტალურ იზოლაციაში ამყოფონ პრეზიდენტი სააკაშვილი, პოლიტიკური მარცხი მაინც გარდაუვალია „რუსული ოცნებისთვის“, რომელიც ცდილობს ქვეყნის რუსიფიკაციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

„საპარტნიორო ფონდი” არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო კიდევ ერთხელ „საპარტნიორო ფონდის” მნიშვნელობის შესახებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ „საპარტნიორო ფონდი” არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში და დღევანდელი ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც „საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით აშენდა ებრაულ კომპანიასთან ერთად. მე მახსოვს მაშინ, ალბათ, ეს იქნებოდა 8 წლის წინ დაახლოებით, საფუძველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას და დღეს ეს ქარხანა აწვდის კომპანიებს თვითმფრინავის ნაწილებს, კერძოდ, მაგალითად, ბოინგ 787-ის მოდელის ნაწილებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობაში. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების.

გარდა ამ პროექტებისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის, მაგალითად, გარდაბნის თბოელექტროსადგური. ასევე, მინდა აღვნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი – სასტუმრო „რედისონ წინანდალი”, ასევე საირმის სპა-კურორტი, ბორჯომი, ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე, თუნდაც, ჯინოს ცენტრი რაბათში და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი, რომლებზეც ფონდი მუშაობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 1.8 მლრდ დოლარია.

„მოგეხსენებათ, ფონდი აფინანსებს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ბიზნესებს კაპიტალის მიწოდების გზით და ამ მხარდაჭერის შედეგი არის სწორედ ჩემ მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო პროექტი სხვადასხვა დარგში, იქნება ეს ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვ. დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება წარმოადგენს 1.8 მლრდ დოლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალოდ ფონდის თანამონაწილეობა არის 250 მლნ დოლარზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული 1 დოლარით ფონდმა დაახლოებით 7 დოლარი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „საპარტნიორო ფონდის” და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასეულობით მილიონი ლარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განხორციელებული პროექტებით 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დასაქმებული, მათ შორის, ამ პროექტშიც.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო „სტარტაპ საქართველოს” საქმიანობა, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიის ცალკე სტრუქტურაა. მინდა აღვნიშნო მათი ჩართულობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან ჩატარდა სტრუქტურული რეფორმა ფონდში. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ, მთავრობა აღარ იქნება წარმოდგენილი, მინისტრები და არც მე აღარ ვიქნებით წარმოდგენილი ფონდის მართვაში, არამედ მინდა, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს კორპორაციული მართვა ფონდში და უფრო მეტი ფოკუსირება მოხდეს ზოგადად საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს არის ჩვენი ხედვა ფონდის შემდგომი განვითარების შესახებ. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით გაწეული საქმიანობისთვის და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს შემდგომ საქმიანობას. ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომლებმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა „საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ATC-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ვიდანმა.

„საპატრნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ წარადგინა ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია – „საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის”. დავით საგანელიძემ ღონისძიების სტუმრებს ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, შეაჯამა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.

ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ფონდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი”- ლევან ხაბეიშვილი

დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე თვეა, მოითხოვს, ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ.

ამასთან, ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტის წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცეს.

„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს. ასევე, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ, პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და თუ საჭირო გახდა, ცხადია, მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

ასევე, მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება – ჩვენ არა ერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა არ გვეძლევა საშუალება მოვინახულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჩვენი უფლების განხორციელებას,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.