Home Blog Page 1910

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

შესანიშნავი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გაიმარჯვებთ – თქვენს სიმართლეს ოპონენტებიც კი აღიარებენ. პირად ურთიერთობებში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

გირჩევთ, დისკუსიებში ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს მომხდარის ფარული მნიშვნელობის დანახვასა და ოპონენტის ჩანაფიქრის ამოცნობაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანების ემოციებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენთვის დახმარების თხოვნა ეუხერხულება.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და რთულ ვითარებაში გაერკვიოთ. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის ან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან – გამორიცხული არ არის, რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

დილიდან სიმშვიდეში განმარტოება გსურთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ – რატომღაც ყველას თქვენი რჩევა, ყურადღება და დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ამ დღის ამოცანები ამ დღესვე უნდა გადაწყდეს და სამომავლოდ არ გადადოთ. თუ განმარტოება ვერ შეძელით, ეცადეთ იმ ადამიანების გვერდით მაინც იტრიალოთ, ვინც შთაგაგონებთ.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. გირჩევთ თანამოსაუბრეს ქათინაურებით ასიამოვნოთ და ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იპოვოთ. უმჯობესია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ – ამ დღეს შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთის შეძენაზე დახარჯოთ.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის. აჩქარებამ შეიძლება დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ვარსკვლავებს სჯერათ, რომ უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ ეს დღე საკუთარ თავს და სურვილებს დაუთმოთ – იყიდეთ რაიმე სასიამოვნო, ეწვიეთ სილამაზის სალონს ან სადმე გაისეირნეთ. ერთი სიტყვით, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

ეცადეთ ამ დღეს სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები და შეხვდით ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შესაძლოა, ამან თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. დროა, ფული საკუთარი საჭიროებისთვის და სიამოვნებისთვის დახარჯოთ ან რაიმე საინტერესო პროექტში დააბანდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

დროა ბიზნესპარტნიორთან საკუთარი გეგმები და სურვილები განიხილოთ. მზად იყავით, რომ ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან მალე განხორციელდეს. ეცადეთ, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მით უმეტეს, რომ ზოგ მათგანს რთული პერიოდი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული და შემდეგ დავიწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან – დაძაბული კვირის შემდეგ თავს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს – მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

ფრთხილად იყავით – ამ დღეს ფინანსური ინვესტიცია მოგებას არ მოგიტანთ და თანხის უკან დაბრუნებაც გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დათანხმდეთ წინადადებას, რომელიც სწრაფ შედეგს არ გპირდებათ. მეგობრები საინტერესო იდეას მოგაწვდიან, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თუნდაც ამისთვის არც ისე თავაზიანად მოქცევა მოგიწიოთ. მზად იყავით, რომ ოპონენტის აქტიურ წინააღმდეგობას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. გირჩევთ, მოსალოდნელი რისკები და შესაძლო დანაკარგები წინასწარ გათვალოთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ახალი ადამიანების გაცნობამ, ურთიერთობამ და საუბრებმა შეიძლება თანამოაზრეები გაპოვნინოთ და საინტერესო შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. თქვენი ზოგი იდეის განხორციელებამ შეიძლება სწრაფი შედეგი მოგიტანოთ. დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ – ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულოთ.

„გრუზიას“ ნაცვლად, უკრაინაში სიტყვა „საქართველო“ დამკვიდრდეს”- მიმართვა უმაღლეს რადას

საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში „გრუზიას“ ნაცვლად, სიტყვა „საქართველოს“, „გრუზინების“ ნაცვლად კი „ქართველების“ დამკვიდრებას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სიტყვები „საქართველო“ და „ქართველები“ გამოყენებული უნდა იყოს როგორც ოფიციალურ მიმოწერებისა და კომუნიკაციის დროს, ასევე, მედიაში.

„კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნაბიჯს შეუძლია, დააახლოოს კიევი და თბილისი და ასევე, ქვეყანას მოაშოროს „რუსიფიცირებული“ სახელწოდება“, – წერს გამოცემა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირველი სექტემბრიდან ახალ კალენდარზე გადავა. ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრებამ მიიღო. ამის შესახებ მედია წერს. მანამდე იგივე გადაწყვეტილება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო.

ახალი კალენდრის თანახმად, 2023 წლიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამასთან ერთად, შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც. ერთადერთი გამონაკლისია აღდგომა – ახალი კალენდარი აღდგომის დღესასწაულს არ შეეხება.

