Home Blog Page 1914

“უკვე პრობლემაა, რომ გიწევს ახსნა-განმარტება, პრეზიდენტმა ვინ იგულისხმა და ვინ – არა” – იაგო ხვიჩია

ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო განცხადება, – ამის შესახებ „გირჩის“ წვერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე“.

ხვიჩიას თქმით, სხვანაირადაც შეიძლებოდა აღნიშნული განცხადების ახსნა და მობოდიშება.

„ჩემი აზრით, უკვე პრობლემა არის ის, რომ გიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, ქვეყნის პრეზიდენტმა ვინ იგულისხმა და ვინ – არა, მით უმეტეს, როდესაც ეს არ ეხება მთლად უბრალო საკითხებს და ეხება ქვეყნის ინტერესებსაც, გინდა, არ გინდა. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო ეს განცხადება. არ მიგულისხმიაო, მოეჩვენა ხალხს? ასე ხომ არ არის, მაგრამ სულ არაფერს მობოდიშება სჯობს, თორემ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის ახსნაც და მობოდიშებაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „პრეზიდენტს ჩინეთის მეთაურზე აუგი სიტყვა რომ დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას“.

„პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა წარმომიდგენია ისე, როგორც ისინი შეთანხმდებიან. ქალბატონი პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს. ჩინეთის მეთაურზე რომ აუგი სიტყვა დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვია, რომ საერთაშორისო სკანდალში არ გახვეულიყო. შიდა ნარატივი აქვთ, რომ ჩვენ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ვუწყობთ, მაგრამ არავინ დაიჯერებს, თითქოს ამით ომი აქვთ გაჩაღებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

შშმ პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები ქონების გაფლანგვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები, 2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება.

ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქვეყანაში არსებობენ პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან დავიწყებულები არიან” – ქეთევან თურაზაშვილი

პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის” სესხის გარდა, სხვა ბევრი პრობლემა აქვთ! მე მიკავშირდება უამრავი პენსიონერი და მათგან ვისმენ წარმოუდგენელ ისტორიებს. ჩვენ ქვეყანაში არსებობენ პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან დავიწყებული არიან და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იგი მიმართავს ხელისუფლებას, დროულად იმოქმედონ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს ე.წ. ოვერდრაფტები გაუნულდეთ.

„პარასკევს ვიყავი თელავში, ასამდე განცხადებით მივმართეთ „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერების დასახმარებლად და მათი „ოვერდრაფტების“ გამო. სანამ „ოვერდრაფტების“ პრობლემას შევეხები, მინდა მოგიყვეთ სხვა პენსიონერების მდგომარეობაზე, რომლებსაც „ლიბერთი ბანკის“ ვალი არ აქვთ, მაგრამ აქვთ სხვა პრობლემები. პენსიონერებს დღეს აქვთ შემწეობის ტოლფასი პენსია და ეს ოცი ლარის მატება არაფერს არ შველის, რადგან ყველაფერი ათმაგად გაძვირებულია. თელავში შეხვედრაზე გავიცანი ქალბატონი, რომელიც მზესუმზირას ყიდდა, რადგან პენსია მას არ ჰყოფნის საარსებოდ. მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს თვალის ოპერაცია. ოპერაციაზე შესვლამდე ორივე თვალით ხედავდა, ოპერაციის შემდეგ კი მხოლოდ ერთი თვალით. როგორც თავად ამბობს, ექიმის დანაშაული იყო, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს, რადგან მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ თავი დაიცვას, მას არ ჰყავს პატრონი და სახელმწიფოს კი ის არ ადარდებს. ასეთი ადამიანი უამრავია ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც თელავში გავიცანი. შეხვედრის შემდეგ მე მას სახლში ვესტუმრე. ეს ქალბატონი წავიდა ქვეყნიდან, რომ ოჯახს დახმარებოდა, მაგრამ უბედური შემთხვევის დროს ჩამოწყდა ლიფტი, მას ორივე ფეხი დაემსხვრა და ახლა ეტლზეა მიჯაჭვული. მან ბანკს მიმართა იმიტომ, რომ შვილიშვილისთვის სწავლის საფასური გადაეხადა. ეტლზე მიჯაჭვულ ქალბატონს გაუფორმა ბანკმა „ოვერდრაფტი“ და ის ექვსი წელია რაც ვალს იხდის. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომლის სახელსაც პენსიონერები სწორადაც კი ვერ წარმოთქვამენ, რაც ძალიან კარგად ცხადყოფს, რომ მათთვის არავის აუხსნია, თუ რა სახის სესხს აძლევდნენ. არაერთხელ მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან“ ბოდიში, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გვიანია ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წამალი ვერ იყიდეს როცა ცუდად იყვნენ; რომლებმაც სახელმწიფოსგან მზრუნველობა ვერ მიიღეს“ როცა მათ ეს სჭირდებოდათ. მივმართავ ,,ქართულ ოცნებას“, სანამ გვიანი არ არის, სანამ შეგიძლიათ მათი მდგომარეობის გამოსწორება, იმოქმედეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს „ოვერდრაფტები“ გაუნულდეთ და ყოფა შეუმსუბუქდეთ!“ – განაცხადა დეპუტატმა.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია – სოზარ სუბარი

ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ბრძოლის შედეგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

სუბარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ოპოზიციის გეგმები ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წვლილი მიუძღვის იმ ათწლიან რეფორმებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, და იმ დემოკრატიული გარდაქმნის შედეგია, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენად უსაფუძვლოა იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან – ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებდნენ, და იმედი, რომ შეიძლება, რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში.

ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს – რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ ორპროცენტიან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა აქვთ იმაზე, რომ ზუსტად იციან, მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი. ამიტომ ცდილობენ, ორ პროცენტამდე დაიწიოს ბარიერი. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და ქართული პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უცხო ქვეყნების აგენტებისგან.

„როგორც კი ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, შეცვალეს ტონი და განაცხადეს, რომ სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აქტია, მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს. თითქოს ეს არ ნიშნავს ევროპასთან მეტ დაახლოებას, მეტ ფულს, არც პროდასავლური პოლიტიკის ინდიკატორია, მანამდე კი ამბობდნენ, რომ ვკარგავდით მილიარდებს და ქვეყნის პოლიტიკური ვექტორიც იცვლებოდა. მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს. აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ, „ხალხის ძალას“. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა, ექვსი თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც მოგონილი იყო, რათა ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. ვციტირებ, რასაც მაშინ ვაცხადებდით: „საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა შევაიარაღოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ყოველ ჩვენს გამოსვლაში ვეუბნებოდით, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და, საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა”

სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდა, შესაბამისად, მათ შემოაცურეს შეწყალების თემა – ფაქტია, ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის ოთარ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის განცხადებით, ზურაბიშვილს გაუჭირდება სააკაშვილის შეწყალება, რადგან არ ჰგონია, ადვილი იყოს ზურაბიშვილისთვის, „პასუხისმგებლობა აიღოს იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 – 2012 წლებში შექმნა“.

„რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. შესაბამისად, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 – 2012 წლებში შექმნა, ამიტომ მე მგონია, მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

“თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ” – რომან გოცირიძე მმართველ გუნდს

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოძიება დაიწყება.

„ის რეკომენდაციები, ახალი ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ უკვე მოლაპარაკების დაწყების პროცესში, გაიზარდა და კიდევ უფრო მძიმე გახდა თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. თქვენ დაანგრიეთ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს არ ჰყავს მმართველობა. 9 ვალდებულებიდან ერთ-ერთი რეკომენდაციაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღეს, ერთადერთი ადამიანი მმართავს ეროვნულ ბანკს. ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს, არც ვიცე-პრეზიდენტი, ყველა კომიტეტი და საზედამხედველო ფუნქციები, რომელიც გადანაწილებული უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის სხვადასხვა თანამდებობის პირს შორის, ფაქტობრივად ერთი ადამიანის ხელშია.