ახალ კალენდარზე გადასვლა ოფიციალურად 2023 წლის 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, თუმცა ეს უკვე ფორმალობაა, რადგან, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, რადგან იყო საშიშროება, რომ  ხალხი არ მიიღებდა ცვლილებას და საეკლესიო დღესასწაულებს ძველი კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ განწყობები შეიცვალა და უკრაინელების უმრავლესობამ რეფორმას მხარი დაუჭირა.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი  2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესგან და ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი გახდა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 23-25 მაისის ჩათვლით +30, +32 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა და +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება შემდეგი დღეების განმავლობაში.

სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, დღის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. კოლხეთის დაბლობზე +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

უპილოტო ორი საფრენის აპარატის იერიში ტვერის ოლქში

რუსეთის ტვერის ოლქში ორმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Baza ავრცელებს. „დრონები მოფრინდნენ სოფელ ეროხინოს სიახლოვეს, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენს ამარაგებს“, – წერია ინფორმაციაში.

რუსული მხარის ცნობით, პირველი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 03:15 საათზე გამოჩნდა და ქარხანას დაეჯახა. „შედეგად, დაზიანდა შენობის სახურავი და კედელი“, – წერს BAZA. რაც შეეხება მეორე დროს, რუსული წყაროების ცნობით, ის ნახევარ საათში გამოჩნდა, მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. „ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა, ცეცხლი კი ქარხნის თანამშრომლებმა ჩააქრეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც URA.RU წერს, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

,,ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის”- სარჯველაძე

ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„იქ კონკრეტული საკითხები რაც დასახელდა, არ იყო საფუძვლიანი პრეტენზია და შესაბამისად, არ მგონია რომ ვინმეს მიზეზი აქვს, იგივე მთავრობის პროტოკოლი გააკრიტიკოს რომელიმე პროცედურის დაუცველობაზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თავიდანვე მმართველი გუნდის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ყოფილიყო, თუმცა, დღეს სალომე ზურაბიშვილი ამ ამოცანას ვერ ასრულებს.

„ფაქტია, რომ აქტიურად და არა მხოლოდ კულუარული ან საქმიანი დისკუსიების ფორმატებში, არამედ სადემონსტრაციოდ იკავებს პრეზიდენტი ერთ მხარეს – ოპოზიციის მხარეს და მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ იმით იყოს გამოწვეული, რომ ემპათია აქვს დასუსტებული ოპოზიციისადმი. მე მგონია, რომ იქ უშვებს შეცდომას, როდესაც ცდილობს, რომ სიმპათიები დაიმსახუროს ოპოზიციის მხრიდან. აქ არასწორი გათვლები აქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ახალი კონფიგურაციის შექმნის მცდელობასთან გვქონდეს საქმე, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ძალები, რომელთათვისაც მისაღები აღმოჩნდეს პრეზიდენტის კანდიდატურა გარკვეული პოლიტიკური სამომავლო გეგმებისთვის. ეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს.

ჩვენთვის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული. ამ ამოცანას სამწუხაროდ ვერ ასრულებს, რადგან რაღაც ეტაპზე, ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, ეს უხერხულობა ცხადია არის. აღარ ჩამოვთვლი ოპოზიციურ ლიდერებს, რომელთა განცხადებებიც ერთ-ერთში ემთხვევა ის კრიტიკული განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის საკეთილდღეოდ უნდა ვთქვათ, რომ უმჯობესი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიკერძოებისგან თუ მეტ-ნაკლებად იქნება დაცული. პრეზიდენტის განცხადებები რამენაირად უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, გამაერთიანებელი. მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით შეუძლია შეასრულოს პოზიტიური როლი პრეზიდენტმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,პრაქტიკულად, დელეგიტიმაცია არსებობს პრეზიდენტის მიმართ”- გურამ მაჭარაშვილი

სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე საბოლოოდ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს და პრაქტიკულად, დელეგიტიმაცია არსებობს პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობის დღე ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა.

„თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, რეალურად შეიძლება, არც კი დაუგდოს ადამიანმა ყური მის სიტყვებს. გამაღიზიანებელია ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა, რომელიც არის ზეპარტიული, ამის ამბიცია თუ გაქვს და ამ დროს შენ საკუთარ მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნითაც კი გამოყოფ და ზოგს ნახევრად რუსს ეძახი და წვევამდელებისგან ფიცს იღებ. ბევრი ოფიცერი მონაწილეობს იქ და შეიძლება, მათი ოჯახია წევრები ან ნათესავები იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, ვინც მაგალითად, იქიდან ოჯახებს არჩენენ და შეურაცხყოფას აყენებ იმ ხალხს, ვინც შენ წინაშე ფიცს დებს.

გარდა ამის, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის დღე, როდესაც მას ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია, თუ არ ვცდები ეს ირაკლი კობახიძემ თქვა – „ძლიერი ქალი სუსტი კაცების წინააღმდეგ,“ მაშინდელი რეალობა და ახლა ჩვენ მივიღეთ – „სუსტი ქალი, სუსტი პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ.“ ეს რეალობა მივიღეთ სამწუხაროდ. ეს ერთი წელი თუ წელიწადნახევარი გავა. როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, არ ვიცი, ის აპირებს აქ დარჩენას თუ წასვლას უცხოეთში, მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტმა ჩართოს თავისი ვიდეო გამოსვლები, საზოგადოება როგორ შეაფასებს ამ გამოსვლებს იმ რეალობაში, რა რეალობებიც იყო, მერე თვითონ უნდა დაფიქრდეს ამაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს”- ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია. შესაბამისად, დღეს ნიკას თავისუფლებისთვის იმართება აქცია.

მნიშვნელოვანია, რომ სალომეს როდესაც უნდა, რომ წარმოადგინოს საქართველო და იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ მარტო ლაპარაკით არა, საქმითაც უნდა დაამტკიცოს ეს და ეს ინსტრუმენტი არის მის ხელში, შესაბამისად, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში” – ქართველიშვილი

„საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო” ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა “Barclays”-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია “online” გადარიცხვების სფეროში. თუ თქვენ ხართ “პრაიდ-ჩატარებული” და “სტატუს-მინიჭებული” მოლდოვა – no problem. ასევე, თუ ხართ “სანიმუშო დემოკრატიული” მმართველობის მქონე ცენტრალური აზიის რეგიონი – რა პრობლემაა. რა პრობლემაა, თუ თქვენ ხართ რუსეთთან პირდაპირი ავია-ფრენების მქონე აზერბაიჯანი ან სომხეთი, მაგრამ! თუ თქვენ ხართ საქართველო (ან ალჟირი, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ეთიოპია, ნეპალი, ურუგვაი, ფოლკლენდის კუნძულები) – მაშინ დიდი ბოდიში. ეს არის მორიგი, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელი ფაქტი. Nothing personal, just business?” – წერს დავით ქართველიშვილი.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული განზრახ მკვლელობის ფაქტის თვითმხილველი გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვა და მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამი პირი 26 მაისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. აქედან ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

ხოლო ერთ პირს ბრალდება 375 -ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა.

პროკურატურამ, ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

კობა კობალაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მმართველ დირექტორს კენეტ ანჯელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის, DFC-ის მმართველ დირექტორთან, პროექტების დაფინანსების მიმართულებით, კენეტ ანჯელთან.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი გახლდათ თბილისში, მრავალპროფილური, მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობის მხარდაჭერა DFC-ის მხრიდან. კობა კობალაძემ დეტალურად განმარტა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის პროექტის განხორციელების საჭიროება. ასევე, ისაუბრა მის პრიორიტეტებზე, მობილობასა და უპირატესობებზე. კობა კობალაძის განმარტებით, ეს ჰოსპიტალი გახდება კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაციონარი, სადაც სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ, ქართველი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კენეტ ანჯელის განცხადებით, ჯანდაცვის სფერო, DFC-ის პრიორიტეტული მიმართულებაა. მან დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს გაწერილი, ისინი მზად იქნებიან, ითანამშრომლონ ამ საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და განიხილონ ჰოსპიტლის მშენებლობის შემდეგი ეტაპები.

კობა კობალაძემ კენეტ ანჯელს მადლობა გადაუხადა შეხვედრისა და ვეტერანთა ჰოსპიტლის მშენებლობაში დახმარების მზაობისთვის. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს გაუმარტივებს ერთ სივრცეში მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისების მიღებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი. თბილისში, ვეტერანთა მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ლუბლიანას ქუჩაზე, 5300 კვ.მ მიწის ფართობი სახელმწიფოსგან უკვე გადაეცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.

აგროჰაბის საჩუქარი მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში პირველმა ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა, აგროჰაბმა, მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, თბილისსა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანთა მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს. მათ, აგროჰაბის სახელით, მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს სამშობლოს ერთგული სამსახურისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს.

” დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, გვინდოდა, სწორედ იმ ადამიანთა ოჯახებში მოვსულიყავით, ჩვენი პატივისცემა და სიყვარული გამოგვეხატა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველაზე მეტი გაიღეს. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან შევძელით, დღეს, ჩვენი მოკრძალებული საჩუქრებით გაგვეხარებინა შვიდი გმირი ადამიანის მრავალშვილიანი ოჯახი- ეს ულამაზესი ბავშვები. იმედი მაქვს, ყველას აგვისრულდება სანუკვარი სურვილი და მალე ვიხილავთ ჩვენს სამშობლოს ერთიანს და ძლიერს,”-განაცხადა ირინა ონაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ აგროჰაბს ვეტერანების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის; მთელ კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებებს და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.