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპოტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit ახლა „გუგლში“ და ნახეთ ვინ არის Whitebit. უამრავი სიუჟეტი იყო უკრაინაში, ასევე ქართულ მედიაში. ერთ წუთში, რაც მოვასწარი ბირჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ქრონოლოგიურად გეტყვით, თუ რა წერია: „უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, დაიწყოს გამოძიება ამ ბირჟისა, ვინაიდან ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაში. 18 თებერვალი, ეს არის ამ წელიწადს“.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოკვლევა მარტის თვეში, შემდეგ დამატებითი მოკვლევა გააგრძელა აპრილში და მიმდინარეობს დღემდე. რატომ არ დაელოდა ეროვნული ბანკი გამოძიების შედეგებს? ამ ბირჟის დამფუძნებელი ყოფილა იანუკოვიჩის პარტიის წევრი და მისი შვილი, რომლებიც რუსეთში გაიქცნენ და 2022 წელს რუსეთი მოქალაქეობა მიიღეს. 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა. ერთი წელია ეროვნულ ბანკში დარბიან ეს ადამიანები, რომ მიიღონ ლიცენზია. რატომ არ მისცა ლიცენზია კობა გვენეტაძემ ? რატომ არ გასცა არჩილ მესტვირიშვილმა? რატომ არ გასცა პაპუნა ლეჟავამ, რომელიც უშუალოდ საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი იყო და გადადგა, ასევე სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც თურნავამ და თქვენ ჩაიდინეთ კანონის სახით. რატომ არ აძლევდნენ ლიცენზიას? დიდი რისკი იყო, რომ საქართველოში შემოსულიყო ფულის გათეთრების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ნახავთ, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე დაიწყება გამოძიება“,- აღნიშნა გოცირიძემ.

აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტებმა ისრაელის ქალაქ აშკელონში შენობები და ავტომობილები დააზიანა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტის აფეთქების შედეგად ორი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორ ადამიანს კი, განცდილი სტრესის გამო, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს.

შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან.

ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

“ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ასეთი აქტიურები ვართ და არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა მოსახლეობასთან”

ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ – ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება.

მისივე თქმით, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

„ეს არის 5 წელზე და 20 მლნ არის თავისი ხელფასებით და ყველაფრით. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოიცავს: სიპებს, აიპებს და ა.შ. ამ ყველაფერში ყველა შედის, თუ გაინტერესებთ ზუსტი ინფორმაცია და საზოგადოება, რომ არ შეიყვანოთ შეცდომაში, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

აბა, მერია ახორციელებს სამუშაოებს და ვისზე უნდა იყოს საუბარი? რა უნდა ვთქვათ, რომ თავისით გაკეთდა?! ეგ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ამხელა შრომა იდება, ამდენი სამუშაოები კეთდება, ამდენი პროექტები ხორციელდება, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

როდესაც პრობლემებია, რა ვიმალებით? არ ვამბობთ, რომ პრობლემები არის თუ პრობლემებს გავურბივართ? ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ. ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, ვაგრძელებ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაციას დედაქალაქის მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ დღეს, რომ ვარ ქალაქის მერი, ეს არის დამსახურება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის, რა თქმა უნდა, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული მათ წინაშე და თითოეული თბილისელის წინაშე, რომ ის პროექტები და სამუშაოები, რომელიც ხორციელდება და განხორციელდება, ამ ყველაფერზე თითოეულ თბილისელს ჰქონდეს წვდომა, ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2023 თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04) ბიუჯეტიდან 19,744,100 ლარი დახარჯა. აღნიშნული მუხლით დაფინანსება გამოიყოფა ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის. თავის მხრივ, ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”, თბილისის მერიის მიერ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების გაერთიანებით შეიქმნა.

“ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ ნატო-ში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ”

ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ უკვე ნატო-ში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ – ეს გვეჩქარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისათვის ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა. მანვე ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა საქართველომ საბოლოოდ დეკემბერში დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ამისთვის, უპირველესად, რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ დავიბრუნოთ ლიდერის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, რაც, სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დავკარგეთ, მაგრამ წლების განმავლობაში გვქონდა და ვამაყობდით. აუცილებელია ლიდერის სტატუსის დაბრუნება და დროულად საბოლოო მიზნის მიღწევა. ამ ყველაფრისთვის კი ყველას ძალიან დიდი შრომა გვაქვს ერთად გასაწევი – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. სამწუხაროდ, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით უბრალოდ ვერ მიაღწევს მიზანს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

ბოლო დღეების განმავლობაში, ლარი მცირედით გამყარდა. უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, რომ დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის მხრივ, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტად ზრდა იკვეთება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველს შევახსენებთ თიბისი კაპიტალის ადრინდელ შეფასებას, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების სეზონურობა არსებობს, თუმცა თუკი ბაზრის მონაწილეები ლარის კურსის სეზონურობას მოელიან, ამ ტენდეციას ადგილი აღარ ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ აქვს თუ არა მსგავს მოლოდინებს ადგილი? სესხების და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის გარდა, რაზეც, თავისთავად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ყველაზე მარტივი გზა მათი განწყობებია, ვინც სავალუტო ბაზარზე მეტნაკლებად აქტიურია. საკუთრივ, თუ ბევრი ფიქრობს, რომ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი ექნება, ეს ხშირად, თუ ყოველთის არა, სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. არჩევნების შემდგომ, და ზოგადად, გაუფასურებისა და გამყარების მოლოდინებთან დაკავშირებით.

თავისთავად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასევე, ძირითადად აშშ დოლარის მაღალი საერთაშორისო განაკვეთების გამო, ბოლო პერიოდში იკვეთება ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის შემცირება. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისა და მითუმეტეს ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ფაქტორიც გასათვალიწინებელია, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლადაა გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები”

როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები, – ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეზოლუციას, რომელიც ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

მდინარაძე აცხადებს, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია იყო თანხმობის დოკუმენტი წლების წინ, რადგან კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა და თუ ამ კრიტერიუმებში ჩაჯდება და საშუალება იქნება კონკრეტულ ადამიანს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალი წარედგინოს, ეს ისედაც მოხდება და ამას არანაირი რეზოლუცია არ სჭირდება, თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ოკუპაციის პირობებში ხშირად ამის საშუალება არ არის ხოლმე“.

„ხალხო, ისე ნუ გამოიყვანთ, რომ მე ვიცავ ვიღაც ნაძირალას, რომელმაც კაცი მოკლა, თქვენ გინდათ ასე გამოიყვანთ. ერთი კრიტერიუმებია და თუ მოხდა ისე, რომ იდენტიფიცირება იმგვარად მოხდა, რომ მტკიცებულების სტანდარტი დააკმაყოფილოს, ავტომატურად შევა, თქვენი და ჩემი აღტყინება აღარ იქნება საჭირო და მეორე – ზოგადად, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის საერთაშორისო სამართლებრივ და მსგავს დოკუმენტებს, მათ შორის, ოკუპაციის თემებს, არ მივყვებით. როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან თანაავტორები ოკუპაციის. ახლა ბრაზდებიან და სწყინთ, როცა მათგან გადმოყოლილ მძიმე მემკვიდრეობას ვახსენებთ. 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად შემოუხაზა ოკუპანტებს ტერიტორია, დადგენილება გამოსცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა „ყოფილის“ დაყოლებით და დაადგინა მისი საზღვრები, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, მეტი უარესი რა უნდა ექნათ? რატომ გვიწოდებთ თანაავტორებსო და მეტი რა უნდა ექნათ, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორს, ახალგორიც ამ საზღვრებში მოაქციეს და ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზია არ ჰქონდათ აქამდე, მოაქციეს ამ საზღვრებში და მათაც ეს ტერიტორიები უფრო ადვილად მიიტაცეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.